მოულოდნელ უპირატესობათა მქონე დაავადებების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოულოდნელ უპირატესობათა მქონე დაავადებების ტოპ-10

10. მიოსტატინის - კუნთების ზრდის რეგულატორის ნაკლებობა

უპირატესობა: ადამიანს კუნთების გროვად აქცევს. ეს მეტად იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანებსა და ცხოველებს ეზრდებათ ჩონჩხის კუნთები ორგანიზმში ცხიმის ოდენობის შემცირებასთან ერთად. ჯანმრთელობის დარღვევა ამ დროს არ შეინიშნება (ყველა სპორტსმენის ოცნება!). ამ მდგომარეობისას ორგანიზმს არ ჰყოფნის ჰორმონი მიოსტატინი - კუნთების ზრდის ნეგატიური რეგულატორი, ამიტომ კუნთების ზრდა ჯერ კიდევ დედის მუცელში იწყება და ადრეულ ასაკშივე წარმოუდგენელ დონეს აღწევს. ამ დაავადების ყველაზე ცნობილ შემთხვევად მიიჩნევა ლიამ ჰოექსტრის, მიჩიგანელი ბიჭუნას შემთხვევა, რომელიც 5 თვის ასაკში ისეთ ვარჯიშებს ასრულებდა, რომელთა შესრულებაც მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე ტანმოვარჯიშეებს ძალუძთ. ამ დაავადების წამალი მეცნიერებს ჯერ კიდევ არ გამოუგონიათ და არც ჩქარობენ, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დაავადებულებს ექიმისთვის რაიმე ჩივილით მიემართოთ.

9. მუდმივი სქესობრივი აღგზნებულობის სინდრომი

უპირატესობა: სპონტანური ორგაზმის განცდის საშუალებას იძლევა. მუდმივი სქესობრივი აღგზნებულობის სინდრომი მდგომარეობაა, რომელიც ქალებში არაკონტროლირებად გენიტალურ აღგზნებას იწვევს. როგორც აღწერილობიდან ჩანს, დაავადებულები ვერ აკონტროლებენ თავიანთი სასქესო ორგანოების ფუნქციობას. მათი აღგზნება არ არის დაკავშირებული სექსუალურ სურვილებთან. აღგზნება ყოველთვის არ მთავრდება ორგაზმით, თუმცა ზოგჯერ მაინც იწვევს ტალღებს, რომლებიც ამ ფიზიკური რეაქციისთვის არის დამახასიათებელი. მუდმივი სქესობრივი აღგზნებულობის სინდრომი სერიოზული პრობლემაა, რომლის გამოც ადამიანები ვეღარ ასრულებენ თავიანთ ყოველდღიურ მოვალეობას - მათ გამუდმებით თავგზას ურევთ აღგზნების სპონტანური ეპიზოდები. ამას ხშირად ნევროზები, შფოთვა და შიშიანობა სდევს თან, თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ მუდმივი სქესობრივი აღგზნებულობის სინდრომის ეფექტი სხვა დაავადებებს გაცილებით სჯობს.

8. სიფილისი

უპირატესობა: ადამიანი ეიფორიაში ვარდება. სიფილისი - უძველესი დაავადება, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა - ჩვენი ჩამონათვალის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პუნქტია. შემაწუხებელი ტკივილები, რომლებიც თან სდევს ამ დაავადებით გამოწვეულ ძვლამდე დასულ წყლულებს, დაშლილი ძვლები, ღვიძლის უკმარისობა და ნერვული სისტემის დანგრევა - ასეთია სიფილისისთვის დამახასიათებელი სურათი. უცნაურია, მაგრამ ამ ყველაფერს სიფილისის უკანასკნელ სტადიაზე შესაძლოა “დამამშვიდებელი” სიმპტომები მოჰყვეს. ნეიროსიფილისის დროს, როდესაც დაავადება თავის ტვინს აღწევს, სანამ დაავადებულს მოკლავდეს, ის იწვევს ფიზიკურ რეაქციებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ნარკოტიკულ თრობას: ეიფორიას, გადაჭარბებულ აღგზნებას, ხელოვნების ენერგიის აფეთქებას და ყოვლისმომცველი რელაქსაციის გრძნობას. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია 90 წლის ქალის შემთხვევა, რომელიც ისე მოხიბლა ამ მდგომარეობამ, რომ მკურნალობაზე უარი განაცხადა.

