სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები

ასეთი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ალფა და ბეტა ადრენორეცეპტორების ბლოკადასთან, გარკვეული ტიპის ცენტრალური რეცეპტორების სტიმულაციასთან, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის დაქვეითებასთან, კალციუმის არხების ინჰიბირებასთან (შეფერხება-შეკავებასთან), ასევე - უშუალოდ სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებზე ზემოქმედებასთან. მოქმედების მექანიზმიდან და უშუალოდ სამიზნე რგოლის თავისებურებებიდან გამომდინარე,  განასხვავებენ სამი ტიპის პერიფერიულ ვაზოდილატატორებს (სისხლძარღვთა გამაფართოებლებს):

  • პრეპარატები, რომლებიც უპირატესად ვენულებზე მოქმედებს (ორგანული ნიტრატები);
  • პრეპარატები, რომლებიც უპირატესად არტერიოლებზე მოქმედებს (ჰიდრალაზინი, ალფა-არასელექციური ადრენობლოკატორები, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები);
  • პრეპარატები, რომლებიც ერთდროულად მოქმედებს როგორც ვენულებზე, ასევე არტერიოლებზე (არაორგანული ნიტრიტი, ალფა1-სელექციური ადრენობლოკატორი).

საყურადღებოა, რომ სისხლძარღვთა გამაფართოებელი კლასიკური პრეპარატები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს, რომლებიც წაყენებული აქვთ ანტიანგინალურ პრეპარატებს ზოგადად. სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები ზრდიან სისხლის ნაკადს მიოკარდიუმში (გულის კუნთოვან გარსში) ისე, რომ არ არღვევენ მის მუშაობას, თუმცა მათ არ შესწევთ უნარი შეამცირონ მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე და არ ავლენენ ანტიადრენერგულ მოქმედებას. აღნიშნული პრეპარატები არ აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმის იშემიურ უბნებში, სადაც არტერიოლები ისედაც უკიდურესად გაგანიერებულია. როგორც ცნობილია, არტერიებს აქვთ კუნთოვანი კედელი, რომელიც უზრუნველყოფს მათ შეკუმშვას (რითაც მცირდება სისხლის ნაკადი) და გაფართოებას (რითაც იზრდება სისხლის ნაკადი). გულის უკმარისობის დროს ენდოკრინული სისტემა  ხშირად იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან გაფართოებას. როცა არტერიები იკუმშება, მათში სისხლის ნაკადის წინააღმდეგობა იზრდება. სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები იწვევენ გულის გვირგვინოვანი (კორონარული) და პერიფერიული არტერიების გლუვი კუნთების მოდუნებას, რითაც ამცირებენ სისხლძარღვთა სპაზმებს. მაგალითად, სტენოკარდიის შეტევის კუპირება მიიღწევა სისხლძარღვთა გამაფართოებელი სწრაფად მოქმედი პრეპარატებით (ნიტროგლიცერინი, ამილნიტრიტი). ქრონიკული კორონარული უკმარისობის დროს შეტევათა თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოებელი ხანგრძლივმოქმედი პრეპარატები - ერინიტი, სუსტაკი და სხვა; აგრეთვე პაპავერინი, ეუფილინი. ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, ინტენსაინი, არა მხოლოდ აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გვირგვინოვან არტერიებში, არამედ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს გულში, ამცირებს გულის კუნთის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, აძლიერებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას. ანაპრილინი (ინდერალი), რომელიც მიეკუთვნება ბეტა-ადრენობლოკატორებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს გულის კუნთში, იმავდროულად  ამცირებს მიოკარდიუმის კუმშვით აქტივობას. პირიდინოლკარბამატი (ანგინინი) აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ა. შ. მოქმედების მექანიზმისა და ქიმიური შენების მიხედვით სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების სხვაგვარი დაჯგუფებაც არსებობს:

  • მიოტროპული მოქმედების პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ უშუალოდ სისხლძარღვთა კედლის კუნთოვან ელემენტებზე, ცვლიან მათში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აქვეითებენ სისხლძარღვთა ტონუსს (პურინის წარმოებულები - კოფეინი, თეოფილინი; იზოქინოლის წარმოებულები - პაპავერინი, ნო-შპა, სალსოლინი; ქრომონის წარმოებულები - კელინი);
  • ნეიროტროპული მოქმედების პრეპარატები, რომლებიც სისხლძარღვთა გამაფართოებელ ეფექტს იწვევენ სისხლძარღვთა ტონუსის ნერვულ რეგულაციაზე ზეგავლენით. აღნიშნული პრეპარატები როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური მოქმედებისაა. პირველ ქვეჯგუფს (ანუ პერიფერიული მოქმედების პრეპარატებს) მიეკუთვნება ის ნივთიერებები, რომლებიც ბლოკავს სისხლძარღვთა ადრენერგულ რეცეპტორებს - ადრენოლიზური საშუალებები (მაგალითად, ფენტოლამინი) და ნივთიერებები, რომლებიც ბლოკავენ სისხლძარღვთა მაინერვირებელი სიმპათიკური ნერვული დაბოლოებებიდან აგზნების გადაცემას - სიმპათოლიზური საშუალებები (ოქტადინი, ორნიდი). სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით ხასიათდება აგრეთვე ქოლინომიმეტური ნივთიერებები  (აცეტილქოლინი, კარბაქოლინი), რომლებიც აადვილებენ აგზნების გადაცემას პარასიმპათიკური ნერვებიდან ეფექტორულ ორგანოებზე, მათ შორის სისხლძარღვებზე. იგივე ეფექტი აქვთ განგლიობლოკატორებსაც (ტეტამონი, პენტამინი და სხვა), რომლებიც აფერხებენ აგზნების გადაცემას სიმპათიკურ განგლიებში, რის შედეგადაც მცირდება სისხლძარღვთა კედლის ტონუსი. სისხლძარღვთა ტონუსის ცენტრალურ რეგულაციაზე გავლენას ახდენს ჰიდრაზინოფტალაზინის წარმოებულები (აპრესინი), ფენოთიაზინის წარმოებულები (ამინაზინი) და სხვა.
  • შერეული მოქმედების პრეპარატები - რომლებსაც აქვთ როგორც ცენტრალური ნეიროტროპული, ასევე პერიფერიული მიოტროპული მოქმედება. ამ ჯგუფში ერთიანდება ნიტრიტები და ნიტრატები (ამილნიტრიტი, ნიტროგლიცერინი, ნიტრანოლი და სხვა), რეზერპინი, რომელიც წარმოადგენს ტროპიკული მცენარე რაუვოლფიას ალკალოიდს. ეს უკანასკნელი ასუსტებს სისხლძარღვთა როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ ადრენერგულ ინერვაციას, რის შედეგადაც სისხლძარღვთა სანათური ფართოვდება და არტერიული წნევა ქვეითდება.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატები

ამჟამად არ არსებობს ისეთი მედიკამენტები, რომლებიც შერჩევითად, მხოლოდ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე მოახდენდნენ გავლენას. თუმცა სამკურნალო პრეპარატების დიდი ნაწილი, ზოგადი სპაზმოლიზური (ანუ სპაზმის მომხსნელი) აქტივობიდან გამომდინარე, იწვევს რა სისხლძარღვთა გაფართოებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში, ამა თუ იმ ხარისხის დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზეც, უზრუნველყოფს ჟანგბადით მის მომარაგებას და აძლიერებს მასში მეტაბოლურ პროცესებს. ტვინის სისხლძარღვებს (ძირითადად ვენულებს) აფართოებს ორგანული ნიტრატები და ნიტრიტები. შედარებით ნაკლებად, მაგრამ ხანგრძლივად თავის ტვინის სისხლძარღვთა გაფართოებას განაპირობებს პურინული ალკალოიდები (კოფეინი, თეობრომინი) და მათი წარმოებულები. ნიკოტინის მჟავა და მისი შემცველი პრეპარატები (პიკამილონი და სხვა) ტვინის სისხლძარღვებს შედარებით მოკლე ხნით აფართოებს. სპაზმოლიზურ საშუალებებს (ნო-შპას, ადეკვატური დოზებით პაპავერინს, დიბაზოლს და სხვა) ასევე შეუძლიათ დააქვეითონ ტვინის სისხლძარღვთა ტონუსი და, შესაბამისად, გააძლიერონ სისხლის მიმოქცევა ტვინში.


სისხლძარღვთა გამაფართოებელი მცენარეული საშუალებები

  • მთის არნიკა. აფართოებს ტვინის სისხლძარღვებს. მიიღეთ ყვავილედის ნაყენი  (10:100), ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
  • ყვითელი ცხვირსატეხელა. აფართოებს გულისა და თირკმლის სისხლძარღვებს. მიიღეთ ბალახის ნაყენი (1 სადილის კოვზი 200 გ წყალზე) - ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ.
  • გლერძი. მიიღეთ ბალახის ნაყენი (1 სადილის კოვზი 200 გ წყალზე, წამოადუღეთ, გააჩერეთ 4 საათს) - 1 სადილის კოვზი დღეში ოთხჯერ ჰიპერტონიის დროს.
  • ჭაობის იელი. მიიღეთ ბალახის ნაყენი (2 სადილის კოვზი 200 გრამ წყალზე) თბილ-თბილი, დღეში სამჯერ, 1/4 ჭიქა.
  • გველის სურო. აფართოებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს. მიიღეთ ფოთლების ნაყენი (1 სადილის კოვზი 200 გ წყალზე) ჰიპერტონიის დროს დღეში სამჯერ, 1/3 ჭიქა.
  • მარიამსაკმელა. აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. მიიღეთ ბალახის ნახარში (1 ჩაის კოვზი 200 გ წყალზე, წამოადუღეთ, გააჩერეთ 2 საათს) - ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ.

