რუბრიკები
დაბალი წნევა

საშიშია თუ არა არტერიული წნევის დაქვეითება? ემუქრება თუ არა არტერიული წნევის მომატება წლების მატებასთან ერთად იმას, ვისაც ახალგაზრდობისას დაბალი წნევა აქვს? როდის მივმართოთ ექიმს? რა არის ბრადიკარდიის მიზეზი? ეს შეკითხვები ხშირად ებადებათ მათ, ვისაც დაბალი წნევა ან ბრადიკარდია აქვს. დღეს ამ საკითხებზე სასაუბროდ ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტს ვესტუმრეთ. გვესაუბრება თერაპევტი თინათინ ნიშნიანიძე:

 


- საკმაოდ ტრადიციული კითხვით დავიწყებთ: როდის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წნევა დაბალია და რამდენად სერიოზულია აღნიშნული მდგომარეობა?
- მოგეხსენებათ, არტერიული წნევა ინდივიდუალური მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა წნევა აქვს, თუმცა დადგენილია, რომ ვერცხლისწყლის სვეტის 90 მილიმეტრზე ნაკლები სისტოლური და 60 მილიმეტრზე ნაკლები დიასტოლური წნევა დაბალ წნევად ანუ არტერიულ ჰიპოტონიად ითვლება. არტერიულ ჰიპოტონიად ითვლება ის შემთხვევებიც, როდესაც ნორმასთან შედარებით დაბალია წნევის მხოლოდ ერთი - სისტოლური ან დიასტოლური მაჩვენებელი, მეორე კი ნორმალურია. მაგალითად, თუ წნევა უდრის 115/50 მმ.ვწყ.სვ-ს,  ეს ჰიპოტონიაა. ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც არტერიული წნევა უმეტესად აღნიშნულ ციფრებზე დაბალი აქვთ, თუმცა დისკომფორტს არ გრძნობენ და ჩივილებიც არ აქვთ. მსგავსი შემთხვევები ექიმების განსაკუთრებული ყურადღების საგანს არ წარმოადგენს, ვინაიდან ასეთი მდგომარეობა საშიში არ არის. აღნიშნულისგან განსხვავებით, წნევის არცთუ ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ უეცარი დაქვეითება შესაძლოა უფრო შემაწუხებელი და საგანგაშო იყოს. ექიმი ითვალისწინებს, რომ ზოგჯერ დაბალი წნევა სერიოზული დაავადების ნიშანია და ატარებს სათანადო კვლევებს მისი გამორიცხვის ან დადასტურების მიზნით.


- პაციენტები ხშირად სვამენ კითხვას: ითვლება თუ არა დაბალ წნევად ის შემთხვევები, როცა სისტოლური წნევა მაღალია, ხოლო დიასტოლური - დაბალი? რა იწვევს მხოლოდ დიასტოლური წნევის დაქვეითებას?
- მიუხედავად იმისა, რომ დიასტოლური წნევა დაბალია, ანალოგიური შემთხვევები მაინც ითვლება არა დაბალ, არამედ მაღალ წნევად ანუ არტერიულ ჰიპერტენზიად. არტერიული წნევის მსგავსი ციფრები (მაგალითად, 160/58 მმ. ვწყ. სვ. ან 180/56 მმ. ვწყ. სვ.) უმეტესად აღენიშნებათ ხანშიშესულ პაციენტებს და სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, გულის ერთ-ერთი სარქვლოვანი პათოლოგია, კერძოდ, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, ხასიათდება წნევის მსგავსი ცვლილებით. მაღალი სისტოლური და დაბალი დიასტოლური წნევა ხშირია თირეოტოქსიკოზის დროსაც.


- რამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება?
- არტერიული წნევის დაქვეითება შესაძლოა მრავალ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია გულის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები, ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ორსულობა, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, საკვებში განსაზღვრული ნივთიერებების დეფიციტი. ცალკე უნდა დავასახელოთ არტერიული წნევის დაქვეითების გამომწვევი სიცოცხლისთვის საშიში ისეთი მდგომარეობები, როგორიც არის სისხლდენა, მძიმე ინფექციები, ალერგიული რეაქციის განსაკუთრებული სახე - ანაფილაქსიური შოკი. არის შემთხვევები, როცა არტერიული წნევის დაქვეითება დაკავშირებულია უეცარ წამოდგომასთან, საკვების მიღებასთან, ნერვული სისტემის დაზიანებასთან. საზოგადოდ, უმრავლეს შემთხვევაში მიზეზის დადგენისას არტერიული წნევის დაბალი ციფრების ნორმალიზაცია შესაძლებელია.


- რას გრძნობს პაციენტი დაბალი წნევის დროს, რა ჩივილებით მიმართავს ის ექიმს?
- როგორც აღვნიშნეთ, რიგ შემთხვევაში სიმპტომები უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის გამოხატული. არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება კი შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუხვევით, გონების დაკარგვით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, მხედველობის დაბინდვით, გულისრევით, ნამიანი კანით, ქოშინით, სისუსტით. თუ მსგავსი ჩივილები უეცრად აღმოცენდა და უმალვე არ გაიარა, საჭიროა, ექიმს მივმართოთ.


- ხალხში დომინირებს აზრი, რომ დაბალი წნევა უპირატესად ახალგაზრდებს შორის გვხვდება, თუმცა წნევის დაქვეითების გამო შეკითხვებით ხშირად ხანშიშესულებიც მოგვმართავენ. როგორია რეალური სიტუაცია - რა შემთხვევაშია ხშირი არტერიული წნევის დაქვეითება?
- ჰიპოტენზია შესაძლოა ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს, თუმცა არტერიული წნევის დაქვეითების განსაზღვრულ სახეობას ასაკთანაც აქვს კავშირი. მაგალითად, წნევის დაქვეითება, რომელიც სხეულის მდებარეობის შეცვლას უკავშირდება, უფრო ხშირია ხანშიშესულთა შორის, ხოლო გულის სიხშირისა და სისხლძარღვთა ტონუსის მარეგულირებელი ნერვული მექანიზმების დარღვევასთან დაკავშირებული ჰიპოტონია უპირატესად ახალგაზრდებში გვხვდება.


- ენდოკრინული სისტემის რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წნევის დაქვეითების მიზეზი ენდოკრინული სისტემის დაავადებაა?
- არტერიული წნევა შესაძლოა დაეცეს  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზის),  თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის (ადისონის დაავადების), სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის), შაქრიანი დიაბეტის დროს. დაავადების ტიპურ შემთხვევებში ძნელი დასადგენი არ არის, რომ წნევის დაქვეითების მიზეზი ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაა. მაგალითად, ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელია ზოგადი საერთო სისუსტე, უმადობის მიუხედავად წონის მატება, შეშუპებისკენ მიდრეკილება, კანის სიმშრალე, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ყაბზობა. დიაგნოზს ადასტურებს სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევა. ადისონის დაავადებას ახასიათებს ძალიან ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა, წონის დაქვეითება, მუცლის პერიოდული ტკივილი. ყურადღებას იპყრობს კანის ჰიპერპიგმენტაცია - მუქი შეფერილობა, უპირატესად ხელისგულებზე, სხეულთან ტანსაცმლის შეხების არეებში. ჰიპერპიგმენტირებულია ლორწოვანიც ღრძილების, ლოყების შიგნითა ზედაპირზე.


- გულის რომელი დაავადებები შეიძლება დავასახელოთ არტერიული წნევის დაქვეითების მიზეზთა შორის?
- არტერიულმა წნევამ შესაძლოა დაიწიოს გულისცემის სიხშირის მკვეთრი დაქვეითების - ბრადიკარდიის დროს, გულის სარქვლოვანი პათოლოგიების ანუ მანკების შემთხვევაში, მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის უკმარისობის დროს. ყველა აღნიშნული მდგომარეობისას ჰიპოტენზიის აღმოცენება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ გული კარგავს აორტაში სისხლის სათანადო რაოდენობის გადასროლის უნარს.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები