რატომ ერევათ გული ტრანსპორტში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ერევათ გული ტრანსპორტში

ისიც აღსანიშნავია, რომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, კინეტოზი დაავადება კი არ არის, არამედ ადამიანის ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა სხეულის მდებარეობის უჩვეულო ცვლილების პასუხად. სხეულის მდებარეობის რეგულაციაზე პასუხისმგებელი სისტემა ძალზე ნატიფი და მგრძნობიარეა. ის მოიცავს მხედველობის ორგანოს და შიგნითა ყურს ვესტიბულურ აპარატთან და ტვინთან ერთად. ამ სისტემის ფუნქციობის დარღვევისას თავს იჩენს მეტად უსიამოვნო შეგრძნებები, მათ შორის - გულისრევა და ღებინება. ზღვის დაავადებისადმი გამძლეობა ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული. ის ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცებთან, ყველაზე მეტად კი კინეტოზით 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იტანჯებიან. ამ ასაკში ტრანსპორტში რწევა ბავშვების 58%-ს აღენიშნება. ასაკთან ერთად ბევრი ეჩვევა ვესტიბულურ სტიმულაციებს და განმეორებით მოქმედ გამღიზიანებლებზე აღარ რეაგირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასაკთან ერთად ზოგიერთ ადამიანს კინეტოზი აღარ აწუხებს, თუმცა მოსახლეობის 5-10% მთელი სიცოცხლე იტანჯება ტრანსპორტში რწევით. ასეთი ადამიანები ერიდებიან მგზავრობას, რადგან სიამოვნების ნაცვლად უსიამოვნებას იღებენ, მით უფრო - შორეული მოგზაურობისგან, რადგან წყლის ტრანსპორტითა თუ ავტომანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას გულისრევა ხშირად განმეორებით ხასიათს იძენს, შედეგად კი აპათია და დეპრესია ვითარდება. ადამიანი მეტისმეტად ეშვება და ითრგუნება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში (იგულისხმება ძლიერი რწევა) ზღვის დაავადების სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, ყოფილ მეზღვაურსაც კი განუვითარდეს. ამის ნათელი მაგალითია ინგლისელი ადმირალი ნელსონი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ზღვაზე გაატარა და მიუხედავად ამისა, ყოველი ძლიერი შტორმის დროს კინეტოზით საშინლად იტანჯებოდა.

კინეტოზის პათოგენეზი

ზღვის დაავადებას მეტად რთული პათოგენეზი აქვს. მისი მექანიზმები დღესაც მეცნიერული შესწავლის საგანია. მკვლევართა უმეტესობა მხარს უჭერს მეცნიერ ვოიაჩეკის თეორიას, რომლის თანახმადაც კინეტოზის განვითარებაში წამყვან როლს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები ასრულებენ. ეს რეცეპტორები რეაგირებენ სხეულის მდებარეობის, მოძრაობის ცვლილებასა და აჩქარებაზე და ტვინს სიგნალს აწვდიან ამ აჩქარების ძალასა და ხასიათზე. მაგალითად, ლიფტით მგზავრობისას ჩვენ ვგრძნობთ როგორც მისი გადაადგილების (მოძრაობის) მიმართულებას (ზემოთ მიდის თუ ქვემოთ), ასევე სიჩქარეს და გაჩერების სისწრაფეს (მკვეთრად გაჩერდა თუ ნელა). ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები მეტად მგრძნობიარენი არიან ხანგრძლივად განმეორებადი მოძრაობების მიმართ. ამის კარგი მაგალითია ის შეგრძნებები, რომლებიც ადამიანს ეუფლება ძლიერი შტორმის დროს გემზე რწევისას, ავტომანქანით მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მგზავრობისას, ასევე - უჩვეულო აჩქარებებით მოძრაობისას. მაგალითად, ცნობილ ატრაქციონზე - ამერიკულ მთებზე - სრიალისას, თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისას. ყველა ჩამოთვლილი მოძრაობა რწევას ანუ კინეტოზს იწვევს. ზღვის დაავადების მთავარი მიზეზი ვესტიბულური აპარატიდან და მხედველობის ორგანოდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ტვინში) გადაცემულ ინფორმაციებს (ნიშნებს) შორის კონფლიქტია. ასეთი კონფლიქტი შესაძლოა აღმოცენდეს გემზე რწევის დროს, როდესაც ადამიანი კაიუტაში იმყოფება და ვერ ხედავს ჰორიზონტს. ამ დროს ვესტიბულური აპარატი განმეორებით მოძრაობებს აღრიცხავს, თვალები კი კაიუტაში უძრავ საგნებს აღიქვამენ.


სენსორული კონფლიქტი წარმოიშობა ასევე ავტომანქანით მგზავრობისას, მეტადრე - თუ ადამიანი წიგნს კითხულობს: მგზავრის შიგნითა ყური და კანის რეცეპტორები მოძრაობას აღიქვამს, მაშინ როდესაც თვალები უძრავ საგანს - გადაშლილ წიგნს - აფიქსირებს. გემზე თუ სხვა ტრანსპორტში მხედველობით-ვესტიბულური შეუთავსებლობა რომ შევამციროთ, უმჯობესია, თვალები დავხუჭოთ ან მზერა ჰორიზონტის ხაზზე შევაჩეროთ. ავტომანქანის მგზავრებმა მოძრაობისას სასურველია წინ იყურონ და არა უკანა ან გვერდითი ფანჯრებიდან, მით უფრო დაუშვებელია მგზავრობისას წიგნის კითხვა. დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ კინეტოზი სენსორული (გრძნობათა ორგანოებიდან წამოსულ იმპულსთა) კონფლიქტის შედეგია. ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა „გადამცემი“ ტვინში ურთიერთგამომრიცხავ, ურთიერთშეუსაბამო ნიშნებს გადასცემს. ანალოგიური სიტუაცია წარმოიშობა ტვინში სტრესის დროს. ამრიგად, ამ ფაქტორებმა შესაძლოა ერთდროულადაც იმოქმედონ. ამ ერთგვარი პათოლოგიური მდგომარეობის აღქმისას ორგანიზმში ძლიერდება თავისუფალი ჰისტამინის გამომუშავება. ეს უკანასკნელი, უპირველეს ყოვლისა, იწვევს გულისრევას, მერე კი სისუსტეს, თავბრუსა და შრომის უნარის დაკარგვას. ზოგიერთ ადამიანს მეტად მგრძნობიარე ვესტიბულური აპარატი აქვს, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში (იგულისხმება ძლიერი რწევა), კინეტოზის სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანს განუვითარდეს. კინეტოზის სიმპტომთა განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი გარეშე ფაქტორი:

  • შიში, ძლიერი ემოცია;
  • რწევის ხასიათი;
  • კითხვა და სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება მოძრაობისას;
  • ამინდი და თანმხლები სტრესული ფაქტორები;
  • დაღლილობა;
  • სუნი და საკვების მიღების პროცესი.

კინეტოზის პროფილაქტიკა

თუ მიდრეკილი ხართ ზღვის დაავადებისადმი და მგზავრობისას ყოველთვის განიცდით უსიამოვნო შეგრძნებებს, ექსპედიციაში გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე სასურველია შეწყვიტოთ სპირტიანი სასმელების, ყავისა და ცხიმიანი საკვების მიღება. ამასთან, აუცილებელია მიეჩვიოთ ყოველდღიურად ჩვეულზე ერთი ლიტრით მეტი წყლის სმას. გამგზავრებამდე აუცილებლად უნდა შეარჩიოთ სათანადო პრეპარატი. რაც მთავარია, წინა ღამით კარგად გამოიძინეთ - ძილი ხელს უწყობს სისხლში ჰისტამინის რაოდენობის შემცირებას. ზღვაში გასვლის შემდეგ აკონტროლეთ წყლის მიღება. სასარგებლოა C ვიტამინით, კალიუმითა და სხვა მინერალებით მდიდარი საკვები, ხილი. გემზე იქნებით თუ ავტომობილში, მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. უმჯობესია, მიიღოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, დახუჭოთ თვალები და რამე სასიამოვნოზე იფიქროთ. ამით ორგანიზმს საშუალებას მისცემთ, მუდმივი რწევის მდგომარეობას შეეჩვიოს, შესაბამისად, სენსორული კონფლიქტი რამდენადმე განელდება და კინეტოზის სიმპტომებიც აღარ გამოვლინდება მკვეთრად. გულისრევის შეტევის შემდეგ ადამიანები ხშირად თავს უკეთ გრძნობენ, ამიტომ წინასწარ შფოთვა არ ღირს, მით უფრო, რომ ემოცია და შიში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელს უწყობს კინეტოზის სიმპტომთა განვითარებას. რაც შეეხება ხანგრძლივ გულისრევას, მან შესაძლოა ძალიან სწრაფად გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოება, თავბრუხვევა, სისხლში შაქრის დონის ვარდნა, წნევის დაქვეითება, მოუსვენრობა, თვალების დაბინდვა, დეპრესია, საბოლოოდ კი - შოკური მდგომარეობა.