გინეკოლოგიური პრობლემები - რას უჩივიან ყველაზე ხშირად ქალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გინეკოლოგიური პრობლემები - რას უჩივიან ყველაზე ხშირად ქალები

 

- ქალბატონო მერი, ყველაზე ხშირად რას უჩივიან ქალები?

- ყველაზე ხშირად ქალები გინეკოლოგს მიმართავენ გამონადენის, ტკივილის, სისხლდენის, ქავილის გამო. ეს სიმპტომები სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება.

- რას გვეტყვით ტკივილზე, რომელიც ქალებს მენსტრუაციის დროს აწუხებს?

- ალგომენორეა ანუ მტკივნეული მენსტრუაცია მენსტრუალური ფუნქციის დარღევაა. მისთვის დამახასიათებელია შეტევითი და მღრღნელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, წელისა და გავის მიდამოში. ტკივილი ზოგჯერ მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგჯერ კი მენსტრუაციის პირველ დღეს იჩენს თავს. მისი ინტენსივობა სხვადასხვანაირია: შესაძლოა, უმნიშვნელო დისკომფორტით გამოვლინდეს; შესაძლოა, იმდენად ძლიერი იყოს, რომ ქალს რამდენიმე აბი ტკივილგამაყუჩებლის მიღება და სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი მოუხდეს. ამ დროს მას არ შეუძლია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეცადინეობაზე ან სამსახურში ყოფნა, იძულებულია, იწვეს. ასეთი ტკივილი ძლიერ გავლენას ახდენს ქალის საერთო მდგომარეობაზე, აქვეითებს კრიტიკულ დღეებში მისი ცხოვრების ხარისხსა და შრომისუნარიანობას. ძალიან ძლიერი ტკივილი ქალების 10-12%-ს აწუხებს. დანარჩენ შემთხვევაში ტკივილი უნიშვნელოა.

 

- რა იწვევს ტკივილს?

- მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზი შეიძლება იყოს სხეულის გადაცივება, ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმა, ინფექცია, საშოსშიდა სპირალი, შინაგანი სასქესო ორგანოების დაავადება (უმეტესად - ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთება, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა, სასქესო ორგანოების მოუმწიფებლობა (ინფანტილიზმი), საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნე, მენჯისმიერი ნევრიტი და სხვა.

- რა განსხვავებაა პირველად და მეორეულ ალგოდისმენორეას შორის?

- პირველადი ალგომენორეა ქალის სასქესო ორგანოების დეფექტებით გახლავთ გამოწვეული, ისეთებით, როგორიც არის საშვილოსნოს ტანის წინ ან უკან გადახრა, მისი განუვითარებლობა, რაც აძნელებს საშვილოსნოდან მენსტრუალური სისხლის გამოსვლას და აძლიერებს შეკუმშვებს. მეორეული ალგოდისმენორეის მიზეზია შარდსასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები და სხვა პათოლოგიური პროცესები: ენდომეტრიოზი, სიმსივნე, კისტა, ფიბრომული კვანძები, სინექიები - შეხორცებები საშვილოსნოში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ენდომეტრიოზი, რადგან ამ დაავადების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია მტკივნეული მენსტრუაცია.

- მტკივნეული მენსტრუაციის დროს ვის უნდა მიმართოს ქალმა?

- მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზის დასადგენად ქალმა არა მარტო გინეკოლოგს, არამედ ენდოკრინოლოგსაც უნდა მიმართოს და ჩაიტაროს: ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანალიზები ფარულ ინფექციებზე (ქლამიდიოზი, ტრიქომონოზი), სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ჰორმონული ფონის გამოკვლევა, მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, კოლპოსკოპია, ჰისტეროსკოპია. გინეკოლოგიური გასინჯვისას ექიმმა უნდა განსაზღვროს საშვილოსნოსა და მისი დანამატების ზომები, მდებარეობა, შინაგანი სასქესო ორგანოების ანატომიურ ცვლილებათა არსებობა-არარსებობა. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ:

  • ტკივილი აუტანელია;
  • მენსტრუაცია ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდა, ხოლო მენსტრუალური გამონადენი ჩვეულებრივზე ჭარბია;
  • სხეულზე გაჩნდა გამონაყარი;
  • მოიმატა სხეულის ტემპერატურამ.

