სოკოვანი დაავადების სამკურნალო მედიკამენტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოკოვანი დაავადების სამკურნალო მედიკამენტები

სოკოს საწინააღმდეგო ანუ ანტიმიკოზური საშუალებები არის პრეპარატები, რომლებსაც აქვს ფუნგიციდური (მიკოზის გამომწვევის გამანადგურებელი) ან ფუნგისტატიკური (მიკოზის გამომწვევის გამრავლების დამთრგუნველი) მოქმედება და გამოიყენება მიკოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები პირობითად შეიძლება ორ დიდ ჯგუფად - ადგილობრივ და სისტემურ საშუალებებად - დავყოთ. ადგილობრივად გამოსაყენებელი სამკურნალო ფორმებია:

  • აეროზოლები და სპრეი;
  • კრემები, მალამოები, ლინიმენტები;
  • ფხვნილები;
  • სუპოზიტორიები;
  • შამპუნები.

სისტემური სამკურნალო ფორმებია:

  • კაფსულები და ტაბლეტები;
  • სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილები;
  • საინექციო ხსნარები;
  • საინფუზიო ხსნარები.

სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ სამკურნალო საშუალებათა წყებას, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება:

  • წარმოშობით (ბუნებრივი და ხელოვნური);
  • მოქმედების სპექტრითა და მექანიზმით;
  • სოკოს საწინააღმდეგო ეფექტით (ფუნგიციდური და ფუნგისტატიკური);
  • გამოყენების ჩვენებით (ადგილობრივი და სისტემური ინფექციები);
  • მიღების წესით (შინაგანად მისაღები, პარენტერალური, გარეგანი).

არსებობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების რამდენიმე კლასიფიკაცია, რომლებიც ეფუძნება:

  • მათ ქიმიურ სტრუქტურას;
  • მოქმედების მექანიზმს;
  • აქტივობის სპექტრს;
  • ფარმაკოკინეტიკას;
  • კლინიკური გამოყენების თავისებურებებს და სხვა პატამეტრებს.

ქიმიური შენების მიხედვით კლასიფიკაცია ასეთია:

1. პოლიენური ანტიბიოტიკები: ნისტატინი, ლევორინი, ნიტამიცინი, ამფოტერიცინი, მიკოგეპტინი;

2. იმიდაზოლის წარმოებულები: მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი, იზოკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, ეკონაზოლი, ბიფონაზოლი, ოქსიკონაზოლი, ბუტოკონაზოლი;

3. ტრიაზოლის წარმოებულები: ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი;

4. ალილამინები (N-მეთილნაფტალინის წარმოებულები): ტერბინაფინი, ნაფტიფინი;

5. ექინოკანდინები: კასპოფუნგინი;

6. სხვა ჯგუფის პრეპარატები: გრიზეოფულვინი, ამოროლფინი, ციკლოპიროქსი, ფლუციტოზინი.


დანიშნულების მიხედვით სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები შეიძლება ამგვარად დავაჯგუფოთ:

I. პათოგენური სოკოებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო საშუალებები:

  • საშუალებები, რომლებიც ინიშნება სისტემური ან ღრმა მიკოზების დროს (კოქციდიოდომიკოზი, პარაკოქციდიომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი, კრიპტოკოკოზი, ბლასტომიკოზი):
  • ანტიბიოტიკები (ამფოტერიცინი, მიკოგეპტინი);
  • იმიდაზოლის წარმოებულები (მიკონაზოლი, კეტოკონაზოლი);
  • ტრიაზოლის წარმოებულები (ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი);

საშუალებები, რომლებიც ინიშნება ეპიდერმომიკოზების (დერმატომიკოზების) დროს:

  • ანტიბიოტიკები (გრიზეოფულვინი);
  • N-მეთილნაფტალინის წარმოებულები (ტერბინაფინი);
  • ნიტროფენოლის წარმოებულები (ქლორნიტროფენოლი);
  • იოდის პრეპარატები (იოდის სპირტხსნარი, კალიუმის იოდიდი).

II. პირობითპათოგენური სოკოებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების (მაგალითად, კანდიდამიკოზის) სამკურნალო საშუალებები:

  • ანტიბიოტიკები (ნისტატინი, ლევორინი, ამფოტერიცინი);
  • იმიდაზოლის წარმოებულები (მიკონაზოლი, კლოტრიმაზოლი).

