არტერიული წნევა ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული წნევა ბავშვებში

- არტერიული წნევის მატების შესახებ საუბრისას, როგორც წესი, ზრდასრულ ადამიანებს გულისხმობენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს პათოლოგია არც ბავშვებისთვის ყოფილა უცხო...

- დიახ,  არტერიული ჰიპერტენზია ბავშვთა ასაკისთვის იშვიათი პათოლოგიაა, მაგრამ მშობლებსაც და პედიატრებსაც დიდ სირთულეებს უქმნის. ბავშვთა ასაკის არტერიულ ჰიპერტენზიაზე რომ ვისაუბროთ, გარკვეული მახასიათებლების განსაზღვრაა საჭირო. არტერიული წნევის მყარი მატება მის მნიშვნელობათა განაწილების სკალაში გულისხმობს 95 ცენტილზე მაღალ  მაჩვენებლებს ასაკის, სქესის, სხეულის მასისა და სიგრძის შესაბამისად. ნორმალურ არტერიულ წნევად ითვლება ის სისტოლური და დიასტოლური მაჩვენებლები, რომლებიც არ სცილდება 10-95 ცენტილის საზღვრებს. მაღალ ნორმალურ არტერიულ წნევად ანუ მოსაზღვრე ჰიპერტენზიად კი მიიჩნევენ მაჩვენებლებს 90-დან 95 ცენტილამდე. ასეთი არტერიული წნევის მქონე ბავშვები რისკის ჯგუფში შედიან და მათ დისპანსერული მეთვალყურეობა სჭირდებათ. ბავშვთა შორის არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება, სხვადასხვა ავტორის მონაცემთა მიხედვით, 1%-დან 14%-მდე მერყეობს, სკოლის ასაკის ბავშვებში კი იგი 12-18%-ია. ჩვილობიდან სკოლამდელ ასაკამდე ეს პათოლოგია უკიდურესად იშვიათია და, როგორც წესი, მეორეულ ხასიათს ატარებს. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებისადმი უფრო მეტად არიან განწყობილნი პრეპუბერტატული და პუბერტატული ასაკის ბავშვები, რაც, უმეტესად, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ვეგეტატიური დისფუნქციებით არის განპირობებული.

- სახელდობრ რა იწვევს არტერიული წნევის მატებას, რამდენად რთულია მის მიზეზთა განსაზღვრა?

- ბავშვებში მყარი არტერიული ჰიპერტენზია ძირითადად მეორეულია. ამ პათოლოგიის მიზეზთა სტრუქტურა გამოხატულ ასაკობრივ თავისებურებებს ატარებს. წამყვან მიზეზად თირკმლის დაავადებები მიიჩნევა. შედარებით იშვიათია სისტემური ვასკულიტები, შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, ენდოკრინული დაავადებები. არტერიული წნევის მატებას შესაძლოა თან ახლდეს ჰიპერტენზიულ-ჰიდროცეფალური სინდრომი. შეინიშნება კავშირი ადრენომიმეტური საშუალებების (ეფედრინის, სალბუტამოლის, ნაფაზოლინის, მაგალითად, ნაფთიზინის) გადაჭარბებულ გამოყენებასთან. პირველადი ანუ ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაისმის ყველა იმ დაავადების გამორიცხვის შემდეგ, რომლებსაც არტერიული წნევის მატება ახლავს თან. ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიას მრავალი ფაქტორი იწვევს. მათ შორის საყურადღებოა მემკვიდრეობითი ფონი. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მუდმივი ფსიქოემოციური დაძაბულობა, კონფლიქტური სიტუაციები ოჯახსა და სკოლაში;
  • ბავშვის პირადი თავისებურებები (შფოთვა, შიშისა და დეპრესიისადმი მიდრეკილება და ა.შ.) და მისი რეაქცია სტრესზე;
  • ჭარბი წონა;
  • ნივთიერებათა ცვლის თავისებურებები (ჰიპერურიკემია, გლუკოზისადმი დაბალი ტოლერანტობა, ქოლესტერინის ფრაქციათა ფარდობის დარღვევა);
  • სუფრის მარილის ჭარბი გამოყენება.

რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ არტერიული ჰიპერტენზიის თვალსაზრისით დატვირთული მემკვიდრეობის მქონე ბავშვებს, მაღალი ნორმალური არტერიული წნევის მქონე მოზარდებს.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ დროულად შეამჩნიოს დაავადება? არსებობს თუ არა ჩივილები, რომელთა შემჩნევა ოჯახის წევრებს არ გაუჭირდებათ?

- ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის დროს შესაძლოა კლინიკური სურათი გამოხატული არ იყოს. ზოგჯერ ბავშვი უჩივის თავის ტკივილს, დაღლილობას, გაღიზიანებას. ობიექტური გამოკვლევისას ხშირად იქცევს ყურადღებას სხეულის ჭარბი მასა და სიმაღლე, ვეგეტატიური დისფუნქციის გამოვლინებები, ასთენიური აღნაგობა, გულისა და თირკმლის აგებულების მიკროანომალიები და სხვ. გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიის დროს საერთო მდგომარეობა ყოველთვის შეცვლილია. გარდა უფრო ძლიერი და მუდმივი თავის ტკივილისა, ბავშვები უჩივიან თავბრუხვევას, მეხსიერების დაქვეითებას, გულისცემის გახშირებას, გულის არეში ტკივილს. ობიექტური გასინჯვისას აღმოაჩენენ ტაქიკარდიას, გულის საზღვრების გადიდებას (მარცხნივ), გულის ტონების ცვლილებებს, თვალის ფსკერის დათვალიერებისას - ბადურას სისხლძარღვების შევიწროებას, ეკგ- და ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევისას - შეცვლილ მაჩვენებლებს. ავთვისებიან არტერიულ ჰიპერტენზიას (ხშირად - მეორეულ თირკმლისმიერ ჰიპერტენზიას) ახასიათებს არტერიული წნევის მდგრადი მატება, ამასთან, წნევის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, სამკურნალო ღონისძიებები კი ნაკლებეფექტური. ჰიპერტენზიის ეს სახეობა მაღალი ლეტალობით გამოირჩევა. ჰიპერტონიულ კრიზს შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი გართულებები:

  • მწვავე ჰიპერტონიული ენცეფალოპათია მკვეთრი თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, მხედველობის დარღვევებით, ცნობიერების შეცვლით, კრუნჩხვებით;
  • მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა ფილტვების შეშუპებით, ქოშინით, გულის არეში ტკივილით;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა ოლიგურიით, ჰემატურიით, პროტეინურიით.

- რამდენად რთულია დიაგნოსტიკა? შესაძლებელია თუ არა დიაგნოსტიკური შეცდომის დაშვება ან მისი თავიდან აცილება?

- არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზს მხოლოდ მაშინ სვამენ, თუ სამჯერ მაინც დაფიქსირდა სისტოლური და/ან დიასტოლური წნევის დონის მატება 95 ცენტილზე მეტად ბავშვის სქესის, ასაკისა და სიმაღლის შესაბამისი არტერიული წნევის განაწილების სკალის მიხედვით. დიაგნოსტიკისთვის იყენებენ ბავშვებში არტერიული ჰიპერტენზიის ერთიან კრიტერიუმებსაც (ჯანმოს რეკომენდაცია). ამასთან, ჯანმოს რეკომენდაციით, 140/90 მმ. ვწყ. სვ. მოზარდებში (13 წლიდან) არტერიული ჰიპერტენზიის საერთო უნიციფირებულ კრიტერიუმადაა მიჩნეული. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი მტკიცდება არტერიული წნევის სადღეღამისო მონიტორირებით, ასევე - ფიზიკური (ველოერგომეტრია) და ინფორმაციული ფსიქოემოციური (ტელეთამაში) დატვირთვის სინჯებით. დიაგნოსტიკური შეცდომის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დიფერენცირება გარკვეული მდგომარეობებისა თუ დაავადებებისგან,  უპირველეს ყოვლისა,  ჰიპერტონიული ტიპით მიმდინარე ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისფუნქციებისა და სიმპტომური ჰიპერტენზიისგან.


ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისფუნქციებისათვის დამახასიათებელია ყველა ჰემოდინამიკური, მათ შორის - არტერიული წნევის, მაჩვენებლის ლაბილურობა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის კვლევისას ვეგეტატიური უზრუნველყოფის უკმარისობა. პირველადი და სიმპტომური ჰიპერტენზიის დიფერენცირება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე სადიაგნოზო მეთოდებით ავადმყოფის გულმოდგინე და დეტალური გამოკვლევის შემდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნს-ის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და საშარდე სისტემების დეტალური კვლევა. აუცილებელია, ასევე, ფსიქოლოგიური ტესტირება.

- ორიოდე სიტყვა მკურნალობის შესახებაც გვითხარით. თუ შეუძლია დედას რაიმე ფორმით მკურნალობაში მონაწილეობა?

- რასაკვირველია, შეუძლია, მით უფრო, რომ ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობას არამედიკამენტური საშუალებებით იწყებენ.

  • უნდა გამოირიცხოს უარყოფითი ფსიქოემოციური სტრესული სიტუაციები;
  • შეიზღუდოს კომპიუტერსა და ტელევიზორთან ბავშვის ყოფნის ხანგრძლივობა, ანდა სრულიად აეკრძალოს.

აუცილებელია:

  • დღის რეჟიმისა და ძილის ხანგრძლივობის დაცვა;
  • დიეტის კორექცია (ჭარბი წონის დაქვეითება);
  • სუფრის მარილის რაოდენობის შეზღუდვა;
  • სამკურნალო ფიზკულტურა, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა.
  • სრულიად უნდა გამოირიცხოს მავნე ჩვევები, უწინარესად - თამბაქოს წევა (პასიურიც კი!).

გამოხატული სტაბილური არტერიული ჰიპერტენზიის ან წარუმატებელი არამედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში ინიშნება იგივე პრეპარატები, რომლებიც მოზრდილებისთვის არის რეკომენდებული. მკურნალობას მცირე დოზებით იწყებენ. თერაპია ტარდება კურსობრივად, არანაკლებ ერთთვიანი კურსებით, მედიკამენტების დოზებს კი თანდათან ამცირებენ. წელიწადში, როგორც წესი, ორი კურსი ტარდება. რაც შეეხება არტერიული ჰიპერტენზიის პროფილაქტიკას, იგი უნდა ჩატარდეს როგორც ოჯახის, ასევე სოციალური გარემოს დონეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის. ბავშვებსა და მოზარდებში არტერიული ჰიპერტენზიის პროფილაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვასა და გამოვლენილი რისკის ფაქტორების კორექციას გულისხმობს. უნდა უზრუნველვყოთ კეთილსასურველი ფსიქოლოგიური ატმოსფერო, შრომისა და დასვენების, კვების სწორი რეჟიმი, რაც სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებასაც განაპირობებს, ადეკვატური ფიზიკური (დინამიკური) დატვირთვა. არტერიული წნევის გაზომვა ხდება ექიმთან ყოველი ვიზიტის დროს. ეს აუცილებელია როგორც დიაგნოზის დროული დასმის,  ასევე შესაძლო ჰიპერდიაგნოსტიკის ("რეაქცია თეთრ ხალათზე") შემცირებისთვის.

- ყოველთვის შედეგიანია პროფილაქტიკური ღონისძიებები თუ მკურნალობა?

- არტერიული ჰიპერტენზიის პროგნოზს ეტიოლოგიური ფაქტორი განსაზღვრავს. მეორეული არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობა და პროგნოზი ზოგჯერ ძალიან მძიმეა. ბავშვებში ესენციური არტერიული ჰიპერტენზია შესაძლოა ზრდასრული ასაკის ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიად ჩამოყალიბდეს, თუმცა ასეთი ტრანსფორმაცია ყოველთვის არ ხდება - იუვენილური არტერიული ჰიპერტენზია,  დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში, ხშირად გამოჯანმრთელებით მთავრდება. ახალს არაფერს ვიტყვით, თუ ბავშვების მშობლებს შევახსენებთ, რომ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა მისი პროფილაქტიკაა და თუ ყურადღებით ვიქნებით, შვილებს მაქსიმალურად მშვიდ და სასურველ გარემოს შევუქმნით, მკურნალ ექიმთან ვითანამშრომლებთ, სირთულეებსაც უფრო ადვილად დავძლევთ. ბავშვის ჯანმრთელობით გამოწვეულ სიხარულს კი თქვენთან ერთად ექიმიც მთელი გულით გაიზიარებს.