სადღესასწაულოდ გასათვალისწინებელი რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სადღესასწაულოდ გასათვალისწინებელი რჩევები

მოკლედ, "სმა-ჭამა დიდად შესარგი" არა მხოლოდ ახალი წლის ღამეს, მომდევნო დღეებშიც ფართოდ არის გაჩაღებული. სხვა საკითხია, როგორ გვერგება ეს ყველაფერი. ამ დღეებში ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას (და არამარტო მას; მასზე დამოკიდებულებით - გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ და სხვა სისტემებსაც) ისეთი დატვირთვა ადგება, რომ ზოგიერთს კარგა ხანს სუფრისკენ გახედვაც აღარ უნდა. არც არის გასაკვირი - საჭმლის მომნელებელი სისტემა ამ დღეებში ძალიან იღლება და იფიტება. ამის მიზეზია, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ქეიფი ღამით იწყება და დილამდე გრძელდება, რაც, ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე, ისედაც არასასურველია. ბევრის ორგანიზმი ამას ვერ ეგუება და ცუდად იტანს. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს, ისევე როგორც მომდევნო დღეებში, გვიწევს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის, ურთიერთარათავსებადი საკვების მიღება, რის გამოც საჭმლის მომნელებელი სისტემა ფუნქციურ გადატვირთვას განიცდის. ყველაზე უარესი ის არის, რომ ზოგიერთი, მთელი დღე სადღესასწაულო სამზადისსა და ფუსფუსში გართული, შიმშილს ვერ გრძნობს ან საახალწლო ლხინის მოლოდინში თავს არც კი იწუხებს კვების რეჟიმის დაცვით, "მუცელს ინახავს", ღამით კი, მიუჯდება თუ არა სუფრას, მთელი დღის განმავლობაში ნაშიმშილებ კუჭს ერთბაშად მიაყრის ნაირ-ნაირ საკვებს. ეს სრულიად დაუშვებელია. ასეთ ადამიანებს ვურჩევ, კუჭს გაუფრთხილდნენ და საახალწლო სუფრასთან დაჯდომამდე ჩვეულებრივ მიიღონ საკვები. გაითვალისწინეთ: თუ მთელი დღის განმავლობაში იშიმშილებთ და შემდეგ ერთიანად მიაძღებით ისედაც არათავსებად კერძებს, თქვენს ორგანიზმს კარგი დღე არ დაადგება. ამიტომაც არის, რომ მეორე დილით სავსე, დამძიმებული მუცლით ვიღვიძებთ. ზოგიერთს გულისრევის შეგრძნება, მეტეორიზმი (აირთა დაგროვების გამო მუცლის შებერვა), შეკრულობა და სხვა ჩივილებიც აქვს. უკვე აღვნიშნეთ, რომ მრავალი კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას გვიმშვენებს, ურთიერთარათავსებადია. როდესაც კუჭში ერთდროულად ხვდება თუნდაც დაბალკალორიული, მაგრამ ერთმანეთთან შეუთავსებელი საკვები, მონელება ძნელდება. ეს იმიტომ, რომ სხვადასხვა სახის პროდუქტს მოსანელებლად სხვადასხვა პირობები სჭირდება. მაგალითად, ცილების დაშლა-მონელებისთვის მჟავე გარემოა საჭირო, მაშინ როცა ნახშირწყლების მონელება ტუტე გარემოს საჭიროებს. უფრო მეტად გასაგები რომ იყოს, სხვადასხვა სახის საკვების მოსანელებლად კუჭი სხვადასხვანაირი შემადგენლობის წვენს გამოყოფს. თუ მასში ერთდროულად მოხვდა იოლად და ძნელად მოსანელებელი საკვები, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა არეულობა დატრიალდება იქ. თუ ერთად მივირთვით დიდი ოდენობით ცილებისა და დიდი ოდენობით ნახშირწყლების შემცველი კერძები, ცხადია, რომელიმე მათგანის