გულისრევა და ღებინება ზოგიერთი ქირურგიული დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულისრევა და ღებინება ზოგიერთი ქირურგიული დაავადების დროს

ღებინება წარმოიშობა:

1. ღებინების ცენტრის რეფლექტორული აღგზნებისას, მაგალითად, მუცლის ღრუს ან მუცლის ფარის ძლიერი ლოკალური გაღიზიანების, ორგანიზმში არსებული კუნთოვანი კედლების მქონე მილისებური აღნაგობის წარმონაქმნების (ნაღვლის სადინარის, ნაწლავის, შარდსადინარის) გაუვალობის შემთხვევაში;

2. ტოქსინებით ან მედიკამენტებით ღებინების ცენტრის გაღიზიანებისას. გამაღიზიანებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს ინფექცია, ნახშირჟანგით, შხამასოკოთი, ალკოჰოლითა და ზოგიერთი წამლით (მაგალითად, ნარკოტიკული ანალგეტიკებით, საგულე გლიკოზიდებით) მოწამვლა, კომისწინარე მდგომარეობა (ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებისას), ენდოკრინული დაავადება (მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი);

3. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისა და თავის ტვინის სისხლით მომარაგების მოშლის, სიმსივნეებისა და აბსცესების დროს.

ღებინება ყოველთვის ახლავს თან მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე დაავადებებს. ამ დროს მას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის გულისრევის შეგრძნება, არცთუ იშვიათად - მუცლის ტკივილი. ღებინება მცირე ხნის წინ მიღებული საკვებით და ნაღვლის წვენით მწვავე გასტრიტის დამახასიათებელი სიმპტომია. ერთჯერადი ან ორჯერადი ღებინება ავადმყოფს შვებას ჰგვრის. მწვავე გასტრიტის დროს მრავალჯერად ღებინებას ორგანიზმის გაუწყლოება და ნატრიუმის, კალიუმისა და ქლორის დაკარგვა მოსდევს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ღებინებას და საგრძნობლად აუარესებს პაციენტის მდგომარეობას. შეუპოვარი მძიმე ღებინება ლორწოთი, ზოგჯერ კი სისხლით თან სდევს მწვავე ეროზიულ გასტრიტს, რომელიც ვითარდება კონცენტრირებული მჟავებისა და ტუტეების კუჭში მოხვედრისას. ღებინების დაწყება მკერდის ძვლის უკან არსებული ტკივილების დროს დამახასიათებელია წყლულოვანი დაავადების გამწვავებისთვის და არცთუ იშვიათად გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. გადაუდებელი დახმარება კი ჯობს კლინიკის პირობებში ჩატარდეს, რათა დროულად დაისვას სწორი დიაგნოზი. წოლითი რეჟიმი, მკაცრი დიეტა და ორგანიზმში ატროპინის შეყვანა შესამჩნევად ამცირებს წყლულოვანი დაავადების გამწვავების სიმპტომებს. უხვი ღებინება კუჭის მჟავე შიგთავსით (დიდი ხნის წინ მიღებული საკვების მონელებული ნარჩენები) საკვების მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ, კუჭის გასავლის (პილორუსის) ორგანული შევიწროების სიმპტომია და ხშირად პილორუსის წყლულოვან-ნაწიბუროვან შეცვლასა და ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს. გულდასმით შეკრებილი ანამნეზი და ობიექტური კვლევების მონაცემები, კუჭში უზმოზე “შხეფის ხმიანობის” არსებობა, ექიმს პილორუსის შევიწროების დიაგნოზის დასმაში ეხმარება. პილორუსის სტენოზით დაავადებულთა ორგანიზმი ისეა გამოფიტული და გაუწყლოებული, რომ ექიმთან პირველივე ვიზიტის დროს პარენტერალურად შეჰყავთ გლუკოზისა და ნატრიუმის ქლორიდი.


შემდგომ ასეთი პაციენტები ქირურგიულ განყოფილებაში გადაჰყავთ ოპერაციული მკურნალობისთვის. სახიფათო სიმპტომად მიიჩნევა სისხლიანი ღებინება, რომელიც კუჭის ან საყლაპავის სისხლძარღვებიდან მასიურ სისხლდენას მოსდევს. სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს სისხლძარღვის ეროზია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს, საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენის გახეთქვა ღვიძლის ციროზის დროს, კუჭის სიმსივნის დაშლა, სისხლძარღვთა დაავადება და ჰემორაგიული დიათეზი. თუ სისხლიანი ღებინება დაიწყო ხველის მძიმე შეტევის შემდეგ ან ღებინების განმეორებითი შეტევის დროს, სისხლდენის მიზეზი შესაძლოა საყლაპავის ქვედა მესამედის ლორწოვანი გარსის გაგლეჯა იყოს (მელორი-ვეისის სინდრომი). როდესაც ღებინება კუჭისმიერ უხვ სისხლდენას მოჰყვება, პირნაღები მასები შეიცავს ალისფერ ან ახალშედედებულ სისხლს. ნაკლებად უხვი სისხლდენის შემთხვევაში, როცა სისხლი ერთხანს კუჭში ყოვნდება, ჰემოგლობინი მარილმჟავას ზემოქმედებით მარილმჟავაჰემატინად იქცევა და პირნაღებ მასებს ყავის ნალექის დამახასიათებელი ფერი აქვს. ღებინება მუცლის ღრუს ორგანოთა ქირურგიული დაავადებების უმნიშვნელოვანესი სიმპტომია. ის ტკივილთან ერთად თან ახლავს ღვიძლის ჭვალის შეტევას, მწვავე ქოლეცისტიტს და მწვავე პანკრეატიტს. ამასთან, ღებინება ხშირია მუცლის ზედა ნახევრის ან მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოს პალპაციის დროს. აქვე ლოკალურად შესაძლოა მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშნებიც შეიმჩნეოდეს. ღებინება არცთუ იშვიათად შეინიშნება მწვავე აპენდიციტის დროს, დაავადების პირველ საათებში. უხვი მყრალი მასები, რასაც განავლოვან ღებინებასაც უწოდებენ, ნაწლავთა გაუვალობის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაავადებების დროს ღებინება არცთუ იშვიათად წინ უძღვის მუცლის ფარის გაღიზიანებას და ტკივილთან ერთად უნდა შეფასდეს როგორც გადაუდებელი მდგომარეობის საწყისი ნიშანი, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიულ პათოლოგიაზე მიუთითებს. ამასთანავე, ღებინება გავრცობილი პერიტონიტის დამახასიათებელი ნიშანიც არის მის უკანასკნელ სტადიაში, როცა დიაგნოზი უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ამ დროს პერიტონიტის პირველადი მიზეზის დადგენა ხშირად საკმაოდ ძნელია. ღებინება შესაძლოა თირკმლის ჭვალის შეტევასაც ახლდეს თან. ამ დროს ხშირია მუცლის შებერვა და ტკივილი. მსგავსი სიმპტომატიკა მარჯვენამხრივი ჭვალის დროს ზოგჯერ მცდარი დიაგნოზის (მწვავე ქოლეცისტიტის ან აპენდიციტის) მიზეზად იქცევა. რეფლექსური ღებინება ზოგჯერ მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაშიც შეინიშნება (განსაკუთრებით - მისი უკანა ლოკალიზაციის დროს) და არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკურ შეცდომას იწვევს. მიოკარდიუმის ინფარქტის გასტრალგიურ ვარიანტში ღებინების თანხვედრა მკერდის ძვლის უკან არსებულ ტკივილთან უფრო მეტად ართულებს სწორი დიაგნოზის დასმას, თუმცა ტკივილის ხასიათის შესწევლით, სტენოკარდიის შეტევების გახშირების შემთხვევების გაანალიზებით შესაძლებელია ეჭვი მივიტანოთ ძირითად დაავადებაზე, ხოლო დიაგნოზის ვერიფიკაცია ელექტროკარდიოგრაფიული კვლევით მოვახდინოთ. ხაზგასასმელია ისიც, რომ ღებინება არცთუ იშვიათად აუარესებს ავადმყოფის მდგომარეობას, აძლიერებს გაუწყლოებას და ელექტროლიტების კარგვის პროცესს, ხელს უწყობს მეტაბოლური ალკალოზის განვითარებას, რითიც უფრო მეტად აღრმავებს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ცნობიერების დაკარგვის დროს შესაძლოა მოხდეს ამოღებინებული მასების ასპირაცია (ფილტვებში გადასვლა), რასაც უმძიმესი ასპირაციული პნევმონია მოსდევს, უხვი ასპირაციისას კი - ასფიქსია (სულის ხუთვა). შეუპოვარმა გამთანგველმა ღებინებამ შესაძლოა ლორწოვანი გარსების ნახეთქები გააჩინოს, რასაც კუჭისმხრივი მასიური სისხლდენები მოსდევს. დაბოლოს, თუ ღებინება წინ უძღვის მუცლის მწვავე ტკივილს, ხშირად - მისი აღმოცენების ზუსტი დროის მინიშნებით, ეს მდგომარეობა თითქმის ყოველთვის ქირურგიულ პათოლოგიაზე მიუთითებს.