- ზოგიერთი ქალი უჩივის ტკივილს სქესობრივი კონტაქტის დროს. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- მტკივნეულ სქესობრივ კავშირს დისპარეუნია ეწოდება. ინტიმური სიახლოვის დროს განვითარებულ ტკივილს სხვადასხვა მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, საშოს კუნთის სპაზმი. სწორედ ეს ხდება ვაგინიზმის დროს. ასეთი სპაზმი შეიძლება გამოიწვიოს გინეკოლოგთან უბრალო ვიზიტმაც. თუ მანიპულაცია უხეშად ჩატარდა და ქალს ტკივილი მიაყენა, მცირე მენჯის მიდამოში პრაქტიკულად ყველა კუნთი და იოგი განიცდის სპაზმს. ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს ხშირია ასაკოვან ქალებში - კლიმაქსის შემდეგ ესტროგენული ფონი მკვეთრად იკლებს, საშოს საცხის გამომუშავება მცირდება და სქესობრივი აქტი მტკივნეული ხდება.


- ტკივილთან ერთად ქალები ხშირად სასქესო ორგანოებიდან სისხლდენასაც უჩივიან. ამაზე რას გვეტყვით?

- ვიდრე სისხლდენებზე ვისაუბრებდეთ, გავიგოთ, რა ხდება ჯანმრთელ ორგანიზმში. საკვერცხეებში სასქესო უჯრედები, კვერცხუჯრედები, ციკლურად მწიფდება. გარდა ამისა, გამომუშავდება სასქესო ჰორმონები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის შენარჩუნებაში. ნორმაში მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა 24-დან 35-40 დღემდე მერყეობს, სისხლდენის ხანგრძლივობა დაახლოებით 3-5 დღეა, საერთო სისხლდანაკარგი კი 40-200 მლ. განასხვავებენ პათოლოგიური სისხლდენების სამ სახეს:

  • დისფუნქციური სისხლდენები, რომლებიც, თავის მხრივ, ორგვარია - ანოვულატორული და ოვულატორული;
  • ორგანული სისხლდენები - გამოწვეულია საშვილოსნოს (საშვილოსნოს მიომა,  ადენომიოზი,  ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, პოლიპოზი, ჩღ და სხვა),  საკვერცხეების (ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეები) პათოლოგიით ან სისტემური (კოაგულოპათია, ღვიძლის ციროზი და სხვა) დაავადებებით;
  • იატროგენური სისხლდენები. მათი მიზეზია მედიკამენტების - ჰორმონული და არაჰორმონული პრეპარატების (პროგესტაგენები, საშვილოსნოსშიდა პროგესტაგენები, პროგესტაგენების დეპო ფორმები, ანტიკოაგულანტები) უკონტროლო მიღება.

დისფუნქციური სისხლდენები 30-დან 50 წლამდე ასაკის ქალებში ფართოდ არის გავრცელებული და საფუძვლად საკვერცხის ფუნქციობის დარღვევა უდევს. დისფუნქციური სისხლდენის დიაგნოზს სვამენ, თუ სისხლიანი გამონადენის ხანგრძლივობა 5 დღეზე მეტია, სისხლის დანაკარგი აღემატება 200 მლ-ს და/ან დარღვეულია სისხლიანი გამონადენის ციკლურობა. სისხლდენის ინტენსივობის მიხედვით განირჩევა:

  • მენორაგია (ჰიპერმენორეა) - 200 მლ-ზე მეტი სისხლდანაკარგის მქონე, ანუ ჭარბი ან ხანგრძლივი (გრძელდება 5 დღეზე მეტხანს) მენსტრუაცია რეგულარული 24-35-დღიანი ინტერვალით;
  • მეტრორაგია - არარეგულარული, მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან (ხშირად - ინტენსიური);
  • მენო-მეტრორაგია - არარეგულარული ხანგრძლივი სისხლდენა საშვილოსნოდან მენსტრუაციის დროს;
  • პოლიმენორეა - ხშირი მენსტრუაცია 24 დღეზე ნაკლები ინტერვალით.

