სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები რა უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა

- ქალბატონო თამარ, რა ჩივილებით მოგმართავენ უმეტესად ქალები და ძუძუს რომელი პათოლოგიების გამოვლენა ხდება ყველაზე ხშირად?

- ქალები ხშირად უჩივიან ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას ძუძუს არეში, ზოგჯერ - გამონადენს დვრილიდან. საერთოდ, სკრინინგი ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევას გულისხმობს, შესაბამისად, ქალების ნაწილი ხშირად ყოველგვარი ჩივილის გარეშე ერთვება ამ პროგრამაში. სხვა საქმეა, რომ სკრინინგის პროგრამის წყალობით ხშირად ხდება ისეთი პათოლოგიის გამოვლენა, რომელსაც ქალი არც კი ეჭვობდა. ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის აუცილებელ პირობას სწორედ კიბოსწინარე დაავადებების ადრეული გამოვლენა და მკურნალობა წარმოადგენს. კიბოსწინარე პათოლოგიებს მიეკუთვნება ფიბროადენომები, კისტები, კვანძოვანი ფიბროადენომატოზი ანუ კვანძოვანი მასტოპათია. სამწუხაროდ, დღეს ამ დაავადებებს ძალიან ახალგაზრდა ქალებთანაც კი ვხვდებით. მასტოპათია, საზოგადოდ, რეპროდუქციული ასაკის ქალის ორგანიზმში დისჰორმონული ჰიპერსეკრეციის შედეგად მიმდინარე პროცესია. არსებობს მასტოპათიის სამი ფორმა: ფიბროზულ-ცისტოზური, დიფუზური და კვანძოვანი. ამათგან უფრო საყურადღებოა კვანძოვანი ფიბროადენომატოზი ანუ კვანძოვანი მასტოპათია, რადგან შესაძლოა კვანძის გადაგვარება, ჰორმონული დისბალანსის ფონზე მისი შეცვლა, მალიგნიზაცია, ატიპია. თუ მამოგრაფიით ან ექოსკოპიით კვანძი საეჭვოდ მივიჩნიეთ, აუცილებლად მივმართავთ ციტოლოგიურ გამოკვლევას და ქალს სპეციალიზებულ კლინიკაში ქირურგიული ჩარევისთვის ვგზავნით. მასტოპათიებიდან სწორედ კვანძოვანი ფორმა მიიჩნევა იმ პათოლოგიად, რომელიც შესაძლოა ოპერაციული ჩარევით დასრულდეს. ისეთი კიბოსწინარე დაავადებების დროს, როგორებიცაა კვანძოვანი მასტოპათია, დვრილის ადენომა, კისტა, ფიბროადენომა, ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია ან სიმსივნის ენუკლეაცია (ამოკვეთა).

- როგორც ცნობილია, სკრინინგცენტრში პრიორიტეტულ კვლევად მიჩნეულია მამოგრაფია და ის ტარდება 40 წლიდან. ახალგაზრდა ქალებისთვის თუ შეიძლება ამ გამოკვლევის ჩატარება?

- სარძევე ჯირკვლის სტრუქტურიდან, ქსოვილების თავისებურებიდან გამომდინარე, მამოგრაფიული კვლევა უფრო მეტად ინფორმაციულია 40 წელს გადაცილებულ ქალებთან (ამ ასაკში მამოგრაფიით უფრო უკეთ ჩანს სარძევე ჯირკვალი). რაც შეეხება ექოსკოპიურ დიაგნოსტიკას, ის ფართოდ გამოიყენება 35 წლამდე ასაკის ქალებთან კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეული ფორმების სკრინინგისთვის. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ სარძევე ჯირკვალში მამოგრაფიულად საეჭვო უბანი აღმოვაჩინეთ, აუცილებლად ვუტარებთ ქალს ექოსკოპიურ კვლევასაც (პროგრამაში ექოსკოპიაცაა ჩართული) და პირიქით, თუ სარძევე ჯირკვალში არის საეჭვო უბანი ან არ მოგვწონს არსებული წარმონაქმნი, მაშასადამე, თუ ჩვენება და კრიტერიუმი არსებობს, შესაძლოა 27 წლის პაციენტსაც ჩავუტაროთ მამოგრაფია. მაგალითად, თუ დატვირთული ანამნეზი გამოკვეთს გენეტიკურ ფაქტორს, პაციენტმა შეამჩნია სიმკვრივე ძუძუში, გამოხატულია საეჭვო ნიშნები, რომლებიც პროცესის ავთვისებიანობაზე მიგვანიშნებს, აღარ ვითვალისწინებთ ასაკობრივ კრიტერიუმს და პაციენტს ვუტარებთ როგორც მამოგრაფიულ, ასევე ექოსკოპიურ და სხვა კვლევებს. საზოგადოდ, ძუძუს კიბოს ადრეული ფორმებისა და კიბოსწინარე დაავადებათა დიაგნოსტიკა კომპლექსურ გამოკვლევას ეფუძნება. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ქალები იღებენ მამოლოგის კონსულტაციას და უტარდებათ მამოგრაფიული კვლევა. საეჭვო შემთხვევაში პაციენტი იგზავნება სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც, საჭიროებისამებრ, შესაძლოა ჩაუტარდეს დუქტოგრაფია, იგივე კონტრასტული მამოგრაფია, რომელიც სადინარშიდა სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება, პნევმოცისტოგრაფია, რომელსაც ატარებენ კისტის კედლების კონტრასტირებისთვის და კისტის შიგნითა წარმონაქმნების ვიზუალიზაციისთვის. განსაკუთრებით ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის სარძევე ჯირკვლის პუნქტატის კლინიკურ-ცოტოლოგიური კვლევა.

- მასტოპათიის სხვა ფორმებზე რას გვეტყვით?

- ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათიის დროს სარძევე ჯირკვალი სტრუქტურულად ძალზე მარცვლოვანია. ხშირად შეინიშნება სადინარის დილატაცია ანუ გაფართოება. მასტოპათიის ამ ფორმას ახასიათებს აგრეთვე სეროზული მომწვანო-მოყვითალო ან მოყავისფრო გამონადენი. ქალები ხშირად სწორედ გამონადენის გამო მოგვმართავენ. ეს ძალიან კარგია, რადგან ძუძუდან გამონადენი მეტად საყურადღებო კლინიკური ნიშანია. პაციენტებს აუცილებლად ვუტარებთ გამონადენის ციტოლოგიურ კვლევას, რათა უჯრედულ დონეზე მოხდეს შესწავლა და გაანალიზება იმისა, რამდენად საშიშია ეს გამონადენი. აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგჯერ ქალები დვრილიდან სისხლიან გამონადენს უჩივიან. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს დიფერენცირება ავთვისებიან პროცესსა და სადინარშიდა პაპილომას შორის. სადინარშიდა პაპილომა არანაკლებ საყურადღებო პროცესია, ის ხშირად არც მამოგრაფიულად და არც ექოსკოპიურად არ ჩანს. ასეთ დროს აუცილებელია უფრო ღრმა კვლევების (ციტოლოგია, დუქტოგრაფია) ჩატარება, ამიტომ პაციენტს ვგზავნით სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც მას საფუძვლიანად იკვლევენ. თუ სადინარშიდა პაპილომა დადასტურდა, უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა - სადინარის ფართოდ ამოღება. რაც შეეხება დიფუზურ მასტოპათიას, ამ დროს სარძევე ჯირკვალი დიფუზურად გამკვრივებული და გაჯირჯვებულია. როცა ქალს ვსინჯავთ, ყოველთვის ვეკითხებით, ხომ არ აქვს გენიტალიების ან ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე პათოლოგია, რადგან სარძევე ჯირკვალში გამოხატული ცვლილებები ხშირად დასახელებულ ორგანოთა პათოლოგიების შედეგია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვურჩევთ ქალებს, პარალელურად ენდოკრინოლოგსა და გინეკოლოგსაც მიმართონ.


- გარდა მასტოპათიებისა, კიდევ რომელ პათოლოგიებს ხვდებით სარძევე ჯირკვალში?

- ვხვდებით ძუძუს ისეთ კეთილთვისებიან პათოლოგიებს, როგორებიცაა კისტები და ფიბროადენომები. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა ქალების დაავადებაა. ფიბროადენომა უმეტესად სადაზედაპირიანი, კარგად მოძრავი, ხშირად ოვალური ფორმის ქსოვილოვანი ტიპის წარმონაქმნია. შეიძლება, კარგად ისინჯებოდეს როგორც ერთ, ასევე ორივე სარძევე ჯირკვალში. თუ ფიბროადენომა მცირე ზომისაა, ვაწარმოებთ მის დინამიკაში კონტროლს; თუ ის სწრაფად იზრდება, სპეციალისტები ოპერაციულ ჩარევას ურჩევენ. რაც შეეხება კისტებს, მრავლობითი ცისტური ჩანართები (ასე ვუწოდებთ თხელკედლიან კისტებს) ძუძუში ხშირად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს ჩნდება და კარგად ემორჩილება მკურნალობას. მათ, ჩვეულებრივ, დინამიკაში ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ზოგჯერ კისტა დიდ ზომებს აღწევს, სქელი კედლები ანუ კაფსულა აქვს. ამ შემთხვევაში კაფსულის ციტოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ და, რომ არ გადაგვარდეს, ოპერაციულ ჩარევასაც მივმართავთ.

- რას ურჩევთ ქალებს, როგორ აწარმოონ თვითგასინჯვა, როდის მიმართონ ექიმს?

- თავდაპირველად, ვურჩევ, რეგულარულად, ყოველთვიურად ჩაიტარონ ძუძუს თვითგასინჯვა, რეპროდუქციულ ასაკში - მენსტრუაციის დამთავრებიდან მე-7-10 დღეს, მენოპაუზის პერიოდში კი - ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. თვითგასინჯვა უნდა ჩატარდეს ვერტიკალურ - სარკის წინ ან შხაპის ქვეშ - ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (ზურგზე წოლისას). უპირველესად, აზღუდი დაითვალიერეთ. შესაძლოა, მასზე სისველე, დვრილიდან გამონადენის კვალი იყოს დარჩენილი. გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუსთავები - ხომ არ არის ჩაბრუნებული, დაწყლულებული, ფერშეცვლილი. დაითვალიერეთ ძუძუს კანი - ხომ არ არის შეშუპებული, შეჭმუხნილი, ფერშეცვლილი.

1. სარკის წინ

ყურადღებით დაითვალიერეთ მკერდი, ხომ არ შეინიშნება სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია, მათი ფორმის, ზომის, კანის სტრუქტურის ან დვრილის ცვლილება (მაგალითად, ჩაბრუნება). ამის შემჩნევა რომ გაგიადვილდეთ, მოიქეცით ასე:

ნ ხელები ჩამოუშვით;

ნ შემოირტყით დოინჯი, დაჭიმეთ ხელისა და მკერდის კუნთები;

ნ ხელები გასწიეთ განზე;

ნ ორივე ხელი კეფაზე შემოიწყვეთ;

ნ დაიხარეთ 90 გრადუსით და კიდევ ერთხელ გულდასმით დაითვალიერეთ ორივე ძუძუ.

2. შხაპის დროს

დაიდეთ მარცხენა ხელი კეფაზე. მარჯვენა ხელის გასაპნული სამი თითით (საჩვენებელი თითის, შუა თითისა და არათითის) წრიული მოძრაობით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ თითები, რათა ღრმად მდებარე წარმონაქმნი არ გამოგეპაროთ. ასევე გაისინჯეთ მეორე ძუძუ.

3. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში

დაწექით ზურგზე, ბეჭებქვეშ მჭიდროდ დახვეული პირსახოცი ამოიდეთ. მარცხენა ხელი ამოიდეთ თავქვეშ, ხოლო მარჯვენა ხელის თითების წრიული მოძრაობით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თითების მსუბუქი ზეწოლით გაისინჯეთ ზედაპირული ქსოვილები, ძლიერი ზეწოლით კი - ღრმად მდებარე. გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუსა და იღლიას შორის არსებული მიდამო და იღლიის ფოსო. დვრილიდან გამონადენი თეთრეულზე ყოველთვის არ ტოვებს კვალს; გირჩევთ, მის გამოსავლენად ძუძუს დვრილს მსუბუქად მოუჭიროთ საჩვენებელი და ცერა თითები. განსაკუთრებით საშიშია სისხლიანი გამონადენი. უთუოდ მიმართეთ სპეციალისტს, თუ შეამჩნიეთ:

  • სიმსივნური წარმონაქმნი ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
  • ძუძუს კანის სიწითლე ან სიმხურვალე;
  • ლიმონის ქერქისებრი კანი;
  • ძუძუს კანის შეჭმუხვნა;
  • უჩვეულო ტკივილი ძუძუში;
  • წვა და სიწითლე დვრილის არეში;
  • დვრილის ჩაბრუნება;
  • სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი დვრილიდან.