სასქესო უჯრედები და განაყოფიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასქესო უჯრედები და განაყოფიერება

და დაახლოებით 15-16 წლამდე უგრძელდებათ. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდთა ორგანიზმში რთული ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს. სისხლში მოცირკულირე სქესობრივი ჰორმონები სქესობრივ სწრაფვას აღვიძებენ, რაც პირველ ხანებში ცნობისმოყვარეობით, შემდეგ კი საპირისპირო სქესისადმი მოჭარბებული ინტერესით ვლინდება.

საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა ვაჟებში პოლუციის, გოგონებში კი მენსტრუაციის დაწყების მომენტს ემთხვევა და ეს ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მისწრაფებაა, რომელიც შემდგომ გამრავლებას ედება საფუძვლად. გამრავლებას განაყოფიერება განაპირობებს, რომელსაც სათავეს უდებს ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების - კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის - შერწყმა.

მენსტრუაცია

12-დან 14 წლამდე ყველა გოგონას ეწყება სასქესო გზებიდან მცირე და ხანმოკლე პერიოდული სისხლდენა, რომელიც მენსტრუაციის სახელით არის ცნობილი. პირველი მენსტრუაცია, მენარქე, იმის მაუწყებელია, რომ ორგანიზმი ჩასახვისთვის მზად არის, თუმცა სრულფასოვანი მომწიფებისთვის აუცილებელია მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბება, რასაც 6 თვიდან 1 წლამდე სჭირდება.

კვერცხუჯრედი

ქალის სასქესო უჯრედის მომწიფება საკვერცხეში ხდება. საკვერცხის ქერქოვანი შრე უამრავ პირველად ფოლიკულს შეიცავს, რომელთა შიგნითაც კვერცხუჯრედის ჩანასახია მოთავსებული. ახალშობილ გოგონას ორივე საკვერცხე დაახლოებით 200 ათას პირველად ფოლიკულსა და ამდენივე კვერცხუჯრედს შეიცავს.

ქალის რეპროდუქციული ასაკი ანუ პერიოდი, როდესაც მას გამრავლების უნარი შესწევს, 30-35 წელს გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში პირველადი ფოლიკულების მხოლოდ მცირე ნაწილი - 500-მდე ფოლიკული - აღწევს სიმწიფეს, დანარჩენები მოუმწიფებლადვე იღუპებიან. პირველადი ფოლიკულებიდან გამრავლების უნარის მქონე ფოლიკულების, ე. წ. გრააფის ბუშტუკების ფორმირება სქესობრივი სიმწიფის ასაკში იწყება.

გრააფის ფოლიკული სითხით სავსე ბუშტუკია, რომელშიც კვერცხუჯრედია მოთავსებული. ციკლის დასაწყისში ფოლიკული და მის შიგნით მოთავსებული კვერცხუჯრედი მომწიფებას იწყებენ, ამ დროს ისინი საკვერცხის პერიფერიისკენ გადაადგილდებიან. როდესაც ფოლიკულში სითხე განსაზღვრულ რაოდენობას მიაღწევს, ბუშტუკი სკდება და იქიდან იღვრება ფოლიკულური სითხე, რომელსაც თან კვერცხუჯრედიც მიჰყვება. ფოლიკულიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი მუცლის ღრუში, საშვილოსნოს მილების სიახლოვეს აღმოჩნდება.

კვერცხუჯრედის მომწიფებასა და მუცლის ღრუში ჩავარდნას ოვულაცია ეწოდება. ეს პროცესი, ჩვეულებრივ, ციკლის მე-8-11 დღეს იწყება. სწორედ ეს პერიოდია საუკეთესო ჩასახვისთვის. ზრდასრული კვერცხუჯრედი ადამიანის ყველაზე დიდი უჯრედია, რომელსაც 3 გარსი ფარავს: ყვითროვანი, მბრწყინავი და სხივოსანი გვირგვინი.

მუცლის ღრუში კვერცხუჯრედი მანამდე რჩება, ვიდრე მას კვერცხსავალი მილის ფოჩი არ მიიტაცებს და საშვილოსნოს ღრუსკენ არ უბიძგებს. კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრის ადგილი სწორედ საშვილოსნოს მილია. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, მილიდან საშვილოსნოს ღრუში გადავა და 6-7 დღის შემდეგ დაიღუპება. მენსტრუაციისას სისხლდენა სწორედ გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის დაღუპვის მაუწყებელია.

კვერცხუჯრედის გამოტყორცნის შემდეგ ფოლიკულიც განიცდის ცვლილებებს. იგი ყვითელ სხეულად ყალიბდება და ენდოკრინულ თვისებას იძენს - გამოიმუშავებს პროგესტერონს, ქალისთვის მეტად მნიშვნელოვან ჰორმონს. ყვითელი სხეულის შემდგომი ბედიც განაყოფიერებაზეა დამოკიდებული - თუ ეს არ მოხდა, უკუგანვითარდება და კვერცხუჯრედთან ერთად დაიღუპება.

ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლას 14-15 დღე სჭირდება, ყვითელი სხეულის განვითარებასა და დაღუპვას - 10-12, ამიტომ მთელი მენსტრუაციული ციკლი საშუალოდ 28-30 დღეს გრძელდება. მისი დასრულების შემდეგ საკვერცხეში ახალი ფოლიკული იწყებს მომწიფებას და ყველაფერი თავიდან იწყება.


სპერმატოზოიდი

მამაკაცის სასქესო უჯრედი - სპერმატოზოიდი სამი ნაწილისგან თავის, ყელისა და კუდისგან შედგება. თავი სპერმატოზოიდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სწორედ ის შეიცავს უჯრედის ბირთვს მასში მოთავსებული გენეტიკური ინფორმაციითურთ, რომელიც განაყოფიერებისას მამისგან შვილს უნდა გადაეცეს. კუდი სპერმატოზოიდის გადაადგილების, მოძრაობის საშუალებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ განაყოფიერება უძრავად მყოფ კვერცხუჯრედამდე დროულ მიღწევაზეა დამოკიდებული, ნათელი გახდება ამ შოლტისებური წანაზარდის მნიშვნელობაც.

სპერმატოზოიდების წარმოქმნის საკმაოდ რთული პროცესი, სპერმატოგენეზი, მამაკაცის სასქესო ორგანოებში - სათესლე ჯირკვლებსა და მათ დანამატებში მიმდინარეობს. სპერმატოგენეზი ვაჟის ორგანიზმში სქესობრივი სიმწიფის დადგომისთანავე იწყება და რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში წამითაც არ წყდება. თითოეულ სათესლეში წუთში ათეულ ათასობით, დღე-ღამეში კი მილიონობით სპერმატოზოიდი წარმოიქმნება.

სასქესო უჯრედის ფორმირებას საკმაოდ დიდი ხანი - დაახლოებით 68-70 დღე სჭირება. სპერმატოგენეზის პირველ ეტაპზე ზოგ სასქესო უჯრედს კუდი არ აქვს, ზოგს თავი აქვს განუვითარებელი და დეფორმირებული. სათესლეში ისინი ნაკლებმოძრავნი არიან, ან წრეზე დაცურავენ, ან ერთ ადგილას დგანან. ამის შემდეგ იწყება სპერმატოგენეზის მეორე ეტაპი - სასქესო უჯრედები სათესლე დანამატებში გადადიან, მწიფდებიან, იწყებენ კოორდინირებულ მოძრაობას, წინ გადაადგილებას სწავლობენ და 10-12 დღის შემდეგ უკვე მზად არიან განაყოფიერებისთვის.

სათესლე დანამატი ექვსმეტრიანი ხვეულია, რომელში გავლის დროსაც სპერმატოზოიდებს სათესლე ბუშტუკის სითხე ერევა. ამგვარად ყალიბდება განაყოფიერების უნარის მქონე უჯრედთა შემცველი სითხე - სპერმა, რომელიც ქალის ორგანიზმში ეაკულაციის (თესლდანთხევის) შედეგად ხვდება. მომწიფებული და განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდი 1 თვე ინარჩუნებს განაყოფიერების უნარს. თუ ამ ხნის განმავლობაში ეაკულატის დანთხევა არ მოხდა, სპერმატოზოიდები ბერდებიან, განაყოფიერების უნარს კარგავენ და იხოცებიან, თუმცა სათესლე ჯირკვალი განუწყვეტლივ გამოიმუშავებს მათ ახალ-ახალ თაობებს, ამიტომ რეპროდუქციული მამაკაცის ორგანიზმში ყოველთვის არის განაყოფიერების უნარის მქონე სასქესო უჯრედები.

ეაკულატი

სპერმატოზოიდები სპერმის მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენენ, დანარჩენი 97% წინმდებარე ჯირკვლის სეკრეტი და სათესლე ბუშტუკების სითხეა, რომელიც საკმაოდ მდიდარია ნახშირწყლებით. ეაკულატს ტუტე რეაქცია აქვს და სპერმატოზოიდებს საშოს მჟავა გარემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს. წინამდებარე ჯირკვლის სითხეც ამავე მიზანს ემსახურება, თუმცა სხვა ფუნქციაც აკისრია - მასში შემავალი ძლიერი ანტიბაქტერიული ნაერთები მამაკაცის შარდსადენს დაავადების გამომწვევი მიკრობების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. გამოყოფილი ეაკულატის ოდენობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: სქესობრივი აქტის სიხშირეზე, მამაკაცის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მიღებული სითხის ოდენობაზე.

განაყოფიერება

განაყოფიერება სქესობრივი ურთიერთობის თანამდევი პროცესია. ამ დროს საშოში დაახლოებით 3-5 მლ სპერმა ხვდება, რომელიც 500 მილიონამდე სასქესო უჯრედს - სპერმატოზოიდს შეიცავს. ეაკულაციას წინ უძღვის წინამდებარე ჯირკვლის მიერ გამომუშავებული სეკრეტის გადმოსვლა - ის მამაკაცის შარდსადენს წმენდს, რათა მჟავა გარემომ დამღუპველად არ იმოქმედოს სპერმატოზოიდთა მოძრაობისა და განაყოფიერების უნარზე.

სასქესო უჯრედთა შემცველ სითხეს თავდაპირველად ჟელესმაგვარი კონსისტენცია აქვს, თუმცა საშოში მოხვედრიდან 20 წუთის შემდეგ თხიერდება, რაც სპერმატოზოიდებს ქალის ორგანიზმში არსებობის საშუალებას აძლევს. ქალის სასქესო ორგანოებში ისინი 4-5 დღე ცოცხლობენ. ეაკულატში შემავალი სპერმატოზოიდების დიდი ნაწილი საშოში ვერ ხვდება, რადგან ეაკულატთან ერთად გარეთ გადმოიღვრება, ნაწილი კი საშოს მჟავა შიგთავსში მოძრაობის უნარს კარგავს და მარათონს ეთიშება.

ეაკულაციიდან ნახევარი საათის შემდეგ სპერმატოზოიდები აღწევენ საშვილოსნოს ღრუს, სადაც ორ ნაწილად იყოფიან. ნაწილი გეზს მარჯვენა საკვერცხის მილებისკენ იღებს, ნაწილი კი მარცხენისკენ. კვერცხუჯრედი, მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთ მილშია, ამიტომ სპერმატოზოიდთა ნახევარი ამაოდ იკარგება, მეორე ნახევრიდან კი 1-2 საათის შემდეგ დაახლოებით 200-მდე სასქესო უჯრედი თუ აღწევს საშვილოსნოს მილის სანათურს და საშვილოსნოსკენ მომავალი კვერცხუჯრედის პირისპირ აღმოჩნდება. ამ პერიოდში კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია - სხივოსანი გვირგვინის უჯრედები და მბრწყინავი გარსი იცავს. სპერმატოზოიდები მათ დარღვევას იწყებენ. საამისოდ ისინი ჰიალურონიდაზას - სპეციფიკურ ფერმენტს იყენებენ, რომელსაც სხივოსანი გვირგვინისა და მბრწყინავი გარსის შემაკავშირებელ უჯრედებს შორის კავშირის დარღვევა შეუძლია. ერთი სპერმატოზოიდის ფერმენტი ამისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ კვერცხუჯრედის გარსს ერთდროულად რამდენიმე უტევს, უჯრედს კი ის ერთადერთი შეერწყმის, რომელიც პირველი მოახერხებს გარსის გარღვევას. როგორც კი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში შეაღწევს, - ეს კი სპერმატოზოიდის თავის კვერცხუჯრედის პროტოპლაზმასთან შეხების შემდეგ ხდება, - წარმოიშობა განაყოფიერების გარსი, რომელიც კვერცხუჯრედს სხვა სპერმატოზოიდებისგან იცავს. გარსის შიგნით მოხვედრილი სპერმატოზოიდის თავი კი კვერცხუჯრედის ბირთვს უკავშირდება. ისინი ერთდებიან, ერთ უჯრედად იქცევიან. რამდენიმე ხნის შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში გადადის და მის ლორწოვან გარსს მიემაგრება. საშვილოსნოს ლორწოვან გარსში იმპლანტაციის შემდეგ იგი დაყოფას იწყებს და მისგან ადამიანის ჩანასახი ყალიბდება.