არტერიული ჰიპერტენზიის (საწყისი სტადიების) სამკურნალო მცენარეები

ფითრი ნახევრად პარაზიტი წვრილი ბუჩქნარია, რომელიც თავისი ქაუსტორიებით (ფესვისმაგვარი წარმონაქმნებით) ჩაზრდილია ხის (პატრონის) მერქნის ქერქში, საიდანაც შეიწოვს საკვებ ნივთიერებებს. გავრცელებულია კავკასიის მთიან რეგიონებში. ხალხურ და კლასიკურ (მეცნიერულ) მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თეთრი ფითრის ფოთლები და ყლორტები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა მოიკრიფოს. ფითრის ფოთლები შეიცავს ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ვიკსოტოქსინს 0,1%-მდე (წარმოადგენს სხვადასხვა პეპტიდის ნარევს), ასკორბინის მჟავას, კაროტინს, აცეტილქოლინს, ქოლინს, ოლეინის მჟავას, ფლავონოიდებს, ვისკულენს, ტანინს, ფისებს, ცვილს და სხვა. ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემების მიხედვით დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების პრეპარატები იჩენს კარგად გამოხატულ არტერიული წნევის დამაქვეითებელ (ჰიპოტენზიურ) მოქმედებას. ეს ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია როგორც მოგრძო ტვინზე ზემოქმედებით, ასევე - ნაწილობრივ - უშუალოდ პერიფერიულ სისხლძარღვთა გამაფართოებელი (ვაზოდილატაციური) მოქმედებითაც. განსაკუთრებით ძლიერი ფარმაკოლოგიური ეფექტით გამოირჩევა მაცერატე, რომელიც მომზადებულია წნორის (რუსული ბზა) ფითრის იანვარში მოკრეფილი ფოთლებისგან. გველის სურო 50-70 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ხარობს კავკასიაშიც. ხალხურ და კლასიკურ (მეცნიერულ) მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება გველის სუროს ფოთლების (აგროვებენ ყვავილობის პერიოდში) პრეპარატები. მცენარის ფოთლები შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს და სხვა. ალკალოიდებიდან გველის სუროს ფოთლებში აღმოჩენილია ვინკამინი ანუ დევინკანი, რეზერპინი, ვინინი, ჰერბადეინი და სხვა, რომლებიც წარმოადგენს ინდოლის ნაწარმებს. ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემებით დადგენილია, რომ როგორც ალკალოიდები, ისე გალენური (ჯამური) პრეპარატები ზომიერად და ხანგრძლივად აქვეითებენ არტერიულ წნევას და ახდენენ ძლიერ გამოხატულ სედაციურ ეფექტს. წნევის დამაქვეითებელი ანუ ჰიპოტენზიური ეფექტის ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს გველის სუროს პრეპარატების მიერ სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებაში და მათი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებაში. გველის სუროს ალკალოიდები პრაქტიკულად არ მოქმედებს გულის კუმშვადობაზე, მაგრამ იწვევს ბრადიკარდიას, აძლიერებს შარდის გამოყოფას, აქვეითებს შაქრის შემცველობას სისხლში, აფართოებს გულის გვირგვინოვან და ტვინის სისხლძარღვებს. გველის სუროს პრეპარატებში შემავალი ვინკამინის ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტია ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ჟანგბადის უტილიზაცია ტვინის ქსოვილის მიერ. გველის სუროს პრეპარატები ამავე დროს ადუნებენ წვრილი ნაწლავების მუსკულატურას და ასტიმულირებენ საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას. კლინიკურ მედიცინაში გველის სუროს გალენური პრეპარატები გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული სტადიების (და ფაზების) სამკურნალოდ. სედაციური მოქმედების უნარის გამო მათ იყენებენ აგრეთვე როგორც ძლიერ სედაციურ საშუალებებს მონოთერაპიის სახითაც კი. ვინაიდან გველის სუროს პრეპარატები აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის უტილიზაციას,  მათ უნიშნავენ არტერიული ჰიპერტენზიის დროსაც, განსაკუთრებით - ისეთი ფორმების შემთხვევაში, რომლებიც მიმდინარეობს თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმებით, ვეგეტონევროზით და სხვა.