7. პარაზიტული ინფექციები

უპირატესობა: ადამიანს უფრო ჯანმრთელს ხდის. რა თქმა უნდა, ყველა პარაზიტი არ არის სასარგებლო და ადამიანიც დასნებოვნების იმედით მტვერსა და ტალახში არ უნდა იგანგლებოდეს, მაგრამ თურმე შესაძლებელია, ზოგიერთი პარაზიტით ზომიერმა დასნებოვნებამ უფრო ჯანმრთელი გაგვხადოს. ეს ფაქტი ადვილი ასახსნელია: ჩვენს იმუნურ სისტემას დაავადებისგან თავდაცვის ორი ძირითადი ზღუდე აქვს. პირველს ტჰ1-ლიმფოციტებს უწოდებენ. ორგანიზმის ინფიცირებული უჯრედების შეტევას ისინი სისხლის სპეციალიზებული თეთრი სხეულაკების გამოყოფით პასუხობენ. თავდაცვის მეორე ხაზზე არიან ტჰ2-ლიმფოციტები, რომლებიც დაავადებას ადრეულ სტადიაზე ებრძვიან და ცდილობენ, მიკრობები უჯრედებში მოხვედრამდე შეაჩერონ. უმიკრობო გარემოში ცხოვრებისას ტჰ2-ლიმფოციტები ყოველგვარ სამუშაოს შეასრულებენ, რის გამოც ტჰ1-ლიმფოციტები შესაძლოა გაზარმაცდნენ, ეს კი ხანგრძლივ პერსპექტივაში იმას გამოიწვევს, რომ ტჰ1-ლიმფოციტები ყველაზე სუსტ მიკრობებსაც ვეღარ გაუმკლავდებიან. შედეგად, როგორც კი ადამიანი სტერილური სამყაროდან გამოვა, მაშინვე უამრავი დაავადება შეეყრება.

6. ჭეშმარიტი პოლიციტემია

უპირატესობა: ზრდის ამტანობას. ჭეშმარიტი პოლიციტემიის დროს ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს სისხლის წითელ სხეულაკებს - ერითროციტებს. ამას სისხლის გასქელება და ისეთი გართულებები მოსდევს, როგორებიცაა გულის შეტევა და ინსულტი. კუნთების ჟანგბადით მომარაგებაში ერითროციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ მათი რაოდენობა მეტი იქნება, კუნთები უფრო უკეთ მომარაგდებიან ჟანგბადით და მათი ამტანობაც გაიზრდება. ასე რომ, მართალია, ჭეშმარიტი პოლიციტემია ის დაავადება არ არის, რომელიც შეიძლება საკუთარ თავს უსურვო, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება დაავადებულს მსოფლიო კლასის სპორტსმენებთან კონკურენციისას დაეხმაროს ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე.


5. ჰანტინგტონის დაავადება

უპირატესობა: იცავს კიბოსგან. ჰანტინგტონის დაავადება უკურნებელი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც თავის ტვინის ზოგიერთ უბანში ნერვული უჯრედების დეგენერაციას იწვევს. მას კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება და ფსიქიატრიული დარღვევები მოსდევს. ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, - 1510 პაციენტს 39 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, - ამ დაავადების მქონე პაციენტები კიბოთი გაცილებით იშვიათად ხდებოდნენ ავად, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ჰანტინგტონის დაავადების მქონე ზოგიერთი ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს ან ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ მხოლოდ 15-20 წელს ცოცხლობს, ფაქტი ფაქტად რჩება - ისინი დაზღვეულნი არიან ჩვენი დროის ამ ყველაზე უმოწყალო და საშიში დაავადებისგან.

4. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია

უპირატესობა: იცავს მალარიისგან. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია იმ გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფია, რომლებიც ჰემოგლობინზე ზემოქმედებს ორგანიზმში ერითროციტების შემცირების ხარჯზე. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მეცნიერის მარეკ სიკლაფის კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადებულნი დაცულნი არიან მალარიის პარაზიტისგან, რომლით დასნებოვნებასაც მსოფლიოში ყოველწლიურად 1-2 მილიონი ადამიანი ეწირება.

3. ურბახ-ვიტეს დაავადება

უპირატესობა: ადამიანს უშიშარს ხდის. ეს იშვიათი, უკურნებელი, თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. ის კანისა და თავის ტვინის ქსოვილების გასქელებას იწვევს. პაციენტებს კანი უსქელდებათ, უშრებათ და უნაოჭდებათ, თავის ტვინის ქსოვილების გასქელება კი მათ ნამდვილ ტერმინატორებად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება სერიოზულია - შიში ხომ ხშირად დამცავ ეფექტს ახდენს, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დაავადებულებს შეუძლიათ, თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთონ ჯარში და ბევრ სხვა ისეთ პროფესიაში, რომლებზეც ბავშვობაში ვოცნებობდით.

2. სავანტის სინდრომი

უპირატესობა: გენიოსად გაქცევთ. ეს იშვიათი მდგომარეობა გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც მძიმე ფსიქიკური დაავადებებით იტანჯებიან. მარტივად რომ ვთქვათ, სავანტის სინდრომი ავადმყოფის გონებრივ შესაძლებლობებს წარმოუდგენელ დონემდე ავითარებს. სინდრომის რეალური ახსნა მეცნიერებს დღემდე არ უპოვიათ. ვარაუდობენ, რომ დაავადების მიზეზით ტვინის ერთი ნაწილის დაზიანებისას, დანაკარგის კომპენსირებისთვის, ტვინის მეორე ნაწილი იწყებს განვითარებას, რაც ზემოხსენებულ ფენომენს წარმოშობს. ამ სინდრომის მქონე ყველაზე ცნობილი პაციენტი გახლდათ აფროამერიკელი მონა თომას ფულერი, მეტსახელად - “ვირჯინიის კალკულატორი”. მას გამოთვლის ექსტრაორდინარული შესაძლებლობა ჰქონდა. ცნობილია, რომ თომასი გონებრივად განუვითარებელი გახლდათ, მაგრამ კითხვაზე, რამდენი წამი ცხოვრობდა ადამიანი, რომლის ასაკიც ამჟამად 70 წელი, 17 დღე და 12 საათი იყო, ის მაშინვე იძლეოდა სწორ პასუხს (2210500800, იმ შემთხვევისთვის, თუ დათვლა ვერ მოასწარით).

1. ჰიპერთიმეზია

უპირატესობა: გაძლევთ ყველაფრის დამახსოვრების საშუალებას. ეს გახლავთ მეტად იშვიათი ნეიროფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ავადმყოფს წარმოუდგენელი მეხსიერებით ასაჩუქრებს. ჰიპერთიმეზია მეტად მძიმე პრობლემაა, რადგან ავადმყოფს არ აქვს იმის არჩევის შესაძლებლობა, რა დაიმახსოვროს და რა - არა, და იძულებულია, ახსოვდეს არა მარტო სასიამოვნო, არამედ უსიამოვნო ფაქტებიც. ჩვეულებრივ, ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ძალიან უჭირთ აწმყოში ცხოვრება, რადგან გამუდმებით სდევთ თან წარსულის მოგონებები. არადა, დაავადების დადებითი მხარეც ხომ ნათელია - ნებისმიერ სატელევიზიო ვიქტორინაში ასეთი ადამიანების მიწვევა ორიოდე დღეში შოუს სრული გაკოტრებით დამთავრდებოდა...