გამოსხივების გამოყენება ფიზიოთერაპიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოსხივების გამოყენება ფიზიოთერაპიაში

- როდის იყენებთ ელექტრომაგნიტურ ველს?

- ელექტრომაგნიტური ველი გამოიყენება ისეთი ფიზიოთერაპიული პროცედურების დროს, როგორებიც არის ინდუქტოთერმია, ულტრამაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით და მიკროტალღებით მკურნალობა. ინდუქტოთერმია ელექტროთერაპიის მეთოდია, რომლის დროსაც ორგანიზმზე მოქმედებს მაღალი სიხშირის (13,65 მგჰერცი) მაგნიტური ველი. იგი ორგანიზმში 5-8 სმ სიღრმეზე იჭრება და წარმოქმნის სითბოს, სწორედ ამიტომ ეწოდება მეთოდს ინდუქტოთერმია: ინდუქტო - დამიზნება, თერმო - სითბო, ანუ პროცედურის დროს საჭირო ადგილას დამიზნებით წარმოიქმნება სითბური ეფექტი. პაციენტებს ინდუქტოთერმია ხშირად ერევათ დიათერმიაში. ამ უკანასკნელის დროსაც წარმოიქმნება სითბო, მაგრამ ამ დროს ორგანიზმზე მოქმედებს მაღალი სიხშირის ცვლადი დენი, რომლის ტალღის სიგრძეა 184,6 მეტრი, ინდუქტოთერმიისას კი 22,13 მეტრის სიგრძის ტალღის მქონე ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს. ულტრამაღალი სიხშირის ელექტროველით მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმი უწყვეტი ან იმპულსური ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებას განიცდის. მიკროტალღებით მკურნალობისას ორგანიზმზე ვმოქმედებთ ელექტრომაგნიტური ტალღით, რომლის სიგრძე 100-დან 1 სმ-მდეა, მას ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ველსაც უწოდებენ. მისი ტალღები ორ ჯგუფად იყოფა: დეციმეტრულ და სანტიმეტრულ ტალღებად, ამიტომ განასხვავებენ დეციმეტრული და სანტიმეტრული ტალღებით მკურნალობის ტიპებს.

- როგორ მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველი ადამიანზე?

- გარდა თერმულისა, ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებას აქვს ექსტრათერმული ეფექტიც, ანუ წარმოიშობა დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც ველის მოქმედების არეში სწორხაზოვნად გადაადგილდება - ოსცილაციას იწყებს. პროცედურა ქსოვილებში 2-3 გრადუსით ზრდის ტემპერატურას, განსაკუთრებით ისეთებში, რომლებსაც კარგი ელექტროგამტარობა ახასიათებს: სისხლში, ლიმფაში. ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებისას თავის ტვინსა და ნერვულ სისტემაში ძლიერდება შეკავების პროცესები, ფართოვდება სისხლძარღვები, იკლებს არტერიული წნევა. ელექტრომაგნიტურ ველს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანტისპაზმური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ქსოვილებზე ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს, განსაკუთრებით აქტიურია სითბოსადმი მგრძნობიარე - თერმოლაბილური - ბაქტერიების მიმართ. პროცედურათაAშედეგად აქტიურდება ორგანიზმის იმუნოლოგიური ძალები, უმჯობესდება ფაგოციტური აქტივობა, იმატებს ფაგოციტების რაოდენობა. ელექტრომაგნიტური ველი დადებით ძვრებს იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებში, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ნაღვლის დენას და მის გამოყოფას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს. ცალკე აღსანიშნავია მიკროტალღების ზემოქმედება, რომელთა დეციმეტრული ტალღების სიგრძე 9 სმ-მდე აღწევს. ისინი ეცემა ადამიანის სხეულზე და შთაინთქმება ქსოვილების მიერ. მათი ენერგიის ნაწილი სითბურ ენერგიად გარდაიქმნება და სითბურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, ნაწილი კი ფიზიკურ-ქიმიურ ან ოსცილაციურ ეფექტს იწვევს - მათი ზემოქმედებით ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცილა ფუნქციებსა და თვისებებს იცვლის, ამის შედეგად კი წარმოიშობა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - კორტიკოსტეროიდული ჰორმონები, სეროტონინი და ჰისტამინი. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დეციმეტრული ტალღების ზემოქმედებით უმჯობესდება გულის კუმშვითი ფუნქცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. სანტიმეტრული ტალღების ეფექტი ინფრაწითელი სხივების ეფექტის მსგავსია, ოღონდ, დეციმეტრული ტალღებისგან განსხვავებით, ისინი ორგანიზმში 2-3-ჯერ ნაკლებ სიღრმეზე იჭრება და ძირითადად კანის დონეზე მოქმედებს. ელექტრომაგნიტური ველის ორგანიზმზე მოქმედების დადებითი ეფექტი მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ სწორად შერჩეული დოზირებით, რომელსაც პაციენტის მიერ სითბოს შეგრძნების მიხედვით ადგენენ. განასხვავებენ სუსტ, საშუალო და ძლიერ დოზებს. მკურნალობის კურსი ითვალისწინებს 10-15 პროცედურას, რომლებიც ყოველდღე ან დღეგამოშვებით ტარდება. ელექტრომაგნიტური ველით მკურნალობენ ბრონქიტს, პნევმონიას, ბრონქულ ასთმას, გასტრიტს, ქოლეცისტიტს, ჰეპატიტს, გინეკოლოგიურ დაავადებებს, პროსტატიტს, ცისტიტს, ნეფრიტს, რევმატოიდულ ართრიტს, რადიკულიტს, ძვალ-სახსართა სისტემის სხვა დაავადებებს. პროცედურის ჩატარება არ შეიძლება მწვავე ჩირქოვანი ანთებითი პროცესების, ავთვისებიანი სიმსივნეების, გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიის, ტუბერკულოზური პროცესის და თირეოტიქსიკოზის დროს.

