გავუფრთხილდეთ ბებიებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გავუფრთხილდეთ ბებიებს

ქალების უმრავლესობა შვილებს 40 წლამდე აჩენს, მერე კი მის ორგანიზმში მენოპაუზა იწყება. აქვს თუ არა ამას რაიმე ევოლუციური მნიშვნელობა? გვჭირდება თუ არა ბებიები? ადამიანის ევოლუციაში ბებიების მნიშვნელობაზე მეცნიერები გასული საუკუნის 90-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამერიკელმა ანთროპოლოგებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ უძველესი ადამიანების ცხოვრებაში ბებიების როლი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ახდენდა გავლენას. მათი ჰიპოთეზის თანახმად, მენოპაუზის შემდეგ ქალის ხანგრძლივი სიცოცხლე შეიძლება იმით აიხსნას, რომ ბებიები შვილებს მათი შვილების აღზრდაში ეხმარებიან, რითაც ზრდიან შთამომავლობისთვის თავიანთი გენების გადაცემის ალბათობას. ეს აზრი მეცნიერებს ერთ აფრიკულ პირველყოფილ ტომზე დაკვირვებისას დაებადათ. აღმოჩნდა, რომ ამ ტომის ხანდაზმული და მოხუცი ქალები ბავშვებისთვის მცენარეების ნაყოფსა და მიწისქვეშა ნაწილებს აგროვებენ, თან თვალყურს ადევნებენ პატარებს. ხანგრძლივმა დისკუსიამ იმის შესახებ, რა კავშირია შვილიშვილების აღზრდაში ბებიების მონაწილეობასა და შვილიშვილების სიცოცხლისუნარიანობას შორის, ნაყოფი ვერ გამოიღო, ამიტომ კემბრიჯელმა მეცნიერმა ლესლი კნეპმა და მისმა კოლეგებმა მასშტაბური კვლევა წამოიწყეს: მათ შეაგროვეს მასალა შვიდ თანამედროვე და ისტორიულ თანასაზოგადოებაზე და მათი შესწავლა დაიწყეს. კვლევის არეალში მოექცა იაპონიის, ეთიოპიის, გამბიის, მალავის სოფლების, გერმანიის, ინგლისისა და კანადის ქალაქების მოსახლეობა. მიღებული შედეგების მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ბებიებსა და შვილიშვილებს შორის კავშირი მართლაც არსებობს: შვილიშვილები, რომლებიც ბებიებთან ახლოს - იმავე სახლში ან დასახლებაში ცხოვრობენ, უფრო ჯანმრთელნი და სიცოცხლისუნარიანნი არიან. შვილიშვილებზე ზრუნვისას ბებიები ერთგვარად იცავენ თავიანთ გენებს და მათ გავრცელებასაც უწყობენ ხელს. ანთროპოლოგ ლესლი კნეპის აზრით, ამაში მათ სწორედ მენოპაუზა ეხმარება. თუ ქალს საკუთარი შვილების გაჩენისა და მოვლის საშუალება არ აქვს, ის შვილიშვილების მოვლაზე გადადის და, იმავდროულად, ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გადასცემს. ლესლი კნეპმა შეიმუშავა ე.წ. ბებიების X-ქრომოსომული ჰიპოთეზაც. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ქალები თავიანთი ვაჟების გოგონებს გენების 31%-ს გადასცემენ, თავიანთი ვაჟების ვაჟებს - მხოლოდ 23%-ს, ქალიშვილის ორივე სქესის შვილები კი ბებიის გენების 25%-ს იღებენ. თუ მხოლოდ X-ქრომოსომაზე ვისაუბრებთ, მაშინ ვაჟიშვილის ვაჟებს ბებიასთან საერთო გენები არ აქვთ, რადგან X-ქრომოსომას ისინი თავიანთი დედისგან - რძლისგან იღებენ. გენეტიკურად ბებიასთან უფრო ახლოს არიან ქალიშვილის ვაჟები. ლესლი კნეპი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ შვიდივე ქვეყანაში უფრო ადრე იხოცებოდნენ ის ვაჟები, რომელთა აღზრდაში მონაწილეობდა არა დედის, არამედ მამის დედა, გოგონებს კი მამის დედასთან ურთიერთობა, პირიქით, სიცოცხლისუნარიანობას მატებდა. ამერიკელი ანთროპოლოგების