ყელი გტკივა, პატარავ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელი გტკივა, პატარავ?

უფრო მოზრდილი ბავშვი ასე თუ ისე მიგვახვედრებს თავის უსიამოვნო შეგრძნებებს, თუმცა შესაძლოა გარკვევით ვერ აგვიხსნას, რომ გრძნობს ყელის სიმშრალეს, წვას, რომელიც ყლაპვისას უძლიერდება - ეს სიმპტომები კი ყელში მიმდინარე, ვირუსებით გამოწვეული ანთებითი პროცესისთვისაა დამახასიათებელი. ცხელი ჩაი, რომელსაც ასეთ დროს დედა სთავაზობს ბავშვს, უფრო ამძიმებს მდგომარეობას, აძლიერებს ტკივილს. ასე რომ არ მოხდეს, ჩაი თბილი უნდა იყოს და არა ცხელი. სკანდინავიის ქვეყნებში მიღებულია ყელის ტკივილის მკურნალობა ნაყინით ან ცივი რძით - ის აქვეითებს ადგილობრივ ტემპერატურას ანთებითი უბნის  ლორწოვან გარსებში და აცხრობს ტკივილს, მაგრამ მკურნალობის ასეთი მეთოდი გამოსადეგია მხოლოდ გაკაჟებული ბავშვისთვის და მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ყელი ასტკივდა?

- პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ - ბავშვს პირის გაღება ვთხოვოთ და ყელში ჩავხედოთ. ყელი ჩახედვისას კარგად გაანათეთ ფარნით, ოღონდ ბავშვს თვალებში არ მიანათოთ - ვირუსი აზიანებს თვალის ლორწოვანსაც და თვალები სინათლისადმი მგრძნობიარე ხდება, ზედმეტი განათება კი იწვევს ცრემლდენას. შპადელის მეშვეობით, რა თქმა უნდა, უკეთ დაინახავთ, რა ხდება ყელში, მაგრამ თუ პატარამ ამის ნება არ მოგცათ, სთხოვეთ, პირი გააღოს და თქვას: “ააა”.

- რა შეიძლება დავინახოთ და როგორ შევაფასოთ მდგომარეობა?

- თუ ყელი წითელია, ნუშურები - შეშუპებული, ხორხის კედლებზე მარცვლოვნებაა - ეს ფარინგიტის ტიპური სურათია. ფარინგიტი არასასიამოვნოა ბავშვისთვის, მაგრამ, სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, მისი მკურნალობა სახლის პირობებშიც შეიძლება. იკურნება ერთ კვირაში, ზოგჯერ - უფრო მალეც. ფარინგიტის დროს პატარას უხვად ასვით თბილი სითხეები: ჟოლოსმურაბიანი, ლიმონიანი, თაფლიანი ჩაი, ბორჯომიანი რძე. დღეში 5-6-ჯერ გამოავლეთ ყელში სავლები - თბილი სოდიანი წყალი. შეგიძლიათ, ამ ხსნარში ჩააწვეთოთ იოდიც. თუ პატარას გამოვლება არ შეუძლია, გაუკეთეთ ინჰალაცია. თუ ინჰალატორი არ გაქვთ, ასუნთქეთ კარგად მოხარშული და შუაზე გადაჭრილი კარტოფილი. ყურადღებით იყავით, ორთქლმა სახის ნაზი კანი არ დასწვას. კარგია გვირილისა და ევკალიპტის ინჰალაციებიც. დაასხით ნედლეულს მდუღარე და ჩაისავით დააყენეთ, ცოტა რომ შეგრილდება, პატარას ასწავლეთ, ჩაიდნის  ცხვირი პირში ჩადოს და ორთქლი პირით შეისუნთქოს, ხოლო ცხვირით ამოისუნთქოს. ამ პროცედურის დროსაც სიფრთხილე გმართებთ. თუ ყელში ჩახედვისას დაინახეთ, რომ ყელი გაწითლებულია, ხოლო მისი სანათური - შევიწროებული ნუშურა ჯირკვლების შეშუპების გამო, ესე იგი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. ნორმაში ნუშურა ჯირკვლები სახის რკალებიდან არ უნდა გამოდიოდეს. რკალებიდან გამოსვლა მათში მიმდინარე ანთებითი პროცესის - ტონზილიტის მაუწყებელია. ხალხში მას ანგინას უწოდებენ, რაც ლათინურად “ვიწრო ყელს” ნიშნავს.  ტონზილიტის დროს ბავშვი აუცილებლად აჩვენეთ ექიმს, რომელიც შეშუპებული ნუშურებიდან აიღებს ნაცხს. წელიწადის ცივ სეზონზე ტონზილიტს იწვევს ვირუსი, რომელსაც შემდეგ შესაძლოა დაერთოს ბაქტერიული ინფექციაც. ამ შემთხვევაში საჭიროა ბაქტერიის სახეობის დადგენა. მაგალითად, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი იწვევს აუტოიმუნურ გართულებებს სახსრების, თირკმელებისა და გულის მხრივ, ამიტომ მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. რთული არაფერია - ექიმი ბავშვს დაუნიშნავს ანტიბიოტიკის კურსს, რომლის  ნაადრევად (მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე) შეწყვეტა დაუშვებელია. თუ ყელის სიწითლეს დაერთო უხეში ხველა, ხმის ჩახლეჩა ან წასვლა, ეს ნიშნავს, რომ ინფექციამ ცხვირ-ხახიდან გადაინაცვლა ქვევით, მიაღწია ხორხს და გამოიწვია ლარინგიტი. სკოლამდელი ასაკის ბავშვები იოლად უმკლავდებიან მას. ამ დროს მთავარია ბევრი სითხის სმა, ამოსახველებელი პრეპარატების მიღება და ხმის მოფრთხილება. ბავშვმა არ უნდა დაძაბოს ხმის იოგები, რათა გამოჯანმრთელების შემდეგ ხმა სამუდამოდ ჩახლეჩილი არ დარჩეს. ჩურჩულით დიდხანს ლაპარაკიც კი დაუშებელია, ვინაიდან ჩურჩულის დროს სახმო იოგები უფრო მეტად იძაბება, ვიდრე ყვირილის დროს. შეუხვიეთ ბავშვს ყელი თბილი შარფით და შესთავაზეთ თამაში “პანტომიმა”: ჟესტებითა და მიმიკით გაგაგებინოთ, რა სურს.