- მაგნიტოთერაპიაზე რას გვეტყვით?

- მაგნიტოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს მუდმივი ან დაბალი სიხშირის მაგნიტური ველი, მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველისგან განსხვავებით, მაგნიტური ველების მოქმედების დროს სითბური ეფექტი პრაქტიკულად არ შეინიშნება. ფიზიოთერაპიაში იყენებენ მუდმივ, პულსირებად და ცვლად მაგნიტურ ველს. ორგანიზმზე მაგნიტური ველის მოქმედების მექანიზმი რთულია და ბოლომდე შეუსწავლელი. ცნობილია, რომ მისი მოქმედებით ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები იცვლება, ელექტრონები გადაადგილდება და გავლენას ახდენს წყალბადის კონცენტრაციაზე, სისხლის შედედების უნარსა და სხვა ბიოლოგიურ პროცესებზე. თიმუსზე, ელენთასა და ლიმფურ ჯირკვლებზე მაგნიტური ველის ზემოქმედებით იცვლება ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობა, სისხლში იმატებს ლიმფოციტებისა და იმუნოგლობულინების რაოდენობა. მაგნიტურ ველს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ასტიმულირებს ქსოვილებში რეგენერაციულ პროცესებს. მას აქტიურად მიმართავენ პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიების დროს.


- როდის არის რეკომენდებული მისი გამოყენება?

- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, ნევრიტის, პოლინევრიტის, ენდარტერიიტის, ჰიპერტონიული დაავადების I და II სტადიების, ძვალსახსროვანი დაავადებების, დერმატოლოგიური სნეულებების დროს. მაგნიტოთერაპია აკრძალულია სისხლდენისადმი მიდრეკილთათვის. სისხლის ჰიპოკოაგულაცია, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები მის უკუჩვენებას წამოადგენს.

- რა ტიპის ულტრაბგერას იყენებენ ფიზიოთერაპიაში?

