გადაუდებელი დახმარება შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადაუდებელი დახმარება შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს

ბრონქული ასთმის შეტევის დროს

პაციენტს უვარდება ქოშინი, მსტვენი ხიხინი, უჭირს ლაპარაკი, გადაადგილება, შესაძლოა განუვითარდეს ტუჩებისა და ფრჩხილების სილურჯე - ციანოზი. ამ სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, გამოძახებისას ოპერატორს დეტალურად აღვუწეროთ სიმპტომები, მერე კი, ექიმის მოსვლამდე, შევეცადოთ:

  • გავარკვიოთ, ხომ არ აქვს პაციენტს ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატი შეტევისას გამოყენებისთვის.
  • დავეხმაროთ პრეპარატის პოვნაში, მის გამოყენებაში.
  • დავსვათ მოხერხებულად, მოჭერილი ტანსაცმელი მოვუშილიფოთ.
  • თუ ასთმის შეტევა ფიზიკური დატვირთვის ფონზე განვითარდა, უმალვე შევაწყვეტინოთ დატვირთვა.
  • გვახსოვდეს, რომ შესასუნთქი პრეპარატი მხოლოდ განსაზღვრული დოზით შეიძლება გამოვიყენოთ. დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა საბედისწერო შედეგიც კი გამოიწვიოს.
  • თუ პაციენტს სუნთქვა არ გაუადვილდა, მაგრამ მოერია ძილი, ნუ ჩათვლით, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა. პირიქით, შეტევისას ეს მდგომარეობის გაუარესების ნიშანია.
  • ასევე მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს ხიხინის შესუსტება და გაქრობა, როცა სუნთქვის გაძნელება ჯერ კიდევ აღინიშნება.

გულის ტკივილის დროს

გულის არეში ტკივილი, რომელიც მოიცავს მკერდის ძვალსა და მის ოდნავ მარცხნივ მდებარე უბანს, სტენოკარდიის გამოხატულებაა. მისი მიზეზია გულის კუნთში ჟანგბადის დეფიციტი გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების შევიწროების გამო. ტკივილი შესაძლოა გადაეცემოდეს ბეჭებს, ზედა კიდურებს, ქვედა ყბას. რასაკვირველია, გულმკერდში ლოკალიზებული ტკივილი ყოველთვის არ არის სტენოკარდიის ნიშანი. არცთუ იშვიათად ტკივილის ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა ჭირს, ამიტომ, როცა ტკივილის მიზეზი არ ვიცით, ჯობს, ექიმის მოსვლამდე მას, როგორც გულის ტკივილს, ისე ვუმკურნალოთ. ქმედებათა თანმიმდევრობა კი ასეთი უნდა იყოს:

  • გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ოპერატორს ვუთხრათ, რომ პაციენტი უჩივის ტკივილს გულის არეში. აუცილებელია, დავაზუსტოთ მისი სიძლიერეც.
  • პაციენტს შევაწყვეტინოთ ფიზიკური დატვირთვა.
  • დავსვათ ან ნახევრად წამოვაწვინოთ, ქვედა კიდურები ჩამოვაშვებინოთ.
  • თუ პაციენტი რეგულარულად იღებს ასპირინს, რეკომენდებულია ერთი ტაბლეტის დაღეჭვა.
  • თუ პაციენტმა იცის, რომ სტენოკარდია აქვს და ადრეც მიუღია ნიტროგლიცერინი, რეკომენდებულია მისი ერთი ტაბლეტის მიცემა ენის ქვეშ ან ნიტროგლიცერინის სპრეის შესხურება. ამ შემთხვევაში სასწრაფოს გამოძახება შეიძლება გადავდოთ 5 წუთით და დაველოდოთ ნიტროგლიცერინის ეფექტს. თუ ამ ხნის განმავლობაში ტკივილმა არ გაიარა, სასწრაფოს გამოძახება აუცილებელია. გამოძახებისას ოპერატორს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ პაციენტი უჩივის ტკივილს გულის არეში, რომელმაც ნიტროგლიცერინის მიღებიდან 5 წუთში არ გაიარა და გრძელდება.
  • თუ პაციენტს პერიოდულად აქვს სტენოკარდიის შეტევა და ექიმის რჩევით იყენებს ნიტროგლიცერინს, შეიძლება მისი ორჯერადი გამოყენება ხუთწუთიანი ინტერვალით. თუ ტკივილმა 15 წუთში არ გაიარა, უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარებას.
  • ზოგჯერ სტენოკარდიის მსგავს ტკივილს იწვევს საყლაპავში კუჭის მჟავა შიგთავსის პერიოდული ამოტყორცნა. როცა ეს მოვლენა რეგულარულ ხასიათს იღებს, საუბარია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) შესახებ. გერდ-ის დროს გულის არეში ლოკალიზებული ტკივილი შესაძლოა მოიხსნას სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებების - ანტაციდების - მიღების შემდეგ.


მუცლის ტკივილის დროს

თუ ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილშია ლოკალიზებული, გადაეცემა მარჯვენა ქვედა კიდურს, თან ახლავს ტემპერატურის მომატება და/ან ღებინება, უნდა მივმართოთ ქირურგიულ კლინიკას, რადგან შესაძლოა, პაციენტს მწვავე აპენდიციტი ჰქონდეს და ქირურგიული ჩარევა იყოს საჭირო. სტაციონარში ვიზიტი აუცილებელია მაშინაც, როცა პაციენტი ორსულადაა, უჩივის ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში და ტკივილს ერთვის სისხლიანი გამონადენი საშოდან - მიზეზი შესაძლოა იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობა ან ორსულობის შეწყვეტა - თვითნებური აბორტი. არსებობს ისეთი მდგომარეობებიც, როცა ახალაღმოცენებული ტკივილის დროს შეიძლება ექიმთან ვიზიტი არ ვიჩქაროთ:

  • თუ ტკივილს ერთვის გულძმარვა, შესაძლოა, ჩივილების მიზეზი იყოს გერდ-ი. ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ 2 სუფრის კოვზი სიმჟავის საწინააღმდეგო ხსნადი პრეპარატი და შედეგს დაველოდოთ.
  • თუ ტკივილი შეკრულობის ფონზე აღმოცენდა და ერთვის აირების დაგროვების შეგრძნება, შეიძლება გამოვიყენოთ საფაღარათო ან აირების შთამნთქმელი საშუალება.
  • ტკივილის გასაყუჩებლად შეიძლება მივიღოთ პარაცეტამოლი. სხვა საშუალებებს (ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი) უნდა ვერიდოთ, რადგან მათ შეუძლიათ გააძლიერონ კუჭის გაღიზიანება და, შესაბამისად, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ტკივილიც.

ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, როცა:

  • ტკივილი ძლიერია ან რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება.
  • ტკივილს ერთვის გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება, პაციენტი ვერ იღებს საკვებს.
  • განავალი სისხლიანია.
  • პირნაღები მასა შეიცავს სისხლს.
  • შარდვა მტკივნეულია, შარდი შეიცავს სისხლს.
  • პაციენტი ვერ გადის განავალსა და აირებზე, აქვს ღებინება.
  • უჩივის ქოშინს.
  • ტკივილს წინ უძღოდა მუცლის ტრავმა.
  • ტკივილს ერთვის გულძმარვა, რომელიც 2 კვირაზე მეტია გრძელდება და არ იხსნება სიმჟავის საწინააღმდეგო მედიკამენტებით.

გულისრევისა და ღებინების დროს

დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარებას, როდესაც:

  • გულისრევასა და ღებინებას ერთვის მუცლის ტკივილი.
  • თავის დახრა გაძნელებულია და ერთვის სინათლის შიში.
  • პირნაღები მასა ჰგავს ყავის ნალექს, განავალი კუპრისმაგვარია - ეს სიმპტომები კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენაზე მეტყველებს.
  • პაციენტი უჩივის გონების დაბინდვას, ძილიანობას.

ექიმების დახმარება აუცილებელია მაშინაც, როცა გულისრევისა და ღებინების დროს:

  • პაციენტი 24 საათზე მეტხანს ვერ იღებს სითხესა და საკვებს.
  • უჩივის სიცხესა და მუცლის ტკივილს.
  • აქვს გაუწყლოების სიმპტომები - თავბრუხვევა, შარდის გამოყოფის შემცირება, მუქი შარდი, სისუსტე.
  • ღებინების გამო ვეღარ იღებს რეგულარულად მისაღებ წამლებს.
  • გულისრევა და ღებინება აღმოცენდა ქირურგიული ჩარევის, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, ორსულობისას, თან ერთვის მოძრაობის სისუსტე ან თავბრუ.

ექიმთან ვიზიტამდე პაციენტმა:

  • მცირე ულუფებით და ხშირად უნდა მიიღოს სასმელი ან უგაზო მინერალური წყალი.
  • გულისრევისას უნდა მიიღოს მსუბუქი საკვები - თეთრი პურის ორცხობილა, გამომშრალი თეთრი პური. ღებინებისას უხეში საკვები არ არის რეკომენდებული. შეიძლება სცადოს ბანანის, კარგად მოხარშული ბრინჯის, კარტოფილის პიურეს მიღება.


მაღალი ტემპერატურის დროს

მაღალი ტემპერატურა, ერთი შეხედვით, მხოლოდ მაშინ არის საყურადღებო, როცა საქმე პატარა ბავშვს ეხება, მაგრამ გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო ზრდასრულებიც ზარალდებიან. როგორ მოვიქცეთ, როცა ზრდასრულ ადამიანს მაღალი სიცხე აქვს? აუცილებელია, მივმართოთ სასწრაფო დახმარებას, როცა მაღალ სიცხესთან ერთად პაციენტი უჩივის:

  • სუნთქვის გაძნელებას, ხიხინს.
  • ტუჩების სილურჯეს - ციანოზს.
  • კარგავს გონებას, ემართება კრუნჩხვა.
  • მეტყველებს უაზროდ, ბოდავს.
  • არ პასუხობს კითხვებზე.
  • უეცრად აყრის.
  • ცხელებას ერთვის კისრის კუნთების დაძაბვა, თავის ტკივილი.
  • ტემპერატურა აღწევს 40,5 0ც-ს.

როცა ეს სიმპტომები არ შეინიშნება, შეიძლება შედარებით მშვიდად ვიყოთ. თავდაპირველად უნდა შეფასდეს ტემპერატურა. ის სწორად უნდა გაიზომოს. ცხელებაზე მაშინ ვსაუბრობთ, როცა იღლიაში გაზომვისას ტემპერატურა 37,2-ს აღემატება. 37,7 გრადუსზე დაბალ ტემპერატურას დაბალ ცხელებას უწოდებენ. ჩვეულებრივ, ასეთი ცხელება ინფექციაზე ორგანიზმის რეაქციის გამოხატულებაა. თუ პაციენტი არ უჩივის დისკომფორტს, ასეთი ტემპერატურის სპეციალური მედიკამენტებით დაწევა არ არის აუცილებელი. როცა იღლიაში გაზომვისას ტემპერატურა 38,2 და მეტია, რეკომენდებულია:

  • სიცხის დამწევი საშუალებების - პარაცეტამოლის ან იბუპროფენის - მიცემა.
  • თბილი წყლით დაბანა ან დაზელა ტემპერატურის დასაქვეითებლად (ამ მიზნით ცივი წყლის, სპირტის ან არყის გამოყენება არ არის რეკომენდებული).
  • სიცხიან პაციენტს ეცვას თხელი პერანგი ან პიჟამა და ეხუროს თხელი საბანი - ზედმეტი ჩათბობა შესაძლოა ტემპერატურის მატების მიზეზი გახდეს. თბილი საბანი მხოლოდ შემცივნების დროს, ტემპერატურის მომატებამდე და შემცივნების დასრულებამდეა რეკომენდებული.
  • საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება.

ექიმთან დროული ვიზიტი მნიშვნელოვანია, როცა:

  • ცხელებიან პაციენტს აქვს გულის დაავადება, სიმსივნე, შაქრიანი დიაბეტი, უტარდება მკურნალობა იმუნოსუპრესიული საშუალებებით.
  • მიუხედავად სიცხის დამწევი საშუალებების მიღებისა, ცხელება არ იკლებს.
  • სიცხეს თან ახლავს ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.
  • მუცლის ტკივილი ძლიერია, ერთვის განმეორებითი ღებინება, ფაღარათი.
  • შეინიშნება გამონაყარი, ნაკბენი ან წითელი უბნები კიდურებზე.
  • ყელის ტკივილი, ყურის ტკივილი, ყელის არის შეშუპება.
  • ძლიერი ხველა, ნახველი.

გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, როცა ტემპერატურა არ იკლებს 3 დღე-ღამეზე მეტხანს ან პაციენტის მდგომარეობა უარესდება.