სასმელი სადღესასწაულო სუფრისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასმელი სადღესასწაულო სუფრისთვის

სპირიტუს ვინი

ჩრდილოეთის ზოგიერთ ქვეყანაში სწამთ, რომ თუ ახალ წელს სასმელი მდინარესავით მოედინება, მთელი წელი უხვი და წარმატებული იქნება. ირწმუნებთ თუ არა ამას, თქვენი ნებაა. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია გითხრათ: რაც უფრო მეტს დალევთ და რაც უფრო მეტ სასმელს აურევთ ერთმანეთში, მით უფრო მეტად გაგიჭირდებათ მეორე დღეს გამოზარხოშება. ეს უსიამოვნება თავიდან რომ ავიცილოთ, უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ დავლიოთ ახალ წელს.

ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას

არაყი მაცივრიდან უმჯობესია უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ გამოიღოთ. წითელი ღვინო ოთახის ტემპერატურაზე 2-3 გრადუსით გრილი უნდა იყოს, მაგრამ არასოდეს გააცივოთ ზღვრულ ტემპერატურაზე - 18 გრადუსზე მეტად. თეთრი ღვინო, პირიქით, უნდა მიართვათ გაცივებული, მაგრამ არა მეტისმეტად ცივი. თუ ღვინის ტემპერატურა 8-10 გრადუსზე ნაკლებია, მის არომატს მთელი სისავსით ვერ შეიგრძნობთ. თეთრ მშრალ ღვინოებს და შამპანურს აცივებენ მაცივარში ან ყინულიან ჭურჭელში, თუ გარემოს ტემპერატურა საშუალებას იძლევა - ფანჯარაშიც, მაგრამ მოარიდეთ ორპირ ქარს. ლიქიორის, ტკბილი (მალაგას, მუსკატის ტიპის) ღვინოების ტემპერატურა ოთახისას უნდა უთანაბრდებოდეს. კონიაკს ქალივით ნაზად უნდა მოექცეთ, სვათ ნელ-ნელა, წრუპვით: ჩაასხათ ცოტაოდენი კონიაკი ფართოძირიან და ვიწროპირიან ბოკალში, დაიჭიროთ ხელში, ხელისგულებით ოდნავ შეათბოთ, შემდეგ მოსვათ, მაგრამ გადაყლაპვა არ იჩქაროთ - ერთხანს პირში გააჩერეთ, რათა სრულყოფილად შეიგრძნოთ მისი არომატი. მთელი საღამოს განმავლობაში საკმარისია დალიოთ 50-100 მლ კონიაკი.

სმის ხელოვნება

შამპანური

შამპანურს ასხამენ ოდნავ დახრილი ფუჟერის კედელზე, რათა ქაფი არ გადმოვიდეს. ბოკალს ავსებენ სანახევროდ ან ორ მესამედზე და დროდადრო, საჭიროებისამებრ, ამატებენ. ნუ აურევთ შამპანურს სხვა ალკოჰოლურ სასმელებს - მძიმე ნაბახუსევი გექნებათ.

ტეკილა

კლასიკური წესის თანახმად, ტეკილა მიაქვთ ვიწრო სირჩით (50 გ) ცხარე მარილსა და მწვანე ლიმონთან - ლაიმთან ერთად. ცერა და საჩვენებელ თითებს შორის წაისვით ლიმონის წვენი, დაიყარეთ მარილი, შემდეგ ალოკეთ და ტეკილა გადაჰკარით. მაცოცხლებელი ეფექტი სახეზეა. არსებობს სმის მეორე წესიც: ტეკილას დალევამდე მიირთვით ცხარე წიწაკის - ჩილის პატარა ნაჭერი. მექსიკური წესი: სასმლის ულუფას ურევენ ტონიკს. დალევამდე ჭიქას ხელს აფარებთ, შემდეგ უეცრად მაგრად ურტყამთ მუშტს მაგიდას - ეს იწვევს ტონიკის შენჯღრევას და აქაფებას. მერე კი სულმოუთქმელად გადაკრავთ სასმელს. მექსიკური ბარების მუდმივი სტუმრები ერთმანეთს ხშირად ეჯიბრებიან, ვინ უფრო სწრაფად და მოხერხებულად დალევს ამ სასმელს.

მარტინი

მშრალი მარტინი მიაქვთ მწვანე ზეთისხილთან ერთად, რომელიც წამოცმულია სპეციალურ ჩხირზე და დევს ბოკალში. მარტინის ბოკალს კონუსის ფორმა უნდა ჰქონდეს. ტკბილ მარტინის უხდება დაკონსერვებული ალუბალი.

აბსენთი

კლასიკური მეთოდი: ბოკალზე დადეთ კოვზი, ზედ მოათავსეთ შაქრის ნატეხი და ბოკალში ისე ჩაასხით სასმელი, რომ შაქრის ნატეხს დაესხას. ამის შემდეგ აბსენთით გაჟღენთილ შაქარს მოუკიდეთ ცეცხლი, აცადეთ გადნობა და აბსენთში ჩაასხით. გაითვალისწინეთ: აბსენთი მაგარი სასმელია და ადვილად აალდება, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. ბოლოს აბსენთს დაამატეთ წყალი. ამ დროს იგი შეიცვლის ფერს - გათეთრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ილექება ეთერზეთები, რომლებსაც განზავებული სპირტი ვეღარ იკავებს. უკვე შეგიძლიათ, მიირთვათ. ფრანგული მეთოდი: ჩაასხით ბოკალში ერთი წილი აბსენთი, ბოკლის კიდეებზე ჩამოდეთ სპეციალური ნასვრეტიანი კოვზი, ზედ დადეთ შაქრის ნატეხი და ჭიქაში ჩაასხით სამი წილი ცივი წყალი ისე, რომ შაქარს დაესხას. შაქარი იხსნება წყალში და მიღებული ვაჟინი ერევა აბსენთს. არასოდეს დააყოლოთ მაგარ სასმელს გაზიანი - ეს მხოლოდ დააჩქარებს თრობას.


