ფეხების ტკივილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფეხების ტკივილი

ყველაზე მეტ კალციუმს ორგანიზმი აქტიური ზრდის პერიოდში ითხოვს. არსებობს დაავადებებიც, როდესაც ამ მიკროელემენტზე მოთხოვნილება იზრდება. ასეთია, მაგალითად, ღვიძლისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადება, რომლებიც D ვიტამინის სინთეზის დაქვეითებას იწვევს და, ამის კვალობაზე, ნაწლავებიდან კალციუმის ათვისებას აფერხებს. სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებას მაგნიუმის დეფიციტი განაპირობებს. ორგანიზმი მაგნიუმს კარგავს:

  • ფენობარბიტალის (ლუმინალი), ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდების ჯგუფი), შარდმდენების (ფუროსემიდი), ქიმიოთერაპიული საშუალებების (ვინკრისტინი) მიღებისას;
  • ქრონიკული კუჭის აშლილობისას;
  • საფაღარათო საშუალებებისა და ოყნის უსისტემო გამოყენებისას;
  • დამწვრობისას;
  • აქტიური ზრდის პერიოდში;
  • მენსტრუალური ციკლის პერიოდში.

როდესაც კალციუმის მოთხოვნილება იზრდება და ორგანიზმი მას საკვების მეშვეობით ვერ იღებს, ხდება მისი გადმოსროლა დეპო ორგანოებიდან, კერძოდ, ძვლოვანი ქსოვილიდან. ამდენად, ცხოვრების კრიტიკულ პერიოდში საკმარისი ოდენობის კალციუმით ორგანიზმის მომარაგება მეტად მნიშვნელოვანია. ჩვილ ბავშვებში კალციუმის დეფიციტი ვლინდება თავის ქალას ძვლების დეფორმაციით - შუბლის ბორცვების წინ წამოწევით, კეფის გაბრტყელებით, კოშკისებრი თავის ქალათი, ასევე - კეფის ალოპეციით (თმის ცვენით), კბილების დაგვიანებული ამოსვლით, კბილებს შორის მანძილის გაზრდით, ამოსვლის თანმიმდევრობის დარღვევით, შედარებით მოზრდილ ასაკში - ხერხემლის დეფორმაციით (სკოლიოზი, კიფოზი და სხვა), კიდურების დეფორმაციით, ხშირი მოტეხილობით, კბილების კარიესული დაზიანებით, თანკბილვის დარღვევით, სარძევე კბილების ძირითადით შეცვლის დაგვიანებით. ეს ყველაფერი რაქიტისა და მისი ნარჩენი მოვლენებისთვის არის დამახასიათებელი.

სხვა სისტემების მხრივ კალციუმის ნაკლებობას ავლენს შემდეგი ნიშნები:

  • კუნთების განვითარების ჩამორჩენა და სისუსტე;
  • კუნთების კრუნჩხვა, კრთომა;
  • ოფლიანობა, აგზნებადობის მომატება;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • მადის გაუკუღმართება (კედლების ჭამა, ფრჩხილების კვნეტა);
  • კანის სიმშრალე, აქერცვლა;
  • ფრჩხილების მტვრევადობა, თეთრი ხაზები;
  • უხეში თმა გამელოტებული უბნებით.

პატარა ბავშვებში კალციუმის დეფიციტი იწვევს დაავადებას, რომელსაც სპაზმოფილია ანუ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება ეწოდება. ის 6-დან 18 თვემდე ასაკში, უმეტესად გაზაფხულზე იჩენს თავს.

 

კალციუმის დეფიციტის მიზეზი

კალციუმის დეფიციტი მაშინ ყალიბდება, როდესაც ორგანიზმი საკვებთან ერთად მას საკმაო ოდენობით ვერ იღებს, თუმცა მიზეზი მარტო ეს არის. შესაძლოა, ორგანიზმი საკმაო კალციუმს იღებდეს, მაგრამ დარღვეული იყოს მისი ათვისება. დავეხმაროთ ორგანიზმს, საკვებიდან სრულად აითვისოს ეს ელემენტი. კალციუმი, უპირველეს ყოვლისა, საკვების თერმული დამუშავებისას იკარგება. მაგალითად, ბოსტნეულის ხარშვის დროს მისი მეოთხედი წყალში გადადის, მაგრამ ეს არაფერია, თუ პატარა ამ ნახარშსაც მიირთმევს. ძირხვენების (ჭარხლის, ბოლოკის) ფოთლები უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე თვით ძირხვენა. სტაფილოდან ორგანიზმი კალციუმის 13%-ს ითვისებს. რძე და მისი ნაწარმი, გარდა კარაქისა, ხილთან ერთად კალციუმის საუკეთესო წყაროა. ნაწლავებიდან კალციუმის უკეთ ასათვისებლად საჭიროა, კუჭში მჟავა გარემო შევქმნათ. საამისოდ გამოდგება ფორთოხალი. მისი წვენი მოასხურეთ ბოსტნეულის სალათს. კალციუმის ათვისებას აფერხებს:

  • მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: ისპანახი, მჟაუნა, ლერწმის შაქარი, კაკაო, შოკოლადი;
  • ზოგიერთი სახეობის ფაფა, რომელიც შეიცავს ფიტინს. მას უნარი შესწევს, დაუკავშირდეს კალციუმს და ორგანიზმიდან გამოაძევოს. ასეთია მანანის ფაფა.

კალციუმის ასათვისებლად საჭიროა D ვიტამინი, რომელიც ორგანიზმში კალციუმ-ფოსფორის ბალანსის ძირითად რეგულატორად ითვლება. D ვიტამინი აბათილებს ყველა იმ ნივთიერების მოქმედებას, რომელიც კალციუმის შემბოჭველად ითვლება. ამდენად, კალციუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინით დროული პროფილაქტიკა. კალციუმის ათვისებას ასევე აუმჯობესებს:

  • B ჯგუფის, A და ჩ ვიტამინები;
  • საკვებში არსებული ცილა;
  • ლაქტოზა;
  • ლიმონმჟავა.

ორგანიზმი კალციუმს უკეთ აითვისებს, თუ მას ბავშვს მივცემთ არა უზმოზე, არამედ ჭამის დროს ან მის შემდეგ. ბავშვები საკვების მეშვეობით მიღებული კალციუმის 60-70%-ს ითვისებენ, მთავარია, კვების სათანადო პირობები შევუქმნათ.

 

კალციუმით მდიდარი პროდუქტები

კალციუმი მრავალი პროდუქტის შემადგენლობაში შედის, მაგრამ მისი ძირითადი წყარო რძე და რძის ნაწარმია. მათში ეს ელემენტი შედის ადვილად ასათვისებელი ფორმით, ფოსფორთან ოპტიმალური თანაფარდობით. სწორედ რძე და რძის ნაწარმი წარმოადგენს ბავშვის საკვები რაციონის ძირითად კომპონენტს. 0,5ლ ძროხის რძე ანუ 2,5 ჩაის ჭიქა რძე საშუალოდ 600 მგ კალციუმს შეიცავს, რაც 50-80%-ით აკმაყოფილებს ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებას ამ მიკროელემენტზე, განურჩევლად ასაკისა. ყველსა და ხაჭოში კალციუმი უფრო მეტია. ამჟამად იყიდება ისეთი რძე და ხაჭოც, რომლებიც კალციუმით საგანგებოდ არის გამდიდრებული - 150-200მგ 100მლ პროდუქტში. ამრიგად, კალციუმის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისია ბავშვს ყოველდღე დაალევინოთ 100-600მლ რძე ან აჭამოთ 50-100გ ხაჭო ან ერთი მოზრდილი ნაჭერი ყველი.

 

გამოვიყენოთ თუ არა მედიკამენტები კალციუმის დეფიციტის დროს

სწორად შერჩეული რაციონი ხშირად საკმარისია კალციუმის უკმარისობის აღმოსაფხვრელად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ დროებითი თუ ჩვევითი ფაქტორის გამო საკვებით დეფიციტის კომპენსირება ვერ ხერხდება. ჩვევითი ფაქტორებიდან ხაზგასასმელია მიდრეკილება სწრაფი კვების ობიექტებში სადილობისკენ. ასეთი საკვები აღრმავებს დეფიციტს. ასეთ დროს გამოგვადგება მედიკამენტური პრეპარატები, რომელთა მიღებასაც პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ გირჩევთ. ამჟამად ფართოდ იყენებენ კალციუმისა და მაგნიუმის კომბინირებულ პრეპარატებს. კალციუმის ჩალაგებისა და ძვლის ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებისთვის სასურველია კალციუმის მიღებას ჰარმონიულად შევუხამოთ ვარჯიში.

ძვლოვანი სისტემის ოპტიმალური დატვირთვა საამისოდ აუცილებელი პირობაა. ყველაზე სასარგებლოა სიარული, ველოსპორტი, სათხილამურო სპორტი, ცურვა.

ამრიგად, თუ პატარას ღამით ფეხების ტკივილი აღვიძებს, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე კალციუმის ნაკლებობასთან გვაქვს, ვინაიდან სწორედ ღამით ხდება დეპო ორგანოებიდან სისხლში საჭირო რაოდენობის კალციუმის გადმოსროლა. კალციუმით გაღარიბებული ძვლები და კუნთები შესაბამისად რეაგირებენ, რაც ტკივილითა და კუნთების დაჭიმულობა-კრუნჩხვით ვლინდება. დროულად მიმართეთ პედიატრს, გაამდიდრეთ ბავშვის რაციონი კალციუმის შემცველი პროდუქტებით, ასეირნეთ პატარა მზიან ამინდში - მზე ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნას.