მიოზიტი და მიალგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიოზიტი და მიალგია

- მიოზიტი სხვადასხვა დაავადების გართულებაა. მას მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ქრონიკული მიოზიტი უმეტესად არასწორად ნამკურნალები მწვავე ანთების შედეგად ვითარდება და პაციენტს პერიოდულად ახსენებს თავს - ტკივილი ხშირად იწყება ღამით, ძლიერდება უპირტესად სტატიკურ მდგომარეობაში, გადაცივებისა და მეტეოროლოგიური პირობების შეცვლის დროს. ქრონიკული მიოზიტი შესაძლოა ინფექციური დაავადების შედეგიც იყოს. ზოგჯერ პაციენტი დაავადების არსებობას არც კი ეჭვობს, ვიდრე ტკივილი არ შეაწუხებს. მწვავე მიოზიტი ვითარდება, როცა გენერალიზებული მწვავე ინფექცია კუნთებსაც ჩაითრევს, აგრეთვე - ტრავმისა და კუნთური გადაძაბვის დროს, განსაკუთრებით - თუ ამას გადაცივებაც დაერთო. მწვავე პერიოდში ტკივილი რეფლექსური ხასიათისაა და კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში მდებარე რეცეპტორთა გაღიზიანებას უკავშირდება. შესაძლოა, სისხლძარღვოვანი ხასიათისაც იყოს და არასაკმარისი სისხლმომარაგების პირობებში განვითარდეს, რადგან კუნთის გაზრდილი მოთხოვნილება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერების მიმართ ვერ კმაყოფილდება შემცირებული სისხლმომარაგების გამო.

- რა იწვევს მიოზიტს და რომელი ფაქტორები უწყობს ხელს მის განვითარებას?

- დაავადების მიზეზი უმეტესად ინფექციური პათოლოგიაა: ქრონიკული ტონზილიტი, გრიპი, მწვავე ვირუსულ-რესპირატორული ინფექცია. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოიწვიოს პარაზიტულმა ინფექციამ, ქრონიკულმა ჩირქოვანმა და აუტოიმუნურმა პროცესებმა, ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებამ. ცალკე გამოყოფენ იმ შემთხვევებს, როცა მიოზიტი პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. პიანისტები, მევიოლინეები, მძღოლები, ოპერატორები და ზოგიერთი სხვა პროფესიის ადამიანი ყოველდღიურად საათობით მუშაობენ არახელსაყრელ პოზაში. ამ შემთხვევაში მიოზიტი ძლიერი კუნთოვანი გადაძაბვის შედეგია. დაავადების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის გადაცივება, კუნთოვანი კრუნჩხვები და სხვადასხვა ტიპის ტრავმა. მიოზიტის განვითარებას აპროვოცირებს ზოგიერთი ისეთი პათოლოგიაც, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარეობს: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, რევმატიზმი. ჩირქოვანი მიოზიტი კუნთშიგა ინექციის დროს ჰიგიენური წესების დაუცველობის შედეგია.

- მიოზიტის რომელი ფორმებია გავრცელებული ყველაზე მეტად და რა სიმპტომები ახასიათებთ მათ?

- მიოზიტი ყველაზე ხშირად აზიანებს კისრის, წელის, გულმკერდისა და მუხლის კუნთებს. დაავადების ლოკალური მიმდინარეობისას მტკივნეული შეგრძნებები და ძირითადი სიმპტომებიც სწორედ განსაზღვრული ჯგუფის კუნთებს მოიცავს. დაავადების მთავარი ნიშანი კუნთის ყრუ ტკივილია, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას და დაზიანებული კუნთების შეხებისას. გამოცდილ ექიმს შეუძლია, მტკივნეულ კერებში ხელით აღმოაჩინოს პათოლოგიური კვანძები. ზოგჯერ შეინიშნება კანის შეშუპება და გაწითლება. ყველაზე გავრცელებული ფორმა კისრის მიოზიტია, ეს ადვილად აიხსნება, რამდენადაც გადაძაბვასა და გადაცივებას ყველაზე ხშირად სწორედ სხეულის ეს ნაწილი განიცდის. ვითარდება ყრუ ტკივილი კისრის არეში, რომელიც გადაეცემა კეფას, ვრცელდება ქვევით ბეჭის ძვლებთან და შესაძლოა მთელი მხრის სარტყელიც კი მოიცვას. ასეთ დროს აუცილებელია დაავადების დიფერენცირება კისრის ოსტეოქონდროზისგან, რაშიც რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება. მიოზიტის დროს არ ვლინდება დეგენერაციული ცვლილებები, ამასთანავე, შეინიშნება მალების მოძრაობის შეზღუდვა. ამჟამად სპეციალისტები გამოყოფენ მიოზიტის ისეთ სახესხვაობებს, როგორიც არის პოლიმიოზიტი და დერმატომიოზიტი.

პოლიმიოზიტის დროს ზიანდება რამდენიმე ჯგუფის კუნთები, თუმცა, დაავადების ლოკალური ფორმისგან განსხვავებით, ტკივილი ისე აშკარა არ არის, წამყვანი სიმპტომი კუნთური სისუსტეა. თავდაპირველად პაციენტს უძნელდება კიბეზე ასვლა, მერე და მერე - სკამიდან წამოდგომა, ტანსაცმლის ჩაცმა, თმის დავარცხნა. დროთა განმავლობაში განილევა კისრის კუნთები და ადამიანს თავის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერაც კი უჭირს. უკანასკნელ სტადიაში ვითარდება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების ატროფია. საყლაპავის, ხახისა და ხორხის კუნთების დაზიანების გამო რთულდება ყლაპვა, ვითარდება შეტევითი ხასიათის ხველა, სასუნთქი კუნთების დაზიანების გამო თავს იჩენს სულის ხუთვა და ქოშინი. პოლიმიოზიტის დროს შუპდება კუნთები და სახსრები შესივებულია, ანუ მიოზიტის პარალელურად ართრიტიც ვითარდება. გამოსავალი ექიმთან დროულად მისვლა და კვალიფიციური მკურნალობის ჩატარებაა. ამ დროს მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების შანსს იძლევა.

დერმატომიოზიტი უმეტესად ახალგაზრდა და შუახნის ქალებს ემართებათ. პათოლოგია შესაძლოა ინიცირებული იყოს ვირუსით, გენეტიკური ფაქტორებით (მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა). გამშვები მექანიზმია სტრესი, გაციება, გადაცივება და ინსოლაცია (მზის სხივები). ამ დროს კუნთებთან ერთად ზიანდება კანიც: დამახასიათებელი წითელი ან იისფერი გამონაყარი ჩნდება ხელებზე, სახეზე, ხერხემლის ზედა ნაწილში. შუპდება ქუთუთოები. პაციენტები უჩივიან სისუსტეს, შემცივნებას, სხეულის ტემპერატურის მომატებას, მკვეთრად იკლებენ წონას. უარესდება თვითშეგრძნება. ნებაზე მიშვებული დერმატომიოზიტი საკმაოდ სერიოზულ უსიამოვნებებს იწვევს. მოსალოდნელია კუნთების დამოკლება, კანქვეშ კალციუმის მარილების დაგროვება, რაც ტკივილის მიზეზად იქცევა.


- როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომელსაც მიოზიტის დიაგნოზი დაუსვეს?

- დაავადების დიაგნოსტიკა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს ეფუძნება. დამახასიათებელი ნიშანია სისხლში კუნთოვანი ფერმენტების, უპირველეს ყოვლისა - კრეატინფოსფოკინაზის, აქტიურობის მომატება. პაციენტთა ნახევარს სპეციფიკური ანტისხეულებიც აღენიშნება. საკმაოდ მგრძნობიარე მეთოდია ელექტრომიოგრაფია, რომელიც კუნთოვან ბოჭკოებში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს ავლენს. გარკვეულ როლს ასრულებს ბიოფსიაც. მიოზიტის მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადების მიზეზის დადგენა, ვინაიდან პარაზიტული წარმოშობის მიოზიტის დროს ინიშნება ანტიჰელმინთური საშუალებები, ინფექციური (ბაქტერიული) წარმოშობის მიოზიტის დროს - ანტიბიოტიკები. თუ პათოლოგია აუტოიმუნური წარმოშობისაა, საჭიროა გლიკოკორტიკოიდებისა და იმუნოსუპრესორების ხანგრძლივი მიღება. მკურნალობაში ყოველთვის რთავენ ტკივილგამაყუჩებლებსა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ლოკალური დაზიანებისას კარგ შედეგს იძლევა მალამოები, რომლებიც აუმჯობესებს კუნთის კვებას და ხელს უწყობს დაძაბულობის, მტკივნეული შეგრძნებების შემცირებას. მწვავე მიოზიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტიურობის მაქსიმალური შეზღუდვა. მტკივანი ადგილები თბილად უნდა გვქონდეს შეფუთნული. ჩირქოვანი მიოზიტის მკურნალობა ქირურგს უნდა ვანდოთ, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დაჩირქებული, ინფექციური კერის გაკვეთა დაგროვილი ჩირქის მოსაცილებლად. ამ შემთხვევაშიც ინიშნება ანტიბიოტიკები, მაგრამ უკუნაჩვენებია მასაჟი, რომელიც მიოზიტის სხვა ფორმების დროს შედეგიანია. დაავადების მიმდინარეობისა და ხასიათის კვალობაზე, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ფიზიოთერაპია და სამკურნალო დიეტა, რომელიც ადვილად მოსანელებელი ცილებით მდიდარი პროდუქტებით იქნება გაჯერებული. დაავადებისგან თავის დაცვის გზაა, თავი არიდოთ კუნთების ძლიერ გადაძაბვას და ორპირ ქარში ყოფნას, სიცივეში მძიმე ფიზიკურ შრომას, დროულად უმკურნალოთ გაციებასა და ინფექციურ დაავადებებს. მიოზიტის რეციდივისგან თავდაცვის ყველაზე საიმედო გზას წარმოადგენს რეგულარული ფიზკულტურა და წყლის პროცედურები.

