გასახდომი ბალონებით მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გასახდომი ბალონებით მკურნალობა

- ბატონო ირაკლი, როგორც ამ საქმის დიდოსტატი, რას გვეტყოდით კუჭის ბალონირებაზე, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ეს მეთოდი?

- მსოფლიოში ჭარბ წონასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი აპრობირებული და აღიარებულია (FDA-ს მიერაც) კუჭში გასახდომი ბალონის ჩადგმა ენდოსკოპიური მეთოდით. ეს მეთოდი, საზოგადოდ, არახალია. თუმცა სიახლეა ის, რომ თუ უწინ ძირითადად სილიკონის ფაქტურის ბალონებს იყენებდნენ, სადღეისოდ ისინი გაცილებით მსუბუქმა და მოსახერხებელმა, პოლიურეთანის მასალისაგან დამზადებულმა ბალონებმა ჩაანაცვლა. “Helioscopie”-ს ფრანგული ბრენდით ცნობილი თანამედროვე ბალონები, წინამორბედი ბალონებისგან განსხვავებით, იბერება ჰაერით, დაფარულია სპეციალური ნივთიერებით, რაც ხელს უშლის ლორწოვანის დაწყლულებას. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ბალონები გაცილებით მსუბუქი და მოსახერხებელია, ვიდრე ადრე წარმოებული სილიკონის ბალონები, რომლებიც წყლით იბერებოდა, გაცილებით მძიმე და მოუხერხებელი იყო. თავად განსაჯეთ, ახალი ბალონის წონა 37-38 გრამია, წყლით გაბერილი სილიკონის ბალონის მასა კი - 650 გრამი, რაც ხშირად ხდებოდა ბალონის აუტანლობისა და მისი ვადაზე ადრე ამოღების მიზეზი. ახალი "Helioscopie”-ს ბალონები გაცილებით კომფორტულია და პრაქტიკულად გამორიცხავს აუტანლობის სინდრომს.

- იქნებ განუმარტოთ მკითხველს, როგორ და რა მიზნით იდგმება კუჭში ბალონი?

- გასაბერ ბალონს კუჭში ძირითადად წონის კორექციის მიზნით დგამენ. მისი გამოყენება რეკომენდებულია ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური ოპერაციების შემდეგ, როდესაც სურთ სახსრებზე ზეწოლის შემცირება. მაგალითად, საფრანგეთში ამ ბალონებს ქირურგიული ჩარევის წინაც უდგამენ პაციენტებს. ისინი წონას იკლებენ და ინტრაოპერაციული, განსაკუთრებით კი ანესთეზიოლოგიური გართულებების რისკიც მცირდება.

ბალონს კუჭში ინტრავენური ანესთეზიით, სედაციით დგამენ. ის ენდოსკოპის ვიზუალური კონტროლით გაივლის საყლაპავს და კუჭში იბერება.

თავსდება უშუალოდ ფუნდუსის მიდამოში, სადაც სიმაძღრეზე პასუხისმგებელი სპეციალური რეცეპტორებია. გაბერილი ბალონი (მჭიდრო კონტაქტის გამო) იწვევს მათ გაღიზიანებას და სწორედ ეს განაპირობებს "სისავსის” შეგრძნებას. ბალონით, ფაქტობრივად, ვამცირებთ კუჭის მოცულობას და “ვატყუებთ” ორგანიზმს. პროცედურა დაახლოებით 25-30 წუთს მოიცავს, რის შემდეგაც პაციენტი სახლში მიდის და მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მას ენიშნება სპეციალური მედიკამენტები 24 კვირის განმავლობაში. ადაპტაციას კი დაახლოებით 3-4 დღე სჭირდება. კუჭის ბალონირება უსისხლო, უსაფრთხო და საკმაოდ კომფორტული გასახდომი მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს 6 თვეში წონის საშუალოდ 20 კგ-მდე კლებას.

- როდის იღებენ ბალონს კუჭიდან?

- მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნით, 6 თვის თავზე ბალონი კუჭიდან აუცილებლად უნდა ამოიღონ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ახალი პოლიურეთანის მასალისაგან დამზადებული, ჰაერით გაბერილი ბალონების (მეტი კომფორტულობისა და ნაკლები გვერდითი მოვლენების გამო) ვადაზე ადრე ამოღება პრაქტიკულად არ გვხვდება. ბალონის ხელმეორედ ჩადგმა შესაძლებელია 1-2 თვეში, რის შემდეგაც პაციენტი კვლავ აგრძელებს წონის კლებას. აღნიშნული მეთოდის მეშვეობით პაციენტები 6 თვის განმავლობაში ახერხებენ საშუალოდ 20 კგ-ის დაკლებას, თუმცა შესაძლებელია მეტიც დაიკლონ, თუკი გაითვალისწინებენ და ზედმიწევნით შეასრულებენ დიეტოლოგის ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს.

- რა ჩივილები შეიძლება გაუჩნდეს პაციენტს გვერდითი მოვლენის სახით?

- გულისრევის შეგრძნება 12%-ში, ეპიგასტრიუმში ტკივილი 8%-ში, ბალონის დისლოკაცია 0,2%-ში. აღნიშნული სიმპტომები შესაძლებელია ბალონის ვადაზე ადრე ამოღების მიზეზი გახდეს, რაც დაახლოებით 0,7%-ში გვხვდება.

- ვისთვის არის კუჭის ბალონირება უკუნაჩვენები?

- ზემოხსენებული ბარიატრიული მეთოდის გამოყენება არ შეიძლება ორსულებსა და დიაფრაგმული თიაქრის მქონე პაციენტებში. ასევე უკუნაჩვენებია კუჭის სიმსივნური და წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ პაციენტები აირით გასაბერი ბალონების ჩადგმამდე გადიან მედიკოსთა (დაწყებული ანესთეზიოლოგით, დამთავრებული დიეტოლოგითა და ენდოკრინოლოგით) მიერ ფართო სპექტრის გამოკვლევებს.

- ბატონო ირაკლი, დასასრულ, იქნებ იაპონიაში, “კეიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში” თქვენი ვიზიტის შთაბეჭდილებები გვიამბოთ (მკითხველს შევახსენებ, რომ ბატონი ირაკლი 2015 წელს იაპონიის ამ ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ენდოსკოპისტმა გაუზიარა თავისი გამოცდილება, გააცნო თანამედროვე კვლევისა და მკურნალობის მეთოდები).

- "კეიოს საუნივერსიტეტო კლინიკის” ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მისი ენდოსკოპიური მკურნალობა. ადრეულ დიაგნოსტიკაში კი პირველ სტადიამდე ეტაპი იგულისხმება, როცა დაავადება ჯერ კიდევ ლორწოვან შრეს არ სცილდება. გაოცებული დავრჩი იქაური მიდგომით. იაპონიაში, ფაქტობრივად, ერთეულ შემთხვევებში იღებენ ბიოფსიას. არსებობს სპეციალური აპარატურა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მისი უოპერაციოდ, ენდოსკოპიურად, მცირეინვაზიური ჩარევით მოცილება, რის შემდეგაც ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდება.

- ონკოლოგია, საზოგადოდ, ძალიან მტკივნეული თემაა საქართველოს მოსახლეობისათვის. ადრეულ დიაგნოსტიკას რაც შეეხება, ის ჩვენს რეალობაში ბევრი ნოზოლოგიის, მათ შორის - ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაშიც არცთუ ისე ხშირია. ამას კი უამრავი, როგორც იტყვიან, სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს და მხოლოდ თანამედროვე სპეციალური სადიაგნოზო აპარატების უქონლობის ბრალი არ არის.

- მართალს ბრძანებთ, თუმცა ინტერვიუ მკითხველისათვის სასიამოვნო სიახლით მინდა დავასრულო - ეს აპარატი მალე საქართველოშიც იქნება!