ათვისება შეფერხდება. დანაწევრებული კვების წესების თანახმად, არათავსებადი პროდუქტები მინიმუმ ორსაათიანი ინტერვალით უნდა მივირთვათ. სადღესასწაულო სუფრასთან ამ წესს, რა თქმა უნდა, ვერ დავიცავთ და არც არავინ იცავს, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება მაინც აუცილებელია - ჩვენივე ჯანმრთელობას წაადგება. მამაპაპურად დანაყრებული ნოყიერ კერძებს - ბანანს, ვაშლს, ციტრუსებს, გოზინაყს, ყავას, ნამცხვრებს და სხვა ნუგბარს ჩაროზად უმალ ნუ დააყოლებთ. შეგახსენებთ: თუ, მაგალითად, ვაშლს ცარიელ კუჭზე მიირთმევთ, ის ამ ორგანოს 15-20 წუთში დატოვებს, ხოლო ხორციანი კერძის შემდეგ მირთმეული კუჭში დიდხანს დაყოვნდება და დუღილისა და ლპობის პროცესს გამოიწვევს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ორივე პროდუქტი, ხორციც და ვაშლიც, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილებებს ცუდად დამუშავებული მიაღწევს, ეს კი პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფუნქციურ გადატვირთვას გამოიწვევს. საკვების მოუნელებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში დაგროვდება და შეკრულობას დაუდებს სათავეს. პროდუქტთა თავსებადობის ცხრილს რომ გადახედოთ, შესაძლოა ტრადიციულ კერძებსა და კვებაზე უარის თქმა მოგიწიოთ. ცხადია, საქართველოში მცხოვრებ გურმანთა საჭმლის მომნელებელი სისტემა ბევრ გამონაკლისს არის შეჩვეული და მართლაც გმირულად ართმევს თავს საკვების მიერ მიყენებულ დარტყმებს. აბა, წარმოიდგინეთ: ხინკალი თავისთავადაც არათავსებადი კომპონენტებისაგან - ხორცისა და ცომისაგან შედგება. ან კიდევ ყველით სავსე ხაჭაპურს ქაბაბს ან საცივს რომ დავაყოლებთ, რა დღე უნდა დაადგეს საბრალო კუჭს?! ზემოთ ნახსენები ცხრილის მიხედვით, ხორცი, განსაკუთრებით ფრინველისა, და თევზი მხოლოდ მწვანე და სახამებლის არშემცველ ბოსტნეულს ეთავსება. ნიგოზი, რომელიც ძნელად მოსანელებელი პროდუქტია (განსაკუთრებით მათთვის, ვინც ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებს უჩივის), მხოლოდ ბოსტნეულთან არის თავსებადი. ამ პრინციპებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ჩვენებური ბაჟე, რომელსაც დიდი ეშხით მოვასხამთ ხოლმე ქათმის ხორცს ან შემწვარი თევზის ნაჭრებს, დიეტოლოგიისა და პროდუქტთა თავსებადობის თვალსაზრისით არცთუ ისე მისაღები საკვებია. მით უმეტეს საცივი, რომელიც ნიგოზთან ერთად სხვადასხვა სუნელისა და სანელებლის დამატებასაც მოითხოვს. არ მინდა, მკითხველი დაფრთხეს და გამინაწყენდეს, ეს დალოცვილი, წელიწადში ერთხელაც აღარ ვჭამოთ გემრიელადო?! დავეთანხმები და იმასაც დავძენ, რომ სიამოვნებით და ნეტარებით მიღებულ საკვებს ორგანიზმი ყოველთვის უკეთ ინელებს და ითვისებს, თუმცა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიათა მქონე პირებს მაინც ვურჩევ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინონ. ალბათ, მკითხველებს შორის აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი ეცნობათ და საკუთარ თავზეც ექნებათ გამოცდილი. ისინი ყველაზე უკეთ მიხვდებიან განმარტებული საკითხების მნიშვნელობას.


გაზიანი სასმელების მოყვარულთა საყურადღებოდ

ნებისმიერი გაზიანი სასმლის (გარდა სამკურნალო მინერალური წყლებისა) შემადგენლობაში შედის შაქარი. 100 მლ-ზე, ჩვეულებრივ, მოდის 40-50 კკალ, რის გამოც ერთი ჭიქა გაზიანი სასმლის დალევა 5-6 კოვზი შაქრით დამტკბარი ერთი ფინჯანი ჩაის მიღებას უტოლდება. ადვილად ათვისებადი კალორიები ერთგვარად "ატყუებს" ტვინს - უმნიშვნელოდ ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, ადამიანი ვერ გრძნობს გაძღომას და ხშირად საჭიროზე მეტს მიირთმევს. შაქარი ზრდის სისხლში ტრიგლიცერიდების შემცველობას, რაც ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ისმის კითხვა: ამცირებს კი გაზიანი სასმელების მავნეობას ნატურალური ნახშირწყლების ნაცვლად შაქრის შემცვლელების გამოყენება? რა თქმა უნდა, ამით სასმლის კალორიულობა ნულამდე იწევს, მაგრამ ამ დროს სხვა გვერდითი ეფექტები იჩენს თავს. ბევრი მწარმოებელი იყენებს ასპარტამს - შაქრის სინთეზურ შემცვლელს. ცნობისათვის: დღეს ბავშვთა კვებაში მისი გამოყენება აკრძალულია, რადგან შეიცავს ფენილალანინს, რომელიც ცვლის გემოვნებითი აღქმის (შეგრძნების) ზღურბლს, შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, დიდი დოზებით გამოყენებისას კი გავლენას ახდენს ფსიქიკაზე და ზრდის აგრესიას. რაც შეეხება შაქრის  სხვა შემცვლელებს, სორბიტოლსა და ქსილიტს, ისინი შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებათა პროვოცირებას ახდენს. ციკლამატი და საქარინი კი კანცეროგენებად არის აღიარებული, სიმსივნური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ გაზიანი სასმელების მოყვარულები ამ ყოველივეს გაითვალისწინებენ. იშვიათად, მაგალითად, დღესასწაულებზე, მათ შორის - ახალი წლის ღამეს, გაზიანი სასმლის დალევა, რა თქმა უნდა, ორგანიზმისთვის ასეთ მძიმე შედეგს არ გამოიღებს, მაგრამ შებერილობა და საკვების მონელების დარღვევა სავარაუდოდ ბევრს შეაწუხებს. მთავარი ის არის, რომ გაზიანი სასმელების აუცილებელი კომპონენტია ნახშირორჟანგი. თავისთავად ეს აირი საფრთხეს არ უქმნის ორგანიზმს, მაგრამ წყალთან მისი შეერთება ნახშირმჟავას წარმოქმნის, რომელიც ძლიერ აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს და დიდ საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ესა თუ ის პათოლოგია აწუხებთ. ამასთანავე, ნახშირორჟანგის ნაწლავებში დაგროვება მეტეორიზმს იწვევს. სასურველია, სასმლის დალევამდე ბოთლი 10-15 წუთით თავღია გავაჩეროთ, მერე კი ჭიქაში გადმოსხმულ სითხეს ერთხანს კოვზით ვურიოთ აირის შემცველობის მინიმუმამდე დასაყვანად. ერთ საკითხსაც უნდა შევეხოთ: მწარმოებლები გვირჩევენ, გაზიანი სასმელები ცივი მივირთვათ. მეცნიერ-მკვლევართა და დიეტოლოგთა გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ რაც უფრო ცივია სასმელი, რომელსაც ვაყოლებთ საჭმელს, მით უფრო მცირე ხანს ყოვნდება საკვები კუჭში. გარდა იმისა, რომ ადამიანი ვერ შეიგრძნობს საკვებით მოსალოდნელ და სათანადო დაკმაყოფილებას (დანაყრებას), კუჭში არასაკმარისად მონელებული საკვები ნაწლავებში გადასვლისას დუღილისა და ლპობის პროცესებს გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტს ძალზე მოხერხებულად იყენებს ფასტ-ფუდის ანუ სწრაფი კვების ინდუსტრია: ჰამბურგერსა თუ სენდვიჩზე ყინულით სავსე გაზიანი სასმლის მიყოლებისას ადამიანი უფრო გვიან ნაყრდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკვების დამატებით ულუფას შეუკვეთს. საახალწლო სუფრასთანაც, კერძებისთვის ყინულიანი სასმლის მიყოლებისას, უფრო და უფრო მეტი საკვების მიყოლება მოგიწევთ, რამაც გვიან ღამით შესაძლოა თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვა გამოიწვიოს, ნაცვლად სიამოვნებისა, მუცლის შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება და სხვა სახის დისკომფორტი მიიღოთ. ვფიქრობ, ტკბილი გაზიანი სასმელების მავნე ზეგავლენაზე საკმარისი არგუმენტები მოგიყვანეთ. ასე რომ, გირჩევთ, ღამით მაქსიმალურად არიდოთ თავი მათ მიღებას. გემრიელ კერძს, რომელსაც ბოლო დროს მთელი ეშხით ელოდით, უბრალო წყალი, ნატურალური წვენი ან მინერალური უგაზო წყალი მიაყოლეთ.