რუბრიკები
დისკომფორტი მუცელში
დისკომფორტი  მუცელში

მყავს 25 წლის ვაჟი. დიდი მჭამელი არ არის. მიუხედავად ამისა, სულ რაღაც დისკომფორტი აქვს მუცელში. რამდენჯერმე მყავდა გამოკვლევებზე. სერიოზული დაავადება ვერ დაუდგინეს. იქნებ ხალხური მედიცინიდან მირჩიოთ რამე?


მუცელში, კერძოდ, კუჭსა და ნაწლავებში აღმოცენებული დისკომფორტის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზი არასწორი კვებაა. არასწორი კვება, თავის მხრივ, შესაძლოა განპირობებული იყოს მავნე ჩვევებით, რომლებიც კვების კულტურას უკავშირდება. ზოგი დილაობით არ საუზმობს, სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში ინაზღაურებს გამოტოვებულ ულუფას, მოშიებული ზომაზე მეტს მიირთმევს დასანაყრებლად. ბევრს სადილობა ტელევიზორის ყურებისას უყვარს.

არიან ისეთებიც, რომლებიც ჭამას წიგნის კითხვას, ჟურნალ-გაზეთების თვალიერებას უთავსებენ. ეს და სხვა მავნე ჩვევები ხელს უწყობს საკვების გაუცნობიერებლად, მექანიკურად ყლაპვას, რასაც გადაძღომამდე მივყავართ. გარდა ამისა, ისინი არღვევენ საჭმლის მონელების პროცესს, მის ცალკეულ რგოლებს, ნერწყვის გამოყოფა იქნება ეს თუ საჭმლის მომნელებელი წვენებისა, რადგან კითხვისა თუ ტელევიზორის ყურებისას ადამიანი ვერ ახერხებს ჭამის პროცესზე კონცენტრირებას, საკვების გემოსა და სურნელის შეგრძნებას, მათზე ყურადღების გამახვილებას, რასაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მონელებისთვის. კვებას თავისი კულტურა აქვს და მისი დარღვევის შემთხვევაში საჭმლის მომნელებელ სისტემას დიდი დატვირთვა ადგება. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მავნე ჩვევა საბოლოო ჯამში მუცელში დისკომფორტს, სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევასა და სხვა ჩივილებს განაპირობებს. მავნე ჩვევაა ჩიპსებით, არომატული ორცხობილებითა და სხვა სასუსნავით დანაყრებაც. ისინი გაჯერებულია მავნე ნივთიერებით - არომატიზატორებით, სტაბილიზატორებით, საღებავებითა და სხვა დანამატებით, რომლებიც ასევე აჩენს მუცელში უსიამოვნო შეგრძნებას. გირჩევთ, ამ მავნე პროდუქტების ნაცვლად ორგანიზმისთვის სასარგებლო ხილი, ხაჭო, წვენი მიირთვათ. მუცელში აღმოცენებული დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს უჯრედისით მდიდარი პროდუქტების ჭარბი მიღებაც. უჯრედისით მდიდარი საკვები, ჩვეულებრივ, აირების წარმოქმნას უწყობს ხელს. მიაქციეთ ყურადღება საკვებ რაციონს - ბევრ კომბოსტოს,  ბარდასა და ლობიოს ხომ არ მიირთმევთ. მუცელში დისკომფორტს გაზიანი სასმელებისა და ზომაზე მეტი შავი პურის მიღებაც იწვევს. ერთ-ერთი მიზეზია ცხიმიანი საკვების უხვი მიღებაც, განსაკუთრებით - საღამოობით. ეს მხოლოდ დისკომფორტს კი არა, სერიოზულ დაავადებებსაც უდებს სათავეს.


მეტეორიზმი
რატომ ვითარდება მეტეორიზმი? როგორ ავიცილოთ თავიდან აირების წარმოქმნა? როგორ ვებრძოლოთ მუცლის შებერილობას? მეტეორიზმი აირების დაგროვების გამო მუცლის შებერვაა. მას ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება იწვევს. თვით აირების ჭარბი წარმოქმნის მიზეზი კი შეიძლება იყოს:

  • ფერმენტების ნაკლებობა - ასეთ დროს ნაწლავებში არასრულფასოვნად მონელებული საკვები ხვდება და დუღილსა და ლპობას იწყებს;
  • დისბალანსი ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმებს შორის, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების მიერ აირთა შთანთქმის შეფერხებას;
  • საკვები, რომელიც აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს: პარკოსნები, უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, გაზიანი სასმელები, შავი პური, ბურახი, კომბოსტო, ყურძენი და სხვა;
  • ნაწლავთა მოტორიკის (შეკუმშვითი მოძრაობების) დარღვევა;
  • სტრესები და ნერვული დარღვევები, რომლებიც ნაწლავთა სპაზმს განაპირობებს;
  • საკვების სწრაფი მიღება, ჭამის დროს ლაპარაკი, მოწევა, საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვა და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც ჰაერის ყლაპვას იწვევს.


როგორ ავიცილოთ თავიდან აირების წარმოქმნა
აირების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია:

  • ჭამის შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნება;
  • მასტიმულირებელ და მატონიზებელ საშუალებებზე  (ჩაი, ყავა, შოკოლადი, ცხიმი) უარის თქმა, მათი ჩანაცვლება მცენარეული ნაყენებით;
  • ცილოვან საკვებზე მეტად კარტოფილისა და ბრინჯის გამოყენება;
  • უარის თქმა საღეჭ რეზინსა და გაზიან სასმელებზე, აგრეთვე - მეტისმეტად ცივ ან ცხელ საკვებსა და სასმელზე;
  • საკვების კარგად დაღეჭვა. ეცადეთ, სწრაფად, ფაციფუცით არ ჭამოთ, ჭამის დროს არ ისაუბროთ;
  • ორგანიზმის საფუძვლიანად გამოკვლევა, თუ პროფილაქტიკური ღონისძიებები ან მეტეორიზმის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები უეფექტო აღმოჩნდა.


როგორ აღმოვფხვრათ მუცლის შებერილობა
ხალხური მედიცინის საუნჯიდან
კამის ნაყენი: აიღეთ ორი სადილის კოვზი კამის თესლი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი, მიირთვით ორი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ანისულის თესლის ნახარში: აიღეთ ორი ჩაის კოვზი ანისულის თესლი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10-15 წუთი გააჩერეთ წყლის აბაზანაზე. შემდეგ გადმოდგით და 20 წუთი კიდევ გააჩერეთ. მიირთვით მეოთხედი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
გვირილის ნახარში: აიღეთ ერთი სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
უმი კარტოფილის წვენი: უნდა მიიღოთ უზმოზე, 200 მლ, და ნახევარი საათით წამოწვეთ. საუზმე რეკომენდებულია წვენის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი 10 დღეს მოიცავს. შემდეგ 10-14 დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ.
კვლიავის თესლის ნაყენი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი თესლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.




კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"იყიდება ნისანის რადიატორი, თითქმის ახალი"
"იყიდება მოქმედი მაღაზია ვაზისუბანში, თავისი ინვენტარით, სათვალთვალო...
"შევიძენ ქარვას უმაღლეს ფასად, ნაღდი ანგარიშსწორებით"