რუბრიკები
დაბალი წნევა


- როგორც ვხედავთ, ჰიპოტენზია სრულიად განსხვავებულ მიზეზებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. რა სადიაგნოზო კვლევები ტარდება გამომწვევი დაავადების დადგენის მიზნით?
- დაბალი არტერიული წნევის დროს გამოკვლევის მიზანია დავადგინოთ გამომწვევი დაავადება, განვსაზღვროთ, რასთან არის დაკავშირებული ჰიპოტენზია, აქვს თუ არა პაციენტს მისი გამომწვევი გულის, ნერვული სისტემის ან ენდოკრინული პათოლოგია. სწორედ ამ მიზნით ექიმი ატარებს განსაზღვრულ კვლევებს.

  • უპირველეს ყოვლისა, იზომება არტერიული წნევა. შეიძლება, პაციენტს ვთხოვოთ, რეგულარულად გაიზომოს წნევა და მონაცემები ჩაიწეროს.
  • ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რაც ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაზე, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ან გამოვრიცხოთ ანემია. უკანასკნელი დაბალი არტერიული წნევის ერთ-ერთი მიზეზია.
  • სისხლში გლუკოზის განსაზღვრით ვადგენთ შაქრიან დიაბეტს ან პირიქით, დაბალ შაქარს - ჰიპოგლიკემიას.
  • ელექტროკარდიოგრამა - ამ საკმაოდ პოპულარული და მარტივი გამოკვლევით შესაძლოა გამოვლინდეს გულის რიტმის დარღვევა - არითმია, ეჭვი იქნეს მიტანილი გულის სტრუქტურულ ანომალიებზე, გამოვლინდეს გულის იშემიური დაავადების არსებობა, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.
  • ჰოლტერის მონიტორირება - ზოგჯერ კარდიოგრამის გადაღების მომენტში პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კარდიოგრამაც ცვლილებებს არ ავლენს. მსგავს სიტუაციაში როცა ექიმი პაციენტის ჩივილებისა და მონაცემების გათვალისწინებით ვარაუდობს გულის დაავადებას, შეიძლება ჩატარდეს ჰოლტერის მონიტორირება. ეს არის ელექტროკარდიოგრამის 24-საათიანი ჩანაწერი.
  • ექოკარდიოსკოპია ანუ გულის ექოსკოპიური გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ გულის სტრუქტურა.
  • სტრეს-ტესტი - ჰიპოტენზიის გამომწვევი გულის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკა უფრო ადვილია, თუ შევისწავლით გულის მდგომარეობას დატვირთვის პირობებში. ამ მიზნით ტარდება სტრეს-ტესტი - ელექტროკარდიოგრაფია ან ექოკარდიოსკოპია პაციენტის ფიზიკური დატვირთვისას. ხშირად ამ დროს არტერიული წნევის მონიტორირებას (დაკვირვებას) ახდენენ.
  • ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიაზე ან წნევის ნერვული რეგულაციის დარღვევაზე ეჭვისას გამოიყენება სპეციალური მოძრავი მაგიდა, რომელიც ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის. პაციენტს ამ მაგიდაზე აწვენენ და მაგიდის მოძრაობის პროცესში არტერიულ წნევას ზომავენ.


- ბევრს მიაჩნია, რომ მათ, ვისაც ახალგაზრდობაში დაბალი წნევა აქვს, შემდგომ ხშირად უვითარდება არტერიული ჰიპერტენზია.
- მსგავსი კავშირი არ არის დადგენილი. უბრალოდ, დაბალი არტერიული წნევა უმეტესად ახალგაზრდებს აქვთ, ასაკის მატებასთან ერთად კი წნევის ციფრები იმატებს და ამის გამო ხანში შესულ ასაკში არტერიული ჰიპერტენზიაც საკმაოდ ხშირია. ამის გამო პაციენტებს შესაძლოა შეექმნათ ილუზია, რომ ახალგაზრდა ასაკში ჰიპოტენზია შემდგომ ჰიპერტენზიას მოასწავებს, თუმცა ეს შეხედულება არ არის სწორი.


