რას გვიქადის სიცხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვიქადის სიცხე

მაღალ ტემპერატურასა და მზის ზემოქმედებასთან დაკავშირებული დაავადებების კლინიკური სურათი უმნიშვნელოც შეიძლება იყოს და საკმაოდ მძიმეც. უკანასკნელი შემთხვევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. სითბოსთან დაკავშირებული პათოლოგიური მდგომარეობებია სითბური დაკვრა, სითბური კრამპი, სითბური სინკოპე, სითბური გამონაყარი. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მძიმე მდგომარეობა სითბური დაკვრაა. ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს სითბოს დამაზიანებელი ზემოქმედების უფრო მაღალი რისკი ემუქრება. მათ რიცხვს ეკუთვნიან მოხუცები, ახალშობილები, პატარა ბავშვები, სიმსუქნითა და სხვა ქრონიკული სნეულებებით დაავადებულები.

რა იწვევს სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებს?

მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედებისას ადამიანის ორგანიზმი კარგავს ტემპერატურის ეფექტური რეგულირების უნარს. ჩვეულებრივ, სიცხეში ორგანიზმი ოფლს გამოყოფს და მისი აორთქლების წყალობით გრილდება, მაგრამ 350ც-ზე მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის დროს გაგრილების ეს მექანიზმი ეფექტურად ვეღარ მუშაობს - აორთქლება ფერხდება და სითბოს გაცემაც მცირდება. გარდა ამისა, გაძლიერებული ოფლიანობა, თუ დაკარგული სითხე არ ავინაზღაურეთ, სითხისა და ელექტროლიტების დეფიციტს იწვევს. ასეთ დროს სხეულის ტემპერატურა სწრაფად იმატებს და თუ ძალიან მაღალ ციფრებს მიაღწია, შესაძლოა თავის ტვინი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები დააზიანოს. გარდა განხილული მექანიზმისა, სხეულის თბორეგულაციის დამაბრკოლებელი ფაქტორებია ხანში შესული ასაკი, სიმსუქნე, ცხელება, დეჰიდრატაცია ანუ სითხის დეფიციტი, გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ზოგიერთი მედიკამენტი და ალკოჰოლიანი სასმელები, ამიტომ გარემოს მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის:

  • ჩვილებსა და ოთხ წლამდე ასაკის პატარებს.
  • 65 წელს გადაცილებულებს.
  • ჭარბი წონისა და მსუქან პაციენტებს.
  • მათ, ვინც ძლიერ ოფლიანდება ვარჯიშისა და მუშაობის დროს.
  • ფსიქიკურად დაავადებულებს.
  • ქრონიკულად დაავადებულებს, რომლებიც მედიკამენტურ მკურნალობას იტარებენ.

პატარა ბავშვები ძალზე მგრძნობიარენი არიან მაღალი ტემპერატურის დამზიანებელი ზემოქმედების მიმართ თუნდაც იმიტომ, რომ გარემო პირობების შეცვლა და სითხის სათანადო რაოდენობით მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. 65 წლიდან ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ რეაგირებს გარემოს ტემპერატურის მკვეთრ მატებაზე. ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს ორგანიზმი სითბოს სათანადოდ ვერ გასცემს და გადახურდება. ნებისმიერი დაავადება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს დეჰიდრატაცია (ორგანიზმის სითხით გაღარიბება), ორგანიზმს უფრო მგრძნობიარეს ხდის სიცხით გამოწვეული დაავადებების მიმართ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სითხის სათანადო რაოდენობით მიღება და ზედმეტი დატვირთვის თავიდან აცილება, როცა ადამიანს აქვს ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • დეპრესია;
  • ნევროზი;
  • ფსიქიკური დარღვევები;
  • უძილობა;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

