გრძნობის ორგანოებიც ბერდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრძნობის ორგანოებიც ბერდება

პრესბიოპია - მხედველობის ასაკობრივი ცვლილება

მხედველობის ზოგიერთი ასაკობრივი ცვლილება შესაძლოა ახალგაზრდობაშივე დაიწყოს. ეს საცრემლე აპარატის მიერ ცრემლის გამომუშავების შემცირების შედეგია, რაც თვალის სიმშრალეს და მის თანმხლებ პრობლემებს იწვევს.

  • ასაკს პირველი რქოვანა გრძნობს - ის ნაკლებმგრძნობიარე ხდება, ამიტომ წვრილი ტრავმები შესაძლოა ვერც კი აღიქვას. ამასთან, თანდათან განილევა და 60 წლისთვის 30%-ით ნაკლები მოცულობა აქვს, ვიდრე 20 წლის ასაკში ჰქონდა.
  • გუგაც ნაკლებად რეაგირებს სინათლის ცვლილებაზე.
  • ბროლი თითქოს ფერს იცვლის - ყვითლდება, მუქდება და იმღვრევა.
  • მცირდება ცხიმოვანი ფენები, რომლებიც თვალის ფიქსაციას ახდენს და თვალი თითქოს უფრო ღრმად ჯდება თვალბუდეში.
  • მცირდება თვალის კუნთების შესაძლებლობები, რთულდება თვალის კაკლის მოძრაობა.
  • 55 წელს გადაცილებულ თითქმის ყველა ადამიანს სჭირდება სათვალე.
  • ასაკოვანთა მხოლოდ 15-20%-ს უქვეითდება მხედველობა იმდენად, რომ ვეღარ ახერხებს ავტომობილის მართვას.
  • მხედველობის ძლიერი ასაკობრივი დაქვეითების გამო მხოლოდ 5% ვერ ახერხებს თუნდაც სათვალით კითხვას.
  • ყველაზე გავრცელებული ასაკობრივი პრობლემაა ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირების უნარის დაქვეითება, რაც მხედველობის ასაკობრივი ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოხატულებაა. მას პრესბიოპიას უწოდებენ.
  • ასაკის მატებასთან ერთად ბევრს უჭირს ღამით ავტომობილის მართვა შემხვედრი ავტომობილების კაშკაშა შუქფარებისა და სიბნელის სწრაფი ცვალებადობის გამო, რაც შესაძლოა თვალის ბროლის შემღვრევისა და კატარაქტის პირველი ნიშანი იყოს.
  • ასაკთან ერთად იკლებს თვალშიდა სითხის რაოდენობა, თვალში მოხვედილი უმცირესი ნაწილაკები მხედველობის არეში ერთგვარ “მოტივტივე ობიექტებს” ქმნიან, რომლებიც გამაღიზიანებელია, თუმცა მხედველობას სერიოზულ საფრთხეს არ უქადის.
  • ასაკთან ერთად მცირდება თვალის მოძრაობის უნარი. თავდაპირველად ზევით ხედვის უნარი იზღუდება, მცირდება იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებიც მანამდე მხედველობის არეში იოლად ხვდებოდა.

დასასრულ, თავს იჩენს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა კატარაქტა, გლაუკომა, ყვითელი ლაქის დეგენერაცია, დიაბეტური და ჰიპერტონიული რეტინოპათია.

პრესბიაკუზისი - სმენის ასაკობრივი ცვლილება

ყური ერთსა და იმავე დროს სმენისა და წონასწორობის ორგანოა. ასაკობრივი ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, დაფის აპკს აზიანებს - ეს უკანასკნელი სქელდება და რხევის უნარს კარგავს, რასაც კოორდინაციის (წონასწორობის) მოშლამდე მივყავართ.

შუა ყური და სხვა სტრუქტურები პირველ ხანებში საღი რჩება, მაგრამ მოგვიანებით ისინიც განიცდიან ცვლილებებს. ყველაზე ადრე სმენა უქვეითდებათ მათ, ვისაც ახალგაზრდობაში მაღალი სიხშირის ბგერებით შექმნილ ხმაურიან გარემოში უწევდა ყოფნა.

დადგენილია, რომ 56 წელს გადაცილებულთა 30%-ს სმენის საგრძნობი დაქვეითება აღენიშნება.

პრესბიაკუზისი 50 წლიდან იწყება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • სმენის ნერვის დაზიანება.
  • ტვინში ბგერების “თარგმნის” - ინფორმაციად გადამუშავების უნარის დაქვეითება.
  • ყურში გოგირდის სეკრეციის მატება და გასქელება, რასაც საცობების წარმოქმნამდე მივყავართ.

