რუბრიკები
რაზე მეტყველებს ტემპერატურის მატება ქალებში?

ქალის ორგანიზმის ტემპერატურა სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდის და მისი გაზომვაც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. ამის შესახებ გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.

- ქალბატონო სოფიო, რა არის ბაზალური ტემპერატურა და რა საჭიროა მისი გაზომვა?

- ბაზალური ტემპერატურის მიხედვით ხდება ოვულაციის სავარაუდო თარიღის გამოთვლა. ბაზალური ტემპერატურა ძირითადად სწორ ნაწლავში იზომება. ცნობილია, რომ მენსტრუალური ციკლი ფოლიკულური, ოვულატორული და ლუთეინური ფაზებისგან შედგება. ამ სამი ფაზის შესაბამისად იცვლება ორგანიზმში ჰორმონთა დონე. ჰორმონებთან ერთად იცვლება ბაზალური ტემპერატურაც. ბაზალური ტემპერატურის გაზომვით შეგვიძლია გავიგოთ:

 

  • მწიფდება თუ არა კვერცხუჯრედი და როდის (შესაბამისად, გამოვყოთ დაორსულებისთვის ოპტიმალური დღეები);
  • მოხდა თუ არა კვერცხუჯრედის მომწიფება - ოვულაცია;
  • შევაფასოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობის ხარისხი;
  • ვიეჭვოთ გინეკოლოგიური პრობლემების არსებობა;
  • ვივარაუდოთ მომდევნო მენსტრუაციის დაწყების სავარაუდო დღე;
  • უჩვეულო მენსტრუაციის ან მისი შეკავების დროს დავადასტუროთ ორსულობა.

- როგორ იზომება ბაზალური ტემპერატურა?

- ბაზალური ტემპერატურის გასაზომად საჭიროა ჩვეულებრივი (ვერცხლისწყლის ან ელექტრონული) თერმომეტრი. ვერცხლისწყლის თერმომეტრით ტემპერატურას ზომავენ 5 წუთის განმავლობაში, ელექტრონულს იღებენ სიგნალის შემდეგ. თერმომეტრი უნდა მოამზადოთ წინა საღამოს და საწოლთან დაიდოთ.

  • ტემპერატურა აუცილებლად ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ.
  • არ ადგეთ, არ წამოჯდეთ, საწოლში აქტიურად არ იმოძრაოთ. მშვიდად აიღეთ თერმომეტრი და შეიყვანეთ უკანა ტანში.
  • უძრავად იწექით 5 წუთის განმავლობაში.
  • თერმომეტრი ამოიღეთ, ჩაიწერეთ მაჩვენებელი.

ბაზალური ტემპერატურის ნორმალური გრაფიკი დაახლოებით ასეთია:

  • ციკლის პირველი დღიდან მენსტრუაციის დასრულებამდე ბაზალური ტემპერატურა თანდათან იწევს დაახლოებით 37,0-დან 36,3-36,5 გრადუსამდე.
  • ციკლის შუაში (შედარებით ხანგრძლივი ციკლის დროს) ბაზალური ტემპერატურა მერყეობს 36,3-36,6 გრადუსების ფარგლებში.
  • მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მწიფდება კვერცხუჯრედი, რის გამოც ბაზალური ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში 37,1-37,3 გრადუსამდე იმატებს (ქალების უმრავლესობას ტემპერატურა აწევამდე 1-2 დღით ადრე ერთბაშად 0,1-0,2 გრადუსით უქვეითდება).
  • II ფაზაში ბაზალური ტემპერატურა 37,0-37,4 გრადუსის ფარგლებშია.
  • მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ბაზალური ტემპერატურა იწყებს დაქვეითებას და დაახლოებით 37,0 გრადუსს აღწევს.

სხვაობა მეორე ნახევრის საშუალო ბაზალურ ტემპერატურასა და პირველი ნახევრის ბაზალური ტემპერატურის მაჩვენებლებს შორის 0,4-0,5 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ვირუსული დაავადების დროს შედეგი მცდარია, ამიტომ ტემპერატურის კონტროლს აზრი არ აქვს. ბაზალურ ტემპერატურაზე ასევე გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურის მატებით მიმდინარე ზოგადი დაავადება, სქესობრივი კონტაქტი საღამოს (მით უმეტეს, დილით), ალკოჰოლის მიღება, ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უჩვეულო დროს, გვიან დაძინება (მაგალითად, დაწექით 3 საათზე, ტემპერატურა კი 6-ზე გაიზომეთ), საძილე პრეპარატის მიღება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, აქტიური სპორტით დაკავება. ეს გადახრები აუცილებლად უნდა მიეთითოს ფურცელზე.

- როგორ უნდა განისაზღვროს დაორსულებისთვის ხელსაყრელი დღეები?

- ბაზალური ტემპერატურის მეთოდით თუ ვიხელმძღვანელებთ, არც ისე დიდი უსაფრთხო პერიოდი დაგვრჩება. მაგალითად, 28-დღიანი ციკლის დროს მხოლოდ 10 დღეა უსაფრთხო. პროგესტერონის უკმარისობის დროს, რის განსაზღვრაც სპეციალური გამოკვლევებით არის შესაძლებელი, უსაფრთხო პერიოდი უფრო ხანმოკლეა. მეთოდი მოუხერხებელია იმითაც, რომ ტემპერატურის გაზომვა საჭიროა ყოველდღე, განსაკუთრებით - დაკვირვების დასაწყისში. 28 დღეზე ხანგრძლივი ან ხანმოკლე ციკლის შემთხვევაში შესაბამისად ხანგრძლივდება ან მოკლდება I ფაზა (ტემპერატურის მომატებამდე), ხოლო II ფაზა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს 12-14 დღეზე ნაკლები. დაორსულებისთვის ხელსაყრელი დღეების გამოსათვლელად აუცილებელია ბაზალური ტემერატურის გაზომვა არანაკლებ 3-4 ციკლის განმავლობაში. იდეალური ციკლის შემთხვევაში ეს პერიოდი ამგვარად გამოითვლება: იმ დღიდან, როდესაც ტემპერატურა გადაკვეთს 37,0 გრადუსის ნიშნულს, უნდა გადაითვალოთ 6 დღე უკან და 6 - წინ. 28-დღიანი ციკლის დროს ეს ციკლის მე-14 დღეს ემთხვევა (ამ დროს ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება), ციკლის 1-ელიდან მე-7 დღემდე და 21-ე დღიდან ციკლის დასრულებამდე კი შეგიძლიათ თავი არ დაიცვათ. გაითვალისწინეთ: თუ სხვადასხვა ციკლში 37,0-ის გადაკვეთა სხვადასხვა დღეს მოხდა, მაშინ სარისკო პერიოდის განსაზღვრისას 6 დღეს უკან ნაკლები მაჩვენებლიდან გადაითვლიან, ხოლო წინ - მეტიდან. იგივეა პრინციპი მოკლე ციკლის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ციკლი 21 დღე გრძელდება, მაშინ კვერცხუჯრედის მომწიფება უკვე მე-7 დღეს არის მოსალოდნელი. შესაბამისად, საშიშია მე-2-13 დღეები, თუ ოვულაციის დღე არ მოძრაობს.

- როგორია ბაზალური ტემპერატურა ორსულობის დროს?

- დაორსულებისას ბაზალური ტემპერატურა მაღლა იწევს და მომატებული რჩება ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში. ამ დროს ბაზალური ტემპერატურის დაქვეითება ხშირად ორსულობის შეწყვეტის საფრთხეზე მიუთითებს.

- რას გვეტყვით ზოგადად ორსულთა სხეულის ტემპერატურაზე?

- ორსულობისას სხეულის ტემპერატურა იმატებს და 37 გრადუსის მახლობლად მერყეობს. ეს გამოწვეულია ორსულობის ჰორმონების მოქმედებით და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებით. ორსულობის პირველ თვეებში ქალს არ უნდა აშინებდეს სხეულის ტემპერატურის 37,2-გრადუსიანი, თუნდაც ოდნავ უფრო მაღალი მაჩვენებელი. როდესაც საშვილოსნოში ნაყოფი იწყებს განვითარებას, ქალის ორგანიზმი დიდი ოდენობით გამოიმუშავებს პროგესტერონს, რაც სხეულის ტემპერატურაზე მოქმედებს. ეს თავისებური რეაქციაა ორსულობაზე.

- ესე იგი, ტემპერატურის უმიზეზო მომატებისას ორსულობაც უნდა ვიეჭვოთ?

- დიახ, ასეა, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს იმუნიტეტში შესაძლოა ერთგვარი ჩავარდნაც მოხდეს, ამიტომ როდესაც შეიგრძნობთ უსიამოვნო სიმპტომებს: სისუსტეს, შემცივნებას ან სიმხურვალეს, - აუცილებლად გაიზომეთ ტემპერატურა. თუ იგი 37,8-ს აღემატება, მაშასადამე, დროა, ზომები მიიღოთ. ტემპერატურის მომატება შესაძლოა ანთებითი პროცესის, ინფექციის, გაციების, გრიპის ან რომელიმე ორგანოს მუშაობის დარღვევის ნიშანი იყოს. გახსოვდეთ: მაღალ ტემპერატურას ძნელად იტანს ორსული და პოტენციურად საშიშია ნაყოფისთვის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ორსულებს, რომლებსაც პირველ ტრიმესტრში, განსაკუთრებით - მე-3-5 კვირას, აქვთ მაღალი ტემპერატურა (39 გრადუსი), უფრო ხშირად უჩნდებათ დეფექტიანი ბავშვები, თუმცა ეს უმთავრესად იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტემპერატურის აწევა ცხელ აბაზანაში დიდხანს ყოფნით იყო გამოწვეული. ტემპერატურის დროებითი მომატება, რაც ინფექციების უმრავლესობას ახასიათებს, ბავშვისთვის ნაკლებად საშიშია. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს უმჯობესია ცხელება ნებაზე არ მიუშვათ. აი, რამდენიმე უსაფრთხო მეთოდი:

  • ჩაიცვით სწორად. მავნეა როგორც მეტისმეტად თბილად, ასევე შილიფად ჩაცმა. ძალიან თბილი ტანსაცმელი აფერხებს სხეულიდან სითბოს გაცემას, გრილი კი ხელს უწყობს შემცივნებას, რომლის დროსაც ორგანიზმი კიდევ უფრო მეტ სითბოს გამოიმუშავებს. ჩაიცვით მსუბუქად და თავისუფლად, ეს კანში აირთა ცვლას გააუმჯობესებს. თუ ძლიერ ოფლიანდებით, ხშირად იცვალეთ ტანსაცმელი.
  • შეინარჩუნეთ ოთახში სიგრილე, გააღეთ ფანჯარა, ჩართეთ კონდიციონერი, გადით შინიდან. გრილი და სუფთა ჰაერი სხეულს გააგრილებს.
  • სვით ბევრი სითხე. ოფლდენისა და სუნთქვის გახშირების შედეგად ორგანიზმი კარგავს დიდი ოდენობით სითხეს, რომლის მარაგი უნდა შეივსოთ.

- რას გვეტყვით ლოგინობის ხანის ცხელებაზე?

- ლოგინობის ხანა იწყება პლაცენტის გამოძევების შემდეგ და 4-6 კვირა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ქალის რეპროდუქციული სისტემა უბრუნდება საწყის, ორსულობამდელ მდგომარეობას. სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი ინფექციური გართულებები.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები