ფერმენტული პრეპარატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერმენტული პრეპარატები

მედიკოსთა დიდ ნაწილს კი მიაჩნია, რომ საჭმლის მონელების პროცესი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი დაავადების დროს მეტ-ნაკლებად არის დარღვეული.

პანკრეასის ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული პრეპარატები ფარმაცევტული წარმოებისთვის უკვე ას წელზე მეტია ცნობილია. უმეტესად მათი ძირითადი კომპონენტებია ლიპაზა (ფერმენტი, რომელიც ცხიმს შლის), პროტეაზა (ცილის დამშლელი ფერმენტი) და ამილაზა (სახამებლის დამშლელი ფერმენტი), რომლებიც პანკრეატინში ანუ ღორის კუჭქვეშა ჯირკვლისგან დამზადებულ ფხვნილშია კონცენტრირებული. ბოლო ხანს გამოიყენება პრეპარატები (ენზალ D), რომლებიც მცენარეული, სოკოვანი და მიკრობული წარმოშობის ფერმენტებს შეიცავს. მათი ძირითადი კომპონენტებია პაპაინი, სოკოვანი დიასტაზა.

როდის იყენებენ ფერმენტულ პრეპარატებს?

ფერმენტული პრეპარატების გამოყენების ჩვენება საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი რეკომენდებულია კუჭის (ქრონიკული გასტრიტი, განსაკუთრებით სეკრეტორული აქტივობის დაქვეითებისას; კუჭზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი), პანკრეასის (ქრონიკული პანკრეატიტი, პანკრეასზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, მუკოვისციდოზი), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების (ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომი პერიოდი), ნაწლავის (როგორც ანთებითი, - კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, - ასევე ფუნქციური - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) დაავადებისას და სხვა.

მიუხედავად ჩამოთვლილი პათოლოგიების მრავალფეროვნებისა, ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უმთავრესი და პირდაპირი ჩვენება მაინც პანკრეასის გარესეკრეტორული ფუნქციის დარღვევაა, რაც ქრონიკული პანკრეატიტის ან პანკრეასზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევის შედეგია. ამ შემთხვევებში ფერმენტული პრეპარატების გამოყენების მიზანია პანკრეასის წვენის უკმარისობის კომპენსაცია, ეგრეთ წოდებული ჩანაცვლებითი თერაპია.

ფერმენტული პრეპარატების დოზები

როდესაც პანკრეასის გარესეკრეტორული ფუნქცია მკვეთრად არის დათრგუნული, ფერმენტების დეფიციტის საკომპენსაციოდ ლიპაზის საკმაოდ დიდი დოზაა საჭირო. დადგენილია, რომ ლიპაზის მკვეთრი დეფიციტის დროს აუცილებელია ფერმენტული პრეპარატების ისეთი დოზის შერჩევა, რომ ადამიანმა ყოველი კვებისას 30 000 სე (საერთაშორისო ერთეული) ან მეტი ლიპაზა მიიღოს. პრეპარატის შერჩევისას ექიმი ყოველთვის ლიპაზის შემცველობაზეა ორიენტირებული, ვინაიდან სწორედ მისი სეკრეცია ირღვევა ყველაზე მეტად.

თუ პაციენტს პანკრეასი აქვს ამოკვეთილი, აუცილებელია, ისეთი პრეპარატი მიიღოს, რომელიც ლიპაზას დიდი რაოდენობით შეიცავს (კრეონი 25 000, მეზიმ-ფორტე 10 000).

ლიპაზის სეკრეციის მსუბუქი დარღვევისას საკმარისია იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც 6 000-8 000 სე, ხოლო უფრო მკვეთრი დარღვევებისას 8 000-12 000 სე ლიპაზას შეიცავს.

ამავე დროს, ექიმი ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მიღებული ფერმენტების კონცენტრაცია მცირდება კუჭის წვენის სიმჟავის, სავსეობის შესაბამისად, ლიპაზის პროტეოლიზური აქტივობის დაქვეითების გამო.

როდის უნდა მივიღოთ პანკრეასის ფერმენტები?

არცთუ იშვიათად ფერმენტულ პრეპარატებს ჭამის წინ უნიშნავენ და არა ჭამის დროს. ეს შეცდომაა, ვინაიდან შესაძლოა მოიმატოს საკვების გუნდასთან ფერმენტების შერევამ. არსებობს მოსაზრება, რომ უმჯობესია ფერმენტული პრეპარატის ერთჯერადი დოზის მეოთხედი პაციენტმა მიიღოს საკვების პირველი ლუკმების შემდეგ, ნახევარი - შუა ჭამისას, ხოლო მეოთხედი - ბოლო ლუკმების მიღებამდე.

რა სახის ფერმენტული პრეპარატები არსებობს?