რას სვამენ ევროპაში

დიდ ბრიტანეთში საახალწლო სუფრის აუცილებელი კომპონენტია პუნში. ტრადიციული ინგლისური პუნში 5 ინგრედიენტისგან მზადდება: რომის, ღვინის, სანელებლების, თაფლისა და წყლისგან, - თუმცა ყველა ინგლისურ ოჯახს პუნშის საკუთარი რეცეპტი აქვს. საფრანგეთში ახალ წელს აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ცივი კრუშონი. ამ სასმლის სამშობლოდაც სწორედ საფრანგეთი მიიჩნევა. კრუშონს ღვინისა და ხილისგან ამზადებენ. ღვინოს ასხამენ მოზრდილ ჭურჭელში, ამატებენ ცოცხალ ან დაკონსერვებულ ხილს, აზავებენ დარიჩინითა და ვანილით, ბოლოს ამატებენ შამპანურს და ფუჟერებში ასხამენ.

რამდენიმე რეცეპტი

ცხელი უალკოჰოლო პუნში

სქელი მინის ლამაზ ფუჟერებში ჩაასხით 20 მლ ვანილის ან ლიმონის ვაჟინი, დაამატეთ 3 ცალი მიხაკი და ლიმონის ქერქის ნაჭერი (ქერქს შეგიძლიათ მისცეთ ვარსკვლავის, ყვავილის ან გულის ფორმა). ამის შემდეგ ჭიქაში ასხამთ ცხელ მაგარ შავ ჩაის. ასეთი სასმელი არაჩვეულებრივად გაგათბობთ სუსხიან ამინდში, სუფთა ჰაერზე გასეირნების შემდეგ.

გლინტვეინი

1 ლიტრი წითელი ღვინო წამოადუღეთ 200 გ შაქართან ერთად. დაუმატეთ 6-7 ცალი მიხაკის და 1-2 ცალი დარიჩინის ჩხირი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.

გროგი

1 ლიტრი წყალი წამოადუღეთ 300 გ შაქართან ერთად. ჩაამატეთ 2 ჭიქა კონიაკი. მიიტანეთ სუფრასთან მინის დაბალი ბოკლებით, აუცილებლად ცხელი.

SOS-რჩევები

  • სუფრასთან მეტისმეტად რომ არ შეზარხოშდეთ, წინასწარ დალიეთ მოზრდილი ფინჯანი მაგარი შავი ან მწვანე ჩაი პიტნით. კიდევ ერთი ფინჯანი დალიეთ სუფრის შემდეგ - საკმაოდ მალე გამოფხიზლდებით.
  • დალიეთ ფინჯანი თურქული ყავა ლიმონის წვენით ან ლიმონის ნაჭრით. კიდევ ერთი ფინჯანი დალიეთ სუფრის შემდეგ - სწრაფად გამოფხიზლდებით.

გაითვალისწინეთ: თუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს უჩივით, არც მაგარ ჩაის, არც ყავას და არც სასმლით დათრობას არ  გირჩევთ.

  • თუ წვეულების წინ, უზმოზე, დალევთ ერთ-ორ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს, მეტი შანსი გაქვთ, არ დათვრეთ.

არ აურიოთ სასმელები!

სუფრასთან სვით მხოლოდ ერთი სახის სპირტიანი სასმელი. თუ სასმელები ერთმანეთში აურიეთ, დილის თავის ტკივილი გარანტირებული გაქვთ.

ლიმონი - მოქეიფეთა მეგობარი

თუ იგრძენით, რომ ზედმეტი მოგივიდათ, შეჭამეთ ახალი ლიმონი ან დალიეთ ლიმონის ახალგამოწურული წვენი უშაქროდ - ეს ციტრუსი მდიდარია ასკორბინის მჟავათი, რომელიც ბლოკავს ტოქსინებს და ამსუბუქებს ნაბახუსევის ტანჯვას. ღრეობის შემდეგ მიეცით ორგანიზმს დასვენების საშუალება. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, ფაფები, მსუბუქი სალათები, რძის პროდექტები, სვით მეტი სითხე - წყალი, მწვანე ჩაი, ახალგამოწურული წვენები. გახსოვდეთ: ორგანიზმიდან ყველაზე მეტხანს გამოდის არაყი, კონიაკი და სპირტი - 100 გრამის გადასამუშავებლად ორგანიზმს 4-5 საათი სჭირდება. ამდენივე შამპანურს, ლუდსა და ღვინოს კი ორჯერ ნაკლებ ხანში მოინელებთ.  ასე რომ, თუ გსურთ, დილისთვის ფორმაში იყოთ, გათვალეთ საკუთარი დოზა.