ჰაერის ზემოქმედება ორგანიზმზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰაერის ზემოქმედება ორგანიზმზე

ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებში იქმნება ორგანიზმის გადაცივების საშიშროება. არათუ ხანგრძლივი, არამედ ხანმოკლე ზემოქმედებაც კი იწვევს ზოგადი და ადგილობრივი ხასიათის რეფლექსურ რეაქციებს, ფუნქციურ ძვრებს, და არა მხოლოდ ლოკალურად, ანუ იმ ადგილებში, რომლებიც უშუალოდ ცივდება, არამედ სხეულის დაშორებულ უბნებშიც. მაგალითად, ფეხების გაცივება იწვევს ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსების ტემპერატურის დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებას, ხელს უწყობს სურდოსა და ხველის განვითარებას. ცივი ჰაერის ზემოქმედებისას ხელსაყრელი პირობები იქმნება სასუნთქი სისტემის, სახსროვანი აპარატის, კუნთოვანი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების - ბრონქიტის, პლევრიტის, პნევმონიის, მიოზიტის, მიალგიის, რევმატიზმის, ნევრიტის - აღმოცენებისა და გამწვავებისთვის. ორგანიზმის ქრონიკული გადაცივება აქვეითებს ინფექციური დაავადებებისადმი მის წინააღმდეგობის უნარს. ცივისგან განსხვავებით, გრილი ჰაერი აკავებს მავნე ნივთიერებებს, ამაგრებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აუმჯობესებს ორგანიზმის ყველა შინაგანი ორგანოს ფუნქციას. განსაკუთრებით მავნებელია ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა-ცვალებადობა, რადგან ასეთ დროს დაბალ ტემპერატურასთან შეგუებას ყველა ორგანიზმი ვერ ასწრებს. ტემპერატურის მკვეთრი დაქვეითება ყველაზე საშიშია გულის მანკით, სისხლძარღვთა სკლეროზით, თირკმლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. გადაღლილ ადამიანებს და მათ, ვინც ცუდად იკვებება, გაცილებით მეტად უჭირთ ტემპერატურის ცვლილების ატანა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჰაერის ტემპერატურის ზომიერი მერყეობა არათუ მავნე არ არის, სასარგებლოც კია ადამიანისთვის, ვინაიდან ის ორგანიზმის ფიზიოლოგიური გაკაჟებისა და მისი თერმორეგულაციური მექანიზმების წრთობისთვის აუცილებელ ფაქტორად განიხილება. მთელი სხეულის მოკლე ხნით მკვეთრად გაცივება (მაგალითად, ზამთარში მდინარეში ჩაშვება), თუ მას უმალვე მოჰყვება გათბობა, გაცილებით ნაკლებსახიფათოა, ვიდრე მისი ცალკეული ნაწილების სუსტად, მაგრამ დიდი ხნით გაცივება. მთელი სხეულის გაცივების დროს სიცივის შეგრძნება უმალ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომელიც ამის საპასუხოდ სხვადასხვა დამცავი მექანიზმის მობილიზებას ახდენს, ლოკალური (შემოსაზღვრული) გაცივების დროს კი, განსაკუთრებით - ვარჯიშის ან ფიზიკური შრომის დროს, სიცივის შეგრძნება ნაკლებად აღიქმება, შესაბამისად, თერმოსარეგულაციო აპარატი მას რეაგირების გარეშე ტოვებს, დამცავი მექანიზმების უმოქმედობის შედეგად კი პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება.

ცხელი ჰაერი

ცხელი ჰაერი ათხელებს სისხლს, ნაღველს, ლორწოს, ადუნებს ორგანიზმს. თუ ჰაერის ტემპერატურა მეტისმეტად მაღალი არ არის, სისხლის ინტესიური მოდენის (მოწოლის) დროს ადამიანს სახე უწითლდება, ხოლო ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში უყვითლდება. ცხელი ჰაერი აძლიერებს ოფლდენას, ამცირებს შარდის გამოყოფას, ამძაფრებს წყურვილს. სიცხეში დიდხანს ყოფნა, სითბოს გაცემის პირობათა დარღვევის გამო, იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას, პულსის გახშირებას, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციის შესუსტებას. ამავე დროს, თავს იჩენს თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, უქეიფობა, ყურადღებისა და მოძრაობის კოორდინაციის დეფიციტი, მცირდება შრომისუნარიანობა. საზოგადოდ, იმისთვის, რომ სხეულის გადახურება არ მოხდეს, უმჯობესია, ჰაერის ტემპერატურა სხეულისაზე 5-10 გრადუსით დაბალი იყოს. მაღალ ტემპერატურას ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ სწრაფად ეგუება. რაც ყველაზე საინტერესოა, მაღალი ტემპერატურისა და მომატებული ტენიანობისადმი ორგანიზმის გამძლეობა გამომუშავდება არა მოსვენების, არამედ აქტიური კუნთური მუშაობის დროს (რა თქმა უნდა, არა ზღვარგადასული დატვირთვის პირობებში).

ტენიანი ჰაერი

ჰაერის ტენიანობა განსაზღვრავს ორგანიზმის სითბოს ცვლასა და ოფლის გამოყოფას, არბილებს კანს და ატენიანებს სხეულს. ჰაერის ტენიანობისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ჰიპერტონიული დაავადების მქონე და ათეროსკლეროზით დაავადებული ადამიანები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები უმთავრესად სწორედ მაღალი ტენიანობის პირობებში მწვავდება. ბევრის გარეგნულ იერზე წვიმიანი დღეებიც კი თავისებურ კვალს ტოვებს - სახე უფითრდებათ და რამდენადმე ეცვლებათ. ორგანიზმზე ჰაერის ტენიანობის გავლენას უშუალო კავშირი აქვს ტემპერატურასთან. ჰაერის მაღალი ტენიანობა აძლიერებს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ტემპერატურის მავნე ზემოქმედებას.

მშრალი ჰაერი

მშრალი ჰაერი აუწყლოებს სხეულს და აშრობს კანს. დაბალი ტენიანობის პირობებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შედარებით ადვილი ასატანია, ვინაიდან აორთქლება ინტენსიურად მიმდინარეობს. შუა აზიასა და ყირიმში ჰაერის დაბალი ტენიანობის გამო ზაფხულში მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი გაცილებით ნაკლებად ცხელა, ვიდრე შავი ზღვის სანაპიროზე. მშრალი ჰაერის უარყოფითი გავლენა გამოიხატება ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს გამოშრობით. ბრონქული ასთმით დაავადებულები თავს ცუდად გრძნობენ. საერთო ჯამში, ფიზიოლოგიურ პროცესებზე მშრალი ჰაერის გავლენა ისე საშიში არ არის, როგორც ტენიანისა.