რუბრიკები
ტკივილი გინეკოლოგიური დაავადებების დროს
ტკივილი გინეკოლოგიური დაავადებების დროს

ტკივილი თან სდევს მრავალ ქალურ დაავადებას. რისი ბრალია ის და როგორ დავაღწიოთ თავი, ამაზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ნინო კოკაიას მივმართეთ.


- ყველაზე ხშირად ქალები მტკივნეულ მენტრუაციას უჩივიან. ალგომენორეა ანუ მტკივნეული მენსტრუაცია მენსტრუალური ფუნქციის ისეთი დარღევაა, რომელსაც ახასიათებს მენსტრუაციის დროს შეტევითი და მღრღნელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, წელისა და გავის მიდამოში. ალგომენორეას ხშირად თან სდევს ძლიერი საერთო სისუსტე.

ტკივილის ინტენსივობა ძალზე სხვადასხვანაირია - უმნიშვნელო დისკომფორტიდან ძლიერ შეგრძნებამდე. ეს უკანასკნელი ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას. რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 70% უჩივის სუსტ ან ზომიერ ტკივილს, ხოლო 10% - ინტენსიურს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთო მდგომარეობაზე და მკვეთრად აქვეითებს შრომის უნარიანობას. ტკივილი თავს იჩენს მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე ან მენსტრუაციის პირველსავე დღეს და ორ-სამ დღეში გაივლის.


- რა იწვევს ტკივილს?
- მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტული ორგანიზმის ანატომიური ან ფუნქციური თავისებურება, ასევე - სხეულის გადაცივება, ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმა, ინფექცია, საშოსშიდა სპირალი, შინაგან სასქესო ორგანოთა ესა თუ ის დაავადება, უმეტესად - ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთება, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა, სასქესო ორგანოების მოუმწიფებლობა (ინფანტილიზმი), საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნეები, მენჯისმიერი ნევრიტები.  ალგომენორეის წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, თანმხლები ექსტრაგენიტალური დაავადებები, აუტოსენსიბილიზაცია (მგრძნობელობის მომატება) საკუთარი სასქესო ჰორმონების (ესტროგენების, პროგესტერონის) მიმართ. ტკივილი ხშირად ახლავს თან სასქესო ორგანოთა განუვითარებლობას (ინფანტილიზმი), საშვილოსნოს ტანის მკვეთრ გადახრას (აძნელებს მენსტრუალური სისხლის გამოსვლას), საშვილოსნოს ყელში აბორტის შედეგად განვითარებულ შეხორცებებს, საშვილოსნოს თანდაყოლილ მანკებს. მტკივნეულ მენსტრუაციას უმეტესად მერყევი ფსიქიკის მქონე ქალები უჩივიან. როდესაც ნერვული სისტემა აღგზნებულია, მენსტრუაციის დროს მცირე უქეიფობაც კი შესაძლოა ნამდვილ დეპრესიაში გადაიზარდოს. მენსტრუაციის დროს საშვილოსნო რიტმულად იკუმშება, რათა ჩამოფცქვნილი ენდომეტრიუმი გამოაძევოს. ზოგიერთ ქალს მუცლის ღრუში ტკივილის რეცეპტორები ძალიან მგრძნობიარე აქვს და ყოველ შეკუმშვაზე ტკივილით რეაგირებენ. მენსტრუალური ტკივილი ხშირად ჰორმონული დისბალანსით, კერძოდ, პროგესტერონსა და პროსტაგლანდინებს შორის თანაფარდობის დარღვევითაც არის განპირობებული.


- როგორ მოვიქცეთ მტკივნეული მენსტრუაციის დროს?
- ტკივილის შესამცირებლად შეიძლება გამოვიყენოთ სპაზმის მომხსნელი, ტკივილგამაყუჩებელი, პროსტაგლანდინების დამთრგუნველი საშუალებები (ასპირინი, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, ვოლტარენი), ესტროგენ-გესტაგენის შემცველი პრეპარატები. ტკივილი საგრძნობლად მცირდება ან საერთოდ ქრება ჩასახვის საწინააღმდეგო ორალური საშუალებების (ტრიზისტონი, ანტიოვინი, ოვიდონი და სხვა) რეგულარული გამოყენებისას. როდესაც ალგომენორეა რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული, ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა.