კლინიკურ პრაქტიკაში სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ყოფენ 3 ძირითად ჯგუფად:

I. ღრმა (სისტემური) მიკოზების სამკურნალო პრეპარატებად;

II. ეპიდერმოფიტიისა და ტრიქოფიტიის სამკურნალო პრეპარატებად;

III. კანდიდოზების სამკურნალო პრეპარატებად.

პრეპარატის შერჩევისას ითვალისწინებენ გამომწვევის სახეობასა და სამკურნალო საშუალებისადმი მის მგრძნობელობას, თვით სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკას, ტოქსიკურობას, პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებს. მიუხედავად იმისა, რომ სოკოვანი დაავადებები ანტიკური ხანიდან არის ცნობილი, დერმატომიკოზისა და კანდიდოზის გამომწვევები მხოლოდ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აღმოაჩინეს. ანტიმიკოზური საშუალებების გაჩენამდე კი მიკოზებს ანტისეპტიკებითა და კალიუმის იოდიდით მკურნალობდნენ. პოლიენური ანტიბიოტიკების მოქმედების მექანიზმი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. ამ ჯგუფის სამკურნალო საშუალებები უკავშირდება სოკოს უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლს და არღვევს მის მთლიანობას, რაც იწვევს უჯრედული მაკრომოლეკულების, იონების დაკარგვას და უჯრედის ლიზისს. პოლიენურ ანტიბიოტიკებს ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი. ნისტატინი, ლევორინი და ნატამიცინი გამოიყენება როგორც ადგილობრივად, ისე შინაგანად კანდიდოზის (კანის, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის, გენიტალური კანდიდოზის) დროს. ამფოტერიცინს უპირატესად მძიმე სისტემური მიკოზების სამკურნალოდ იყენებენ. არც ერთი პოლიენური ანტიბიოტიკი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შინაგანი მიღების დროს და დაუზიანებელი კანისა და ლორწოვანის ზედაპირიდან ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში. რაც შეეხება თანმხლებ ეფექტებს, პოლიენური ანტიბიოტიკების შინაგანი მიღებისას მოსალოდნელია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, ადგილობრივი გამოყენებისას - კანის გაღიზიანება და წვის შეგრძნება. აზოლები (იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები) სოკოს საწინააღმდეგო სინთეზური საშუალებების მრავალრიცხოვანი ჯგუფია. ეს ჯგუფი შეიცავს:

  • სისტემური გამოყენების აზოლებს: კეტონაზოლს, ფლუკონაზოლს, იტრაკონაზოლს, ვორიკონაზოლს;
  • ადგილობრივი გამოყენების აზოლებს: იფონაზოლს, იზოკონაზოლს, კლოტრიმაზოლს, მიკონაზოლს, ოქსიკონაზოლს, ეკონაზოლს, კეტოკონაზოლს.

ყველა აზოლს მოქმედების ერთნაირი მექანიზმი აქვს. მათი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, ისევე როგორც პოლიენური ანტიბიოტიკებისა, გამოიხატება სოკოს უჯრედის მემბრანის მთლიანობის დარღვევით, მაგრამ მოქმედების მექანიზმი განსხვავებულია. აზოლებს აქვთ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი უპირატესად ფუნგისტატიკური ეფექტით. სისტემური გამოყენების აზოლები აქტიურნი არიან ზედაპირული და ინვაზიური მიკოზების გამომწვევთა უმეტესობის, მათ შორის - კანდიდა spp-ის (Candida albicans-ის, Candida tropicalis-ის), Cryptococcus neoformans-ის, Coccidioides immitis-ის, Histoplasma capsulatum-ის, Blastomyces dermatitidis-ის, Paraccoccidioides brasiliens-ის მიმართ. აზოლების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი ანუ მეტად რეზისტენტულნი არიან Candida glabrata, Candida krucei, Aspergillus spp., Fusarium spp. აზოლების გამოყენებისას სოკოების მეორეული რეზისტენტობა იშვიათად ვითარდება. ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებმა შეიძლება ზოგიერთი სოკოს მიმართ ფუნგიციდური მოქმედება გამოიწვიოს.


სისტემური გამოყენების აზოლები კარგად შეიწოვება შინაგანი მიღებისას. ადგილობრივი აზოლები (კლოტრიმაზოლი, მიკონაზოლი და სხვა) ეპიდერმისსა და კანის ქვემდებარე შრეებში აღწევენ და მაღალ კონცენტრაციას ქმნიან. სისტემური აზოლების დანიშვნის ჩვენებაა:

  • კანის კანდიდოზი;
  • ონიქომიკოზი;
  • კანდიდოზური პარონიქია;
  • კერატომიკოზები;
  • დერმატოფიტიები;
  • ტრიქოფიტია;
  • შორისის არისა და ტერფის ეპიდერმოფიტია;
  • მიკროსპორია;
  • კანდიდოზური ვულვოვაგინიტი;
  • პირის ღრუს, ხახის, საყლაპავისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსების კანდიდოზი;
  • გენერალიზებული კანდიდოზი;
  • ვისცერული კანდიდოზი (კანდიდოზური მიოკარდიტი, ენდოკარდიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პერიტონიტი, შარდგამომყოფი გზების კანდიდოზი);
  • ღრმა ენდემური მიკოზები;
  • სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში.

ადგილობრივი აზოლების დანიშვნის ჩვენებაა:

  • კანის კანდიდოზი;
  • დერმატოფიტია;
  • სებორეული დერმატიტი;
  • პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზი;
  • კანდიდოზური ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი, ტრიქომონიაზი.

სისტემური აზოლების გვერდითი ეფექტებია:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - მუცლის ტკივილი, უმადობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა;
  • ნერვული სისტემის მხრივ - თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილად მივარდნა, პარესთეზიები, ტრემორი, კრუნჩვები, მხედველობის დარღვევები;
  • ცვლილებები სისხლში - თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი;
  • ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ქავილი.

ადგილობრივი აზოლების გამოყენებისას მოსალოდნელია კანზე გამონაყარის გაჩენა, ქავილი, ჰიპერემია, კანის აქერცვლა, იშვიათად - კონტაქტური დერმატიტი; ინტრავაგინალური გამოყენებისას - ქავილი, წვა, ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება, საშოდან გამონადენი, შარდის გამოყოფის გახშირება, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ალილამინები სინთეტიკური სამკურნალო საშუალებებია, რომლებსაც უპირატესად ფუნგიციდური მოქმედება ახასიათებს. ალილამიდებს აქვს აქტივობის ფართო სპექტრი და ინიშნება დერმატომიკოზების დროს. ტერბინაფინს იყენებენ ადგილობრივად და შინაგანად, ხოლო ნაფტიფინს - მხოლოდ ადგილობრივად. არსებობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სხვა ჯგუფებიც, რომლებსაც მიეკუთვნება როგორც სისტემური (გრიზეოფულვინი, ფლუციტოზინი), ასევე ადგილობრივი (ამოროლფინი, ციკლოპიროქსი) საშუალებები. გრიზეოფულვინი ერთ-ერთი პირველი ბუნებრივი წარმოშობის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მას აქტივობის ვიწრო სპექტრი აქვს და ეფექტურია მხოლოდ დერმატომიცეტების მიმართ. გამოიყენება აგრეთვე დერმატომიკოზის მძიმე ფორმების დროს, რომლებიც ცუდად ემორჩილება გარეგან საშუალებებს. ამოროლფინი ადგილობრივი სინთეზური ფართო სპექტრის ანტიმიკოტიკია (ფრჩხილის ლაქის სახით). ციკლოპიროქსიც ადგილობრივი სინთეზური საშუალება გახლავთ. ფლუციტოზინი ფთორირებული პირიმიდინია. გამოიყენება სისტემური ინფექციების, მათ შორის - გენერალიზებული კანდიდოზის,  კრიპტოკოკოზის, სამკურნალოდ. სისტემური მიკოზების დროს ერთ-ერთი ძირითადი სამკურნალო პრეპარატია ამფოტერიცინი (ამფოსტატინი, ფუნგიზონი). იგი პოლიენური ანტიბიოტიკია და აქვს უპირატესად ფუნგისტატიკური ეფექტი, რომელიც გამოიხატება სოკოების უჯრედული მემბრანის გამავლობისა და მისი სატრანსპორტო ფუნქციის დარღვევით. ამფოტერიცინით მკურნალობა, ამ პრეპარატის მაღალტოქსიკურობის გამო, უნდა ჩატარდეს სტაციონარში ღვიძლის, თირკმლის ფუნქციების, სისხლის შემადგენლობისა და სისხლში კალიუმის იონების შემცველობის მუდმივი კონტროლით. ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების დროს ეს პრეპარატი არ ინიშნება. ამფოტერიცინის მსგავსი ქიმიური სტრუქტურა და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების სპექტრი აქვს ანტიბიოტიკ მიკოჰეპტინს. პრეპარატი ინიშნება როგორც შინაგანად, ასევე გარეგანი, ადგილობრივი გამოყენებისთვის. სისტემური მიკოზების სამკურნალოდ გამოიყენება სინთეზური ნაერთები - იმიდაზოლისა და ტრიაზოლის წარმოებულები მიკონაზოლი და კეტოკონაზოლი. ტრიაზოლის წარმოებულებიდან სისტემური მიკოზების სამკურნალოდ ფლუკონაზოლსა და იტრაკონაზოლს იყენებენ. დერმატომიკოზების სამკურნალო საშუალებებია ანტიბიოტიკი გრიზეოფულვინი და სინთეზური პრეპარატების ჯგუფი. ეფექტური სინთეზური პრეპარატია ტერბინაფინი (ლამიზილი, ტერბიზოლი), რომელსაც აქვს ფუნგიციდური მოქმედება და უმთავრესად ონიქომიკოზის (ფრჩხილების დაზიანების) დროს გამოიყენება. ეფექტურია ასევე დერმატომიკოზების, კანის ჩანდიდა-თი დაზიანების, შემომსარტყვლელი ლიქენის დროს. პრეპარატის შინაგანი მიღებისას (დალევისას) მოსალოდნელია გულისრევა, თავის ტკივილი, გამონაყარი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, იშვიათად შეინიშნება არასასურველი გავლენა ღვიძლის ფუნქციაზე. ტერბინაფინს იყენებენ გარეგანადაც, კრემის სახით. კანის სოკოვანი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის იყენებენ მიკონაზოლს, კლოტრიმაზოლს, უნდეცილენის მჟავასა და მისი მარილების პრეპარატებს, ნიტროფუნგინს, იოდის პრეპარატებს და სხვა. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის არჩევისას ითვალიწინებენ კლინიკურ სურათს და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს. ამ სამკურნალო საშუალებების თვითნებურად გამოყენება არ შეიძლება. ისინი მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს პაციენტის გასინჯვისა და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერების შემდეგ.