პანკრეასის ფერმენტული პრეპარატები სინთეზირებულია როგორც შემოუგარსავი, ასევე მჟავაგამძლე გარსით დაფარული სახით. ცნობილია, რომ პანკრეასის ლიპაზა კუჭის მჟავა გარემოში ინაქტივირდება. ამის გათვალისწინებით შემოუგარსავი ტაბლეტების მიღებისას აუცილებელია პრეპარატის დოზის გაზრდა და კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად იმავდროულად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან H2 ბლოკერების დანიშვნა.

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად უპირატესობა ენიჭება მჟავაგამძლე გარსით დაფარულ ტაბლეტებს. უკანასკნელ ათწლეულებში გაჩნდა ორგარსიანი პრეპარატები, რომლებიც მჟავაგამძლე გარსით დაფარულ მიკროგრანულებს შეიცავენ. ასეთი ტაბლეტების გარეთა გარსი სწრაფად იშლება კუჭის მჟავა გარემოში, ხოლო მასში არსებული წვრილი მჟავაგამძლე გრანულები - თორმეტგოჯა ნაწლავში.

ორგარსიანი ტაბლეტები (კრეონი, ლიკრეაზა, პანციტრატი) უფრო უკეთ უზრუნველყოფენ ფიზიოლოგიურ მონელებას, ვიდრე ტრადიციული ერთგარსიანი ფერმენტები, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანასკნელნი (მეზიმ-ფორტე, პანკრეატინი, პენზიტალი) გაცილებით ეფექტურნი არიან ტკივილის სინდრომით მიმდინარე დაავადებების დროს.

სიმჟავის დამაქვეითებელი საშუალებების გამოყენება ორგარსიანი ფერმენტული პრეპარატების მიღების დროსაც შეიძლება გახდეს საჭირო.


ვითარდება თუ არა გვერდითი ეფექტები ფერმენტული პრეპარატების გამოყენებისას?

ჩვეულებრივ, პაციენტები ფერმენტულ პრეპარატებს კარგად იტანენ, მათი გამოყენებისას უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები მინიმალურია. ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, შარდმჟავას შემცველობის მატება სისხლში, ალერგია ღორის ხორცის მიმართ, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები.

დადგენილია, რომ პანკრეასის ფერმენტების მაღალი დოზით გამოყენება, რაც აუცილებელია მუკოვისციდოზის ანუ კისტური ფიბროზის დროს, ათჯერ ზრდის მაფიბროზებელი კოლონოპათიის აღმოცენების რისკს.

არსებობს მოსაზრება, რომ საჭიროების გარეშე მიღებული ფერმენტული პრეპარატი თორმეტგოჯა ნაწლავში მოხვედრისას რეფლექსურად იწვევს პანკრეასის სეკრეციის დათრგუნვას, ამიტომ არ არის რეკომენდებული ასეთი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

მოსალოდნელია თუ არა ალერგიული რეაქცია ფერმენტული პრეპარატების მიმართ? როგორია ტაქტიკა ამ შემთხვევაში?

ალერგიული რეაქციის ან მომატებული მგრძნობელობის რაიმე სიმპტომის გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ფერმენტულ პრეპარატებში შესაძლოა გამოყენებული იყოს ძროხის, ღორის, ანანასის ან პაპაიას კომპონენტები. ვისაც ალერგია აქვს ამ პროდუქტების მიმართ, მათ შემცველ პრეპარატებს ვერ დავუნიშნავთ.

გასათვალისწინებელია, რომ ფერმენტული პრეპარატების მიღებისას შესაძლოა შემცირდეს დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი. მოსალოდნელია აგრეთვე ურთიერთქმედება ანტაციდებსა და რკინის პრეპარატებთან.

გამართლებულია თუ არა ფერმენტული პრეპარატების თვითნებური მიღება?

ფერმენტული პრეპარატები პანკრეატინთან ერთად შეიცავენ სხვა კომპონენტებსაც. მაგალითად, ფესტალი, დიგესტალი და ენზისტალი - ნაღვლის მჟავებსა და ჰემიცელულოზას, პანზინორმ-ფორტე - პეფსინს, ქლორწყალბადმჟავას და ქოლის მჟავას. ასეთი პრეპარატების დანიშვნისას ითვალისწინებენ რიგ ნიუანსს. მაგალითად, თუ კუჭის სეკრეცია მომატებულია, პანზინორმ-ფორტე არ არის რეკომენდებული, ხოლო დაბალი მჟავიანობისას, პირიქით, ნაჩვენებია.

ნაღვლის მჟავას შემცველი პრეპარატები ნაჩვენებია ნაღვლის ბუშტის მოტორიკის დაქვეითებისას, რიგ შემთხვევაში - ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის) შემდეგ, ყაბზობისაკენ მიდრეკილებისას. თუმცა მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ფაღარათი, ნაღვლის ბუშტის წვრილი კენჭების მიგრაცია და პანკრეატიტის გამწვავებაც კი.

როგორც ვხედავთ, ფერმენტული პრეპარატები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, ეს კი მხოლოდ ექიმს შეუძლია.