უცხო სხეული ბრონქში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უცხო სხეული ბრონქში

- უცხო სხეული სასუნთქ გზებში შეიძლება მოხვდეს სიცილის, დაცემინების, უეცარი წამოყვირების წინ უნებლიე ღრმა ჩასუნთქვისას, როცა ხორხის შესავალი ღიაა. იგი ჰაერის ნაკადის საშუალებით წარიტაცება ბრონქში და, ჩვეულებრივ, ჩერდება იმ დონეზე, სადაც ბრონქის დიამეტრი მისი ზომის ტოლია. სასუნთქ გზებში შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა სხეული, ლურსმნით, ნემსითა და მზესუმზირას მარცვლებით დაწყებული, ცოცხალი ორგანიზმებით (ბუზი, კრაზანა, ჭია, წურბელა) დამთავრებული. განსაკუთრებით ხშირია უცხო სხეულის სასუნთქ გზებში მოხვედრა 2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. უმეტესად ესენია მცირე ზომის საგნები, რომლებითაც ბავშვები თამაშობენ, იდებენ პირში და იმავდროულად იცინიან ან ტირიან, წამოიყვირებენ ან ღრმად ამთქნარებენ. მოზრდილებს ყველაზე ხშირად გადასცდებათ ხოლმე კბილის პროთეზის ფრაგმენტები, ამოვარდნილი კბილის გვირგვინი, პროფესიული საქმიანობისთვის გამოსაყენებელი მცირე ზომის საგნები (ლურსმნები, სარჭები და სხვა). ათიდან 7 შემთხვევაში უცხო სხეული ხვდება ბრონქში, შედარებით იშვიათად - ხორხსა და სასულეში. ბრონქებში უცხო სხეული ათიდან 8 შემთხვევაში ხვდება მარჯვენა ბრონქში, რომელიც ტრაქეის თითქმის პირდაპირი გაგრძელებაა. ეს იწვევს ქოშინს და ხველას. თუ ერთ-ერთი ფილტვი ნორმალურად ფუნქციობს, ქოშინი მკვეთრად არ არის გამოხატული. მთავარი ბრონქებიდან ერთ-ერთის სრული ობტურაციის დროს შეინიშნება ფილტვის ატელექტაზი. მეორე ფილტვი ემფიზემურად ფართოვდება. ზოგჯერ უცხო სხეული სარქვლის როლს ასრულებს: ჩასუნთქვისას ბრონქში ჰაერი თავისუფლად შედის, ხოლო ამოსუნთქვა გართულებულია. ამ შემთხვევაში ვითარდება ემფიზემა. სასულეში მოხვედრილი უცხო სხეული უმეტესად მოძრავი, ბალოტირებულია. რაც შეეხება ბრონქში მოხვედრილ უცხო სხეულს, თუ მისი ზომა ბრონქის სანათურზე მცირეა, შესაძლოა, მიგრაცია განიცადოს ბრონქიდან ბრონქში. თუ უცხო სხეული ჩაერჭო მთავარ ბრონქში, გამოიწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და სუნთქვის დარღვევას. ამრიგად, უცხო სხეული იწვევს ბრონქის ლორწოვანი გარსისა და კედლის ცვლილებებს კატარული ანთებიდან და შეშუპებიდან ბრონქის კედლის გამრუდებამდე და გახვრეტამდე, რაც, თავის მხრივ, შუასაყრის ემფიზემას ედება საფუძვლად. ფუნქციის დარღვევის კუთხით განსაკუთრებით აგრესიულია ორგანული უცხო სხეულები, რომლებიც ბრონქში დიდხანს დარჩენისას იშლება, ფუვდება (მაგალითად, ლობიო, ბარდა), ახშობს ბრონქის სანათურს და არღვევს ბრონქის კედლის მთლიანობას. მეორეული გართულებები - დაჩირქება, ატელექტაზი, პნევმოთორაქსი - ვრცელდება ფილტვის ქსოვილსა და პლევრაზე, იწვევს ჩირქოვან პლევრიტს, ფილტვის აბსცესს, ბრონქოექტაზებს. ორგანულმა სხეულებმა, ადგილობრივ გართულებებთან ერთად, დაშლისას მომწამვლელი ნივთიერებების გამოყოფით შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის ტოქსემიური დაზიანება და რამდენიმე დღეში - სიკვდილიც კი.

- როგორია კლინიკური სურათი ბრონქსა და სასულეში უცხო სხეულის მოხვედრის შემდეგ და მისი დინამიკა?

- უცხო სხეულმა, რომელიც არ ახშობს ბრონქის სანათურს, შესაძლოა არავითარი კლინიკური სიმპტომი არ გამოიწვიოს. ეს უმთავრესად უცხო სხეულის გვარობასა და ზომაზეა დამოკიდებული. სასულეში ბალოტირებადი უცხო სხეული ყველაზე ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს, რომლებსაც თამაშის დროს გადასცდებათ ხოლმე მძივი, პარკოსნები ან სხვა მცირე ზომის საგნები. ეს შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეთ უფროსებს და გამოვლინდეს მხოლოდ ნაკეცებს შორის სივრცეში უცხო სხეულის უეცარი ჩაჭედვით: ბავშვი ამ დროს ლურჯდება, გონს კარგავს, ეცემა და რამდენიმე წამი გაუნძრევლად რჩება. ამ დროს ხდება სპაზმურად შეკუმშული კუნთების რელაქსაცია, უცხო სხეული თავისუფლდება და ისევ ხვდება ტრაქეის სანათურში. ბავშვი გონს მოდის, ნორმალური სუნთქვა აღუდგება და აგრძელებს თამაშს. ასეთ შეტევებს ზოგჯერ ეპილეფსიად ან სპაზმოფილიად განიხილავენ, რეალური მიზეზი კი შესაძლოა დაკვირვებითი ფიზიკალური გამოკვლევის დროსაც ვერ დაადგინონ, თუმცა აუსკულტაციით ისმინება დამახასიათებელი ხმაური, რომელსაც იწვევს უცხო სხეულის მოძრაობა ფორსირებული სუნთქვის დროს, ანდა ტარდება ტრაქეოსკოპია, რომლის შედეგადაც იღებენ კიდეც უცხო სხეულს. ამასთან, ბალოტირებადი უცხო სხეულის არსებობით გამოწვეული შეტევა ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვი წვება გულაღმა, გადადის ყირაზე, ერთი სიტყვით, მოძრაობითი თამაშის დროს. ბრონქებში უცხო სხეული ძირითადად ჩაჭედილია, უმოძრაო, და ამას პაციენტი საკმაოდ მსუბუქად იტანს. პათოლოგიური ნიშნები ვლინდება მხოლოდ ბრონქის მეორეული ინფიცირების შემთხვევაში. აღმოცენდება ტკივილი გულმკერდის არეში, თავდაპირველად ხველა მშრალია, შემდეგ იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, ზოგჯერ - სისხლნარევისაც. ინფიცირების სტადიისთვის დამახასიათებელია ძლიერი ხველა დიდი რაოდენობის ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისპნოე, სისხლში ანთებისთვის ნიშნეული ცვლილებები. ეს ნიშნები უცხო სხეულის ირგვლივ ქსოვილების მეორეულ ანთებაზე მიუთითებს. ქსოვილები შეშუპებულია, ინფილტრირებული, და უცხო სხეულს ნაზარდი გრანულაციური ქსოვილი შემოსაზღვრავს. ამგვარი მოვლენები ხშირად უცხო სხეულის დიაგნოსტირებას ართულებს, ხოლო ნაკლებად კონტრასტული სხეულის არსებობისას ძნელდება რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკაც.


- რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ბრონქში უცხო სხეულის არსებობამ?

- გართულება შეიძლება იყოს ადრეულიც და მოგვიანებითიც. ადრეულ გართულებებს მიეკუთვნება ბრონქიტი და ფილტვის აბსცესი, მოგვიანებითს - ქრონიკული ბრონქორეა, ხოლო არანამკურნალებ, მიშვებულ შემთხვევებში - ბრონქოექტაზია.

- როგორია ამ დროს პროგნოზი?

- პროგნოზი ბევრად არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე, უცხო სხეულის ხასიათზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და იმაზე, რამდენი ხანია გასული სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის მომენტიდან. განსაკუთრებით სერიოზულია იგი ჩვილებსა და 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებთან, ასევე - ასაკოვან პირებთან. უცხო სხეულის დროული მოშორების შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- ტრაქეაში უცხო სხეულის არსებობისას დიაგნოზის დასმა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. გაცილებით რთულია დიაგნოსტიკა, როცა უცხო სხეული მთავარ ბრონქში ხვდება. რაც უფრო მცირდება ბრონქის კალიბრი, უცხო სხეულის არსებობის დადგენაც რთულდება. ძირითად დიაგნოსტიკურ საშუალებებად მიიჩნევა ტრაქეობრონქოსკოპია და რენტგენოგრაფია. დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას. მყარი უცხო სხეულები (კბილის პროთეზის ნაწილები, მცირე ზომის ძვლები) უმეტესად რენტგენოკონტრასტულია, ორგანული უცხო სხეულები (თხილი, ნიგოზი, ხილისა და ბოსტნეულის ნაწილები) - წესისამებრ, რენტგენონეგატიური. რენტგენოლოგიური კვლევისას ჩანს ბრონქის სანათურის სრული ან ნაწილობრივი დახშობით გამოწვეული ატელექტაზისთვის დამახასიათებელი სურათი. მოგვიანებით ვამჩნევთ დუნედ მიმდინარე პნევმონიის სურათს.

- როგორ მოვიქცეთ?

- ასეთი პაციენტი უმეთვალყურეოდ არ უნდა დარჩეს. ის უნდა გადავიყვანოთ სპეციალიზებულ კლინიკაში. მან არ უნდა იმოძრაოს მკვეთრად, არ უნდა მიიღოს საკვები.

- როგორ მკურნალობენ?

- ტარდება გადაუდებელი ბრონქოსკოპია ხისტი ტუბუსით ნარკოზის ქვეშ. უცხო სხეულის მოშორება პირველსავე ცდაზე ყოველთვის ვერ ხერხდება, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ ხერხდება. ეს მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს წვრილ ბრონქში გაჩხერილ მცირე, ორგანული წარმოშობის წვრილ უცხო სხეულებთან. ხშირად ასეთი უცხო სხეული იშლება, იჯირჯვება და თვითლიკვიდირდება, ამასთან, მოსალოდნელია ის ანთებითი ხასიათის გართულებები, რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ჩვეულებრივ, უცხო სხეულს ტრაქეობრონქოსკოპიის საშუალებით აშორებენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნაჩვენებია მისი ამოღება ქვედა ტრაქეოსტომის გზით. ეს მეთოდი რეკომენდებულია 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან. როდის ამოვიღოთ უცხო სხეული, ამას კლინიკური სურათის სიმძიმის მიხედვით ვწყვეტთ. სუნთქვის გამოხატული დარღვევის არარსებობისას, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დაყოვნების საშუალებას იძლევა, უცხო სხეულის ამოღება შეიძლება გადავდოთ 24-48 საათით, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი დაღლილია ან სჭირდება ზოგადი მდგომარეობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გარკვეული კორექცია. უცხო სხეულის ამოღების შემდეგ ვითარება ზოგჯერ მოითხოვს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, გართულებული უცხო სხეულის ამოღების შემდეგ კი აუცილებელია ანტიმიკრობული საშუალებების მიღებაც პროფილაქტიკის მიზნით.