სახელმწიფო ჯანდაცვის კრახი და ვალეოლოგია, როგორც კრიზისიდან გამოსვლის საიმედო გზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახელმწიფო ჯანდაცვის კრახი და ვალეოლოგია, როგორც კრიზისიდან გამოსვლის საიმედო გზა

რა ხდება ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში, რა მდგომარეობაშია მედიცინა საქართველოში, ზრუნავს თუ არა სახელმწიფო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რატომ წაგვლეკა ონკოლოგიურმა თუ სხვა სახის დაავადებებმა, იქნებ ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკა უეფექტო და უხარისხოა? მაშ, სად არის გამოსავალი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტ “გეომედის” ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი იგორ დოლიძე:

- ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე მოდელი უწინდებურად “ძველი” და უუნაროა, რადგან მისი არსია დაავადებებთან ბრძოლა და არა ჯანმრთელობის შენარჩუნება. ის მიზეზთა გამო ყველაზე მეტად გახდა სამკურნალო, ვიწრო სპეციალიზაციის ჰოსპიტალური დარგი და თავისი არსით ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერება დაავადებათა შესახებ. ეს, თავის მხრივ, აისახა დიდ სამედიცინო ენციკლოპედიაშიც (“მედიცინა ერთი უძველესთაგანი მეცნიერებაა, რომლის მიზანია ადამიანთა დაავადებების თავიდან აცილება და მკურნალობა”), სადაც საერთოდ არ არის ნახსენები სიტყვა “ჯანმრთელობა”. ამას თავის დროზე ყურადღება მიაქცია დიდმა ფიზიოლოგმა ივანე პავლოვმა. მან 1903 წელს მადრიდის საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე აღნიშნა: “სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნია ორგანიზმის ძირითადი ფუნქციის აღმნიშვნელი შინაგანი და გარეგანი გარემოს გამაწონასწორებელი სუფთა სამედიცინო ტერმინი”.

რა ხდება დღეს? ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციული ხარვეზები ქმნის მრავალ გაუგებრობას როგორც მოსახლეობაში, ისე ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებშიც, რაც ხელს უშლის ქვეყნის კონსტიტუციით დაცული ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების უფლებამოსილებას.

კლასიკური მედიცინა არასოდეს გამოდიოდა ინდივიდუალური ჯანმრთელობის თეორიის შექმნის პოზიციიდან. ეს არ იყო შემთხვევითი. თანამედროვე სპეციალისტები აღიარებენ, რომ სამედიცინო მეცნიერებაში არ არის “ჯანმრთელობის” საზოგადოდ მიღებული განსაზღვრება და მისი დეტერმინირებული ფაქტორების მონაწილეობის როლიც არ არის განსაზღვრული. იგულისხმება ინდივიდუალური ჯანმრთელობა. გამონაკლისია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტთა თვალსაზრისი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის დებულებაში ძალაში შევიდა 1948 წელს. ჯანმრთელობა განმარტებულ იქნა როგორც “ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის სრული მდგომარეობა” და არა მარტო დაავადებების ან ფიზიკური დეფექტების უქონლობა. თვით ამ განსაზღვრების არსი იმაზე მეტყველებს, რომ ჯანმრთელობის ასეთი განსაზღვრება გამოდის მედიცინის კომპენტენციის ფარგლებიდან, თუმცა, არასამედიცინო ფაქტორი, “სოციალური კეთილდღეობა”, წარმოადგენს ჯანმრთელობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.

კლასიკური, სახელმწიფოებრივი მედიცინა და ჯანდაცვის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს წარმატებებს მიაღწიეს მედიცინისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა სფეროში, უძლური აღმოჩნდა ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემის გადაწყვეტის კუთხით. სახელმწიფოებრივი მედიცინა ყოველთვის იყო და დღესაც არის მხოლოდ სამკურნალო მედიცინა, ჯანდაცვა კი არასოდეს ყოფილა მოსახლეობის ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები დღესაც უწინდებურად წარმოდგენილია კლინიკური მედიცინის ორგანიზატორებად. ქვეყნის მთავრობამ დღემდე ვერ შეაფასა მოსახლეობის ჯანმრთელობის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა სახელმწიფოს ეკონომიკური და სულიერი განვითარებისთვის. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგნოზირება მეცნიერული კვლევის გარეშე შეუძლებელია. მედიცინა გადაიქცა სამკურნალო, ვიწროსპეციალიზებულ დარგად და თავისი არსით მოგვევლინა მეცნიერებად, რომელიც მიმართულია ავადმყოფობისკენ და არა ჯანმრთელობისკენ. ჯანდაცვის წარმატების მაჩვენებელი დაფუძნებული უნდა იყოს საავადმყოფოების საწოლთა რაოდენობის შემცირებაზე, საავადმყოფოებისა და სასწრაფო დახმარების სადგურების დახურვაზე, ექიმთა გარკვეული ნაწილის გადაკვალიფიცირებაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის კონსულტანტებად და ა. შ. დღევანდელი ჯანდაცვა კი თავის წარმატებას ხედავს მხოლოდ ამბულატორიებში პაციენტთა მიმართვის რაოდენობისა და სასწრაფო დახმარების მიერ ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფთა რაოდენობის ზრდაში. თუმცა ეს ყოველივე გარდაუვალია, რადგან ავადმყოფთა რაოდენობა საქართველოში, სამწუხაროდ, დღიდან დღემდე იმატებს.

- ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოში ჯადაცვის სახელმწიფო პოლიტიკა მართლაც ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცებას...

- მეტიც - ჯანდაცვის გაუთავებელი რეფორმები ადამიანის ჯამრთელობას კი არ ემსახურება, არამედ ხელს უწყობს ავადმყოფების რაოდენობის ზრდასა და დემოგრაფიული სტატისტიკური მაჩვენებლების გაუარესებას. ჯანდაცვის სისტემასა და სააფთიაქო ქსელში ბიზნესგარემო უმჯობესდება დაავადებულთა მატების ხარჯზე. ჯანდაცვის სისტემა გადაქცეულია ისეთივე ბიზნესკანტორად, როგორიცაა ნებისმიერი სხვა ბიზნესის წარმოება. ის ორიენტირებულია, მუშაობს მოგებაზე და რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, ეს ბიზნესიც მეტად მომგებიანი იქნება. ამას ისიც ემატება, რომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ნაწილი კერძო სტრუქტურებშია გადასული. სამინისტროს მხოლოდ სადამსჯელო ფუნქცია აქვს დარჩენილი და სათანადო კონტროლს ვერ უწევს მასზე დაქვემდებარებულ სამედიცინო პროფილის ორგანიზაციებს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პასუხს არაფერზე აგებს, მაშინ როცა ჯანდაცვის სოციალური სისტემა მობილიზებული უნდა იყოს ნებისმიერი ავადმყოფის სოცოცხლის გადასარჩენად და, რაც მთავარია, ადამიანთა ჯანმრთელობის შენარჩუნება-განმტკიცებისთვის იღვწოდეს. ადამიანის ავად გახდომა და საავადმყოფოში მოხვედრა უნდა იყოს განგაშის ზარი. რეფორმა უპირველესად გასატარებელია სამინისტროში: სად პენსიების დარიგება და სად ჯანდაცვა!


- მიგაჩნიათ, რომ სახელმწიფოებრივმა ჯანდაცვამ ამოწურა თავისი სისტემური ორგანიზაციული შესაძლებლობები, სხვა სტრატეგიებია ასამოქმედებელი?

- ფაქტია, რომ ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. საჭიროა სოციალური ინსტიტუტის დემონტაჟი დამოუკიდებელი სამსახურების შექმნით: ცალკე - ავადმყოფებისთვის და ცალკე - ჯანმრთელი ადამიანებისთვის. მედიცინა თავისი დარგობრივი განვითარებით მთლიანად დაფუძნებულია პარადოქსზე, კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობის ფორმირების მიზნის მისაღწევად დაკავებულია მხოლოდ დაავადებების პრობლემებით და არა ჯანმრთელობის შენარჩუნებით, განმტკიცებითა და სრულყოფით. ავადმყოფთა მკურნალობასთან ერთად აუცილებელია შევბრუნდეთ ჯერ კიდევ არადაავადებული ადამიანებისკენაც, მოვახდინოთ მათი პირველადი პროფილაქტიკა, ეს ვაქციოთ მედიცინისა და ჯანდაცვის პირველ და მთავარ საქმედ. ამაში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფოსა და საზოგადოების მთელი ძალისხმევა და საშუალებები. ეს ამოცანა კი არ ეტევა მხოლოდ მედიცინის ჩარჩოებში, საჭიროა მედიცინის თანამეგობრული შესაბამისი დარგის განვითარება. ეს დარგია ვალეოლოგია. ის უნდა განვიხილოთ როგორც “ჯანმრთელობის მედიცინა”, რომელიც ხელს შეუწყობს პიროვნებისა და ოჯახის კეთილდღეობას, გაზრდის ქვეყნის შრომით პოტენციალს, კულტურის დონეს.

- თქვენ ადრე ცნობილი იყავით როგორც კლინიცისტ-ინფექციონისტი (სეფსისოლოგი), რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ჯანმრთელობის მეცნიერებით, საზოგადოდ, ვალეოლოგიითა და მისი ერთ-ერთი სამედიცინო მიმართულებით - სანოლოგიით, რომელიც დარგობრივად ახლოსაა პროფილაქტიკურ მედიცინასთან?

- ვალეოლოგია (სანოლოგია) და რეაბილიტოლოგია გამაჯანსაღებელი მედიცინის განვითარების დღევანდელი ეტაპია. ვალეოლოგია მეცნიერული ცოდნის მომიჯნავე და ინტეგრირებული დარგია მედიცინას, ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას, ფიზიკური აღზრდის თეორიას, სოციოლოგიასა და პედაგოგიკას შორის, რაც მომავლისკენ არის მიმართული და ხელს უწყობს ჯანმრთელობის ევოლუციურ განვითარებას.

საქართველოში ვალეოლოგიის განვითარებას აფერხებს ის, რომ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მუშაკებს არ აინტერესებთ ერის სიჯანსაღე. ამასთან, ისინი არ აწვდიან ქვეყნის მმართველებს საგანგაშო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროგრესულად ნადგურდება ეროვნული გენოფონდი, დადგა დრო, რომ თანამედროვე ბავშვები და მოზარდები წითელ წიგნში შევიყვანოთ. დღეს გამონათქვამი “ჯანმრთელი სული ჯანმრთელ სხეულში” სიტყვასიტყვით უნდა იქნეს გაგებული, ამაოა მცდელობა ერის ინტელექტის ზრდისა, როდესაც საფრთხე ექმნება მისახლეობის სიცოცხლეს.

- ბატონო იგორ, თქვენ როგორც ყოფილი კლინიცისტი, ღვაწლმოსილი მეცნიერი და მედიკოსი, თამამად შეიძლება ითქვას, ვალეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მხარდამჭერი საქართველოში, სად ხედავთ გამოსავალს, რაშია ჭაობში ჩაძირული ჩვენი ჯანდაცვის ხსნა?

- ამ პრობლემური საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია არა მხოლოდ თანამედროვე ჯანმრთელობის ცენტრების შექმნით, არამედ საჭიროა მათი დაკომპლექტება მაღალი პროფესიის მქონე ვალეოლოგ-სპეციალისტებით, რომლებსაც ექნებათ საფუძვლიანი ცოდნა ვალეოსოფიაში (ჯანმრთელობის ფილოსოფიაში), ვალეოგენეზის თეორიაში (ჯანმრთელობის ფიზიოლოგიურ მექანიზმებში), ვალეომეტრიაში (ჯანმრთელობის ჰოლისტიკურ გაზომვებში), ვალეოპრაქტიკაში (ინდივიდუალური ორგანიზმის გაჯანსაღების პრინციპებში) და სისტემური მიდგომებით წარმართავენ ჯანმრთელობის პრობლემურ საკითხებს.

ვალეოლოგია როგორც მეცნიერება ეფუძნება თანამედროვე მედიცინის ნორმებსა და პროფილაქტიკის კრიტერიუმებს, ხალხური და აღმოსავლური მედიცინის კოლექტიურ გამოცდილებას. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თანამედროვე მედიცინას დღემდე არ გააჩნია “ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ფსიქოფიზიკური მოდელი”, რომლის გადასინჯვა ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს, რადგან გარემოს, ტექნოცივილიზაციისა და სხვა ფაქტორთა ზემოქმედებით პროგრესულად იცვლება ადამიანის ჰომეოსტაზი. ნორმის დადგენას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს დიფერენცირებულ დიაგნოსტიკაში. რეალურად, ჯანმრთელობის პარამეტრებიდან უნდა ხდებოდეს პათოლოგიური გადახრების ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი მაჩვენებლების ათვლა, რაც ობიექტურად ხელს შეუწყობს სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ვალეოლოგიამ დღეს განვითარებულ ქვეყნებში წინ გაუსწრო არსებული ჯანდაცვის სოციალური ინსტიტუტების განვითარებას და განიხილება როგორც ჯანდაცვის სტრატეგიის საფუძველი. თუ ამას ვერ გააცნობიერებენ ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები, საქართველოს ჯანდაცვა მუდმივად დაკავებული იქნება მხოლოდ “ხანძრების ჩაქრობით”, ე. ი. დაავადებების მკურნალობით. პერსპექტივაში ჩვენ თავს კი არ უნდა ვიწონებდეთ იმით, რომ მომავალში გავხსნით 100 საავადმყოფოს (ამაში ქვეცნობიერად იგულისხმება ავადმყოფთა პროგრესული ზრდა), არამედ ვცდილობდეთ საავადმყოფოების შემცირებას და ჯანმრთელობის ცენტრების გაზრდას (იგულისხმება ჯანმრთელი მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა). ყოველივე ეს კი შესაძლებელია მაშინ, როცა ადამიანის ჯანმრთელობა სახელმწიფოში პრიორიტეტულადაა აღიარებული როგორც ქვეყნის ძირითადი ფასეულობა. ნებისმიერ სახელმწიფოში ჯანმრთელობას უზრუნველყოფს სამერთიანი პრინციპი, რომელიც გულისხმობს ადამიანის, მედიცინისა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას. ამ სისტემის ნებისმიერი რგოლის გამოვარდნა იწვევს მოსახლეობის ჯანმრთელობის მოშლას. ამაზე მიუთითებს არასრულფასოვნად ჩატარებული სტატისტიკაც. 2002 წლიდან დღემდე მოსახლეობის აღრიცხვა ჩატარებულია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში. საქართველოში ყოველი მეთოთხმეტე მოქალაქე ნარკომანია. ამას ემატება დემოგრაფიული თუ სხვა სამედიცინო საფრთხეებიც (კატასტროფულად იზრდება ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა, ქვეყანაში 700 ათასზე მეტი ონკოლოგიური პაციენტია და ა. შ.). ქართველი მოსახლეობა გადაშენების გზაზე იმყოფება. მისი ყოველი მეექვსე მოქალაქე ხანდაზმულობითა და საშუალო ასაკით ყველაზე დაბერებულია სამხრეთ კავკასიაში, რაც მოითხოვს ქართველი ერის გადარჩენისთვის მიზანდასახული ღონისძიებების გადაუდებლად გატარებას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მედიცინა დაკავებულია მხოლოდ ავადმყოფის მკურნალობითა და დაავადების პროცესის მართვით, თანამედროვე ტექნოცივილიზაციის პირობებში აუცილებელია, “მკურნალობის ინდუსტრიას” დაემატოს “ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის ინდუსტრიის” ჩამოყალიბება. მხოლოდ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მოსახლეობის გაჯანსაღებას, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, აქტიურ დღეგრძელობას!