როგორ ხდება მემკვიდრეობით დაავადებათა დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ხდება მემკვიდრეობით დაავადებათა დიაგნოსტიკა

მემკვიდრეობითი დაავადების მქონე ბევრი პაციენტი მიმართავს სპეციალიზებულ კლინიკურ და სადიგნოსტიკო განყოფილებებს, მაგრამ, როგორც პაციენტთა კონტინგენტის ანალიზი გვიჩვენებს, დაავადების მემკვიდრეობითი ფორმები ყოველთვის არ დიაგნოსტირდება... ეს ბუნებრივიცაა, რადგან მემკვიდრეობითი პათოლოგიის დიაგნოსტიკა რთული და შრომატევედი პროცესია. დიაგნოსტიკის სირთულე განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მემკვიდრეობით დაავადებათა ნოზოლოგიური სპექტრი ძალზე ფართოა - მოიცავს 4500-ზე მეტ ფორმას, თანაც თითოეულ მათგანს ახასიათებს კლინიკურ გამოვლინებათა ფართო სპექტრი. მაგალითად, ნერვულ დაავადებათა ჯგუფი 300-ზე მეტ მემკვიდრეობით დაავადებას აერთიანებს, დერმატოლოგიურ და ოფთალმოლოგიურ დაავადებათა ჯგუფი - 250-ზე მეტს. ზოგიერთი ფორმა ძალზე იშვიათია და ექიმი თავისი პრაქტიკის განმავლობაში შესაძლოა ვერც კი შეხვდეს მას, არ მიეცეს მასზე დაკვირვების, მისი აღწერის საშუალება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუმცაღა მემკვიდრეობითი დაავადებები იშვიათად ვლინდება, - მაგალითად ფენილკეტონურია 10 000-იდან მხოლოდ ერთ ახალშობილს შეიძლება გამოაჩნდეს, - მისი გენის მატარებელი გაცილებით მეტია - 50-იდან ერთი. პათოლოგიური გენის მატარებლებს არ აქვთ დაავადების კლინიკური სიმპტომები, თუმცა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს უჩივიან. მაგალითად, ფენილკეტონურიის გენის მატარებლებისთვის დამახასიათებელია ინტელექტის დაბალი კოეფიციენტი, გადახრები ელექტროენცეფალოგრამაში, შიზოფრენიის მაღალი რისკი, ქალებს - მკვდარშობადობისა და ჩვეული აბორტების დიდი ალბათობა. ამ ერთი დაავადების მაგალითზე კარგად ჩანს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში მუტაციური გენის მატარებელთა გამოვლენას. დღეს მათ გამოსავლენად მოლეკულურ-გენეტიკურ ტესტირებას მიმართავენ. ერთი მხრივ, მემკვიდრეობითი დაავადებების ასეთი მრავალფეროვნების და, მეორე მხრივ, ზოგიერთი მათგანის იშვიათობის გამო ექიმს  შესაძლოა არ ჰქონდეს მთელი ის ცოდნა, რომელიც სჭირდება მას არათუ ყველა მემკვიდრეობითი დაავადების - თუნდაც მხოლოდ თავის სპეციალობაში არსებული იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, ამიტომ მან აუცილებლად უნდა იცოდეს ის ძირითადი პრინციპები, რომელთა ცოდნა საშუალებას მისცემს, ივარაუდოს ესა თუ ის მემკვიდრეობითი დაავადება, მერე კი, ექიმ გენეტიკოსთან კონსულტაციის შემდეგ, ზუსტი დიაგნოზი დასვას. მემკვიდრეობითი დაავადებები მხოლოდ ახალშობილობის ან ბავშვობის ასაკში არ იჩენს თავს - ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ჰანტინგტონის ქორეა, თირკმლის პოლიკისტოზი, ზრდასრულ ასაკში ვლინდება. ყველა მემკვიდრეობითი დაავადება ადამიანს უშუალოდ წინა თაობიდან არ გადაეცემა. დომინანტური დაავადებები, რომლებიც იწვევს ნაადრევ სიკვდილს ან უშვილობას, ხშირად დე ნოვო ანუ ახალ მუტაციებს წარმოადგენს. მემკვიდრეობით დაავადებათა კლინიკური დიაგნოსტიკა კლინიკური, გენეალოგიური და პარაკლინიკური კვლევის შედეგებს ეფუძნება. ექიმს მემკვიდრეობითი დაავადება რომ არ გამოეპაროს, მას უნდა ახსოვდეს, რომ მემკვიდრეობითი დაავადება შეიძლება არამემკვიდრეობითის სიმპტომებით შეინიღბოს. ხანდახან ის თან ახლავს ძირითად, არამემკვიდრეობით დაავადებას, რომლის გამოც პაციენტმა კლინიკას მიმართა. ამიტომ დიაგნოსტიკა ორეტაპიანი უნდა იყოს. პირველ ეტაპზე ტარდება პაციენტის ზოგადი კლინიკური გამოკვლევა. თუ ექიმმა მემკვიდრეობითი დაავადება იეჭვა, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სპეციალიზებული დიფერენციალური სადიაგნოსტიკო გამოკვლევა. კლინიკური გამოკვლევა და დიაგნოსტიკა უნდა დასრულდეს ქვემოთ მოყვანილთაგან ერთ-ერთი დასკვნით:

ა) ზუსტად დადგინდეს არამემკვიდრეობითი დაავადება;

ბ) ზუსტად დადგინდეს მემკვიდრეობითი დაავადება;

გ) გამოითქვას ვარაუდი, რომ ან ძირითადი, ან თანმხლები დაავადება მემკვიდრეობითია.