- კიდევ რა იწვევს ქალებში სასქესო ორგანოების ტკივილს?
- ტკივილი ხშირად ახლავს თან საშვილოსნოს ყელის ეროზიას. ამ დროს ტკივილს უმთავრესად სქესობრივი კონტაქტი იწვევს. შესაძლოა, კონტაქტს მოჰყვეს უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც. გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების (ანუ აქტის დასრულების ან შეწყვეტის) შემდეგ ტკივილი პრაქტიკულად ქრება, თუმცა სისხლიანი გამონადენი შესაძლოა მცირე ხანს კიდევ შემორჩეს.


- რით შეიძლება იყოს გამოწვეული ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს?
- ერთ-ერთი მიზეზია ვაგინიზმი - საშოსა და მენჯის ფუძის კუნთების კუნჩხვითი და ძლიერ მტკივნეული სპაზმი, რომელმაც შესაძლოა გაართულოს, შეუძლებელიც კი გახადოს სქესობრივი კონტაქტი. ზოგჯერ ის მხოლოდ ტკივილით ვლინდება, ზოგჯერ კი საშოში ნებისმიერი სხეულის მოძრაობას აბრკოლებს (სქესობრივი კონტაქტი, გინეკოლოგიური გასინჯვა, გასინჯვა სარკეებით, ტამპონების გამოყენება და სხვ.). კუნთების უნებლიე სპაზმს ზოგჯერ სქესობრივი აქტის (ან გინეკოლოგიური პროცედურის) წარმოდგენაც კი იწვევს. ტკივილი გადაეცემა ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე და თან სდევს კრუნჩხვა. სპაზმი პარტნიორის ნაზი, ტაქტიანი ქცევის შემთხვევაშიც კი ვითარდება. ამის გამო ქალი გაურბის სქესობრივ კავშირებს და თუ გაბედა (ისიც მხოლოდ ვაგინიზმის მსუბუქი ფორმის დროს), ამას აკეთებს არასასურველი შეგრძნებების ფასად.  განასხვავებენ ვაგინიზმის რამდენიმე სახეს, რომლებიც შეესაბამება მისი გამოხატულების ხარისხს:

I ხარისხი - რეაქცია თავს იჩენს საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანის დროს;
II ხარისხი - რეაქცია თავს იჩენს სასქესო ორგანოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეხების ან შეხების მოლოდინის დროს;
III ხარისხი - რეაქცია თავს იჩენს სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გასინჯვის წარმოდგენისას.


- შეუძლია თუ არა ქალს ვაგინიზმის დროს თავის კონტროლი?
- არა, არ შეუძლია. ვაგინიზმის დროს სპაზმი უნებლიეა. ის შეიძლება შევადაროთ თვალების ხამხამს, როდესაც თვალში რაღაც გვივარდება.


- ვის ემართება და რა იწვევს ვაგინიზმს?
- ვაგინიზმი ქალების 3-4%-ს აქვს. გვხვდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა უმეტესად თავს იჩენს ახალგაზრდობისას, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში. მიიჩნევა, რომ ვაგინიზმისადმი მიდრკილნი არიან ინტელექტუალურად განვითარებული და მგრძნობიარე, ემოციური ქალები. ვაგინიზმი ხშირად წარმოადგენს დისპარეუნიის (სქესობრივი აქტის დროს ტკივილის) შედეგს და პირიქით. ხშირად ეს ორი პათოლოგია ერთმანეთს ერწყმის. ვაგინიზმს საფუძვლად შეიძლება ედოს ფსიქიკური დარღვევები, ასევე - პირველი სქესობივი კონტაქტის შიში, გაუპატიურება, უხეში დეფლორაცია ან სხვა სახის ძალადობა, მათ შორის - უხეში გინეკოლოგიური გასინჯვა. ვაგინიზმი დაორსულების საშუალებას არ იძლევა. თუ ქალი მაინც დაორსულდა (საშოში სპერმის შემთხვევითი შეღწევის ან მსუბუქი ვაგინიზმის დროს განხორციელებული აქტიის შედეგად), მშობიარობის შემდეგ ვაგინიზმისთვის დამახასიათებელი დარღვევები ქრება.


- იკურნება თუ არა ვაგინიზმი?
 - ვაგინიზმის მკურნალობა მოიცავს ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ფსიქოთერაპიას და დეფლორაციის მტკივნეულობისა და საშიშროების შესახებ არასწორი წარმოდგენების კორექციას, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების მკურნალობას. იქ, სადაც საქმე ფსიქიკურ დარღვევასთან არ გვაქვს, მკურნალობა ეფექტურია.


- რა ხდება საკვერცხეებისა და საშვილოსნოს დანამატების ანთების დროს?
- ამ ორგანოთა ანთების ერთ-ერთი მიზეზია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. გონოკოკი, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა და სხვა პათოლოგიური მიკროორგანიზმები უპირატესად აღმავალი გზით - დაბინძურებული საშოდან, საშვილოსნოს ყელიდან, საშვილოსნოდან - ხვდებიან საშვილოსნოს დანამატებში. ამდენად, ჰიგიენის დაცვა, საშოს ბაქტერიული ფლორის ხშირი კონტროლი, საჭიროებისას - კომპლექსური მკურნალობა სალპინგოოოფორიტის (საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ანთების) საუკეთესო პროფილაქტიკაა. მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები მკვეთრი სიმპტომებით შესაძლოა არ გამოვლინდეს, თუმცა ამ დროს ყურადღებას იპყრობს:

ლ სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და საკვერცხეების მიდამოში;
ლ სხეულის ტემპერატურის მატება;
ლ გულისრევის შეგრძნება;
ლ საშოდან უხვი სუნიანი გამონადენი;
ლ გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი;
ლ მენსტრუალური ციკლის დარღვევა.


- ტკივილი საკვერცხის კისტის ერთ-ერთი სიმპტომიც არის...
- საკვერცხის კისტა სიმსივნისებრი წარმონაქმნია, რომელიც კისტურად გადაგვარებულ საკვერცხის ღრუში სითხის დაგროვების შედეგად ვითარდება. დაგროვილი სითხის ოდენობა თანდათან იმატებს, რის გამოც კისტა ნელ-ნელა იზრდება. საკვერცხის კისტა სხვადასხვა სახისაა. ყველაზე ხშირად გვხვდება ფოლიკულური კისტა. ის უმეტესად 20-დან 40 წლამდე ვითარდება. მისი წარმოშობა საკვერცხის ესტროგენული ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, თუმცა განსაზღვრულ როლს ანთებითი პროცესებიც ასრულებს. ტკივილს მხოლოდ კისტის ფეხზე შემოგრეხა ან მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა იწვევს. ამ დროს თავს იჩენს ტკივილის შეგრძნება წელის არეში და სიმძიმისა მუცლის ქვედა ნაწილში. მკურნალობა ქირურგიულია. კისტას საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში ამოკვეთენ, რასაც რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ენდომეტრიოიდული კისტის დროს ქალი უმთავრესად უჩივის ტკივილს, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა იმატებს, თავს იჩენს პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები, რაც ენდომეტრიოიდული კისტების მიკროპერფორაციით და მათი შიგთავსის (სისხლის) მუცლის ღრუში მოხვედრით აიხსნება. მუცლის ღრუში სისხლისა და ქსოვილთა ნაწილაკების მოხვედრა მცირე მენჯში შეხორცებითი პროცესების განვითარებას იწვევს. დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაპაროსკოპიას და ლაპაროტომიის დროს აღებული ქსოვილის მიკროსკოპიულ გამოკვლევას. ენდომეტრიოიდული კისტის დროს ტარდება ჰორმონული, ქირურგიული, სიმპტომური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა.


- რას გვეტყვით საკვერცხის გახეთქვაზე?
- საკვერცხის აპოპლექსიას - უეცარ გახეთქვას - თან სდევს მწვავე ტკივილი. სისხლის დანაკარგის მიხედვით აპოპლექსია მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებად იყოფა. აპოპლექსიას იწვევს:

ლ სისხლძარღვების პათოლოგიური გადაგვარება, მაგალითად, ვარიკოზული გაგანიერება, ან სკლეროზი;
ლ საკვერცხის ადრე გადატანილი ანთება;
ლ ოვულაციისა და ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის პერიოდი (მენსტრუალური ციკლის შუა და მეორე ფაზა). საკვერცხის აპოპლექსია ყველაზე ხშირად სწორედ ამ პერიოდში ვითარდება - ოვულაციის მომენტში, ან ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის სტადიაში (ციკლის შუა და მეორე ფაზა).

რისკის ფაქტორებია ტრავმა, მძიმე ტვირთის აწევა ან მძიმე ფიზიკური დატვირთვა, უხეში სქესობრივი აქტი. კლინიკური სურათი ასეთია: ერთბაშად, წინამორბედი სიმპტომების გარეშე აღმოცენდება მკვეთრი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიც თანდათან მთელ მუცელს მოიცავს. ზოგჯერ გადაეცემა ფეხში, სწორ ნაწლავში, საზარდულში. შინაგანი სისხლდენის კვალდაკვალ კანი და ლორწოვანი გარსები ფითრდება, პულსი ხშირდება, არტერიული წნევა ეცემა, რასაც მოჰყვება გონის დაკარგვა და შოკი. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. მუცელი შებერილია და მტკივნეული. ამ დროს აუცილებელია ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. თუ შინაგანი სისხლდენისა და კოლაფსის სურათი არ არის გამოხატული, ტარდება კონსერვატიული მკურნალობა (მოსვენება და ცივი საფენები მუცელზე). შინაგანი სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული ჩარევა (საკვერცხის რეზექცია) და სისხლის დანაკარგის შევსება.


- საშვილოსნოს მიომაზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა...
- საშვილოსნოს მიომას ტკივილიც ახლავს თან, თუმცა ყოველთვის არა. მუდმივი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში ხშირად იმით არის განპირობებული, რომ გაზრდილი სუბსეროზული კვანძები ჭიმავს სეროზულ გარსს ან აწვება მენჯის ნერვულ წნულს. ზოგჯერ ტკივილს მიომურად შეცვლილ საშვილოსნოში დისტროფიული და ნეკროზული ცვლილებები იწვევს. მენსტრუაციის დროს შეტევისებური ტკივილი ახასიათებს სუბმუკოზური ლოკალიზაციის სიმსივნეს. ზოგჯერ ტკივილი მუდმივი და ძლიერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიომური კვანძი განიერი იოგის ფურცლებს შორის მდებარეობს.

 

 

2014-46-06/20/14
sofio
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს,შესაძლებელია თუ არა თქვენს მიერ ამოთვლილი ,,გინოკოკი, მიკოპლაზმა,ურეოპლაზმა" პათოლოგიური ვირუსებით ქალწული დაინფიცირდეს?,ზუსტად მსგავსი სიმპტომები მაქვს ერთი წელია, გამოკვლევა ჩავიტარე და საკვერცხეები საშვილოსნო შინაგანი ორგანოები ჯანმრთელი გაქვსო, არც სოკოზე ამოვიდა დადებითი პასუხი,(ყველაფერი სუფთააო) ჰიგიენას ვიცავ მაგრამ ზუსტად მაგ სიმპტომებით ვიტანჯები დიდი ხანია,გთხოვთ მიპასუხოთ რა მედიკამენტები შეიძლება გამოვიყენო საკვერცხეების ანთების დროს
ამ კატეგორიის სხვა სტატიები