უნაყოფობის იმუნოლოგიური და ცერვიკალური ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნაყოფობის იმუნოლოგიური და ცერვიკალური ფაქტორები

- ქალბატონო მარინა, რედაქციაში ხშირად მოდის წერილები, სადაც 4-5 თვის გათხოვილი ქალბატონები წუხან, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ დაორსულდნენ. სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ უნაყოფობაზე?

- უნაყოფობა შვილოსნობის ასაკში შთამომავლობის წარმოშობის უუნარობაა. უნაყოფობაზე ვსაუბრობთ, თუ ქალი რეგულარული სქესობრივი კავშირის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა. უნაყოფობა შეიძლება იყოს პირველადიც და მეორეულიც. პირველადია უნაყოფობა, როცა სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში ჩასახვა არც ერთხელ არ მომხდარა, მეორეული - როცა ქალი ერთხელ მაინც იყო ორსულად, მაგრამ მეტად აღარ ორსულდება. 

- რამდენად ხშირია ქალების უშვილობა?

- უშვილოა წყვილების 15%, მაგრამ უნაყოფობის მიზეზთა კვლევისას არ შეიძლება, ქალის უნაყოფობაზე მამაკაცის ჯანმრთელობის გაუთვალისწინებლად ვისაუბროთ. ცოლ-ქმარი ერთდროულად უნდა გამოვიკვლიოთ. ათიდან 6 შემთხვევაში უნაყოფობის მიზეზი ქალია, დანარჩენ ოთხში, შესაბამისად, მამაკაცი.

- რა იწვევს უნაყოფობას?

- უნაყოფობა თავისთავადი ნოზოლოგიური ერთეული კი არ არის, არამედ სხვადასხვა დაავადებისა და ანომალიის შედეგია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას უამრავი მიზეზი აქვს. ქალის უშვილობის მიზეზებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმუნოლოგიურ და ცერვიკალურ ფაქტორებს. უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი იმუნოლოგიური ფაქტორია ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნა და სპერმატოზოიდების ფაგოციტოზი (შთანთქმა). საშვილოსნოს ყელი ლოკალური იმუნიტეტის ძირითადი ღერძია, მასში წარმოიქმნება: ჟგA, ჟგG, ჟგM ანტისპერმული ანტისხეულები, რომელთაც აქვთ აგლუტინაციის, პრეციპიტაციისა და იმუნომობილიზაციის თვისება. საშვილოსნოს ყელზე ანტისპერმული ანტისხეულების აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი რეპროდუქციული სისტემის სხვა დონეზეც (საშვილოსნოს ღრუ, საშვილოსნოს მილების სანათური) არსებობს. ანტისპერმული ანტისხეულები მხოლოდ ქალის ორგანიზმში არ წარმოიქმნება. მათ მამაკაცის ორგანიზმიც გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორებია ტრავმა, ვარიკოცელე (სათესლე პარკის წყალმანკი), შარდსასქესო სისტემის ინფექციები, ონკოლოგიური დაავადებები, კრიპტორქიზმი, ქირურგიული ოპერაციები, თესლგამომტანი გზების დახშობა.

- ქალის ორგანიზმში რაღა იწვევს ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნას?

- ქალებში ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნის რისკფაქტორებია:

  • ანთებითი პროცესები და ინფექციები, რომლებიც არღვევს სპერმის იმუნური ამოცნობის უნარს;
  • საშოში "ბებერი" და ანომალიური სპერმატოზოიდების მოხვედრა;
  • ეაკულატში ლეიკოციტების სიჭარბე;
  • სპერმის მოხვედრა კუჭ-ნაწლავში ორალური სქესობრივი ურთიერთობის შედეგად;
  • კონტრაცეფციის იმ ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომლებიც არღვევს ლორწოვანის მთლიანობას;
  • სპერმატოზოიდების დიდი რაოდენობით მოხვედრა მუცლის ღრუში, რის მიზეზადაც შეიძლება იქცეს სასქესო ორგანოების თავისებურებები და ინსემინაციის არასწორად ჩატარება;
  • საშოში ანტისპერმულ ანტისხეულებთან შეკავშირებული სპერმატოზოიდების მოხვედრა;
  • ადრე გადატანილი კოაგულაცია საშვილოსნოს ყელის ეროზიის გამო;
  • ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მცდელობები, რის შედეგადაც შეიძლება მოხდეს ჰორმონული "დარტყმა" ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების ჯაჭვზე.

- რას "აშავებენ" ანტისპერმული ანტისხეულები?

- ანტისპერმული ანტისხეულები სპერმატოზოიდის სხვადასხვა ნაწილის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. მათი გავლენა მრავალმხრივია. სახელდობრ, ანტისპერმული ანტისხეულების ზემოქმედების შედეგია:

  • სპერმატოზოიდების მოძრაობის შეზღუდვა (ამ დროს ანტისხეულები სპერმატოზოიდის მემბრანას სხვადასხვა ადგილას ემაგრებიან, იწვევენ სპერმატოზოიდების აგლუტინაციას - შეწებებას - და აფერხებენ მათ მოძრაობას. რამდენად შეასუსტებენ ანტისხეულები სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, მათ რიცხვსა და ფიქსაციის ადგილზეა დამოკიდებული);
  • სპერმატოზოიდების მოძრაობის ბლოკადა საშვილოსნოს ყელის ლორწოში;
  • კვერცხუჯრედის გარსში სპერმატოზოიდების შეღწევის შეფერხება.

გარდა ამისა, ანტისპერმული ანტისხეულები ნაყოფის ზრდა-განვითარებაზეც ახდენენ გავლენას.

- ცერვიკალურ უნაყოფობაზე რას გვეტყვით?

- ცერვიკალური უნაყოფობის წარმოშობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშვილოსნოს ყელის მდებარეობის ანომალიებს, ქრონიკულ ანთებით პროცესებს, საშვილოსნოს ყელის ისეთი მიკროორგანიზმებით დასახლებას, რომელთაც აქვთ ციტოტოქსიკური მოქმედება სპერმატოზოიდების მიმართ (ურეაპლაზმოზი), საშვილოსნოს ყელზე ქირურგიულ ჩარევას (კონიზაციას), რაც ცერვიკალური ლორწოს რაოდენობას ამცირებს, საშვილოსნოს ყელზე ჩატარებულ მანიპულაციებს (ქიმიური, ლაზერული ან ელექტროაპარატურით), რომლებიც იწვევს ყელის სტენოზს, ჰორმონულ დისბალანსს (ჰიპოესტროგენია).


- როგორ ადგენენ იმუნოლოგიურ თუ ცერვიკალურ უნაყოფობას?

- დიაგნოსტიკა მოიცავს საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებას, ანტისპერმული ანტისხეულების განსაზღვრას სისხლის შრატში, ცერვიკალურ ლორწოში, პოსტკოიტალურ ტესტს, საშვილოსნოს ყელის ლორწოს ხარისხობრივ შეფასებას, ბაქტერიოსკოპიულ და ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებს, PAP-ტესტს, კოლპოსკოპიას, ჰორმონული სპექტრის განსაზღვრას, სეროლოგიურ ტესტებს.

- როგორია იმუნოლოგიური და ცერვიკალური ფაქტორებით გამოწვეული უნაყოფობის კლინიკური თავისებურება? ტკივილი ან გამონადენი ხომ არ ახასიათებს?

- ცერვიკალური პათოლოგიების დროს ზოგჯერ სხვადასხვა ტიპის გამონადენი და ტკივილი შეინიშნება, იმუნილოგიურ უშვილობას კი ასეთი სიმპტომები არ ახასიათებს.

- ანტისპერმული ანტისხეულების არსებობაზე ეჭვს რა ბადებს?

- ანტისპერმულ ანტისხეულებზე გამოკვლევისკენ გვიბიძგებს:

  • სპერმოგრამის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა;
  • სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება;
  • სპერმატოზოიდების აგლუტინაცია და "კანკალის" ფენომენი;
  • სპერმის დაქვეითებული სიცოცხლისუნარიანობა;
  • ცვლილებები პოსტკოიტალურ ტესტში:
  • სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება;
  • პოსტკოიტალური ტესტის უარყოფითი პასუხი;
  • ცერვიკალურ ლორწოში სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობა;
  • სპერმატოზოიდების "კანკალის" ფენომენი;
  • ექსტრაკორპორალური განაყოფიერების უარყოფითი შედეგი;
  • საშვილოსნოს ყელისა და სპერმატოზოიდების ურთიერთობის უარყოფითი ინ ვიტრო ტესტი;
  • გაურკვეველი მიზეზის უშვილობა.

- რას წარმოადგენს პოსტკოიტალური ტესტი?

- პოსტკოიტალური ტესტი - ეს გახლავთ სპერმატოზოიდებისა და ცერვიკალური ლორწოს ურთიერთქმედების გამოკვლევა ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის შეფასება ცერვიკალურ არხში სქესობრივი აქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. არსებობს პოსტკოიტალური ტესტის ორი ვარიანტი:

  • ინ ვივო - ტარდება სქესობრივი აქტის (რომელიც ოვულაციის პერიოდს უნდა დაემთხვეს) შემდეგ 3-12 საათის განმავლობაში. პასუხი უარყოფითად ითვლება, როდესაც სპერმატოზოიდების მოძრაობა ქალის სასქესო ორგანოებში შენელებულია.
  • ინ ვიტრო - წყვილი გამოსაკვლევად ოვულაციის წინა დღეებში მოდის. მამაკაცი აბარებს სპერმას, ქალის საშვილოსნოს ყელიდან კი იღებენ ასპირატს (ცერვიკალური ლორწოს წვეთს), რის შემდეგაც მიკროსკოპით აფასებენ სპერმატოზოიდებისა და ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის ურთიერთქმედებას. პასუხი უარყოფითად ითვლება, როდესაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანში სპერმატოზოიდების წინსვლით მოძრაობა შენელებულია.

პოსტკოიტალური ტესტის უარყოფითი პასუხის მიზეზი უმეტესად სპერმაში ანტისპერმული ანტისხეულების არსებობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა მამაკაცს უკავშირდება. არცთუ იშვიათად პრობლემა კომბინირებულია - ანტისხეულები ორივე პარტნიორს აქვს.

- მკურნალობაზე რას გვეტყვით?

- უნაყოფობის მკურნალობის ეფექტურობა ბევრად არის დამოკიდებული მისი მიზეზის დადგენასა და ლიკვიდაციაზე. იმუნოლოგიური უნაყოფობის მკურნალობა გულისხმობს:

  • ბარიერულ კონტრაცეფციას არანაკლებ 6 თვის განმავლობაში (ეფექტიანობა - 60%),
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას (ეფექტიანობა - 40%),
  • გლუკოკორტიკოიდების გამოყენებას (ეფექტიანობა - 20%).

ცერვიკალური ფაქტორებით გამოწვეული უშვილობის დროს მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიულიც. ის მოიცავს:

  • ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო თერაპიას;
  • საკვერცხეების ფუნქციის ნორმალიზებას;
  • ანტისპერმული ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში - ბარიერულ კონტრაცეფციას;
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას;
  • საშვილოსნოს ყელის ანატომიური პათოლოგიის დროს - მის რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ ოპერაციას.

მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში რეკომენდებულია ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.

- რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა უშვილობის მიზეზის დასადგენად?

- უშვილობის შემთხვევაში ყველა ქალმა უნდა მიიღოს ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონული გამოკვლევები, სასქესო ჰორმონების, ასევე - ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლევა, შარდსასქესო ორგანოების ექოსკოპია, საშვილოსნოს მილების გამავლობის კვლევა. აუცილებელია ანტისპერმული ანტისხეულების კონტროლი სისხლსა და საშვილოსნოს ყელის ლორწოში. ანტისხეულების კონტროლი - როგორც სისხლში, ისე სპერმულ სითხეში - მეუღლემაც უნდა ჩაიტაროს.