პაციენტთა უმრავლესობას დიაგნოზს პირველი ორი პუნქტის მიხედვით უსვამენ, მესამე პუნქტი კი, წესისამებრ, მოითხოვს სპეციალურ, დამატებით კვლევებს. დაავადება რომ მემკვიდრეობითი არ არის, ამის დასადგენად საკმარისია პაციენტის ზოგადი კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევა. ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა, როგორებიცაა, მაგალითად, კონიუნქტივიტი, მწვავე პნევმონია ან დიზენტერია, გენეტიკურ კვლევას არ მოითხოვს. ზოგადი კლინიკური მეთოდებით შესაძლებელია ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მემკვიდრეობითი დაავადებების დიაგნოსტიკაც. მაგალითად, დაუნის სინდრომისა. ამ უკანასკნელის კლინიკური სურათი მისი გენეტიკური ბუნების დადგენამდეც კარგად იყო ცნობილი. ამ დაავადების დიაგნოსტიკა დიდი ალბათობით შესაძლებელია კლინიკური გამოკვლევითაც, თუმცა ცნობილია მცდარი დიაგნოზის შემთხვევებიც, განსაკუთრებით - ახალშობილობის პერიოდში და წლამდე. მხოლოდ სახის აგებულების თავისებურებათა მიხედვით, კარიოტიპის შეუსწავლელად, დაუნის სინდრომის წინასწარი, სავარაუდო დიაგნოზი შეიძლება დაუსვან თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით დაავადებულ ბავშვებს. სრული კლინიკური გამოკვლევა, პარაკლინიკურის ჩათვლით, საკმარისია ისეთი მემკვიდრეობითი დაავადებების სადიაგნოზოდ, როგორებიცაა, მაგალითად, ჰანტინგტონის ქორეა და რეტინობლასტომა. ასეთი "კლასიკური" შემთხვევების დიაგნოსტიკა ექიმისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ აქვე არც ის შემთხვევები უნდა დავივიწყოთ, როდესაც სინდრომი არასრულად ან მემკვიდრეობითი დაავადების მსგავსი კლინიკური ნიშნებით ვლინდება. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არამემკვიდრეობითი დაავადება მემკვიდრეობითის გართულება ან მისი ფარული გამოვლინებაა. აი რამდენიმე მაგალითი:

  • მწვავე პნევმონია ხშირად აქვთ ქრომოსომული ანომალიების ან ნივთიერებათა ცვლის გენეტიკური დარღვევების მქონე პირებს. ამ შემთხვევაში პნევმონია უფრო მძიმედ მიმდინარეობს და, როგორც წესი, ქრონიკულია.
  • პიელონეფრიტი (უმეტესად - მორეციდივე) ხშირად ემართებათ პაციენტებს, რომელთაც საშარდე გზების თანდაყოლილი ანომალიები აქვთ.
  • გულის რითმის დარღვევა შესაძლოა ელერს-დანლოს სინდრომის გამოვლინება იყოს.

მემკვიდრეობით დაავადებათა კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

  • დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ერთი გენის მუტაციით და რომელთა დამემკვიდრება ემორჩილება მენდელის მიერ აღმოჩენილ მემკვიდრეობითობის კანონებს. ამ დაავადებებს მონოგენურ დაავადებებსაც უწოდებენ.
  • ქრომოსომული სინდრომები - ისინი ქრომოსომათა სტრუქტურული და რიცხობრივი დარღვევების შედეგად წარმოიშობა.
  • მულტიფაქტორული დაავადებები - მათი წარმოშობისთვის საჭიროა გენეტიკური და გარეგანი ფაქტორების ურთიერთქმედება. ასეთებია ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, დიაბეტი, ბრონქული ასთმა, რევმატოიდული ართრიტი, ფსიქიკური სნეულებები და სხვა. ისინი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია და ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია თანამედროვე ადამიანის ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში.

ექიმები მულტიფაქტორულ დაავადებებს რთულად დამემკვიდრებად დაავადებებსაც უწოდებენ, რადგან ისინი არ მემკვიდრეობენ მონოგენური დაავადებებივით მკაცრ კანონზომიერებებზე დაყრდნობით.

რა ართულებს მულტიფაქტორული დაავადებების დიაგნოსტიკას?

არსებობს დაავადებები, რომლებიც კლინიკური მახასიათებლებით ერთმანეთის იდენტურია, თუმცა სხვადასხვა გენის მოქმედებით არის გამოწვეული და დაავადებები, რომლებიც ერთსა და იგივე გენში სხვადასხვა სახის მუტაციის შედეგად წარმოიშობა. ამ მოვლენას გენეტიკური ჰეტეროგენულობა ეწოდება. მემკვიდრეობითი დაავადებების დიაგნოსტიკის დროს უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რა ფონზე აღმოცენდება და ვითარდება დაავადება. ექიმმა უნდა გამოიკვლიოს არა მარტო პაციენტი, არამედ მისი ოჯახი და ახლო ნათესავებიც. სხვაგვარად შესაძლოა დაავადების მემკვიდრეობითი ბუნება გამოგვეპაროს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ჩატარდება პათოგენეზური თერაპია, არასწორად განისაზღვრება პროგნოზი, ვერ გაიცემა სათანადო რეკომენდაციები დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად.