მარტი - ქრონიკული დაავადებების გამწვავების დრო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტი - ქრონიკული დაავადებების გამწვავების დრო

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სეზონური პრობლემაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. მართალია, დღეს უცხოური ლიტერატურა ასეთ კანონზომიერებაზე აღარ მიუთითებს, მაგრამ მრავალი პაციენტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მისი გამწვავება სწორედ გაზაფხულს ემთხვევა. გამწვავების სიმპტომებია ტკივილი გულის კოვზთან და მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც ხშირად საკვების მიღებამდე იჩენს თავს (ეგრეთ წოდებული “მშიერი ტკივილი”), ტკივილი ღამით. ხშირად ამ სიმპტომებს ერთვის გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ნაწლავთა მოქმედების ცვლილებები, არასასიამოვნო სუნი პირიდან. განსაკუთრებით საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გართულებები - სისხლდენა, პერფორაცია (გახეთქვა). ამ დროს აუცილებელია დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევა. ბევრმა ქრონიკულად მოავადემ იცის, რომ გაზაფხულზე მოსალოდნელია დაავადების გამწვავება. მის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კვების რეჟიმის რეგულირება, მედიკამენტების მიღება, ვიზიტი ექიმთან. შესაძლოა, უცნაური მოგვეჩვენოს, მაგრამ მარტში ხშირად მწვავდება საშარდე სისტემის ინფექციებიც. ეს, ინფექციური ფაქტორების ზემოქმედებასთან ერთად, სხეულის გადაცივების ბრალიცაა. მარტის მატყუარა მზე და მსუბუქი ჩაცმულობა, რომელიც ზამთრის განმავლობაში ძალიან მოგვენატრა, ამისთვის სათანადო პირობებს ქმნის. საიდუმლო არ არის, რომ ჭირვეული მარტი ხელსაყრელი პერიოდია ვირუსული ინფექციებისთვის. ეს, უპირველეს ყოვლისა, ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ დაავადებებს ეხება. ჩვეულებრივ, ეს დაავადებები ვლინდება სიმპტომებით, რომელთა ერთობლიობასაც “გაციებას” ვუწოდებთ: ყელის ტკივილით, ცხვირიდან გამონადენით, ხველით, ტემპერატურის ზომიერი (38 0ჩ-მდე) მომატებით. ამ სიმპტომების კომბინაცია და ინტენსივობა სხვადასხვანაირია. ეს არც არის გასაკვირი - ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციას ხომ 200-მდე ვირუსი იწვევს. მარტში ხშირ გაციებას ხელს უწყობს ნაზამთრალი იმუნური სისტემის სისუსტე; ხილი და ბოსტნეული ამ ვიტამინებით ღარიბია, ნერვული სისტემა კი უფრო ადვილად ექვემდებარება სტრესს. გადაცივების ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორია მატყუარა ამინდი. ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისა და მათთვის დამახასიათებელი არასასიამოვნო სიმპტომებისგან თავის დაცვა, საბედნიეროდ, ძნელი არ არის. მთავარია ამინდის შესაბამისად ჩაცმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, დაავადებულთან კონტაქტის დროს დამცავი ნიღბის გამოყენება და, რაც მთავარია, ხელების ხშირი ბანა საპნით. მარტი საყურადღებოა როტავირუსული ინფექციის გააქტიურების თვალსაზრისითაც. როტავირუსებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებას ნაწლავურ გრიპსაც უწოდებენ. იწყება მწვავედ - ღებინებით, ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, ფაღარათით. ამასთან ერთად ხშირად ვითარდება სურდო, ყელის სიწითლე და ტკივილი. როტავირუსული ინფექცია ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შესაძლოა მოზრდილებსაც დაემაროთ. მათთან ნაწლავური სიმპტომატიკა ხშირად უმნიშვნელო, ერთჯერადი თხელი განავლითა და გულისრევის შეგრძნებით შემოიფარგლება, რასაც ზრდასრულმა ადამიანმა შესაძლოა ყურადღება არც მიაქციოს. როტავირუსული ინფექციის თავიდან აცილება ადვილია: საჭიროა ხელების ბანა, ხილისა და ბოსტნეულის საგულდაგულოდ რეცხვა. ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია განსაკუთრებით არასასიამოვნოა მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადება (ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) აქვს. ინფექცია ამ დაავადებების მიმდინარეობას ამძიმებს, რეგულარული მედიკამენტური მკურნალობა სიმპტომების კონტროლისთვის საკმარისი აღარ არის და პაციენტს, რომელიც მედიკამენტების წყალობით თავს კარგად გრძნობდა, შემაწუხებელი სიმპტომები უმწვავდება. ბრონქული ასთმის შემთხვევაში ეს არის ამოსუნთქვის გაძნელება, შეტევითი ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს იმატებს ნახველის რაოდენობა, იცვლება მისი ფერი - ის მოყვითალო-მომწვანო ხდება. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან მისვლა, რათა დროულად დაინიშნოს დამატებითი მკურნალობა, გაიზარდოს მედიკამენტების დოზა. ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის მარტი ალერგიის თვალსაზრისითაც რთული პერიოდია. ჩვენი ქვეყნის კლიმატის გათვალისწინებით, ამ დროს უკვე დაწყებულია ზოგიერთი მცენარის ყვავილობა, რის გამოც ბრონქულ ასთმასთან ერთად მოსალოდნელია ალერგიული რინიტის (სურდო), კონიუნქტივიტის გამწვავება. პირველი სიმპტომების აღმოცენებისთანავე რეკომენდებულია ვიზიტი ექიმთან, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო დიდი უსიამოვნებები. კიდევ ერთი არასასიამოვნო გართულებაა სინუსიტი - ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება.


მისი არსებობა უნდა ვივარაუდოთ, როცა ჩვეულებრივი სურდოსაგან განკურნების ნაცვლად პაციენტს უჩნდება ცხვირიდან მოყვითალო გამონადენი, სტკივა შუბლის, ზედა ყბების არე, ტკივილს უმნიშვნელოდ აცხრობს ან სრულიად ვერ ერევა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, იმატებს ტემპერატურა. ექიმთან მისვლა ამ დროსაც აუცილებელია, რათა ანტიბიოტიკები დაინიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არ არის სერიოზული გართულებების აღმოცენება. გარდა სინუსიტის გამწვავებასთან დაკავშირებული თავის ტკივილისა, გაზაფხულობით ხშირია შაკიკით თუ სხვა მიზეზებით განპირობებული თავის ტკივილიც. ამ სიმპტომით შეწუხებული პაციენტები ზოგჯერ უკონტროლოდ იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, რამაც შესაძლოა გასტრიტის, წყლულის გამწვავებას ან აღმოცენებას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ტკივილგამაყუჩებლები დიდი რაოდენობით მიღებისას ზოგჯერ თავად იწვევს თავის ტკივილს. ასე იკვრება მანკიერი წრე. მარტი განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდია არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთათვის. განსაკუთრებული მითითებები უცხოურ ლიტერატურაში არც ამის შესახებ მოიპოვება, მაგრამ ჩვენი რეალობა გვკარნახობს, რომ გაზაფხული ის დროა, როცა წნევის მაჩვენებლებს სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ. ატმოსფერული წნევის ცვლილება, ამინდის მერყეობა, პასუხად სისხლძარღვთა ტონუსის, გარეგანი ფაქტორების მიმართ მათი რეაქციის ცვალებადობა ხშირად ართულებს წნევის კონტროლს. სწორედ ამიტომაა წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წნევის დამწევი წამლების მიღება. მათი თვითნებური შეწყვეტა დაუშვებელია. თუ ვხედავთ, რომ წნევა, მკურნალობის მიუხედავად, მაღალია, ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადავდოთ. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სუფრის მარილისა და მარილიანი საკვების ჭარბ მიღებას, სითხით გადატვირთვას, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ბოროტად გამოყენებას. მძიმე დროა მარტი მათთვისაც, ვისაც დაბალი წნევა აქვს. მათ უნდა ვურჩიოთ კარგი კვება, წყლის მიღება (დღეში არანაკლებ 2 ლიტრისა), მსუბუქი ვარჯიში. ზოგჯერ საჭიროა სპეციალური ელასტიკური ტრიკოტაჟის (ვენური დაავადების დროს რეკომენდებული გეტრების, წინდების) ტარებაც - ეს ხელს შეუწყობს ვენური სისტემიდან სისხლის ცირკულაციაში გადასვლას.

როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნებები

ალბათ მიხვდით, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ჯანმრთელობის გაუარესება იოლად შეიძლება ავიცილოთ თავიდან. ამისთვის რეკომენდებულია:

  • განვაგრძოთ ქრონიკული დაავადებების მკურნალობა, თვითნებურად არ შევამციროთ მედიკამენტთა დოზები, არ შევწყვიტოთ მათი მიღება;
  • პირველი სიმპტომების აღმოცენებისთანავე მივმართოთ ექიმს;
  • განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ კვებას, საკმარისი რაოდენობით მივიღოთ ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი;
  • დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ხშირად გავანიაოთ ოთახი, დავიბანოთ ხელები საპნით;
  • ვერიდოთ სხეულის გადაცივებას, ჩავიცვათ ამინდის შესაფერისად.