ორგანიზმის საინტერესო დამცველობითი მექანიზმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორგანიზმის საინტერესო დამცველობითი მექანიზმები

მთქნარება

მთქნარება ხშირ შემთხვევაში (თუნდაც დილიდანვე სამსახურში) ერთგვარ სიამოვნებას გვანიჭებს. მაგრამ რატომ ვამთქნარებთ? უფრო სწორად, რატომ გვამთქნარებს? ამის მექანიზმი სათანადოდ დღემდე არ არის შესწავლილი, თუმცა მეცნიერებს გარკვეული ახსნა მაინც მოეპოვებათ.

მთქნარების ერთ-ერთი მიზეზი თავის ტვინის “გადახურება-გადაძაბვაა” (ზოგი მთავარ მიზეზად ჰიპოქსიას - ჟანგბადის ნაკლებობას - მიიჩნევს). როცა აქტიურად ვმუშაობთ, ცოტა ან ცუდად გვძინავს და გამოუძინებლები ვდგებით, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას ან სტრესს განვიცდით, ორგანიზმი სპეციალურ მექანიზმს რთავს თავის დასაცავად.

თურმე მთქნარებისას ბევრ ჰაერს ჩავისუნთქავთ და ზედა სასის წყალობით ტვინი ერთგვარად გრილდება. ამასთან, იხსნება სასუნთქი გზები, სისხლი ჟანგბადით მდიდრდება და კუნთები დუნდება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მთქნარება მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასე რომ, როცა გამთქნარებთ, თამამად დაამთქნარეთ! ეს, გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა, სასარგებლოცაა.

ცხვირცემინება

ცხვირცემინების მექანიზმი მაშინ ირთვება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით ხვდება ალერგენები, მიკროორგანიზმები ან მტვრის ნაწილაკები (მაგალითად, ხინკალზე პილპილის მოყრისას). ამ დროს ცხვირის ღრუში არსებული სპეციალური ნერვული დაბოლოებები ღიზიანდება და ადამიანს აცემინებს, შედეგადაც ცხვირ-ხახიდან გამოიდევნება ყოველივე ზედმეტი.

ცხვირცემინებისას, სასურველია, წინ არავინ გედგეთ, თორემ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით - ამ დროს ხომ ამოსუნთქული ჰაერის სიჩქარე საათში დაახლოებით 160 კილომეტრს აღწევს, თანაც ერთი დაცემინებისას ამოტყორცნილ ჰაერში 100 ათასზე მეტი მავნე ბაქტერიაა. ერთი სიტყვით, ეცადეთ, ცემინების დროს სახეზე ცხვირსახოცი ან ხელი მაინც აიფაროთ. ყველა ბაქტერიას, რა თქმა უნდა, ვერ “დაიჭერთ”, მაგრამ მათ გაფანტვა-გაბნევას მაინც შეამცირებთ.

როდესაც ადამიანი რამდენიმე ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ აცემინებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ძლიერი ალერგენის გარემოცვაში იმყოფება და ორგანიზმი ამაზე დამცველობითი მექანიზმის ჩართვით მიანიშნებს.

ზმორება

ზმორებაც ორგანიზმის თავისებური დამცველობითი მექანიზმია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას პრაქტიკულად სრულად ვაკონტროლებთ ანუ სურვილისამებრ ვიზმორებით. საყურადღებო ის არის, რომ ზემოხსენებული მექანიზმი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის.

გაზმორების პროცესში ორგანიზმი ემზადება ფიზიკური დატვირთვისთვის, რომელიც მას დღის განმავლობაში მოელის. ახალგაღვიძებულზე გაზმორება სისხლის მიმოქცევის აღდგენას და გუნება-განწყობის გაუმჯობესებას ემსახურება. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გაზმორება გემოვნებით და ტაქტილურ (შეხების) შეგრძნებებსაც კი აუმჯობესებს. ასე რომ, გაზმორების გარეშე საუზმეს ნუ შეუდგებით!

სლოკინი

სლოკინი ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ყველაფერი რიგზე არ არის. ეს სიმპტომი ყოველთვის არ მიანიშნებს საგანგაშო პათოლოგიაზე, ზოგჯერ სერიოზული მიზეზის გარეშეც აღმოცენდება, ყველაზე ხშირად კი მისი მეშვეობით ორგანიზმი გვაფრთხილებს, რომ საკვების მიღება კმარა. როდესაც ადამიანი ჩქარა ჭამს, დიდ ლუკმებს სწრაფად ყლაპავს ან ზომაზე მეტადაა დანაყრებული, ორგანიზმში აღიგზნება ცთომილი (მეათე წყვილი) ნერვი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კუჭსა და დიაფრაგმასთან.

მოგეხსენებათ, ზომიერება ჭამაშიც აუცილებელია, საკვები კი გადაყლაპვამდე საგულდაგულოდ უნდა დაიღეჭოს.

სლოკინთან ბრძოლის უნიკალური მეთოდი დღემდე არ არსებობს. ზოგს მის დაოკებაში ჰაერის შეკავება ეხმარება, ზოგს - ჭიქა წყალი, ზოგს კი არაფერი, ამიტომ მშვიდად წვანან ხოლმე და ელიან, როდის გაივლის ეს შემაწუხებელი სიმპტომი.

მიოკლონური კრუნჩხვა

ალბათ ბევრისთვის ნაცნობია შეგრძნება, როდესაც, მწოლიარენი, სანეტარო ძილში ვეფლობით და უეცრად თითქოს დენი გვარტყამს. ამ დროს მყისიერად იკუმშება ყველა კუნთი და საწოლში ვხტებით, რაც, ბუნებრივია, უმალვე გვაფხიზლებს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს მექანიზმიც ჩვენი ორგანიზმის დამცველობითი კომპლექსის ერთ-ერთი მეტად საინტერესო კომპონენტია. მას მიოკლონური კრუნჩხვა ეწოდება.

საქმე ისაა, რომ როდესაც ჩაძინებას იწყებთ, სუნთქვა მკვეთრად იშვიათდება, მაჯისცემა ოდნავ ნელდება, კუნთები ეშვება. მთელ ამ კომპლექსს ტვინი შეცდომით სიკვდილისწინა მდგომარეობად აღიქვამს და უძლიერეს იმპულსს აგზავნის, რათა პატრონი გადაარჩინოს. შეიძლება ითქვას, რომ ტვინი ელექტროშოკით ცდილობს ორგანიზმის რეანიმირებას. როდესაც ტვინი დარწმუნდება, რომ ადამიანი სრულიადაც არ აპირებდა სიკვდილს, ბუნებრივია, მშვიდდება და ნორმალური ძილის საშუალებას გვაძლევს.

მიოკლონური კრუნჩხვა მეტად უსიამოვნო რამაა. სამაგიეროდ, სასიამოვნოა, რომ ტვინი ერთგულად იცავს ჩვენს უსაფრთხოებას.

სისველისგან კანის გაფუება

ხელისა და ფეხის თითების ბალიშებზე სისველისგან კანის გაფუებაც ყველასთვის ნაცნობია. თუ აბაზანაში ნორმაზე მეტხანს დავრჩით, კანზე სასაცილო სურათი გამოიხატება ხოლმე. ეს განსაკუთრებით ახალისებს ბავშვებს. ალბათ იკითხავთ, რა არის ამაში სასარგებლო, მით უმეტეს - დამცველობითი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს სიმპტომი შემთხვევით არ აღმოცენდება. ორგანიზმი გრძნობს, რომ ჭარბ სისველესთან აქვს საქმე და მოსალოდნელი მოცურებისგან გვიცავს - კანი იმისთვის ფუვდება, რომ გლუვ ზედაპირთან ხახუნისა და მოჭიდების უნარი მოემატოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორგანიზმი რთავს დამცველობით მექანიზმს, რათა სველ იატაკზე ფეხი არ აგვიცურდეს და საჭიროების შემთხვევაში “სუპერთითებით” მოჭიდება შევძლოთ. რა საოცარია, არა?

ბატის კანი

როცა გვცივა, გვეშინია ან, საზოგადოდ, ემოციურად აგზნებულები ვართ, კანი გვეხორკლება. ესეც ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმია. ამ მექანიზმის მთავარი ფუნქცია კანის ფორებიდან სითბოს გამოყოფის შემცირებაა. ორგანიზმი ამ გზით სითბოს ინარჩუნებს და სიცივეს ეგუება. ემოციური ფაქტორის გავლენით კანის დახორკვლის მიზანი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი საფუძველი ჩვენს შორეულ წარსულში, უფრო სწორად, შორეულ წინაპრებშია საძიებელი, რომლებიც გაცილებით თმიანები (ბალნიანები) იყვნენ.

ძლიერი ემოციის გავლენით (ისევე როგორც ტემპერატურული ფაქტორის გავლენით) თმის ბოლქვთან არსებული უწვრილესი კუნთები იკუმშება და თმის ღერებს ვერტიკალურ პოზიციას ანიჭებს. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ამ დროს თმა ყალყზე დგება, იბურძგლება. ამ მექანიზმს კატები და სხვა ძუძუმწოვრები აქტიურად იყენებენ მტრისაგან თავის დასაცავად, უფრო დიდები და საშიშები რომ გამოჩნდნენ.

ეს მექანიზმი ადამიანს დღემდე შემორჩა, თუმცა მტრის დაფრთხობისა რა მოგახსენოთ - ბალანაბურძგნილი და კანდახორკლილი ადამიანი გაბრაზებულ ბატს უფრო ემსგავსება. ამიტომაც უწოდებენ კანის ასეთ სახეცვლილებას ბატის კანს.

ცრემლები

თვალში უცხო სხეულის მოხვედრისას ცრემლი გვდის. თუმცა, ლორწოვანი გარსის დაცვასთან ერთად, ცრემლებს ორგანიზმის ემოციური დაცვის ფუნქციაც აკისრია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სტრესულ სიტუაციაში ტირილით ორგანიზმი ქმნის გაღიზიანების ახალ, მძლავრ კერას, რომელსაც ძალუძს, მოსწყვიტოს ჩვენი ყურადღება იმ ძლიერ ტკივილს, ამ დროს რომ განვიცდით.

როდესაც ბავშვი რამეს დაიშავებს (გაიჭრის, მიარტყამს და სხვა), მისი თავის ტვინის ქერქი აძლიერებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას - სუნთქვისას, მოძრაობისას, შინაგანი თუ გარეგანი სეკრეციისას, მაგრამ ძლიერი ფიზიკური და ემოციური ტკივილის მთავარი გარეგნული ნიშანი, რა თქმა უნდა, მაინც ცრემლებია. ცრემლდენა თავის ტვინის ქერქის აღგზნებას აქვეითებს. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ადამიანი ტირის, ცრემლები ცხვირის ღრუში ხვდება. ცხვირის ლორწოვანი გარსი უხვად შეიცავს ყნოსვისა და სამწვერა ნერვის დაბოლოებებს (რეცეპტორებს), რომლებიც აღიგზნება და იმპულსებს პირდაპირ თავის ტვინს გადასცემს. შედეგად ტვინი ძირითადი გამღიზიანებლისგან ან ტკივილისგან ერთგვარ გადართვას უზრუნველყოფს (როგორც ამბობენ, ყურადღების გადატანა ხდება). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ტირილი გარკვეულწილად მართლაც ამსუბუქებს ტკივილს.

80-იან წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოკვლევებიც კი ტარდებოდა ამ კუთხით. მეცნიერებმა ჯერ კიდევ მაშინ დაადგინეს, რომ თუ ცხოველს ავატირებთ, ჭრილობა გაცილებით სწრაფად შეუხორცდება. როდესაც საცდელ ცხოველებს საცრემლე ჯირკვლებს აცლიდნენ, მათ ჭრილობები უფრო ნელა უხორცდებოდათ.

ასე რომ, როცა გეტირებათ, იტირეთ. ტირილი სასარგებლო ყოფილა!