დისფუნქციური სისხლდენების მიზეზთაგან გამოყოფენ:

  • ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევას;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებით პროცესებს;
  • მწვავე და ქრონიკულ ინტოქსიკაციას და პროფესიულ მავნეობებს;
  • გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას, სტრესს და ნერვულ-ფსიქიკურ გადაძაბვას.

ასაკის მიხედვით განირჩევა სამი ტიპის დისფუნქციური სისხლდენა:

  • სისხლდენა იუვენილურ პერიოდში (მენსტრუაციის ჩამოყალიბებამდე);
  • სისხლდენა რეპროდუქციულ პერიოდში;
  • სისხლდენა პრემენოპაუზისა და კლიმაქტერიულ პერიოდში.

დისფუნქციური სისხლდენა იმით არის საშიში, რომ შესაძლოა, სხვადასხვა სიმძიმის ანემია გამოიწვიოს. იუვენილური და რეპროდუქციული ასაკის სისხლდენა შეიძლება დაემთხვეს ან არ დაემთხვეს მენსტრუაციის ვადებს. მათი განმასხვავებელი ნიშანია სისხლის შეუსაბამოდ დიდი დანაკარგი. იუვენილური სისხლდენების ნახევარზე მეტი ანოვულატორულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კვერცხუჯრედის მომწიფება არ ხდება. ეს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის მოუმწიფებლობით არის გამოწვეული. რეპროდუქციული ასაკის ქალებში სისხლდენების მიზეზი უმეტესად ჰიპოფიზური და სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევაა. კლიმაქსური სისხლდენები თავს იჩენს მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ. ამ ასაკში სისხლდენის მიზეზი შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნე იყოს.

- რომელი ორგანული პათოლოგიები იწვევს საშვილოსნოდან სისხლდენას?

- ორგანული პათოლოგიებიდან სისხლდენას იწვევს: ენდომეტრიუმის დაავადებები - ჰიპერპლაზია,  პოლიპები,  ქრონიკული ენდომეტრიტი; საშვილოსნოს მიომა; ადენომიოზი; სალპინგოოფორიტი; საშვილოსნოს ტანისა და ყელის კიბო; საშვილოსნოსგარე ორსულობა; ტროფობლასტური დაავადება და სხვა.

- როგორ ტაქტიკას ირჩევენ ამ დროს გინეკოლოგები?

- დათვალიერების გზით გამოირიცხება ცვლილებები საშვილოსნოს ყელში (პოლიპები,  ცერვიციტები, სიმსივნეები), საშოში (ტრავმა, უცხო სხეული, ატროფიული კოლპიტი), შარდგამომყოფ გზებში (კენჭები, დივერტიკული) და სწორ ნაწლავში. მომდევნო ეტაპზე გამოირიცხება საშვილოსნოდან სისხლდენების ორგანული მიზეზები: საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგია, ორსულობის გართულება, ჰორმონული და არაჰორმონული პრეპარატების არასასურველი ზემოქმედება. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის კლინიკურ და ბიოქიმიურ ანალიზებს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიურ გამოკვლევას. სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში იკვლევენ სისხლში ონკომარკერების დონეს - CA-125, CA 19-9. შემდგომი ტაქტიკა დამოკიდებულია საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგიის არსებობა-არარსებობაზე, მის ხასიათზე, პაციენტის ასაკზე.


- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ქალები ხშირად მოგმართავენ ჩივილით გამონადენის გამო. უნდა ჰქონდეს თუ არა ქალს გამონადენი?

- 10 წლიდან მოყოლებული, გამონადენი დამახასიათებელია ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. მისი საშუალებით ხდება საშოს ნორმალური ფლორის შენარჩუნება. 1 თვიდან 9 წლამდე ორგანიზმი ფიზიოლოგიურად ისვენებს. ამ დროს მენსტრუალური ფუნქცია ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ქალური ჰორმონები კი იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით გამომუშავდება, რომ ორგანიზმზე მათი ზემოქმედება მინიმალურია. 9 წლის შემდეგ ჩნდება ლორწოვანი გამონადენი, თუმცა მუდმივად არ გამოიყოფა. მოგვაგონებს ბრინჯის ნახარშს ან უმი კვერცხის ცილას. უსუნოა. სქესობრივი მომწიფების შემდეგ გამონადენის ხასიათი ჰორმონულ ფონსა და მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. მენსტრუალური ციკლის დასრულებისთანავე გამონადენი მცირდება და გამჭვირვალე ხდება, ციკლის შუაში კი იმატებს, წევადი და ლორწოვანია, მოგვაგონებს ქათმის უმი კვერცხის ლორწოს. ეს ოვულაციისა და ესტროგენების მაქსიმალური პროდუქციის სიმპტომია. მეორე ფაზაში კი გამონადენი იღებს მოთეთრო ფერს, კრემისებრ კონსისტენციას, მოგვაგონებს ბრინჯის ნახარშს და აქვს მსუბუქი მომჟაო სუნი. ჯანმრთელ ქალს არ უნდა აწუხებდეს საშოს ქავილი და წვა, მენსტრუალური ციკლის ამ ფაზისთვის უჩვეულო გამონადენი. სეკრეტის საერთო რაოდენობა, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში გროვდება, ნორმაში არ აღემატება 1-2 მლ-ს და არ უქმნის ქალს განსაკუთრებულ დისკომფორტს. გამონადენის რაოდენობის მომატება შეინიშნება მენსტრუაციის წინ, ორსულობისას და ლოგინობის პერიოდში, სქესობრივი კონტაქტისას, გოგონებში კი ხშირია სქესობრივი მომწიფებისას.

- რა ფუნქციას ასრულებს ქალის ორგანიზმში ვაგინალური მიკროფლორა?

- ვაგინალური მიკროფლორა იცვლება ქალის ასაკის, მენსტრუალური ციკლისა თუ ორსულობის, სქესობრივი აქტივობის, სასქესო ორგანოების ტუალეტის შესაბამისად. ჯანმრთელი ქალის ნორმალურ მიკროფლორაში შემავალი მიკრობები მრავალ დადებით ფუნქციას ასრულებენ: მონაწილეობენ ორგანიზმის დაცვაში, ასინთეზებენ B1, B2, B12, K ვიტამინებს, თრგუნავენ პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების გამრავლებას.

- როგორია პათოლოგიური გამონადენი?

- საშო მილიონობით მიკროორგანიზმით არის დასახლებული. ამ მიკრობთა ნაწილი - სასარგებლო, ნაწილი კი პათოგენური ან პირობითპათოგენურია, მაგრამ ისინი მავნე თვისებებს ვერ ამჟღავნებენ - ამაში ხელს უშლით სასარგებლო მიკრობების მიერ საშოში შექმნილი მჟავა გარემო. სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის გავლენით საშოს ნორმალური მიკროფლორა ცვლილებებს განიცდის, რძემჟავა ბაქტერიები იღუპება, მათ ადგილს იკავებს სოკო, ტრიქომონა, გარდნერელა, ნაწლავის ჩხირი... ამა თუ იმ მიკრობის სიჭარბიდან გამომდინარე, ვითარდება სასქესო ორგანოების ანთება. ამ დროს საშოდან გამონადენი იმატებს. მისი ფერი მოთეთრო-მონაცრისფროდან მომწვანომდე ვარირებს. შესაძლოა, ჰქონდეს უსიამოვნო სუნი, თან ახლდეს გარეთა სასქესო ორგანოების წვა და ქავილი. ასეთი გამონადენი უმეტესად სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს გვხვდება. პათოლოგიური გამონადენი ახასიათებს კანდიდოზს, გარდნერელოზს (ბაქტერიული ვაგინოზი), ტრიქომონიაზს (ტრიქომონოზი), გონორეას, ქლამიდიოზს, ლეპტოტრიქსს, ჰერპესვირუსს, პაპილომავირუსს. გარდა გამონადენისა, ინფექციის ნიშნებია:

  • ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;
  • წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან შარდვისას;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

საშოდან უჩვეულო გამონადენი მოითხოვს გინეკოლოგის კონსულტაციას. გამონადენის მიზეზის დადგენამდე მკურნალობა დაუშვებელია, უსიამოვნო შეგრძნებების აღმოსაფხვრელად კი რეკომენდებულია მხოლოდ ჰიგიენური ჩაბანა.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ გამონადენს ხშირად თან ახლავს შორისისა და გარეთა Aსასქესო ორგანოების ქავილი. რა ხდება ამ დროს?

- შორისის მიდამოში წარმოშობილი ქავილი სრულიად მოულოდნელად ვითარდება და ზოგჯერ ძალიან აუტანელია. საქმე ის გახლავთ, რომ შორისი ძალიან მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, ამიტომ ქავილის შეგრძნება ამ ადგილებში განსაკუთრებით ძლიერია და ზოგჯერ აკვიატებულ ხასიათსაც იძენს. მაგრამ ქავილი მხოლოდ სიმპტომია და არა დაავადება. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს ნაწლავების, საშარდე და სასქესო ორგანოების პათოლოგიური მდგომარეობა. ინტიმური ადგილების ქავილი ხშირად პირველი სიმპტომია ისეთი სერიოზული მდგომარეობებისა, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, ჰელმინთოზი, ღვიძლის ფუნქციათა დარღვევა (ჰეპატიტი ან ციროზი), კანის დაავადებები (პიოდერმია, ფურუნკულოზი), ალერგია. ხშირად ქავილი და გაღიზიანება ვითარდება დიარეის ფონზე ან გახშირებული შარდვის დროს. ამრიგად, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც სქესობრივი გზით გადამდები ინფექცებით, ისე სხვა პათოლოგიებითაც, რომლებიც სრულიადაც არ უკავშირება სქესობრივ კონტაქტს.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

- მაშინ, როცა გამონადენი ჭარბია, ხაჭოსებრი, მოყვითალო ან მომწვანო, აქვს ძლიერი თევზის ან საფუარის მსგავსი სუნი, თან ახლავს ძლიერი ქავილი, გამონაყარი, გარეთა სასქესო ორგანოების გაღიზიანება, დისკომფორტი სქესობრივი კონტაქტის დროს. სასქესო ორგანოების ქავილისა და უჩვეულო გამონადენის დროს თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა სახიფათოა. ჯერ ერთი, დიდია ალბათობა, შეცდეთ, სათანადოდ ვერ იმკურნალოთ და დაავადება გაგირთულდეთ. მეორე - თვითმკურნალობა შლის დაავადების სურათს და ექიმს დიაგნოზის დასმას უძნელებს. ამიტომ გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში უმიზეზო ქავილის აღმოცენებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


- რა არის პაპ-ტესტი?

- პაპანიკოლაუს ტესტი (პაპ-ტესტი, ცერვიკალური ნაცხი) მნიშვნელოვანი სკრინინგული კვლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ეს ხელმისაწვდომი, მარტივი და უმტკივნეულო მეთოდი კიბოსწინარე მდგომარეობისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყისი სტადიის გამოვლენაში გვეხმარება. ეს საშუალებას გვაძლევს, მკურნალობა ადრეულ სტადიაშივე დავიწყოთ და დაავადების პროგრესირებას ხელი შევუშალოთ. პაპ-ტესტმა საგრძნობლად შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა.

- რაზე მეტყველებს ციტოლოგიური გამოკვლევის შედეგები?

- თუ ნაცხში აღმოჩნდა პათოლოგიური უჯრედები, უნდა მოხდეს მათი შეფასება-განსაზღვრა პათოლოგიის სიმძიმის მიხედვით. საქართველოში შესაძლოა მივიღოთ ცერვიკალური ნაცხის 6 პასუხი:

1. ნორმალური;

2. არაადეკვატური;

3. არაადეკვატური მოსაზღვრე ცვლილებები (ASCUS);

4. დაბალი ხარისხის დაზიანება (LSIL);

5. მაღალი ხარისხის დაზიანება (HSIL);

6. ატიპური ჯირკვლოვანი უჯრედები (AGS).

1. ნორმალური შედეგი იმას ნიშნავს, რომ ნაცხში არ აღმოჩნდა პათოლოგიური უჯრედები და განმეორებითი ნაცხის ასაღებად მიგიწვევენ მომდევნო 3 წელიწადში.

2. არაადეკვატური შედეგი ნიშნავს, რომ ცერვიკალური ნაცხის სწორი შეფასება შეუძლებელია. განმეორებითი ნაცხის ასაღებად 1 თვეში დაგიბარებენ.

3. აბრევიატურა ASCUS (Atypical Squamous Cells of Undetermined Significance) ამგვარად იშიფრება: ატიპური ბრტყელი უჯრედები განუსაზღვრელი (უცნობი) მნიშვნელობის ატიპიით. მოსაზღვრე ცვლილებები ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩენილია უმნიშვნელო პათოლოგიური ცვლილებების მქონე უჯრედები. მოსაზღვრე ცვლილებები უმეტესად სპონტანურად, მკურნალობის გარეშე უკუვითარდება, მაგრამ ზოგჯერ პროგრესსაც განიცდის. ამ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს მკურნალობა დასჭირდეს. თუ ქალს აღმოაჩნდა მოსაზღვრე დაზიანება, ექიმი მოსთხოვს:

  • განმეორებითი ნაცხის აღებას 6 თვეში. თუ განმეორებითი ნაცხი ნორმალურია, კიდევ ერთხელ მოგთხოვენ ნაცხის აღებას 6 ან 12 თვის შემდეგ. თუ ნაცხი კვლავ ნორმალურია, შეგიძლიათ განაგრძოთ რუტინული გამოკვლევა - ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ასაკის მიხედვით. თუ განმეორებით ცერვიკალურ ნაცხში მოსაზღვრე ან უფრო მძიმე ხარისხის დაზიანება აღმოჩნდა, შესაძლოა კოლპოსკოპიურ გამოკვლევაზე გაგგზავნონ.
  • ან კოლპოსკოპიური გამოკვლევის ჩატარებას.

4. LSIL (Low Grade Squamous Intraepithelial Lesion) - დაბალი ხარისხის ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანება - იმას ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩენილი უჯრედები მსუბუქი პათოლოგიური ცვლილებებით ხასიათდება. LSIL, ჩვეულებრივ, სპონტანურად უკუვითარდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პათოლოგიური უჯრედების სპონტანური უკუგანვითარება არ ხდება ან დაზიანება პროგრესირებს და მკურნალობას მოითხოვს. განმეორებით ნაცხს 6 თვეში იღებენ, რათა შემოწმდეს, პათოლოგიური უჯრედები უკუგანვითარდა, უცვლელი დარჩა თუ პროგრესი განიცადა. თუ განმეორებითი ნაცხი ნორმალურია, ქალს დაიბარებენ ორი ან მეტი განმეორებითი ნაცხისთვის 6 ან 12 თვის შემდეგ. თუ პათოლოგია არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, დაუბრუნდებით რუტინულ სკრინინგს. თუ რომელიმე განმეორებით ნაცხში ისევ აღმოჩნდა LSIL ან უფრო მძიმე ხარისხის დაზიანება, კოლპოსკოპიაზე გაგგზავნიან. კოლპოსკოპიურად პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი აიღებს ქსოვილის მცირე ფრაგმენტს პათოლოგიური უბნიდან (ბიოფსია). ქსოვილი გაიგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის შესამუშავებლად.

5. HSIL (High Grade Sqaumous Intraepithelial Lesion) - მაღალი ხარისხის ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანება - იმას ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩნდა პათოლოგიური უჯრედები, რომლებიც მაღალი ხარისხის დაზიანების შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. HSIL სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო გაქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში ექიმის ჩაურევლად პროცესის სპონტანური უკუგანვითარება ნაკლებსავარაუდოა. ჩვეულებრივ, საჭიროა მკურნალობა. ამიტომ ყველა ქალი, რომელსაც ტესტის პასუხი ასეთი აქვს, იგზავნება კოლპოსკოპიაზე  საშვილოსნოს ყელის უფრო დეტალური გამოკვლევის მიზნით. კოლპოსკოპიურად პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი აიღებს ქსოვილის მცირე ფრაგმენტს პათოლოგიური უბნიდან (ბიოფსია). ეს ქსოვილი გაიგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის შესამუშავებლად.

- რა არის კოლპოსკოპია?

- ეს გახლავთ კლინიკური გინეკოლოგიური კვლევის მეთოდი სპეციალური ოპტიკური დანადგარის - კოლპოსკოპის საშუალებით, რაც უმნიშვნელო დეფექტების - უმნიშვნელო ეროზიების, მცირე ზომის სიმსივნეების, საშვილოსნოს ყელში, საშოში, ვულვაში მიკროსისხლჩაქცევების - დიაგნოსტიკის საშუალებასაც კი იძლევა. ამის გამო კოლპოსკოპია შეუცვლელი მეთოდია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. კოლპოსკოპიის დახმარებით შეიძლება დიაგნოსტირდეს საშვილოსნოს ყელის შემდეგი პათოლოგიები: საშვილოსნოს ყელის ეროზია,  დისპლაზიები, პოლიპები, საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანის ჰიპერპლაზია,  ლეიკოპლაკია, ერითროპლაკია, კონდილომები, პაპილომები, საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადია.

- რა არის და როგორ ტარდება ჰისტეროსკოპია?

- ჰისტეროსკოპია ყველაზე ზუსტი თანამედროვე მეთოდია საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის გამოსაკვლევად. კვლევა ტარდება სპეციალური ოპტიკური სისტემის – ჰისტეროსკოპით მეშვეობით. ეს ხელსაწყო შეჰყავთ საშოში, ხოლო იქიდან საშვილოსნოს ყელის გავლით - მის ღრუში. ჰისტეროსკოპია მიკროქირურგიული ჩარევაა, საშვილოსნოს კედელი ამ დროს არ ზიანდება. ჰისტეროსკოპია გინეკოლოგიური გამოკვლევის წამყვანი მეთოდია. ის აფართოებს დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს საშვილოსნოს პათოლოგიების დროს, მკურნალობისას იძლევა არჩევანის საშუალებას კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებს შორის, ხოლო ქირურგიული ჩარევის დროს მინიმალურად ტრავმულია. დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიის ჩვენებაა:

  • ანომალიური სისხლდენები საშვილოსნოდან;
  • უნაყოფობა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილიანობა;
  • ანომალიური ჰისტეროსალპინგოგრამები;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • ტკივილი მცირე მენჯის ღრუში;
  • ენდომეტრიუმის პოლიპები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია,  ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა კვანძების ლორწქვეშა ზრდით, ენდომეტრიუმის კიბო, საშვილოსნოს ღრუს ანომალიური განვითარება, უცხო სხეული საშვილოსნოს ღრუში, შეხორცებები;
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის მდებარეობის დადგენა;
  • მშობიარობის შემდგომი პერიოდის გართულებები.