საშიშია თუ არა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება

ქრონიკული დაავადებებისგან განკურნება შეუძლებელია. ასეთი დაავადებების დროს უმეტესად აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა, რომელიც შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. ასეთი მკურნალობა საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე შემცირდეს დაავადების სიმპტომები, შეფერხდეს და თავიდან იქნეს აცილებული ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციის მოშლა. სწორედ ამიტომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა დიდი ნაწილი იძულებულია, წლების განმავლობაში უწყვეტად მიიღოს შემდეგი ტიპის მედიკამენტები:

  • ქოლესტერინის დამაქვეითებელი საშუალებები;
  • ჰიპოგლიკემიური (გლუკოზის დონის მომწესრიგებელი) საშუალებები;
  • შარდმდენები;
  • გულის სამკურნალო საშუალებები;
  • წნევის დამწევები;
  • ბრონქული ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს რეკომენდებული საშუალებები;
  • ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;
  • პროსტატის ჰიპერპლაზიის დროს რეკომენდებული საშუალებები.

ბუნებრივია ის შეშფოთება, რასაც პაციენტები განიცდიან ხანგრძლივი, ქრონიკული მკურნალობის დანიშვნის შემთხვევაში. ჩნდება უამრავი შეკითხვა: საშიში ხომ არ არის ასეთი ხანგრძლივი მკურნალობა? ხომ არ შეეჩვევა ორგანიზმი მედიკამენტს? იქნებ ჯობდეს, უარი ვთქვათ მკურნალობაზე, იქნებ მცენარეული საშულებები იყოს უკეთესი... ამ კითხვების უდიდეს ნაწილს მედიცინამ სერიოზული და ხანგრძლივი კვლევების მეშვეობით ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა. ქვემოთ ზოგიერთი მედიკამენტის მიღების სარგებლიანობასა და მასზე უარის თქმის სავალალო შედეგებზე გესაუბრებით.

  • ქოლესტერინის დამაქვეითებელი საშუალებები - ეს პრეპარატები აქვეითებენ სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის შემცველობას, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებენ ათეროსკლეროზის პროგრესირებას და თავიდან გვაცილებენ ათეროსკლეროზით გამოწვეულ ისეთ გართულებებს, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ქვედა კიდურების არტერიათა შევიწროება. რასაკვირველია, ამ ეფექტის გამოსავლენად საკმარისი არ არის ერთ- ან ორთვიანი “კურსი”, აუცილებელია მკურნალობა თვეებისა და წლების განმავლობაში. რატომ? პასუხი მარტივია: ათეროსკლეროზი არის დაავადება, რომელიც პროგრესირებს, მისგან განკურნების საშუალება თანამედროვე მედიცინას არ მოეპოვება, ამიტომ გვრჩება ერთადერთი გზა - ქოლესტერინის დონის მოწესრიგება მედიკამენტების მეშვეობით. ამ ტიპის მედიკამენტების ეფექტი დროებითია, მხოლოდ მანამდე გრძელდება, ვიდრე ვმკურნალობთ, მისი შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის მაჩვენებლები მალევე ირღვევა. ბუნებრივია, ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია ზოგიერთი მაჩვენებლის კონტროლი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მკურნალობა უსაფრთხოა.
  • დიაბეტის დროს რეკომენდებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების ეფექტიც დროებითია, მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში გარდაუვალია გლუკოზის დონის მატება.
  • წნევის დამწევი პრეპარატები. მათი მიღებით შესაძლებელია, არტერიული წნევა ნორმალურ ციფრებამდე დავწიოთ და ამით თავიდან ავიცილოთ არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები - ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის უკმარისობა. მკურნალობის შეწყვეტისას წნევა კვლავ იმატებს. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზნით შარდმდენების, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (კაპტოპრილი, ენალაპრილი და ა. შ.), ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერების (ლოზარტანი, ვალსარტანი და ა. შ.) გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტების, კრეატინინის კონტროლი.
  • ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები. დადგენილია, რომ ბრონქული ასთმა ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. მისი რეგულარული მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებებით თავიდან აგვაცილებს დაავადების გამწვავებას (შეტევას), ფილტვის ფუნქციის გაუარესებას. ჰორმონები გამოიყენება ადგილობრივად, ინჰალატორის საშუალებით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ზოგად ზემოქმედებას ორგანიზმზე. პირის ღრუზე არასასურველი ზეგავლენის შესამცირებლად ზედმიწევნით უნდა შესრულდეს ექიმის მითითებები. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მედიკამენტის დოზის შემცირების საკითხი შეიძლება მხოლოდ ექიმმა გადაწყვიტოს.
  • ასპირინი. არსებული მონაცემების თანახმად, ასპირინის ყოველდღიური მიღებით შეიძლება თავიდან ავიცილოთ გულის შეტევა, იშემიური ინსულტი. ამასთან, ხანგრძლივი მიღებისას არ არის გამორიცხული კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატს ექიმი ისე ნიშნავს, რომ მის მიღებასთან დაკავშირებული რისკი ნაკლები იყოს, ვიდრე სარგებელი, ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება ერთმნიშვნელოვნად რეკომენდებულია, თუ პაციენტმა იშემიური ინსულტი ან გულის შეტევა გადაიტანა.

უსაფრთხოების წესები

ის, რაც ასპირინის თაობაზე ითქვა, ეხება ყველა პრეპარატს - ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობით მიღებული დადებითი ეფექტი გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე მასთან დაკავშირებული რისკი, ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობის საკითხს ექიმი და პაციენტი ერთობლივად წყვეტენ.

თუ გსურთ, წამლების დოზა შეამციროთ

ჩვენ მივეჩვიეთ წამლებით მკურნალობას და ხშირად გვავიწყდება, რომ არსებობს მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდებიც: წონის ნორმალიზება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, დიეტა, თამბაქოზე უარის თქმა, ალკოჰოლის ზომიერი მიღება. ყოველივე ამის წყალობით შეიძლება დაიწიოს არტერიულმა წნევამ, შემცირდეს სისხლში გლუკოზა და “ცუდი” ქოლესტერინი, რაც მედიკამენტების დოზის შემცირების საშუალებასაც მოგვცემს.