ადამიანის გარეგნობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის გარეგნობა

ზოგ ეპოქაში თუ სიმსუქნე მიიჩნეოდა სილამაზედ, ზოგში - სიგამხდრე; ზოგჯერ ქალები სხვადასხვა საშუალებით იმუქებდნენ და ისქელებდნენ წარბებს, ზოჯერ კი მათ საერთოდ იგლეჯდნენ. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, ეს არის სწრაფვა, ჩვენი გარეგნობა საზოგადოებრივად აღიარებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. ადამიანი თითქმის არაფერს განიცდის ისე მწვავედ, როგორც თავის გარეგნულ ნაკლს. ორგანიზმის გარეგნულ იერ-სახეს რამდენიმე შტრიხი ქმნის, მათ შორის - კანი, რომელიც პირველი ხვდება თვალს, ტანადობა და სხეულზე ცხიმოვანი ქსოვილის განლაგება.

მშრალი კანი

კანი მშრალია, როდესაც მის მიერ ცხიმის გამომუშავება შემცირებულია და, ამასთანავე, კანის ზედაპირიდან გაძლიერებულად ორთქლდება ოფლი. კანი, ჩვეულებრივ, დაბერებასთან ერთად შრება, თუმცა ზოგჯერ სიმშრალე ახალგაზრდებსაც აწუხებთ. კანზე ცხიმი არათანაბრად გამოიყოფა. ერთსა და იმავე ქალს შესაძლოა ცხიმიანობა ასაკის, მიღებული საკვების, ცხოვრებისა და შრომის პირობების შესაბამისად შეეცვალოს. კანის სიმშრალე შესაძლოა გამოწვეული იყოს არასწორი ჰიგიენით, მეტადრე - კოსმეტიკური საშუალებების უმართებულო გამოყენებით.

ცხიმიანი კანი

კანი ცხიმიანია, როდესაც დიდი რაოდენობით გამოყოფს ცხიმს. ასეთი რამ უმთავრესად პუბერტატული ასაკისთვის არის დამახასიათებელი. გამოყოფილი ცხიმი ისე ედება კანს, რომ იგი პრიალს იწყებს. გარდა ამისა, ახშობს საოფლე ჯირკვლების სადინარებს, აფართოებს მათ და კანი გარეგნულად ფორთოხლის ქერქს ესგავსება. ცხიმიან კანს გაცილებით ადვილად ეკვრის მტვრის ნაწილაკები, მიკრობები, რაც კანს სწრაფად უცვლის ფერს. განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა შუბლი, ცხვირი, კისერი და ბეჭებშუა არე. ზოგჯერ კანის ცხიმიანობა 40-50 წლამდე მომატებული რჩება. ზოგჯერ სხეულის მხოლოდ რომელიმე ნაწილი გამოირჩევა მომატებული ცხიმიანობით.

სებორეული კანი

სებორეა გარეგნობის ნამდვილი მტერია. ის ჰორმონთა გაძლიერებული პროდუქციის შედეგია და უპირატესად გარდატეხის ასაკში იჩენს თავს, თუმცა ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება განვითარდეს. სებორეული გამონაყარი ჩირქოვანია და იმის შედეგია, რომ ორგანიზმში იცვლება ცხიმოვანი ცვლა და კანი გამოყოფს შეცვლილი ქიმიური შედგენილობის სეკრეტს. ცხიმიანი კანი ადვილად წითლდება და ინფიცირდება, იფარება თეთრი და შავი წერტილებით, ასაკობრივი გამონაყარით, მოგვიანებით - მეჭეჭებით. სებორეის განვითარებას ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციათა მოშლა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, არასწორი კვება, ქრონიკული ყაბზობა, ჰიგიენური წესების დაუცველობა.

სახის ფერი

კანი ლამაზად გამოიყურება, როდესაც გლუვია, არ ეტყობა ფორები, აქვს ნორმალური ცხიმიანობა და არ არის მშრალი. კანს მოთეთრო-რძისფერს აძლევს ზედა შრეში - ეპიდერმისში არსებული მოთეთრო კერატოგენული მარცვლები, მოყვითალო ფერი ეპიდერმისის ქერქში არსებული მარცვლების დამსახურებაა, მოვარდისფრო-მოწითალოს კი კანი სისხლმომარაგების ხარისხის მიხედვით იღებს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიგმენტი მელანინიც. კანის სინორჩე სისხლმომარაგებასა და მასში უჯრედშორისი სითხის არსებობაზეა დამოკიდებული. კანის შეფერილობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბიოლოგიური რასა, რის მიხედვითაც განასხვავებენ თეთრ, შავ, ყვითელ და წითელკანიან ადამიანებს.

წითელი ლაქები კანზე

კანის გაწითლება მის სისხლმომარაგებას უკავშირდება.  კანს საკუთარი არტერიები არ გააჩნია და სისხლს კანქვეშ მდებარე ქსოვილთა სისხლძარღვებიდან იღებს, რომლებიც მასზე ღრმა და ზედაპირულ ქსელს ქმნიან. სასურველია, კანს ბაცი ვარდისფერი დაჰკრავდეს - ასეთი ფერი ნორმალური სისხლმომარაგებისთვის არის დამახასიათებელი, მისი დარღვევისას კი კანი წითლდება. წითელი ლაქები შესაძლოა მყისიერად გაჩნდეს მღელვარების, სირცხვილის დროს და მალევე გაქრეს. თუმცა არსებობს კანის ისეთი დაავადებები, როდესაც წითელი ლაქები დიდხანს რჩება კანზე. ასეთივე გამოხატულება ახასიათებს ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივ მიღებას და ალერგიულ რეაქციებს.


თმა და ფრჩხილები - კანის რქოვანი დანამატები

ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ვარდისფერია, ბზინვარე, გლუვი და თითის ფორმას შეესაბამება. ფრჩხილის ნორმალური სისქე 0,3 მმ-ია, სიგანე - 10-დან 17 მმ-მდე, სიგრძე - საშუალოდ 10-15 მმ. ფრჩხილის ფირფიტის ძირითადი კომპონენტი ცილა კერატინია, რომელსაც განსაზღვრული რაოდენობით შეიცავს კანიც და თმაც. ფრჩხილებისა და თმის სიმკვრივე იმის დამსახურებაა, რომ კერატინი მდიდარია გოგირდით, რომელიც კერატინის მოლეკულას სიმყარეს სძენს. ეს ფაქტორი მემკვიდრეობით არის განპირობებული. სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგს სქელი თმა და მაგარი ფრჩხილები აქვს, ზოგს კი თხელი თმა და სუსტი ფრჩხილები.

ცხიმოვანი ქსოვილი

ცხიმოვანი ქსოვილი ადამიანის ორგანიზმში ყოველთვის ერთნაირი მოცულობისა როდია. ის შეიძლება შეიცვალოს ცხიმის დაგროვების (სიმსუქნის) ან მისი შემცირება-გაქრობის (სიგამხდრის) შედეგად. ცხიმი ორგანიზმში ლაგდება კანქვეშ და მუცლის არეში. ჭარბი წონის ადამიანის ორგანიზმში ცხიმოვანი შრის სისქე ზოგჯერ 15-20 სმ-საც აღემატება. ცხიმოვანი შრე არ გახლავთ სქელი ერთგვაროვანი მასა. იგი ცხიმოვან უჯრედებში 5-10-მმ-იანი ერთგვარი მარცვლების სახით არის ჩალაგებული. ყველაზე უკეთ გამოხატულია მუცლის არეში და იქ, სადაც მდებარეობს თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი და აორტა. განასხვავებენ ცხიმის გავრცელების ცენტრალურ და პერიფერიულ ტიპებს. ცენტრალური ტიპის დროს ცხიმოვანი ქსოვილი ფორმირებულია მუცლის ღრუში, - ამ ფორმას ზოგჯერ აბდომინალურსაც უწოდებენ, - პერიფერიულის დროს კი უპირატესად კანქვეშ. ცენტრალური ტიპის გაცხიმოვნების დროს შინაგან ორგანოებზე მოდებულია მუქი ფერის, მეტაბოლურად აქტიური ცხიმი (ანუ ისეთი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში), პერიფერიული ტიპის დროს კი კანქვეშ მეტაბოლურად არააქტიური თეთრი ცხიმია ჩალაგებული. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნება ცენტრალურ გაცხიმოვნებას უკავშირდება: დიაბეტი, ჰიპერტონია, არტერიოსკლეროზი...… გარეგნობას კი ყველაზე მკაფიო დაღს კანქვეშ ჩალაგებული ცხიმოვანი ფენა ამჩნევს, რომელიც ნებისმიერი ტიპის სამოსში შესამჩნევია. სიმსუქნე ნიშანია იმისა, რომ ენერგიის ნაკლები ხარჯვის პირობებში ადამიანი ჭარბად იკვებება, ხოლო თუ კვება ნორმალური აქვს, მის ორგანიზმში ჟანგვითი პროცესებია დარღვეული. სიმსუქნის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები: მჯდომარე პროფესია, მოძრაობის უკმარისობა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ენდოკრინული ფუნქციების რღვევა. ძლიერი სიმსუქნისას - გათქვირებისას - სხეულზე შესამჩნევი ცვლილებები წარმოიშობა: მუცლის, სარძევე ჯირკვლებისა და ბარძაყების არეში ჩნდება სტრიები, სახეზე - ღაბაბი, კისერზე კი ნაკეცები; მუცელი დიდდება და დაბლა ეშვება, ეკიდება. დიდდება დუნდულებიც. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, პირიქით, ძლიერი სიგამხდრე აწუხებთ, გამოწვეული ყუათიანი, კალორიული საკვების უკმარისობით ან აუთვისებლობით, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით ან ძლიერი ფიზიკური შრომით. გახდომისას ადამიანს უვარდება ნეკნთაშუა სივრცეები, ლავიწზედა და ლავიწქვეშა ფოსოები, მკვეთრად უჩანს ძვლები (ლავიწები, მალები, ბეჭისა და თეძოს ძვლები), შესამჩნევია ხრტილების მკვეთრი გამოჩენაც (ადამის ვაშლი). როგორც სიმსუქნე, ისე ძლიერი სიგამხდრე ადამიანის გარეგნობას იმდენად ცვლის, რომ შესაძლოა, საქმე დეპრესიამდეც კი მივიდეს.

ნაოჭები და მეჭეჭები - კანის დაბერების ნიშნები

სიბერისთვის დამახასიათებელი პროცესები, როგორც ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე, კანზეც თვალნათლივ აისახება: მცირდება მისი ელასტიკურობა, ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, პაპილომები და მეჭეჭები. საოფლე ჯირკვლები ნაკლებ სეკრეტს გამოყოფს, რის გამოც კანი შრება და იქერცლება. სუსტდება თმის ბოლქვების სისხლმომარაგება და იცვლება პიგმენტაცია - თმას ჭაღარა ერევა.

თვალები

თვალებს მხოლოდ სულის სარკე კი არა, ადამიანის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კი შეიძლება ეწოდოს. პირველი, რაც ადამიანის გაცნობისას გვამახსოვრდება, სწორედ თვალების ფორმა და ფერია. თვალები ადამიანს ხასიათის, გუნება-განწყობის, განცდების, ფიქრისა და დარდის გამოხატვის საშუალებას აძლევს. თვალების სიხალისესა და გამომსახველობას ყველაზე მეტად თვალქვედა ტომრები და ჩაშავებული უპეები ემუქრება. თვალქვედა ტომრები და ჩაშავებული უპეები შესაძლოა გენეტიკური "საჩუქარიც" იყოს. საქმე ის გახლავთ, რომ ქუთუთოების კანსა და კანქვეშა უჯრედებს შორის მდეაბრეობს თხელი მემბრანა, რომელიც ზოგს შედარებით სქელი აქვს, ზოგს კი სიფრიფანა და გამჭვირვალე. დროთა განმავლობაში იგი თხელდება და ცხიმოვანი ქსოვილი უშუალოდ კანქვეშ აღწევს, რაც უპეებთან ტომრების გაჩენას უწყობს ხელს. მათ სპეციალისტები ზოგჯერ თვალის თიაქრებსაც უწოდებენ. ეს მოვლენა ხშირად განპირობებული ან პროვოცირებულია ცხოვრების არასწორი წესით: არასწორ პოზაში ძილით, ორგანიზმში სითხის სიჭარბით, ქრონიკული გადაღლით, სტრესით, არარაციონალური კვებით და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესით - ჰიპოდინამიით.