სითბური დაკვრა

სითბური დაკვრა გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელიც დაუყოვნებელ დახმარებას მოითხოვს. ეს არის სიცხით გამოწვეული დაავადების მძიმე ფორმა, რომელიც მდგომარეობის პროგრესული გაუარესებისას შესაძლოა სიკვდილითაც კი დასრულდეს. სითბური დაკვრისას ორგანიზმს აღარ შესწევს ტემპერატურის რეგულირების უნარი და მისი მაჩვენებელიც სწრაფად აღწევს 40,50ც-მდე, რასაც შესაძლოა ტვინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანება მოჰყვეს. დაზიანების ხარისხი სიცხის ზემოქმედების ხანგრძლივობასა და ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ამ მდგომარეობას უცხოურ ლიტერატურაში მზის დაკვრასთან აიგივებენ. სითბური დაკვრა შეიძლება იყოს დატვირთვასთან, ვარჯიშთან დაკავშირებულიც და მისგან დამოუკიდებელიც. ვარჯიშთან დაკავშირებული სითბური დაკვრა უფრო ხშირია ახალგაზრდა, ჯანმრთელ პირებში, რომლებიც, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ჩვეული დატვირთვით განაგრძობენ ვარჯიშს. დატვირთვისგან დამოუკიდებელი სითბური დაკვრა კი, რომელსაც კლასიკურ სითბურ დაკვრას უწოდებენ, ძალიან პატარებში, მოხუცებში ან ქრონიკულად დაავადებულებში გვხვდება.


როგორ ვლინდება სითბური დაკვრა

სითბური დაკვრა სხვადასხვანაირად ვლინდება. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა;
  • წითელი, მშრალი, ცხელი კანი;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • თავის ტკივილი;
  • თავბრუ;
  • კოორდინაციის (წონასწორობის) დარღვევა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • გონების დაბინდვა;
  • გულყრა;
  • კომა.

როგორ მკურნალობენ სითბურ დაკვრას

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოცენებისას სამედიცინო დაწესებულებას უნდა მივმართოთ, მანამდე კი აუცილებელია:

  • პაციენტს გავხადოთ ტანსაცმელი, გადავიყვანოთ ჩრდილში ან გრილ ოთახში;
  • ნებისმიერი საშუალებით გავაგრილოთ, მაგალითად, გადავავლოთ გრილი წყალი, კანი დავუნამოთ წყლით, თუ ტენიანობა არ არის მაღალი, შემოვახვიოთ სველი პირსახოცი, კისრის, საზარდულის, იღლიის არეში დავადოთ ყინული ან ცივი კომპრესი, სანამ ტემპერატურა 38,80ც-მდე არ დაიწევს;
  • დავალევინოთ ცივი წყალი, არამც და არამც არ მივცეთ ალკოჰოლიანი სასმელი!

მძიმე შემთხვევებში არ არის გამორიცხული გულყრის განვითარება. ასეთ დროს აუცილებელია, დავიცვათ ადამიანი სხეულის მექანიკური დაზიანებისგან, უზრუნველვყოთ სასუნთქი გზების განვლადობა. არსებობს ნაკლებად მძიმე სითბური დაკვრაც. ის მაშინ აღმოცენდება, როდესაც ადამიანი სიცხეში ასრულებს მძიმე ფიზიკურ სამუშაოს და სითხისა და მინერალების დიდი რაოდენობით კარგვის შედეგია. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მათ ემუქრებათ, ვინც სიცხეში დატვირთვას არ არის მიჩვეული. მსუბუქ შემთხვევებში ტემპერატურა ნორმალურია ან ოდნავაა მომატებული, არ აღწევს მაღალ ციფრებს, სიმპტომების გამოხატულება შესაძლოა უმნიშვნელოდან თვალსაჩინომდე ვარირებდეს, მაგრამ არასოდეს იჩენს თავს ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები. არ არის აუცილებელი, ასეთ შემთხვევებს სტაციონარში ვუმკურნალოთ. ხშირად საკმარისია გაგრილება, ცივი წყლის მიღება. კლინიკურ სიმპტომთაგან აღსანიშნავია:

  • სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატება (ისიც - არა ყოველთვის);
  • ძლიერი ოფლიანობა;
  • სიფითრე;
  • კუნთების ტკივილი, კრამპი;
  • სისუსტე;
  • თავბრუ;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა.

კანი შეიძლება ცივი და ნამიანი იყოს, პულსი - აჩქარებული ან შენელებული, სუნთქვა - ხშირი ან გაიშვიათებული. თუ ადამიანმა სიცხეში დატვირთვა განაგრძო, არ არის გამორიცხული, მდგომარეობა დამძიმდეს.

პირველი დახმარება

მსუბუქ შემთხვევებში რეკომენდებულია:

  • ცივი, უალკოჰოლო სასმელი;
  • მარილიანი მშრალი საკვები;
  • გრილ ან ცივ შენობაში, ჩეროში გადასვლა;
  • გრილი შხაპი ან აბაზანა;
  • ტანსაცმლის გახდა.

მძიმე სიმპტომების ან თანმხლები დაავადებების დროს დროულად მიმართეთ ექიმს! ექიმთან ვიზიტი მაშინაც აუცილებელია, როცა სითბური დაკვრის მსუბუქი სიმპტომები ერთი საათის განმავლობაში არ უკუვითარდება.


სიცხით გამოწვეული კრამპი

სიცხით გამოწვეული კრამპი - კუნთების მტკივნეული შეკუმშვა - მაშინ ვითარდება, როცა სიცხეში დატვირთვის დროს ადამიანს უხვად სდის ოფლი. ოფლიანობის შედეგად ვითარდება მარილების დეფიციტი, რაც კუნთების მტკივნეული შეკუმშვის მიზეზია. სიცხით გამოწვეული კრამპი შეიძლება სითბური დაკვრის ერთ-ერთი სიმპტომიც იყოს, ამიტომ მისი იგნორირება არ არის რეკომენდებული. კრამპმა შეიძლება მოიცვას მუცლის, მკლავების, ქვემო კიდურების კუნთები.

როგორ უნდა მოვიქცეთ სითბური კრამპის დროს

  • შეწყვიტეთ ფიზიკური აქტივობა;
  • დალიეთ ცივი წყალი, მიიღეთ მარილიანი საკვები;
  • მტკივნეულ კუნთს მსუბუქად დააწექით, დაიზილეთ;
  • დატვირთვას ნუღარ განაგრძნობთ, რამდენიმე საათი დაისვენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია სითბური დაკვრა;
  • მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, თუ კრამპმა ერთ საათში არ გაიარა.

როგორ ავიცილოთ თავიდან სიცხით გამოწვეული დაავადებები

  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში - კიდევ უფრო მეტი, საათში 2-4 ჭიქა.
  • თუ ექიმმა წყლის მიღების შეზღუდვა გირჩიათ, ექსტრემალური სიცხის დროს აუცილებლად დაუკავშირდით მას და სთხოვეთ კონკრეტული მითითებები სითხის მიღების თაობაზე;
  • განსაკუთრებით ცხელ დღეებში წყალი რეგულარულად სვით, ნუ დაელოდებით, როდის შეგაწუხებთ წყურვილი, განსაკუთრებით - თუ 65 წელს ხართ გადაცილებული: ამ ასაკში დაქვეითებულია რეაქცია ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებაზე;
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე ვარჯიშის და, საზოგადოდ, ფიზიკური დატვირთვის დროს, მაგრამ ერიდეთ ცივ ხილსა და ბოსტნეულს - მათ შესაძლოა კუჭის სპაზმური ტკივილი გამოიწვიონ;
  • ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით კოფეინიან (ყავა, კოლა, ჩაი) და ალკოჰოლიან სასმელებს - ეს ნივთიერებები ხელს უწყობს სითხის კარგვას.

მიიღეთ მარილი და მინერალები

მარილები და მინერალები ორგანიზმის აუცილებელი კომპონენტებია, ძლიერი ოფლიანობა კი ხელს უწყობს მათ კარგვას. დანაკარგის შევსება აუცილებელია. ამ თვალსაზრისით უადვილესი და უსაფრთხო გზაა კვების რეჟიმის ცვლილება:

  • მიიღეთ ხილის წვენი;
  • ნუ მოაკლებთ საკვებს მარილს;
  • თუ ექიმმა უმარილო დიეტა დაგინიშნათ, მიიღეთ მისგან კონკრეტული რჩევები ცხელ ამინდში დიეტის ცვლილების შესახებ;
  • ატარეთ ნათელი ფერის, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც ტანზე არ გიჭერთ;
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები;
  • მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას თავი შეაფარეთ ქოლგას ან დაიხურეთ თხელი ქუდი;
  • სითბურ დაკვრას ხელს უწყობს მზის სხივებით გამოწვეული დამწვრობაც, რომლის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა მზისგან დამცავი კოსმეტიკა. რეკომენდებულია მისი წასმა შინიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე. ასეთი საშუალებების მზისგან დამცავი ფაქტორი, SPF, 15 და მეტი უნდა იყოს;
  • სათანადოდ დაგეგმეთ დღე და ეცადეთ, არ გახვიდეთ ქუჩაში 12-დან 17 საათამდე.