ასაკოვანთათვის დამახასიათებელია სმენის ორი ტიპის დაქვეითება: ნეიროსენსორული და გამტარი. ნეიროსენსორულის დროს დაზიანებულია შიგნითა ყური, სასმენი ნერვი ან თავის ტვინის სმენის ზონა, გამტარი დაქვეითებისას კი ჭირს გარეთა და შუა ყურიდან შიგნითა ყურისკენ ბგერის გავლა.

სმენის ასაკობრივი დაქვეითებისას მკურნალობა ითვალისწინებს ქირურგიულ ჩარევას ან სასმენი აპარატის გამოყენებას.

მუდმივი ხმაური ასევე იწვევს სმენის დაქვეითებას, რაც თავის ტვინის, კისრის ან ყურის ნერვთა გაფართოება-შევიწროების შედეგია. ამ შემთხვევაში მკურნალობა ითვალისწინებს ხმაურიანი გარემოდან მოცილებას და მედიკამენტურ თერაპიას.

ყნოსვისა და გემოვნების ასაკობრივი ცვლილება

ადამიანს გემოვნების 9 ათასამდე რეცეპტორი აქვს. ქალებთან ისინი 40-50 წლისთვის იწყებს განლევას, ხოლო მამაკაცებთან - 50-60 წლისთვის, რის შედეგადაც მათი რიცხვი თანდათან მცირდება.

ადამიანი ჯერ მლაშესა და ტკბილის, მერე კი მწარესა და მჟავეს შეგრძნების უნარს კარგავს.

გარდა ამისა, სანერწყვე ჯირკვლები ასაკთან ერთად გაცილებით ნაკლებ სეკრეტს გამოიმუშავებს, რაც პირის სიმშრალეს იწვევს და ყლაპვას ართულებს. ყოველივე ეს ნეგატიურად აისახება საჭმლის მონელებაზე და კბილებსაც ვნებს.

ყნოსვა შედარებით გვიან - 70 წლისთვის “ბერდება”, რაც ცხვირში არსებული ნერვული დაბოლოებების დაზიანებითაა გამოწვეული.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ყნოსვასა და გემოვნებას ასაკი თითქმის ვერ ერევა და თუ ასეთი რამ მოხდა, მიზეზი ნეგატიურ გარეგან ფაქტორებსა და ცხოვრების არაჯანსაღ წესში, თამბაქოს წევაში, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაში, დაბინძურებულ ჰაერში უნდა ვეძებოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ყნოსვისა და გემოვნების ფუნქციათა დაქვეითება ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, ეს პროცესი საგრძნობლად ამცირებს ცხოვრების ხარისხს, აუარესებს საკვებისადმი ადამიანის დამოკიდებულებას და კვებისგან სიამოვნების მიღებასაც უშლის ხელს.

ყნოსვის დაქვეითება მოხუცებს ხშირად ჰიგიენურ პრობლემებსაც უქმნის და საყოფაცხოვრებო ტრავმების რისკსაც ამაღლებს. მაგალითად, ყნოსვადაქვეითებული მოხუცები დროულად ვერ გრძნობენ გამოჟონილი აირის, დამწვარი საკვების სუნს. სწორედ ამ შემთხვევაშია რეკომენდებული სახლში ისეთი მოწყობილობების დამონტაჟება, რომლებიც ბუნებრივ თუ ნამწვ აირებს “გრძნობს” და ხმოვან სიგნალს გამოსცემს.

შეხების ასაკობრივი ცვლილებები

ასაკთან ერთად სუსტდება ტკივილის, ვიბრაციის, სითბოსა და სიცივის, წნევისა და შეხების შეგრძნებები. ყოველივე ამას სპეციალისტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან:

  • მცირდება თავისა და ზურგის ტვინის რეცეპტორებისთვის სისხლის მიწოდება.
  • ვითარდება იმ მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი, რომლებიც ნერვული იმპულსების ნორმალურ გადაცემას უწყობს ხელს.

მოხუცებს უფრო და უფრო მეტად უჭირთ თბილისა და გრილის ერთმანეთისგან გარჩევა, რაც ზრდის ზამთარში გაციებისა და მოყინვის საფრთხეს. შეგრძნებების დასუსტება შესაძლოა ნაწოლების გაჩენის მიზეზადაც იქცეს.

საზოგადოდ, ტაქტილური შეგრძნების დაქვეითება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კანის სისქეზე - რაც უფრო თხელი კანი აქვს ადამიანს, მით უფრო ადვილად სუსტდება შეგრძნება. ამიტომაც გვირჩევენ სპეციალისტები ასაკში შესვლისას კანის საგულდაგულო მოვლას, რაც, გარდა იმისა, რომ კოსმეტიკური მიზანი აქვს, ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობასაც წარმოადგენს.