- მიოზიტისგან განსხვავებით, რომელიც კუნთების ძლიერ გადაძაბვისას ვითარდება, ცნობილია კუნთების ისეთი ტკივილი, რომელიც ადამიანს მოსვენების დროსაც კი აწუხებს, ეს კუნთოვანი უჯრედების ჰიპერტონუსის შედეგად აღმოცენებული  მიალგიაა. რა იწვევს კუნთოვან უჯრედთა გადაძაბვას?

- კუნთოვან უჯრედთა გადაძაბვის მაპროვოცირებელი ფაქტორებია ხშირი სტრესი, ემოციური აფეთქება, ტრავმა, პროფესია, რომელიც ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნას მოითხოვს. ასეთ პირობებში კუნთის უჯრედები (მიოციტები) თითქოს ეჩვევა არასწორ მდგომარეობაში ყოფნას, რაც იწვევს მათში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას, შედეგად კი ძლიერ გადაძაბვასა და კუნთოვან სპაზმს. როდესაც სპაზმი მოიცავს სახსრის ირგვლივ ან ხერხემლის სვეტის კუნთებს, პათოლოგიურ პროცესში ერთვება ხრტილი, რომელიც ვერ იღებს საჭირო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს და გადაგვარებას იწყებს. ამრიგად, მიალგია ოსტეოქონდროზის, ოსტეოართროზისა და მალათაშუა დისკოების თიაქრის უშუალო მიზეზი ხდება.

- მიალგიის რა და რა ფორმები არსებობს?

- პაციენტთა დიდ ნაწილს აწუხებს ფიბრომიალგია - ტკივილი, რომელიც ვითარდება კუნთებში, მყესებსა და იოგებში, ანუ ბოჭკოვან სტრუქტურებში. სპეციალისტები ფიბრომიალგიებს ქრონიკულ პროცესებს მიაკუთვნებენ, რომლებიც ხშირად ერთვის ტრავმას, ფიზიკურ და ფსიქიურ გადაძაბვას, სისტემურ რევმატულ პათოლოგიებს, არცთუ იშვიათად ფიბრომიალგიას იწვევს გაციება და გადაცივებაც. ფიბრომიალგია ყველაზე ხშირად ლოკალიზდება კისრის, კეფის, წელის და მხრის სახსრებში, იშვიათად - გულმკერდის ზონაში, მუხლისა და ბარძაყის სახსრებში. ფიბრომიალგიას ხშირად ერთვის ძილის დარღვევა. ტკივილი, დილისმიერი შებოჭილობა, ასთენია და ძილის დარღვევა აღენიშნება პაციენტთა 75%-ს. განასხვავებენ ფიბრომიალგიის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველადად მიიჩნევა ძვალკუნთოვანი ტკივილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა კერა, სხვადასხვა ხასიათი და ძლიერდება კუნთების შეხებისას. პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა, ჯანმრთელ ქალებსა და მოზარდ გოგონებს შორის. მრავალრიცხოვანი გამოკვლევით დადასტურებულია, რომ ფიბრომიალგიით იტანჯება განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 1-2%, ამასთანავე, შეინიშნება რევმატულ პათოლოგიებს შორის მისი წილის ზრდა. მიალგიის მეორე ფორმაა მიოზიტის დროს აღმოცენებული ტკივილი, რომლის შესახებაც უკვე გესაუბრეთ.

- როგორ მკურნალობთ კუნთების ტკივილს?

- მიალგიის თერაპია სიმპტომურია, ვინაიდან კუნთების გადაძაბვის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მოცილება ყოველთვის ვერ ხერხდება. ტკივილის გასაყუჩებლად და ანთების ჩასაქრობად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები და არანარკოტიკული ანალგეტიკები.