საახალწლო სიურპრიზები: ვის უხარია და ვის - არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო სიურპრიზები: ვის უხარია და ვის - არა?

რა არის სიურპრიზი, ერთნაირად ახარებს თუ არა ის ყველას?

საჩუქარი

საჩუქარი - ეს არის შესაძლებლობა, თუნდაც მცირედი სიხარული მიანიჭო, ყურადღება, სიყვარული, სითბო აგრძნობინო ძვირფას ადამიანს. ზოგი ამას ვალდებულებად აღიქვამს, ზოგს კი საჩუქარი მხოლოდ სიმბოლურ ნივთად მიაჩნია. თუმცა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის ძებნისას შეიძლება საკუთარ თავსაც მიანიჭო სიამოვნება - წამით ზღაპრულ თოვლის ბაბუად იქცე.

დღესასწაულის მოახლოებისას გონებაში საჩუქრისა და მილოცვის უამრავი ვარიანტი გვიტრიალებს.

საჩუქრის არჩევისა თუ მირთმევის ფორმა ჩვენს შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული. ეს თავისებური ნიჭია - არ აქვს მნიშვნელობა, თანდაყოლილია თუ შეძენილი. მთავარია, რომ შესაძლებელია მისი განვითარება.

განსხვავებული ადამიანები

ადამიანები, რომლებსაც საჩუქრებს ვუძღვნით, ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რა უფრო შეესაბამება მათ სულიერ სამყაროს.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად - “სულის ადამიანებად” და “მატერიის ადამიანებად” - დავყოთ. მაშასადამე, თუ დავადგენთ ადამიანის “მატერიალურობის” ხარისხს, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, მოეწონებათ თუ არა მათ ჩვენი საჩუქარი. თუ გამოვიცნობთ, რა ტიპის პიროვნებასთან გვაქვს საქმე, საჩუქარსაც შესაფერისს შევურჩევთ.

საჩუქრად შეიძლება შევარჩიოთ:

  • თანამედროვე ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტები: სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, სამზარეულოს კომბაინი, ყავის მადუღარა... ასეთი საჩუქრების საშუალებით თქვენი საყვარელი ადამიანი შეიძენს იმას, რაც აკლდა და მეტი თავისუფალი დროც დარჩება თქვენთან ურთიერთობისთვის.
  • სამკაული. ეს საკმაოდ ინტიმური საჩუქარია. უნდა იცოდეთ, როგორ სტილს ამჯობინებს მისი ადრესატი.
  • პარფიუმერია. ასეთი საჩუქრის მიძღვნა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ კარგად იცნობთ მის ადრესატს. მრავალ ქვეყანაში სუნამო ძვირფას და ნატიფ საჩუქრად მიიჩნევა, ამიტომ ორიენტაცია ცნობილ საფირმო ნიშნებზე აიღეთ.
  • ბევრს საუკეთესო საჩუქრად წიგნი მიაჩნია. სწორად არჩეული წიგნი შთაგონების ამოუწურავი წყაროა.
  • მუსიკით გატაცებული ადამიანებისთვის მუსიკალური დისკი შეიძლება დიდი სიხარულის წყაროდ იქცეს.
  • რომანტიკული ადამიანებისთვის დაუვიწყარი საჩუქარი იქნება იმპროვიზებული კონცერტი, ალბომი ცხოვრების დაუვიწყარი წუთების ამსახველი ფოტოსურათებით, საკუთარი ხელით ნაკეთი ნივთი. ასეთი საჩუქარი ხაზს უსვამს ადრესატის მნიშვნელობას და უნიკალურობას, თქვენ კი იქცევით ადამიანად, რომლისგანაც რაღაც უჩვეულოს ელიან.

საჩუქრის არსი უბრალოა: მთავარია არა ნივთი, არამედ ყურადღების სწორად გამოხატვა. სიყვარულით მიძღვნილი საჩუქარი მხოლოდ ადრესატს კი არ ანიჭებს სიხარულს, არამედ ჩვენს პიროვნებასაც ამდიდრებს.

დღესასწაული ყველას არ უყვარს

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დღესასწაულები არ უყვართ. ისინი უმეტესად მარტოხელები არიან. ასეთი ადამიანები ბრაზობენ, როცა მათ ეკითხებიან: “როგორ ხვდები ახალ წელს?” აღიზიანებთ ხალხმრავლობა მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ამბობენ, რომ ახალი წელი ერთფეროვნების ზეიმია - ყოველ წელს ერთსა და იმავეს აკეთებ, ერთსა და იმავე ხალხს ხვდები... ზოგს ნაძვის ხისა და თოვლის ბაბუის დანახვაზეც კი აკანკალებს. ამრიგად, რასაც უმრავლესობისთვის სიხარული მოაქვს, მარტოხელა ადამიანისთვის შესაძლოა საძულველიც კი აღმოჩნდეს. ეს ერთგვარი თავდაცვაა, რომლის მიღმაც დეპრესიაც იმალება, ამიტომ აზრი არ აქვს ასეთი ადამიანის გადარწმუნებას. ნუ წაუკითხავთ ლექციებს და ნურც გაკიცხავთ - ის ისედაც იტანჯება.

ახალი წლის მოძულეთაგან ხშირად გაიგონებთ, რომ “დღესასწაულებმა დაკარგეს თავიანთი პირვანდელი აზრი და დანიშნულება, ზოგისთვის თრობის საბაბად იქცნენ, ზოგისთვის - ხელის მოთბობის საშუალებად, უმრავლესობამ არც კი იცის, რას ზეიმობს” და არ სურთ, “ბრბოს” შეუერთდნენ. მაგრამ ამ დამოკიდებულების მიღმა ხშირად სინანული იმალება. ახალი წლის დღეებში მარტოხელები უფრო მწვავედ განიცდიან, რომ არც ოჯახი აქვთ და არც მეგობრები ჰყავთ. ამ განცდას თავი რომ დააღწიონ, თავი ისე უჭირავთ, თითქოს არაფერი აღელვებთ.

ბავშვობის მონატრება

ახალი წელი მარტოხელებს ბავშვობაში აბრუნებს. ის, ვინც ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას მოკლებულია, ყოველთვის აიდეალებს წარსულს. დედ-მამასთან, ბებია-ბაბუასთან, და-ძმებთან ერთად გატარებული დღესასწაულების მოგონება მას ტკივილს აყენებს.

როგორ უნდა მოიქცნენ მარტოხელები?

არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ დღესასწაულის მარტო გატარება მოგიწევთ. დაუკვეთეთ მაგიდა რომელიმე კარგ რესტორანში (წელიწადში ერთხელ შეიძლება, თავს ამის უფლება მისცეთ). თუ ხალხმრავლობა არ გიყვართ, შეგიძლიათ, შინ დარჩეთ, მოიმარაგოთ საყვარელი ფილმები და მუსიკა, დაუკვეთოთ (ან თვითონ მოამზადოთ) განსაკუთრებული კერძი, შეიძინოთ საყვარელი სასმელი და მოხდენილად გააწყოთ სუფრა.

თუ ამანაც არ გიშველათ, გაიხსენეთ, რომ ყველა დღესაწაულს ერთი საერთო თვისება აქვს - ადრე თუ გვიან მთავრდება, ამიტომ ნუ მიანიჭებთ ახალ წელს ტრაგიკულ ელფერს. შეახსენეთ საკუთარ თავს: “ესეც ჩაივლის”.

იქნებ ახალი წელი იმიტომ გაღიზიანებთ, რომ გგონიათ, ერთადერთი ხართ, ვინც ამ დღესასწაულს ვერ იტანს? გაესაუბრეთ ნაცნობებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, თუნდაც უცნობებს - გაგიკვირდებათ, იმდენ თანამოაზრეს იპოვით. იქნებ ახალ წელს სწორედ მათთან ერთად შეხვდეთ? უკიდურეს შემთხვევაში, იმაში მაინც დარწმუნდებით, რომ მარტო არ ხართ, რომ თქვენი ესმით - განა ეს აღნიშვნის ღირსი არ არის? თანამოაზრეთა ერთდ ყოფნაც დღესასწაულია.