ჯგუფმა გადაწყვიტა,  "ბებიების ჰიპოთეზა" მათემატიკური მოდელის დახმარებით დაემტკიცებინა. ეს მოდელი ადამიანის მსგავსი მაიმუნების ანუ უძველეს ადამიანთა ცხოვრებას აღწერს. მეცნიერებს აინტერესებდათ, როგორ შეიცვლებოდა ასეთი თანასაზოგადოების ცხოვრება, მისთვის ბებიების ინსტიტუტი რომ დაგვემატებინა. მეცნიერებმა შექმნეს ორი ჯგუფი, ერთს ბებიები დაამატეს, მეორე კი უცვლელი დატოვეს. მათი ჩანაფიქრით, ბებიები უნდა ყოფილიყვნენ ყველაზე გამოცდილი, ხანდაზმული მდედრი ინდივიდები, რომელთა მინიმალური ასაკი 45 წელი იქნებოდა, მაქსიმალური კი 75. ამ თანასაზოგადოებაში ბებიების წილი შეადგენდა მდედრობითი ინდივიდების საერთო რიცხვის 1%-ს. ასეთი ბებიები უვლიდნენ არანაკლებ 2 წლის ბავშვს, რომლის დედაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ თანასაზოგადოების ნებისმიერი მდედრი ინდივიდი. მოდელი ითვალისწინებდა გენეტიკურ მახასიათებელსაც - იმ მუტაციათა ალბათობას, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას. ეს ალბათობა 5%-ით განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველი ახალშობილის გადარჩენის ალბათობა 5%-ს უდრიდა. მოდელი ასახავდა კაცობრიობის განვითარების განსაზღვრულ პერიოდს - 24-60 000 წელს. ადამიანის წინაპრებმა, რომლებიც აფრიკაში ცხოვრობდნენ 2 მილიონი წლის წინათ, კლიმატური კატაკლიზმი გადაიტანეს: კლიმატი უფრო მშრალი გახდა, რის გამოც ტყეები შემცირდა. შედეგად, გაიშვიათდა ადვილად მოსაპოვებელი საკვებიც. რა უნდა ექნათ უძველეს ადამიანებს ასეთ დროს? გამოსავალი ორი იყო: ან გაეგრძელებინათ ცხოვრება გაქრობის პირას მდგარ ტყესთან და საბოლოოდ თვითონაც დაღუპულიყვნენ, ან დახმარებოდნენ საკვების მოძიებაში ერთმანეთს და, რაც მთავარია, ბავშვებს, ვიდრე ისინი დამოუკიდებლად შეძლებდნენ საკვების მოპოვებას. ადამიანებმა მეორე გზა აირჩიეს. უმაღლესი პრიმატები დღესაც ასე იქცევიან - ხანდაზმული შიმპანზე ნაშიერებს საკვების მოძიებაში ეხმარება. სწორედ ეს საპასუხისმგებლო მისია დაეკისრათ იმ მდედრ ინდივიდებს, რომლებსაც აღარ შეეძლოთ საკუთარი შვილების ყოლა, მაგრამ შეეძლოთ სხვებზე ზრუნვა. ეს არჩევანი არ ყოფილა შემთხვევითი: მამაკაცები ინდივიდები ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ საბინადრო თუ სანადირო ტერიტორია, ენადირათ, ქალები კი შემგროვებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც ნადირობაზე უსაფრთხო იყო. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში მამრი ინდივიდები იშვიათად აღწევდნენ ხანდაზმულ ასაკს. ისინი იხოცებოდნენ არა მხოლოდ ტრავმებისგან, არამედ დაავადებებისგანაც, რომლებიც მუდმივი სტრესისა და ამის შედეგად იმუნიტეტის დაქვეითების გამო ემართებოდათ. მოდელირების შედეგებმა განაცვიფრა მეცნიერები: ბებიებიან თანასაზოგადოებაში საგრძნობლად მოიმატა ბავშვთა და მოზარდთა სიცოცხლის ხანგრძლივობამ, საბოლოო ჯამში, გაიზარდა თანასაზოგადოების ყველა წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ბებიების რიცხვმაც იმატა და პირველი 24 000 წლის განმავლობაში მდედრი ინდივიდების საერთო რაოდენობამ 43%-ს მიაღწია. ანთროპოლოგებმა დაასკვნეს, რომ პოპულაციაში ბებიების ინსტიტუტის გაჩენამ კარდინალურად შეცვალა პრიმატთა ევოლუციის ხასიათი:

1. მოიმატა მცირეწლოვანთა გადარჩენის ალბათობამ. ხანდაზმულ ქალებს, რომლებიც უკვე გამოვიდნენ ფერტილური ასაკიდან (უძველეს დროში ეს ასაკი 20 წელს შეადგენდა), შეეძლოთ შვილიშვილების მოვლა და ახალგაზრდა ქალების დახმარება. ამან ბავშვების გადარჩენის ალბათობა გააორმაგა.

2. საზოგადოება გამრავლდა. ბებიების ხელშეწყობით ახალგაზრდა მდედრ ინდივიდებს საშუალება მიეცათ, კიდევ გაეჩინათ შვილები, მათ პატარებზე ზრუნვას კი ბებიები იღებდნენ თავიანთ თავზე.

3. თავის ტვინი ძირითადად ბავშვობის ასაკში იზრდება და მისი ზრდის სისწრაფე კვების ხარისხზეა დამოკიდებული. თუ პატარებს დამატებითი საკვების მოპოვებაში ბებიები დაეხმარებოდნენ, ისინი ადრეული ასაკიდანვე უკეთ განვითარდებოდნენ გონებრივად, რაც შემდგომში ევოლუციურად განმტკიცდებოდა ბუნებრივი გადარჩევის წყალობით.

4. ბებიების გვერდით აღზრდამ ადამიანები სოციალური თვალსაზრისით უფრო მეტად გახადა ერთმანეთზე დამოკიდებული, რამაც გამოიწვია ტიპური ადამიანური ნიშნების ჩამოყალიბება: ოჯახური წყვილების შექმნა, თავის ტვინის ზრდა, სწავლის უნარების ჩამოყალიბება, კოოპერაციისკენ სწრაფვა.

მეორე ჯგუფში, სადაც ბებიების ინსტიტუტი არ იყო მოდელირებული, საზოგადოება დარჩა ევოლუციის იმავე ეტაპზე და არც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეცვლილა. ამრიგად, გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე ადამიანი თავის წარმოშობას ისტორიამდელ ბებიებს უნდა უმადლოდეს... მოდელირებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე ანთროპოლოგებმა აჩვენეს, რომ "ბებიების ჰიპოთეზა" სამართლიანია ყველაზე აბსტრაქტული მოდელირებისთვისაც კი, რომელშიც არ არსებობს ადამიანური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი არც ერთი ნიშანი.  ბებიები დღესაც ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევენ. გაიხსენეთ: ვინ გვიმზადებდა დილით ჩაის და ფაფას? ძილის წინ ვინ გვიკითხავდა ზღაპრებს? ვინ გვაძლევდა ცოტაოდენ ფულს ნაყინისთვის, როცა დედა ამ ცივ-ცივ ტკბილეულს გვიკრძალავდა? რა თქმა უნდა, ბებიები და პაპები... ჰარვარდელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ბებიებს, რომლებიც შვილიშვილებს უვლიან, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი 55%-ით მაღალი აქვთ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს იმ დამატებითი დატვირთვის ბრალია, რომელსაც ბავშვის მოვლა აყენებს ხანდაზმულ ორგანიზმს. ბებიას ნაკლები დრო რჩება თავისი თავისთვის: ექიმთან სასიარულოდ, დაავადებათა პროფილაქტიკისთვის, ფიზიკური აქტივობისთვის, სწორი კვებისა და ძილისთვის. ასე რომ, გაუფრთხილდით ბებიებს!