რატომ უნდა ვერიდოთ მზეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა ვერიდოთ მზეს

ბრიტანეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური ცენტრის დოქტორმა ჰოუპ-სიმპსონმა ჯერ კიდევ 1969 წელს ივარაუდა, რომ გრიპის ეპიდემია მზის მაღალი აქტივობის შედეგი იყო. შემდგომ ეს ჰიპოთეზა მრავალი სხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიურმა ცენტრებმაც დაადასტურა. დღეს უკვე არაერთი მეცნიერული შესწავლით არის დასაბუთებული, რომ მზეზე დიდხანს ყოფნა იმუნური სისტემის განსაზღვრულ მექანიზმებს არღვევს. ეს, რა თქმა უნდა, აქვეითებს დაავადებებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. მზეზე ზომიერად ყოფნაც კი ზრდის სოკოთი და ვირუსით ინფიცირების რისკს, განსაკუთრებით - ბავშვებში. ბევრ მშობელს შეუმჩნევია, რომ სამხრეთიდან დაბრუნების შემდეგ მისი შვილი უფრო ხშირად და ხანგრძლივად ავადმყოფობს. წინათ ამას ბაღსა თუ სკოლაში ინფექციის გავრცელებას აბრალებდნენ, მაგრამ დღეს უკვე გარკვეულია, რომ ამის მიზეზი სულ სხვა რამ არის, მათ შორის - მზე და მისი გამოსხივების შედეგები. მზის ხილული გამოსხივება, სინათლე, მზის კაშკაშა ზედაპირიდან, რომელსაც ფოტოსფერო ეწოდება, ჩვენამდე თითქმის სრულად მოდის. ევოლუციის პროცესში მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანს დამცველობითი რეაქცია გამოუმუშავდა. ეს გახლავთ პიგმენტი მელანინი, რომელიც სხივებისთვის ერთგვარ ბუნებრივ ფილტრს ქმნის. თუმცა მელანინის ჭარბი გამომუშავება იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. თუ მზის სხივების ზემოქმედებით კანმა ფერი იცვალა, ესე იგი, მას უკვე მიადგა ზიანი, თუნდაც რუჯი უმნიშვნელო იყოს. მუდმივი გარუჯვა, მით უფრო - მზით დამწვრობა, დნმ-ს მოლეკულაში უჯრედთა ზრდასა და დაყოფაზე პასუხისმგებელ გენებს აზიანებს, ამან კი შესაძლოა კანის კიბოს მისცეს დასაბამი. მზის სხივები აზიანებს კანის სტრუქტურას, კანი კარგავს ტენსა და სიმკვრივეს, ჩნდება ნაოჭები და კანი ნაადრევად ბერდება. თუ წინათ გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ მზეს მხოლოდ ღია (თეთრი) კანის მქონე ადამიანები უნდა ერიდონ, დღეს მიიჩნევა, რომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მუქკანიანი ადამიანებისთვისაც არანაკლებ საშიშია. თუ ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ადრევე გამოაჩნდებათ, მუქკანიანებში ამა თუ იმ დაავადებამ შესაძლოა მოგვიანებით იჩინოს თავი. მზის სხივები, რა თქმა უნდა, მეტად სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ნორმირებულად, გონივრულად გამოვიყენებთ. მზის მავნე ზემოქმედების შედეგია კანის სხვადასხვა პათოლოგია. სიმსივნურ პათოლოგიათა მესამედი კანის კიბოს წილად მოდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კანის კიბოსგან ყოველწლიურად 76 ათასი კაცი იღუპება. მზის სხივები ზოგჯერ კანზე გამონაყარს აჩენს. ზოგს მზეზე ალერგიული რეაქცია უვითარდება. ამრიგად, მზის სხივებისგან მაქსიმალურად უნდა ვიცავდეთ თავს. მზეზე ყოფნა უნდა შევზღუდოთ დილის 10-დან საღამოს 5-6 საათამდე - ამ დროს ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე ინტენსიურია. უდავოა, რომ მზის აქტივობა და ენერგია გავლენას ახდენს ცალკეულ ორგანოთა ფუნქციობაზე.


მზის სხივების მოქმედების კვალობაზე იცვლება სისხლის შემადგენლობა, მაგალითად, ცილების დალექვის რეაქცია. ცვლილებას განიცდის ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური სითხეებიც. რამდენიმე ათეული წლის წინ საფრაგნეთში, ინგლისში, საბჭოთა კავშირში, იტალიასა და ბელგიაში ჩატარებული სისხლის 300 000 ანალიზის შესწავლამ ცხადყო, რომ ლეიკოციტების რაოდენობა მზის აქტივობის შესაბამისად კანონზომიერად იცვლებოდა. დღეს უკვე მეცნიერულად არის დასაბუთებული, რომ ნევროზების გამწვავება, თავის ტკივილის სხვადასხვა ფორმის რეციდივი, ქალაშიდა წნევის მერყეობა და ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ფიზიოლოგიური პროცესი მზის ფოტოსფეროში მიმდინარე ამოფრქვევებს - რადიო, ულტრაიისფერი და კორპუსკულური გამოსხივების გაძლიერებას უკავშირდება. ბოლო ხანს, ოზონის შრის განლევის გამო, ადამიანის ორგანიზმზე მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. მზეზე ხანგრძლივად ყოფნამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალებისა და იმუნური სისტემის დაზიანება, კანის დაავადებები, მათ შორის - კიბოც. რაც უფრო ახლოს არის ეკვატორთან კვადრატი, მით უფრო მაღალია იქ ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, შესაბამისად, მით მეტი საფრთხე ელის ადამიანს, ამასთან, ტურისტებს - უფრო მეტი, ვიდრე მკვიდრ მოსახლეობას. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება კატარაქტით და კარგავს მხედველობას. კატარაქტა ბროლის შემღვრევა-დაზიანებაა. ეს პათოლოგია უმალ არ ვლინდება, თუმცა ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ხშირად აღმოცენდება. კატარაქტის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს, თუმცა მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა კატარაქტის და ამ პათოლოგიით განპირობებული სიბრმავის უშუალო მიზეზთაგანია.

მზის დაკვრა და დამწვრობა

მზის დაკვრას თავის ინტენსიური და ხანგრძლივი დასხივება იწვევს. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სიმპტომთა განსაზღვრული კომპლექსით გამოიხატება. შესაძლოა განვითარდეს როგორც უშუალოდ დასხივების პროცესში, ასევე მზეზე ყოფნიდან 6-8 საათის შემდეგ. მზის დაკვრის დროს აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, კანის შეწითლება, უხვი ოფლდენა, ზოგჯერ - ცხვირიდან სისხლდენაც. პულსი და სუნთქვა გახშირებულია, არტერიული წნევა - დაქვეითებული. მძიმე შემთხვევებში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 41 გრადუსს მიაღწიოს და ადამიანმა გონი დაკარგოს. ასეთ დროს ხშირად ქვეითდება გულის მუშაობის აქტივობა, ვითარდება გულყრა.

პირველი დახმარება მზის დაკვრის დროს

მზის დაკვრის შემთხვევაში დაშავებული გადაიყვანეთ ჩრდილში, გრილ შენობაში ან საწოლში, დააწვინეთ ზურგზე, თავი აუმაღლეთ. სასურველია, ტანი ცივი წყლით დაუზილოთ ან სველი ზეწარი შემოახვიოთ. მძიმე შემთხვევაში, როდესაც დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო, შეგიძლიათ დაასხათ ცივი წყალი. შუბლზე ცივი კომპრესები დაადეთ, დაალევინეთ ბევრი სითხე. ექსტრემალურ სიტუაციაში (როცა ადამიანს გონი აქვს დაკარგული, მაჯა არ ესინჯება, სუნქთვა შესუსტებული და გაიშვიათებულია) საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, თანაც უთუოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ექიმის მოსვლამდე დაზარალებულს ჩაუტარეთ გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა. მზით დამწვრობის დროს ამ ყველაფერს კანის მძიმე დაზიანებაც ემატება. ეპიდერმისის (კანის ზედაპირული ეპითელური შრის) უჯრედთა მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება. ვითარდება ძლიერი ტკივილი, კანი ბუშტუკებით იფარება, შემდგომ კი იქერცლება, იფცქვნება. ამას ერთვის დაუოკებელი ქავილი. დაზიანებული კანი შესაძლოა მეორეულად დაინფიცირდეს და დამწვრობა ჩირქოვან-ანთებითი პროცესით გართულდეს.

მზის დაკვრის პროფილაქტიკა

უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ თაკარა მზეზე (ზღვის სანაპიროზე დასვენებისას, ყანაში თუ ტრიალ მინდორში მუშაობისას) თავსაბურავის გარეშე დიდხანს ყოფნას. აღნიშნულ ვითარებაში მოხვედრისას აკონტროლეთ თქვენი მდგომარეობა, დროდადრო შეისვენეთ, დაჯექით ჩრდილში, ისხურეთ ცივი წყალი, დაიცავით სითხის მიღების რეჟიმი - მიიღეთ ჩვეულზე მეტი მცირე ინტერვალებით. გახსოვდეთ, მცირეოდენი სითხის მიღებისას ოფლიც ცოტა გამოიყოფა, ოფლის გამოყოფა კი ორგანიზმს გადახურებისაგან იცავს, ამიტომ სიცხეში სითხის მიღების კონტროლი აუცილებელია. მზის აბაზანები კატეგორიულად უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს:

  • ძლიერი ანემია;
  • არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;
  • ცალკეული ორგანოებიდან სისხლდენა;
  • ონკოლოგიური პათოლოგია;
  • კანის ზოგიერთი დაავადება.