სპაზმი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპაზმი

ანგიოსპაზმი - სისხლძარღვთა შევიწროება; ლარინგოსპაზმი - ხორხის შევიწროება; ბრონქოსპაზმი - ბრონქების სანათურის შევიწროება: კარდიოსპაზმი - საყლაპავის კუჭში შემავალი, კარდიული ნაწილის შევიწროება; პილოროსპაზმი - კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავში გარდამავალი პილორუსის სანათურის შევიწროება; ნაწლავთა სპაზმი; სანაღვლე სადინარებისა და შარდსადენების სპაზმი. განივკუნთოვანი სპაზმებისას ირღვევა ან იზღუდება სხეულის მოძრაობა, გლუვკუნთოვანი სპაზმი კი შესაბამისი ორგანოს ფუნქციებს არღვევს.

განვითარების მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ეპილეფსიურ და არაეპილეფსიურ სპაზმებს. ეპილეფსიური სპაზმები გამოწვეულია თავის ტვინში დიდი რაოდენობით ნეირონის ერთდროული განმუხტვით და სხვადასხვა სახის ეპილეფსიური შეტევის დროს ვითარდება. არაეპილეფსიური სპაზმის მიზეზებია:

1. თავის ტვინში ჟანგბადის უკმარისობა;

2. თავის ტვინის ზოგიერთი სტრუქტურის დისფუნქცია;

3. თავის ტვინის ზოგიერთი სტრუქტურის აქტივაცია შხამის ან ტოქსინის ზემოქმედებით;

4. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, განსაკუთრებით - წყალმარილოვანი ცვლის მოშლა;

5. ჰორმონთა გავლენით ზოგიერთი ჯგუფის ნეირონთა დისფუნქცია;

6. ვიტამინების დეფიციტი;

7. ჰიპოგლიკემია (სისხლში ნახშირწყლების დონის დაქვეითება);

8. ძილის პროცესებში მონაწილე მექანიზმთა რღვევა;

9. ზოგიერთი ფსიქოგენური ფაქტორი, ძლიერი სტრესი (ისტერია);

10. თავის ტვინის ორგანული დაზიანებანი (ჰემატომა, სიმსივნური წარმონაქმნები) და სხვა.

ხანგრძლივობისა და ინტენსიურობის მიხედვით სპაზმები ტონურ და კლონურ სახეობებად იყოფა.

ტონური სპაზმები კუნთების ხანგრძლივი დაჭიმვის შედეგად ვითარდება, კლონური სპაზმები კი კუნთების შედარებით ხანმოკლე, ბიძგისებური, სინქრონული შეკუმშვაა, რომელსაც მოდუნება ენაცვლება.

ტონურ სპაზმებს, იმის მიხედვით, კუნთთა რომელ ჯგუფს მოიცავს, შესაბამისი სახელები აქვს. მაგალითად, ტრიზმი საღეჭი კუნთების სპაზმია, ბლეფაროსპაზმი - თვალის ირგვლივი კუნთებისა. სპაზმები ნებისმიერ ასაკში ვითარდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა ასაკში, რადგან ამ პერიოდში ინფექციას, ინტოქსიკაციას, ტრავმას და სხვა ფსიქოგენურ ფაქტორებს ტვინი შედარებით ადვილად გამოჰყავთ წონასწორობიდან.

რა ხდება სპაზმის დროს ორგანიზმში

სპაზმი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა - კუნთებისა და მყესების მყარი დაჭიმვითა და შეკუმშვით იგი მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებას ცდილობს. სპაზმური რეაქციის მიზეზად შესაძლოა იქცეს ფიზიკური ზემოქმედება (დარტყმა, ტკივილი) ან ფსიქიკური დაძაბულობა (შიში, განგაში). საკმარისია საფრთხემ გადაიაროს, რომ კუნთებში დაჭიმულობის ხარისხი თანდათან იკლებს, კუნთების ტონუსი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. განსაზღვრულ გამღიზიანებელთა მოქმედების შედეგად კუნთები დიდხანს რჩება დაჭიმული და სპაზმიც ხანგრძლივდება, რაც ორგანიზმში მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებას იწვევს. მათ შორის აღსანიშნავია სპაზმირებულ უბანში სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის მიჭყლეტა, რაც აფერხებს ქსოვილებამდე საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის მისვლას, იწვევს ჰიპოქსიას - ჟანგბადის დეფიციტს, ასუსტებს იმუნურ თავდაცვას, რაც ხშირად ქრონიკული ანთებითი დაავადებების მიზეზად იქცევა. თუ კუნთთა განსაზღვრული ჯგუფი დაჭიმულ, ტონურ მდგომარეობაში რამდენიმე კვირა დარჩა, იწყება ფიბროზის განვითარება - კონკრეტულ უბანში ქსოვილების გადაგვარება, გამკვრივება და ფუნქციათა მოშლა, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ტკივილი. ამ ეტაპზე სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ თუ სპაზმირება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, პროცესი შეუქცევად სახეს იღებს და იწყება ქსოვილთა გადაგვარება - კუნთის ან მყესის კალციფიკაცია და პათოლოგიური გაძვალება. შედეგად კუნთი ფუნქციას კარგავს.


გლუვკუნთოვანი სპაზმები

სანათურის მქონე შინაგან ორგანოთა მუშაობას თავის ტვინის სპეციალური ცენტრები არეგულირებენ, რომლებიც ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ცვლიან მათი სანათურის დიამეტრს - აფართოებენ ან ავიწროებენ. გარდა რეგულაციის ნერვული მექანიზმისა, არსებობს სანათურთა რეგულირების ქიმიური ანუ ჰუმორული მექანიზმები, როდესაც მათი დიამეტრი სისხლში გარკვეული ნივთიერებების გადასვლის შედეგად იცვლება. ზოგიერთი კუნთოვანი შრის მოდუნებას იწვევს, ზოგი კი მათ ფიზიოლოგიური შევიწროებას - სპაზმს.

ანგიოსპაზმი

ანგიოსპაზმი სისხლძარღვთა სანათურის შევიწროებაა. სისხლძარღვთა კედელი, დანარჩენ ღრუ ორგანოთა მსგავსად, სამშრიანია. შუა შრე კუნთოვანი გარსია. სწორედ იგი აძლევს სისხლძარღვს საშუალებას, ორგანიზმის სისხლმომარაგება მოთხოვნების შესაბამისად აწარმოოს. მოგრძო ტვინში მდებარეობს სისხლის მიმოქცევის მარეგულირებელი ცენტრი, რომლისგან წამოსულ იმპულსთა შესაბამისად სისხლძარღვების სანათური ვიწროვდება და ფართოვდება.

სისხლძარღვთა სანათურის სიდიდე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - სისხლში განსაზღვრული ჰორმონების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დონეზე, გარემოს ტემპერატურაზე, ნერვული სისტემის აგზნებადობის ხარისხზე. როდესაც ყველაფერი რიგზეა, სისხლძარღვის სანათურის სიდიდე სავსებით ემორჩილება სისხლის მიმოქცევის მარეგულირებელი ცენტრის ნება-სურვილს, მაგრამ რიგი გარეგანი და შინაგანი ფაქტორის, ასევე თავად სისხლძარღვში მიმდინარე ორგანული ცვლილებების გავლენით კარგავს რეგულაციის უნარს და ვიწროვდება.

ანგიოსპაზმი საშიში მოვლენაა. მისი მავნეობის ხარისხი სისხლძარღვის კალიბრზეა დამოკიდებული: რაც უფრი მსხვილია სისხლძარღვი და დიდია მისი სამოქმედო უბანი, მით უფრო საშიშია ანგიოსპაზმი.

ლარინგოსპაზმი და ბრონქოსპაზმი

ტრაქეა და ბრონქებიც გლუვი კუნთებისგან შედგება, რომელთა შეკუმშვაც სასუნთქი მილის სპაზმს იწვევს, ხოლო გაფართოება - დილატაციას (გაფართოებას). ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ლარინგოსპაზმი და ბრონქოსპაზმი თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მიზნად ისახავს, არ დაუშვას ძლიერ დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერის ფილტვებამდე ჩაღწევა. როცა ბრონქებში საშიში მინარევების მქონე ჰაერი გაივლის, მას შეიცნობენ ლორწოვან გარსში არსებული უწამწამო უჯრედები და ცდომილი ნერვის დაბოლოებანი და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობებენ მოგრძო ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრს, საიდანაც იმპულსი ეგზავნება ბრონქების კუნთოვან შრეში მდებარე ნერვებს და დიდი რაოდენობით გამოიყოფა მედიატორი აცეტილქოლინი, მისი გავლენით კი კუნთები სწრაფად იკუმშებიან, ავიწროებენ სანათურს და იწვევენ ბრონქების სპაზმს, რათა დაბინძურებული ჰაერი ფილტვებში აღარ მოხვდეს.

საყლაპავის სპაზმი

საყლაპავის სანათური ერთნაირი და თანაბარზომიერი არ არის. აქვს შევიწროებები და ორი სახის სფინქტერი. პირველი საყლაპავი მილისა და ხახის საზღვარზე მდებარეობს, მეორე კი იქ, სადაც საყლაპავი მილი დიაფრაგმაში გადის და კუჭს უერთდება. სწორედ საყლაპავის კუნთოვანი გარსისა და სფინქტერების დამსახურებაა ყლაპვა - საყლაპავ მილში საჭმლის გუნდის გადასვლას თან სდევს საყლაპავი მილის კუნთების შეკუმშვა და გუნდის კუჭში გადატანა.

ყოველი ყლაპვითი მოძრაობისას რეფლექსურად ხდება საყლაპავი მილის მუსკულატურის ტალღისებური შეკუმშვა, რომელიც საყლაპავი მილის ზემო ნაწილში იწყება და მის მთელ სიგრძეზე ვრცელდება. ამ დროს თანამიმდევრულად იკუმშება ბეჭდისებურად განლაგებული კუნთები, რომლებიც საჭმლის გუნდას ზევიდან ქვევით - კუჭისკენ გადაანაცვლებენ. ეს კუნთები საყლაპავს ძლიერ დრეკადობასა და ელასტიკურობას სძენენ. სწორედ ისინი იკუმშებიან საყლაპავის სპაზმის დროს. საყლაპავი მილის კედლის კუნთოვანი გარსის ქსოვილის შეკუმშვისას ვითარდება ეზოფაგოსპაზმი, მისი კუჭში შესასვლელი სფინქტერის მომჭერი რგოლის შევიწროებისას კი კარდიოსპაზმი, რადგან საყლაპავის ამ ნაწილს კარდიული ჰქვია.

პილოროსპაზმი

პილოროსპაზმი კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავში გარდამავალი პილორუსის სანათურის შევიწროებაა, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც საკუთრივ სანათურის კუნთოვანი გარსის მომჭერი რგოლის შევიწროებას, ასევე კუჭში ამ ადგილას მიმდინარე ორგანულ ცვლილებებს. პილოროსპაზმი ვითარდება როგორც ნერვული ფაქტორების, ისე ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით. განსაკუთრებით ხშირია კუჭის წვენში თავისუფალი მარილმჟავას მომატების დროს, რაც ფიზიოლოგიური მოვლენაა და კუჭში საკვების მონელების პროცესთა ნორმალიზებას ისახავს მიზნად.