რას უნდა ველოდეთ ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას უნდა ველოდეთ ზამთარში

კუნთებისა და მყესების დაჭიმვა

კიდურის უეცარმა და მკვეთრმა მოძრაობამ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლების დაშორება და მყესისა და კუნთის დაჭიმვა, გახევა და რბილ ქსოვილებში სისხლის ჩაქცევა. ამ დროს დაზიანებულ არეში მოსალოდნელია ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას და ამის გამო მოძრაობას აძნელებს ან შეუძლებელს ხდის, დაზიანებული არე შუპდება ან დეფორმაციას განიცდის.

ექიმის მოსვლამდე

დააფიქსირეთ და ნუ ამოძრავებთ დაზიანებულ კიდურს. დაზიანების მიდამოზე ჯერ ცივი საფენები ან ყინული დაიდეთ, მოგვიანებით - რბილი საფენი და მჭიდრო ნახვევი. კიდური მოათავსეთ შემაღლებულზე.

ამოვარდნილობა

ამოვარდნილობის დროს ძვალი სახსარში გადაადგილდება. ყველაზე ხშირია მხრის, თითებისა და ქვედა ყბის ამოვარდნილობა. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი ტკივილი, დაზიანებული არე შუპდება და დეფორმირდება. სხეულის ამოვარდნილი ნაწილი იძულებით მდგომარეობას იღებს (იძულებითია მდგომარეობა, რომლის შეცვლაც დაშავებულს არ შეუძლია). ხშირია კიდურის სიგრძის შეცვლა (დამოკლება, იშვიათად - დაგრძელება) და მოძრაობის შეზღუდვა.

ექიმის მოსვლამდე

მიეცით ავადმყოფს ტკივილგამაყუჩებელი აბი, დაზიანებულ სახსარზე დაადეთ ცივი საფენი და დაუფიქსირეთ: ხელი კისერზე ჩამოაკიდებინეთ ან სახვევით გულმკერდზე მიამაგრეთ, ფეხის ირგვლივ (მდებარეობის შეუცვლელად) კი შემოუწყვეთ რბილი საგნები. ნუ ეცდებით ამოვარდნილი ძვლის ჩასწორებას - ამით შესაძლოა დაზიანება უფრო მეტად გააღრმაოთ. ზედა კიდურის ამოვარდნილობისას დაშავებული დასვით და ისე გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ქვედა კიდურის ამოვარდნილობისას კი დააწვინეთ და ფეხი უძრავად დაუფიქსირეთ.

კიდურების მოტეხილობა

მოტეხილობა ძვლის მთლიანობის დარღვევაა. განასხვავებენ მოტეხილობის ღია და დახურულ ტიპებს. ღია მოტეხილობის დროს ირღვევა კანის საფარველის მთლიანობა და იქმნება ინფიცირების საშიშროება. დახურული მოტეხილობის დროს კანის მთლიანობა დარღვეული არ არის. მოტეხილობის მიდამოში აღინიშნება ძლიერი ტკივილი. ამის გამო მოძრაობა შეზღუდულია ან შეუძლებელი. ვითარდება სისხლჩაქცევა და შეშუპება. დაზიანებული მხარე დეფორმირებულია.

ექიმის მოსვლამდე

დაშავებულს ფრთხილად გახადეთ ტანსაცმელი. სხეულზე მიკრული ქსოვილი ჭრილობის გარშემო შემოაჭერით. ტრავმირებული კიდური დაუფიქსირეთ. არტაშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯოხი, ფიცარი ან სხვა მყარი საგანი. დაადეთ არტაშანი მოტეხილ ძვალს ორივე მხრიდან, კანი რომ არ დააზიანოს, ჩაუფინეთ რბილი ქსოვილი. თუ არტაშნის დადება ვერ მოხერხდა, მოტეხილი ხელი სახვევით ტანზე მიამაგრეთ, ფეხი კი მეორე ფეხზე. ამის შემდეგ ავადმყოფის ტრანსპორტირება უკვე შეიძლება. როცა მოტეხილობა ღიაა, ჭრილობა სუფთა ნაჭრით მაინც უნდა დაიფაროს, რათა არ დაბინძურდეს.

ექიმის მოსვლამდე

არ შეიძლება დეფორმირებული კიდურის დაჭიმვა ან მასზე ზეწოლა გასასწორებლად. ეს, პირველ რიგში,  გააძლიერებს ტკივილს, რამაც შესაძლოა შოკიც კი მოჰგვაროს დაშავებულს. და კიდევ: ასეთმა მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოტეხილი ძვლების ცდომა და უფრო მეტად გაართულოს მდგომარეობა.

რით შეიძლება გართულდეს მოტეხილობა?

მოტეხილობის ადრეული გართულებებია:

  • თრომბოემბოლია;
  • ჭრილობის დაინფიცირება და დაჩირქება.

მოტეხილობის მოგვიანებითი გართულებებია:

  • მოტეხილობის შეუხორცებლობა ანუ ცრუ სახსრის ჩამოყალიბება
  • არასწორი შეხორცება, რაც იწვევს კიდურის დამოკლებას, დეფორმაციას და ა.შ.

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის ერთ-ერთი გზა პირველი დახმარების დროს მოტეხილი კიდურის უძრაობის უზრუნველყოფაა, რათა დაზიანებულმა მიდამომ უფრო მეტი ტრავმირება არ განიცადოს გადაყვანის დროს.


მოყინვა

მოყინვა დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანებაა. ამ დროს მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია ქსოვილის ნეკროზიც. მართალია, მოყინვა უმთავრესად ზამთრის ცივ დღეებში ხდება, მაგრამ მისი გამოწვევისთვის მეტისმეტად დაბალი ტემპერატურა აუცილებელი არ არის - საკმარისია, სხეულმა დიდი ხნის განმავლობაში სითბოს მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგოს. სითბოს გაცემა განსაკუთრებით ჩქარდება ნესტსა და ქარში. მოყინვას ხელს უწყობს მოჭერილი და ნოტიო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გადაღლა, ხანგრძლივი იძულებითი უმოძრაობა, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაავადება, მძიმე მექანიკური დაზიანება. მოყინვა ადვილად ვითარდება სხეულის წარზიდულ ნაწილებში (ცხვირი, ყურები, სახე, თითები). მსუბუქი მოყინვის დროს ზიანდება მხოლოდ კანი. თავდაპირველად იგი ფერმკრთალია, გათბობის შემდეგ წითლდება, ზოგჯერ იღებს მუქ წითელ ფერს. ამ დროს ავადმყოფს აქვს წვის შეგრძნება, მოყინული ადგილი დაბუჟებულია. შემდგომ დაბუჟება ტკივილში გადაიზრდება. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ სიმპტომები ალაგდება და რჩება მხოლოდ სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა. II ხარისხის მოყინვისას კანზე წარმოიქმნება ბუშტუკები. გათბობის შემდეგ ტკივილი უფრო ინტენსიურია და უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე მსუბუქი მოყინვის დროს. III ხარისხის მოყინვის დროს ვითარდება კანქვეშა ქსოვილის ნეკროზი; ბუშტუკები სისხლიან შიგთავსს შეიცავს. მოყინულ ადგილას მგრძნობელობა დაკარგულია. მოყინული კანის ყველა ელემენტი კვდება, ვითარდება გრანულაცია და ყალიბდება ნაწიბური. თუ ფრჩხილი დაიკარგა, ახალი აღარ ამოვა, ან ამოვა დეფორმირებული. ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია, ვიდრე II ხარისხის მოყინულობის შემთხვევაში. IV ხარისხის მოყინვისას ვითარდება მყესების, კუნთების, ძვლების ნეკროზი. ამ დროს რბილი ქსოვილის ყველა შრე კვდება. არცთუ იშვიათად ზიანდება ძვლები და სახსრები. ამ დროს მოსალოდნელია სხეულის ტემპერატურის 38 გრადუსამდე მომატება. კიდურების დაზიანებული უბნები მკვეთრად ლურჯდება, ზოგჯერ მარმარილოსებრ შეფერილობას იღებს, და გათბობისთანავე შუპდება. ბუშტუკები იშვიათად ჩნდება.

ექიმის მოსვლამდე

დაშავებული გადაიყვანეთ თბილ შენობაში, ფრთხილად გახადეთ ხელთათმანები, ფეხსაცმელი, მოაცილეთ სამკაულები. ხელებით გაუთბეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი. I ხარისხის მოყინვისას გაყინული უბანი გათბობამდე და გაწითლებამდე ზილეთ თბილი ხელებით ან შალის ქსოვილით, დაორთქლეთ. თოვლით დაზელას არ გირჩევთ, რადგან თოვლი ჭუჭყიანია, მაში არსებულ მცირე ნაწილაკებსა და წიდას კი შეუძლია დააზიანოს კანი, გამოიწვიოს მისი გაღიზიანება და ინფიცირება. ამის შემდეგ დაადეთ ნახვევი. მსუბუქი გადაცივების დროს საკმაოდ ეფექტურია თბილი აბაზანა. წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს და არა ცხელი. უმჯობესია შეამოწმოთ თერმომეტრით, რადგან დაზიანებული კანი ცუდად გრძნობს ტემპერატურას და შეიძლება უფრო მეტად დაიწვას. გაითვალისწინეთ: თავდაპირველად წყლის ტემპერატურა 25-260ჩ უნდა იყოს და მერე და მერე გათბეს სხეულის ნორმალურ ტემპერატურამდე. გადაცივებულს უნდა მივცეთ ცხელი სასმელი ან საჭმელი. II-IV ხარისხის მოყინვისას მოყინული ადგილის სწრაფი გათბობა და დაზელა არ შეიძლება. არ დაადოთ მოყინულ მიდამოს ცხელი სათბური, არ დასვათ დაზარალებული გამათბობელთან მეტისმეტად ახლოს. დაზიანებულ უბანზე დაადეთ სითბოს შემანარჩუნებელი ნახვევი (შალი, ფლანელი). არ გახეთქოთ ბუშტუკები.