- რა შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის დამძიმებამ?

- მცირე ასაკის ბავშვებისთვის ლარინგიტი ტონზილიტზე საშიშია - ლარინგიტის ფონზე, შეშუპების გამო, შესაძლოა განვითარდეს ხორხის სტენოზი (შევიწროება), რასაც ცრუ კრუპსაც უწოდებენ. “ცრუს” იმიტომ კი არა, რომ შევიწროება ნამდვილი არ არის, არამედ იმიტომ, რომ არსებობს სხვა დაავადებაც - ნამდვილი კრუპი. იგი ვითარდება დიფტერიის დროს, როდესაც ყელი დაფარულია დიფტერიული ნადებით. რაც ვაქცინაცია დაინერგა, ეს საშიში ინფექციური დაავადება იშვიათად გვხვდება, ისიც - აუცრელ მოსახლეობაში. აცრა ბავშვს ამ დაავადებისგან იცავს. ცრუ კრუპი უფრო მეტადაა გავრცელებული, განსაკუთრებით - ალერგიულ და ლიმფატიკური კონსტიტუციის ბავშვებში. ეს უკანასკნელნი თანატოლებისგან გამოირჩევიან შედარებით მეტი წონით. ასეთი ბავშვების ქსოვილებს შესწევთ უნარი, უფრო მეტად შეაკავონ ორგანიზმში წყალი. საზოგადოდ, მცირე ასაკის ბავშვებს ეს პრობლემა აქვთ, მაგრამ ლიმფატიკები მყისიერად შუპდებიან. ცრუ კრუპის თავიდან ასაცილებლად ლარინგიტის დროს ასვით ბავშვს ტუტე სითხეები, მაგალითად, თბილი ბორჯომიანი რძე. გაციებისას ორგანიზმში დარღვეულია მჟავატუტოვანი წონასწორობა, ტუტოვანი სითხეები კი ხელს უწყობს მის ნორმაში დაბრუნებას.

- როგორ ამოვიცნოთ ცრუ კრუპი და როგორ დავეხმაროთ ამ დროს ბავშვს?

- ცრუ კრუპი ღამით იჩენს თავს. ბავშვს უვარდება ხმამაღალი ხველა დამახასიათებელი მყეფავი ელფერით; თუ პატარაა, ტირილის დროს ხელები ყელთან მიაქვს, თუ მოზრდილია, გეტყვით, რომ სუნთქვა უჭირს. სუნთქვა ამ დროს ხმაურიანია, მსტვენი, იბერება ცხვირის ნესტოები და იდრიკება ნეკნთაშუა არეები. ჟანგბადის უკმარისობის გამო შესაძლოა გალურჯდეს ტუჩები და ცხვირ-ტუჩის  სამკუთხედი. ხველა ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ თან ახლავს პირღებინებაც. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, მათ მოსვლამდე კი, დრო რომ არ დაკარგოთ, თქვენ თვითონ გაუწიოთ ბავშვს პირველი დახმარება:

  • მოუშვით სააბაზანოში შხაპი და შეიყვანეთ ბავშვი ან შეეცადეთ დაანოტივოთ ოთახის ჰაერი.
  • მიეცით ბავშვს ხველის საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება უგაზო მინერალურ წყალთან ერთად.
  • მიაღებინეთ ხელების ან ფეხების ცხელი აბაზანა (წყლის ტემპერატურა - 38-38,5 გრადუსი, ხანგრძლივობა - 5-7 წუთი), დაუდეთ ფეხებთან სათბური 10 წუთით.

რაც მთავარია, ნუ დაიბნევით, თქვენი განწყობა პატარას უფრო შეაშინებს და სპაზმს გააძლიერებს. იყავით მშვიდად და პატარაც სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან.