სადღესასწაულო სმა-ჭამასთან დაკავშირებული რეკომენდაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სადღესასწაულო სმა-ჭამასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

არც არის გასაკვირი - სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული მღელვარება, გადაღლა-გადაძაბვა, დადებითი ემოციების სიჭარბე, რაც მთავარია, კვების რეჟიმის უხეში დარღვევა, ცხიმიანი და მძიმე საკვების, ალოკოჰოლური სასმელების უხვი მიღება ზოგიერთს ძვირად უჯდება. ფაქტი ფაქტად რჩება, საახალწლო მარათონის ფინიშს ბევრი ვერ აღწევს. თუ შინაური მეთოდებით გავიდა ფონს, ხომ კარგი, ხოლო თუ სახლის პირობებში არაფერი ეშველა და კლინიკაში მოუწია დაწოლა, ჩათვალეთ, რომ ზეიმი და დროსტარება ცხვირში ძმრად ამოედინა და ახალ წელსაც ცხვირჩამოშვებული დაიწყებს. რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო! ჭარბი თრობა და ძღომა უნებისყოფობის, უკონტროლობისა და ჯანმრთელობის უგულებელყოფის შედეგია. როგორ მოვიქცეთ, რა და რამდენი ვჭამოთ და დავლიოთ ახალ წელს, რომ ყველაფერი შეგვერგოს და ზეიმი არ ჩაგვმწარდეს?

კუჭის “ზეიმი”

რამდენიმედღიანი გადაბმული საახალწლო სუფრის შემდეგ კუჭის არეში მუდმივი სიმძიმის შეგრძნება ჩვეულებრივი მოვლენაა. დღესასწაულის შემდგომი გამწვავებებით ახალი წელი რეკორდსმენია. მთავარი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაძღომაა. გახსოვდეთ, ამ დღეებში კუჭსა და ღვიძლს ყველაზე მეტად უჭირთ, განსაკუთრებით - იმ ადამიანების კუჭსა და ღვიძლს, ვინც სხვა დღეებში მაინცდამაინც მრავალფეროვან საკვებს არ მიირთმევს და კვების რაციონალური რეჟიმითაც არ გამოირჩევა, ახალი წლის დღეებში კი, არიქა, სანამ სუფრაზე ყველაფერი უხვადაა, მოვასწრო და მივირთვაო, უკლებლივ ყველაფერს ჭამს და თანაც უზომო რაოდენობით. ამის გამო მხოლოდ ქრონიკული დაავადებები კი არ მწვავდება, არამედ ზოგიერთი ისეთი პათოლოგიაც კი იჩენს თავს, რომელთა არსებობა ადამიანს მანამდე აზრადაც არ მოსდიოდა. ახალი წლის დღეებში ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის სიჭარბის გამო პანკრეატიტის გამწვავება პიკს აღწევს. საერთოდ, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, “მშიერ წლებში” პანკრეატიტი იშვიათობა იყო, დღეს კი მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. როგორ მოვიქცეთ:

  • ნუ მიეძალებით ცხიმიან ხორცს, მით უფრო - თუ თქვენი ჩვეული რაციონი ხორცით ღარიბია. ხორცეულს და, საზოგადოდ, ცხიმიან კერძებს უხვად მიაყოლეთ მწვანილი და ბოსტნეული - ისინი ანეიტრალებენ ცხიმს, აადვილებენ მონელებასა და შეწოვას.
  • საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ და ნელა მიირთვით - დანაყრებასაც თავის დროზე იგრძნობთ და უკეთაც მოინელებთ. თუ ბევრი მოგივიდათ, კუჭ-ნაწლავს ფერმენტული პრეპარატები (მეზიმი, კრეონი, პანზინორმი) მიაშველეთ, ოღონდ მაშინვე, ნუ დაელოდებით მეორე დღეს (ბევრი დამძიმებული კუჭის შესამსუბუქებლად შეცდომით მეორე დღეს იწყებს ამ პრეპარატების მიღებას).

რჩევები ალკოჰოლის მიღების შესახებ

თუ, საზოგადოდ, მონელების დარღვევებს უჩივით, შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღებაც, განსაკუთრებით - უხარისხო სასმელებისა. უხარისხო ალკოჰოლი ინტოქსიკაციის თვალსაზრისით გაცილებით საშიშია. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს უზმოზე. ნუ მიაყოლებთ არაყს გაზიან სასმელებს. უმჯობესია სვათ წვენები (ფორთოხლის, ვაშლის), რადგან მათში შემავალი ფრუქტოზა ააქტიურებს ალკოჰოლის წვას. სასმელთან ერთად მიირთვით საკვებიც - თავის ტკივილსა და სწრაფად დათრობას გადაურჩებით. სწრაფი თრობისგან გიხსნით აგრეთვე ცოტაოდენი კარაქი ან ერთი სადილის კოვზი ზეთი, თუ მას სუფრასთან დაჯდომამდე ჩაყლაპავთ.  სასმელი უმჯობესია ნება-ნება სვათ და ნაკლები მოწიოთ. სმის დროს სიგარეტის ჭარბად მოწევა ნაბახუსევის სიმპტომებს ამძიმებს. ნაბახუსევზე არ გირჩევთ დღეს ასე პოპულარული “ანტიბახუსური” მედიკამენტების მიღებას - ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მდგომარეობა კიდეც დაამძიმოს. ნაბახუსევს ორგანიზმში მიმდინარეობს რთული მეტაბოლური ძვრები, რომლებსაც ერთი, ორი, თუნდაც ათი აბის მიღება ვერ დაარეგულირებს. უმჯობესია, გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, კარგად გამოიძინოთ, თუ შფოთვასა და განგაშს გრძნობთ, მიიღოთ კატაბალახას ან შავბალახას ნაყენის 30-40 წვეთი. სვათ უგაზო მინერალური წყალი. ალკოჰოლი არღვევს ორგანიზმის წყალმარილოვან ბალანსს, ამიტომ ნაბახუსევზე წყურვილი განსაკუთრებით მძაფრდება. კარგი იქნება, თუ მინერალურ წყალს ლიმონის წვენს დაამატებთ - ჩ ვიტამინი ხელს უწყობს გამოფხიზლებას.

დამძიმებული გული

ახალი წლის და მომდევნო დღეებში ასევე მაღალია გულის შეტევებით სტაციონარში მოხვედრილთა რიცხვი. ჰიპერტონიული კრიზი, სტენოკარდიული შეტევები და სხვა სახის გართულებები ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირდება. მიზეზი ისევ და ისევ თრობა და ძღომაა, მათთან ერთად კი, რა თქმა უნდა, გადაღლა-გადაძაბვაც. მოგეხსენებათ, ჩვენებური დიასახლისები თავს არ ზოგავენ, გადამეტებულად ირჯებიან, არ ერიდებიან არც მძიმე ჩანთების თრევას და არც მძიმე ავეჯის გადაადგილებას... ეს და სხვა ფაქტორები, მაგალითად, სტუმრების დახვედრასთან, საჩუქრების შერჩევა-შეძენასთან დაკავშირებული მღელვარება, შესაძლოა გულის შეტევის დეტონატორად იქცეს. არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ასაკოვანთა ხვედრია, რომ მხოლოდ მოხუცები შეიძლება შეაწუხოს არითმიამ, გულის ტკივილმა ან არტერიული წნევის მომატებამ - ყოველივე ამისგან, სამწუხაროდ, არც ახალგაზრდები არიან დაზღვეულნი. უბრალოდ, ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობას, არ იპყრობთ პანიკა იმის გამო, რომ თავი სტკივათ, გულის არეში ჩხვლეტას გრძნობენ ან “წრეები დაურბით” თვალწინ.

როგორ მოვიქცეთ

გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პირები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ახალი წლის დღეებში. გახსოვდეთ, ორგანიზმში ყველაფერი ურთიერდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია. მათ შორის - მიღებულ საკვებსა და სასმელზე ჩვენი გული და სისხლძარღვები. მაგალითად, თუ ჭარბად მირთმევთ აირების უხვად წარმომქმნელ პროდუქტებს, შედეგად ნაწლავების შებერვას და ფილტვ-გულის მიჭყლეტას მიიღებთ. ჯანმრთელი პირები ამ დისკომფორტს უძლებენ და არც არაფერი მოსდით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულებს კი შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. მათ რაციონიდან უნდა ამოიღონ მაიონეზი (სასურველია, სალათები ზეთით შეაზავონ), უარი თქვან შემწვარ-მოხრაკულზე, განსაკუთრებით - ღორის ხორცსა და შაშხზე. უმჯობესია მიირთვან მოშუშული (ღუმელში, ორთქლზე) თევზი და ქათმის ხორცი. მცირეოდენი სპირტიანი სასმელი ნებადართულია, ოღონდ დოზა მკაცრად არის განსაზღვრული: 140 გრამი მშრალი წითელი ღვინო ანდა 50 გრამი კონიაკი ან ვისკი. გარდა ამისა, შეგახსენებთ პროფილაქტიკის აუცილებელ წესებს:

  • ნუ გადაიღლებით - ნუ შეეჭიდებით ერთბაშად ბევრ საქმეს, დროდადრო დაისვენეთ და საქმე რაციონალურად გადაანაწილეთ.
  • შეზღუდეთ მარილის მიღება - მარილიანი საკვების ჭარბი მიღება არღვევს ორგანიზმში წყლის ცვლას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, გულის უკმარისობის გამწვავება, ინსულტის მიზეზიც კი გახდეს.
  • აკონტროლეთ საკვების ოდენობა და კალორიულობა, ნუ გადატვირთავთ გულს.
  • ერიდეთ ცხოველურ ცხიმს - ის აუარესებს სისხლძარღვების მდგომარეობას.
  • ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. სადღესასწაულო სამზადისს მღელვარება ახლავს თან, რაც აზიანებს ნერვულ სისტემას და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამიტომ ეცადეთ, დროდადრო მოეშვათ, განიცადოთ დადებითი ემოციები. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, აიმაღლეთ გუნება-განწყობილება.

დასასრულ, გირჩევთ, ცხოვრების ჯანსაღი წესი არც შობა-ახალი წლის დღეებში დაივიწყოთ. ნუ მოიკლებთ მოძრაობას, აქტიურ დასვენებას, დღის სინათლეს, სუფთა ჰაერს, სექსსა და სრულფასოვან ძილს. როდესაც ყოველივე ამას რამდენიმე დღე გადაბმულად სუფრასთან ჯდომა და ჭამა-სმა ენაცვლება, ორგანიზმი იტვირთება, ორგანოთა ფუნქციები მწყობრიდან გამოდის, რასაც ზედმეტი წონა და სხვა უსიამოვნებები მოჰყვება. ბევრს ჰგონია, რომ თუ დილით არ ისაუზმებს, რაკი საღამოს მრავალფეროვანი სუფრა ელის, კალორიებს “დაზოგავს”. ეს მცდარი შეხედულებაა. გამოტოვებული საუზმე საღამოს ძღომის ინდულგენცია არ გახლავთ. სპეციალისტები კატეგორიულად კრძალავენ ასეთ “დაზოგვას”. ეს მეტად მავნებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და არა მხოლოდ მისთვის. ასე რომ, იგემეთ ყველაფერი ზომიერად, შეირგეთ და ისიამოვნეთ. იხალისეთ და იდღესასწაულეთ! გილოცავთ ახალ წელს!