- ფიზიოთერაპიაში იყენებენ 800-დან 3000-მდე კილოჰერცი სიხშირის ულტრაბგერას, როგორც სადიაგნოზოდ, ისე სამკურნალოდ. ულტრაბგერის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე რთული და მრავალფეროვანია. ამ მექანიზმში წამყვანი როლი აკისრია მექანიკურ, სითბურ და ფიზიკურ-ქიმიურ ფაქტორებს. მათი გავლენა გამოიხატება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, მადესენსიბილიზებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტით. ულტრაბგერის პროცედურა აძლიერებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ააქტიურებს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესს, ზრდის ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს. ულტრაბგერის პროცედურის დროს დოზირება ხდება ულტრაბგერის ინტენსივობის განსაზღვრით. სუსტი ინტენსივობაა 0,1-0,4 ვატი/სმ2, საშუალო - 0,5-0,8, ვატი/სმ2, მაღალი - 0,9-1,2 ვატი/სმ2. პროცედურა გრძელდება 3-დან 10 წუთამდე. კურსი 10-15 პროცედურას მოიცავს, რომელთა ჩატარებაც აუცილებელია ყოველდღე. ულტრაბგერით მკურნალობენ ოსტეოქონდროზს, ოსტეოართროზს, ბეხტერევის დაავადებას, რადიკულიტს, ნევრიტს, ნევრალგიას, რევმატოიდულ ართრიტს, რინიტს, მიოზიტს, პერიფერიული ნერვების ტრავმულ დაზიანებებს. პროცედურები უკუნაჩვენებია მწვავე ინფექციური დაავადების, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიის, გულის რიტმის დარღვევების, ჰიპერტონიული დაავადებების II და III სტადიის, ორსულობისა და კახექსიის დროს.

- რას წარმოადგენს ულტრაფონოფორეზი?

- ამ პროცედურის დროს ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ულტრაბგერა, ისე სამკურნალო ნივთიერება, რომელიც ქსოვილებში ულტრაბგერის საშუალებით შეგვყავს. სამკურნალო ნივთიერება შეიწოვება ორგანიზმში, ვინაიდან ულტრაბგერის ზემოქმედებით კანის განვლადობა იმატებს. ულტრაფონოფორეზს იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ულტრაბგერისა და სამკურნალო ნივთიერებათა კომპლექსური გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე ცალ-ცალკე.

- როგორ მკურნალობენ სინათლის გამოსხივებით?

- სინათლით მკურნალობა ანუ ფოტოთერაპია გახლავთ ხელოვნურად მიღებული სხივური ენერგიის გამოყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისთვის. ფოტოთერაპიაში იყენებენ სამნაირ სხივებს: ინფრაწითელს, ხილულსა და ულტრაიისფერს. ინფრაწითელი და ხილული სხივების მოქმედება ეფუძნება თერმულ ეფექტს, რომლის შედეგადაც სხეულის სასურველ არეში აქტიურდება ნივთიერებათაAცვლა, ჩქარდება რეგენერაციული პროცესები და სწრაფად აღდგება ფუნქციები. ფიზიოთერაპიაში განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ ულტრაიისფერ სხივებს. დასხივება ორგვარად ხდება: ადგილობრივი და ზოგადი მეთოდით. ადგილობრივი დასხივებისთვის საჭიროა განისაზღვროს ბიოდოზა, რაც სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება. ზოგადი ულტრაიისფერი დასხივება რეკომენდებულია ულტრაიისფერი სხივებით ღარიბ გარემოში მომუშავეთათვის, მაგალითად, მაღაროელებისთვის, ასევე - ჩრდილოეთის ქვეყნების მცხოვრებთათვის, რაქიტული და დღენაკლული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. ადგილობრივი დასხივება რეკომენდებულია რევმატოიდული ართრიტის, სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლიართრიტის, ბრონქული ასთმის, ნევრალგიის, იშიასის დროს. არ შეიძლება ულტრაიისფერი დასხივების გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნეების, ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის, თირეოტოქსიკოზის, წითელი მგლურას, ათეროსკლეროზის შორს წასული ფორმების სამკურნალოდ.

- უკანასკნელ ხანს კვანტური ელექტრონიკის განვითარებამ გამოიწვია ლაზერების, სამედიცინო აპარატების სერიული გამოშვება და მედიცინაში დანერგვა. ფიზიოთერაპიაში თუ იყენებენ მათ?

- ლაზერის გამოსხივება ელექტრომაგნიტური ტალღებია, რომლებიც ცვლის უჯრედების ფუნქციურ აქტივობას, აძლიერებს ფერმენტულ სისტემას, მიკროცირკულაციას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას. ჩვენთან ლაზეროთერაპიის პროცედურა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. კურსი 12-14 პროცედურას მოიცავს. ლაზერის პროცედურის დროს აუცილებელია, როგორც პაციენტმა, ისე სამედიცინო პერსონალმა თავის დასაცავად გაიკეთონ სპეციალური სათვალეები, რათა თავიდან აიცილონ ლაზერის სხივების ორგანიზმზე პირდაპირი ზემოქმედება.