როდის არის აუცილებელი დღის რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის არის აუცილებელი დღის რეჟიმი

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, ცხოვრების თანამედროვე დაძაბული რიტმის გათვალისწინებით, აუცილებელია, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სწრაფად აღვიდგინოთ დახარჯული ენერგია. სამწუხაროდ, დგება ისეთი წუთებიც, როცა დღის რეჟიმის დაცვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს ცხოვრების ის ეპიზოდია, რომელიც ყველა ჩვენგანს გადაუტანია - ავადმყოფობა. არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვების რეჟიმს. უპირველეს ყოვლისა, ესენია შაქრიანი დიაბეტი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. მოდი, გავარკვიოთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საკვების დროული მიღება ამ დაავადებების დროს.

დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის დონის მოსაწესრიგებლად ინიშნება ინსულინის პრეპარატები ან ტაბლეტები. ინსულინი პანკრეასის ჰორმონია, რომელიც ნახშირწყლების მონელებას განაპირობებს. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში მისი კონცენტრაცია იმატებს საკვების მიღების შემდეგ. დიაბეტის დროს ინსულინი ორგანიზმში ინექციის მეშვეობით შეჰყავთ. ინექციიდან 15-30 წუთის განმავლობაში აუცილებელია საკვების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლში გლუკოზის შემცველობა მკვეთრად დაქვეითდება. გარდა ხანმოკლე მოქმედების ინსულინებისა, დღეს ფართოდ გამოიყენება გახანგრძლივებული მოქმედების ინსულინებიც. ისინი ორგანიზმში ქმნიან ჰორმონის გარკვეულ კონცენტრაციას, რითაც ორგანიზმის მდგომარეობა მაქსიმალურად უახლოვდება ფიზიოლოგიურს. ასეთი ინსულინის ინექციაც ერთსა და იმავე დროს უნდა გაკეთდეს. ინსულინის ანალოგიურად, შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებული ტაბლეტირებული პრეპარატებიც საკვების მიღებამდე ინიშნება. კვების რეჟიმის დაცვა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია. გარდა კვებისა, დიაბეტის დროს საჭიროა სრულფასოვანი ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა - ყოველივე ეს სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში გვეხმარება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ეჭვს აღარ იწვევს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს კვების რეჟიმის მოწესრიგება აუცილებელია. მიზეზი მარტივია - დაახლოებით ერთსა და იმავე დროს კვებისას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები რეფლექტორულად გამოიმუშავებენ მომნელებელ წვენებს, გამოყოფენ ფერმენტებს. აქტიურდება ნაწლავების მოძრაობა - პერისტალტიკა, იკუმშება და ნაღველს გამოყოფს ნაღვლის ბუშტი. შედეგად საკვების მონელება უფრო უკეთ მიმდინარეობს. მიღებულ საკვებს აქვს ბუფერული თვისებები, რისი გათვალისწინებითაც რეკომენდებულია ხშირი, ოთხ-ხუთჯერადი კვება მცირე ულუფებით. ეს ამცირებს სიმჟავის შემაწუხებელ შეგრძნებასა და ტკივილს. გარდა ამ ფიზიოლოგიური მექანიზმისა, რეგულარული კვება აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობის პრინციპების გამოც. ცნობილია, რომ გულძმარვის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს ინიშნება პრეპარატები, რომლებიც კუჭის მჟავა წვენის გამოყოფას ამცირებს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ამ ჯგუფის პრეპარატებია ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი) ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა მივიღოთ დილით ან საღამოს. ასეთი ინტერვალი აუცილებელია - დასახელებული პრეპარატების ანტისეკრეტორული ანუ კუჭის წვენის გამოყოფის საწინააღმდეგო ეფექტი მაქსიმალურად ვლინდება მაშინ, როცა კუჭის განსაზღვრული უჯრედები აქტიურდება. ეს კი საკვების მიღების შემდეგ ხდება. ამგვარადვე, საკვების მიღებამდე ინიშნება რანიტიდინისა და ფამოტიდინის ტიპის პრეპარატებიც.

სტეროიდული ჰორმონები

ამ ჯგუფის პრეპარატებს იყენებენ ბრონქული ასთმის გამწვავების, მძიმე ალერგიული რეაქციების, რევმატული დაავადებების დროს. პაციენტები კარგად იცნობენ ისეთ სტეროიდებს, როგორებიცაა პრედნიზოლონი, მეთიპრედი, დექსამეტაზონი. სტეროიდები უმეტესად დღის პირველ ნახევარში - ადრიანი დილით, 8-9 საათისთვის და 13-14 საათამდე ინიშნება. მიღების ასეთი რეჟიმი ორგანიზმში სტეროიდების კონცენტრაციას მაქსიმალურად უახლოებს მათი ბუნებრივი წარმოქმნის რიტმს. წესისამებრ, პრეპარატების მიღება ხდება ჭამის დროს ან მის შემდეგ. კვების შემდეგ ინიშნება ასპირინიც. ის ფართოდ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ არის აუცილებელი კვება ამ პრეპარატების მიღებამდე? საკვების მიღებისას კუჭის წვენის გამოყოფა იმატებს, რაც ხელს უწყობს მიღებული პრეპარატის გახსნასა და შეწოვას და ამცირებს კუჭში მის დაყოვნებას. შესაბამისად, მცირდება კუჭის ლორწოვანის დაზიანების რისკიც.

პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ართულებს ყოველდღიურ აქტიურობას. დღის სათანადო დაგეგმვა აუცილებელია, რათა პაციენტი დარწმუნებული იყოს საკუთარ შესაძლებლობებში. საჭიროა ხშირი დასვენება, დღისით ხანმოკლე (რათა ღამით უძილობა არ გამოიწვიოს) ძილი. ქვედა კიდურების შეშუპების შემთხვევაში რეკომენდებულია დღის განმავლობაში რამდენჯერმე წამოწოლა და ფეხების შემაღლებულზე მოთავსება. ხანგრძლივ მუშაობას უნდა ვერიდოთ. დაავადების ხასიათიდან გამომდინარე, ენერგიას უნდა გავუფრთხილდეთ. შესაძლოა, ამისთვის ჩვეულ საქმიანობაზე უარის თქმაც მოგვიხდეს. პაციენტმა წინასწარ უნდა დაგეგმოს, მაგალითად, მთელი მომდევნო კვირის საქმიანობა. არ არის რეკომენდებული გადატვირთვა. დაღლილობისას აუცილებელია დასვენება. საკუთარ თავზე ძალდატანება არ შეიძლება. არ არის რეკომენდებული აქტიურობა ჭამის შემდეგ. ამ დროს უმჯობესია, 20-30 წუთით დაისვენოთ.