როგორ ავიცილოთ თავიდან მოყინვა

ნუ გახვალთ შინიდან თბილი ხელთათმანების, ქუდისა და შარფის გარეშე. აჯობებს, ხელთათმანები წყალგაუმტარი და ნატურალური ქსოვილისა იყოს. ქარიან ამინდში შინიდან გასვლამდე სხეულის ღია ნაწილებზე წაისვით სპეციალური კრემი. სადაც არ უნდა მიდიოდეთ, წაიყოლეთ ერთი-ორი წყვილი წინდა, ხელთათმანი და თერმოსით ცხელი ჩაი. ჩაიცვით თავისუფლად - ეს ხელს შეუწყობს სისხლის ნორმალურ ცირკულაციას. ზედა ტანსაცმელი აუცილებლად წყალგაუმტარი უნდა იყოს. ჩაიცვით რამდენიმე ფენა სამოსი - ამ ფენებს შორის არის ჰაერი, რომელიც საუკეთესოდ აკავებს სითბოს. მოყინვას ხელს უწყობს მოჭერილი ფეხსაცმელი, ნესტიანი და ჭუჭყიანი წინდები. ფეხსაცმელებს გასაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ იმათ, ვისაც ხშირად უოფლიანდება ფეხები. ჩექმებში ჩაიფინეთ თბილი საფენები, ხოლო ბამბის წინდების ნაცვლად ჩაიცვით შალისა, რადგან შალი ისრუტავს ნესტს, ფეხები კი მშრალი რჩება. თუ თოვლში ფეხები მოგეყინათ, შინ შესვლამდე ფეხსაცმელებს ნუ გაიხდით, რადგან არსებობს ალბათობა, ფეხები შეგიშუპდეთ და ფეხსაცმელების ჩაცმა ვეღარ მოახერხოთ. გაყინული ხელები იღლიებში ამოიდეთ და ისე გაითბეთ. ყინვაში მოიხსენით ლითონის სამკაულები. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ლითონი სხეულზე სწრაფად ცივდება და შესაძლოა, კანზე  მოგეკროთ, რასაც ტკივილი და ტრავმა მოჰყვება, მეორეც, ბეჭედი ხელს უშლის თითში სისხლის ნორმალურ ცირკულაციას. სეირნობისას თუ ძალიან შეგცივდათ ან კიდურები გაგეყინათ, გასათბობად თავი უახლოეს შენობას (მაღაზიას, კაფეს) შეაფარეთ. ერიდეთ ადრე მოყინული უბნების ხელახლა მოყინვას - ეს კანის გაცილებით მძიმე დაზიანებას გამოიწვევს. ყინვაში დიდხანს სიარულის შემდეგ შინ დაბრუნებისას შეამოწმეთ, მოყინული ხომ არ გაქვთ კიდურები, სახე, რადგან ნებაზე მიშვებულმა მოყინულობამ შესაძლოა განგრენა გამოიწვიოს და კიდურიც კი დაგაკარგვინოთ. ერიდეთ ქარიან ამინდში ქუჩაში სიარულს - ამ დროს მოყინვის ალბათობა მეტია. სააბაზანოდან ახალგამოსული, მით უმეტეს, სველი თმით, გარეთ ნუ გახვალთ. გახსოვდეთ, სველი კანი სითბოს უფრო ადვილად კარგავს. თუ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი დაგისველდათ (მაგალითად, წაიქეცით), აუცილებელია მათი სასწრაფოდ გახდა, კარგად გამშრალება და, თუ შესაძლებელია, მშრალი ტანსაცმლის ჩაცმა. თუ ამ დროს ტყეში იმყოფებით, ეცადეთ, დაანთოთ ცეცხლი და ტანსაცმელი გააშროთ. ამ ხნის განმავლობაში ენერგიულად ივარჯიშეთ და ცეცხლთან გათბით. ნუ დალევთ სპირტიან სასმელს - ალკოჰოლური სიმთვრალის დროს, მართალია, სითბოს ილუზია იქმნება, მაგრამ ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითბოს კარგავს. ბავშვებსა და მოხუცებს თერმორეგულაცია არასრულყოფილი აქვთ, რის გამოც უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მოყინვისა და გადაციებისკენ, ამიტომ ყინვაში ბავშვის სასეირნოდ გაშვებისას გაითვალისწინეთ, რომ ყოველ 15-20 წუთში ერთხელ ის თბილ შენობაში უნდა შევიდეს გასათბობად.