- დასასრულ, კიდევ ერთი ტრადიციული შეკითხვა: როგორ ვუმკურნალოთ ადამიანს, რომელსაც დაბალი წნევა აქვს?
- მკურნალობის ტაქტიკა უპირველეს ყოვლისა,  ჰიპოტენზიის მიზეზზეა დამოკიდებული. ზემოთ დეტალურად ვისაუბრეთ იმ მდგომარეობათა შესახებ, რომელთა შემთხვევაშიც დაუყოვნებელი დახმარებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. დაბალი წნევის იმ შემთხვევების მკურნალობა, რომელთა დროსაც ჩივილები უმნიშვნელო და ხანმოკლეა, საჭირო არ არის. თუ ჰიპოტენზია შემაწუხებელია, მკურნალობის ტაქტიკა გამომწვევი დაავადების გათვალისწინებით ირჩევა. წესისამებრ, ექიმები ცდილობენ დააზუსტონ დაბალი წნევის მიზეზი და უმკურნალონ არა სიმპტომს, არამედ დეჰიდრატაციას, გულის უკმარისობას,  ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას და ასე შემდეგ. მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპოტენზიისას იცვლება პრეპარატის დოზა ან თავად პრეპარატი. რიგ შემთხვევაში შესაძლოა უშუალოდ წნევის მოსამატებლად იქნეს გამოყენებული განსაზღვრული პრეპარატები, თუმცა ამის თაობაზე გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, არსებობს ზოგადი მითითებები, რომელთა შესრულებითაც შესაძლებელია ხელი შევუწყოთ წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნებას. პაციენტის ასაკიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ავირჩიოთ კონკრეტული პაციენტისათვის შესაფერისი რეკომენდაცია.

სათანადო რაოდენობით გამოიყენეთ სუფრის მარილი. ცნობილია, რომ მათ, ვისაც მაღალი წნევა აქვს, სუფრის მარილის შეზღუდვას ურჩევენ, ჰიპოტენზიის დროს კი სუფრის მარილი შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს. ბუნებრივია, აღნიშნული რეკომენდაცია არ ეხება იმ პაციენტებს, რომელთაც დაბალი წნევა გულის უკმარისობის გამო აქვთ. ამის გათვალისწინებით, ჯობს, ამ რეკომენდაციის შესრულებამდე ექიმს სთხოვოთ რჩევა.

  • სვით მეტი წყალი. ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხეს უნდა იღებდეს (იგულისხმება არა მარტო წყალი, არამედ ნებისმიერი სასმელი და ხილითა და ბოსტნეულით მიღებული სითხეც). ამ რეკომენდაციის შესრულება ჰიპოტენზიისკენ მიდრეკილი პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას. ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, არც ეს რეკომენდაცია ეხება გულის პათოლოგიის მქონე პირებს.
  • ატარეთ სპეციალური კომპრესიული წინდები. ჩვეულებრივ, ასეთი წინდების ტარებას ურჩევენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონე ადამიანებს. ამავე დროს, მათი მეშვეობით შესაძლებელია ეფექტურად შევამციროთ სისხლის დეპონირება ვენურ სისტემაში, რაც, როგორც მოგახსენეთ, ჰიპოტენზიის ერთ-ერთი მექანიზმია.
  • მინიმუმამდე დაიყვანეთ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა. ალკოჰოლის ზემოქმედებით ხდება სისხლძარღვების გაფართოება და დეჰიდრატაცია, რაც ამცირებს არტერიულ წნევას.
  • დილით საწოლიდან ადგომისას ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე. თუ დაჯდომისას მსუბუქ თავბრუხვევას ან სისუსტეს იგრძნობთ, ფეხები ერთმანეთზე გადაიდეთ, გადააჯვარედინეთ. ეს გაზრდის გულისკენ სისხლის მიდენას.
  • საკვები მიირთვით ნელა და მცირე ულუფებით.
  • მართალია, კოფეინიანი ყავა და ჩაი დროებით ზრდის არტერიულ წნევას, მაგრამ კოფეინი შესაძლოა სხვა პრობლემების მიზეზად იქცეს, ამიტომ კოფეინიანი სასმელების მიღებამდე რჩევა სთხოვეთ ექიმს.


კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები