რუბრიკები
ცხვირიდან სისხლდენა
ცხვირიდან სისხლდენა

ეპიტაქსისი, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს და სხვა ორგანოსიც. ზოგჯერ ცხვირიდან სისხლი ჯანმრთელ ადამიანებსაც სდით. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს:


* ტრავმამ;
* ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);
* ზოგიერთმა მედიკამენტმა;
* სისხლის პათოლოგიებმა და სხვა.

ცხვირიდან ძლიერი, შეუპოვარი სისხლდენის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. სპეციალისტი დაადგენს მიზეზს და სათანადო მკურნალობას დანიშნავს.

ეპიტაქსისის მიზეზები მოზრდილებში
ცხვირიდან სისხლდენა, როგორც ითქვა, ყოველთვის არ არის დაავადების ბრალი. ის შეიძლება სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს, უმეტესად - ემოციური დაძაბულობის ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად. ასეთ დროს სისხლდენა ხანმოკლე და სუსტია და უმეტესად თავისთავად წყდება. ჯანმრთელ ადამიანს ცხვირიდან სისხლი შეიძლება სიცივეშიც წასკდეს - ეს იმიტომ, რომ ცივი და მშრალი ჰაერით დიდხანს სუნთქვისას ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება და წვრილი კაპილარები სკდება. ეპიტაქსისის მიზეზად შეიძლება იქცეს მზის დაკვრაც. ამ დროს სისხლდენას თავის ტკვილი, საერთო სისუსტე, ყურების შუილი ახლავს თან. არც გულის წასვლაა გამორიცხული. ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი უმეტესად ძგიდის წინა ნაწილის (ე.წ. კისელბახის ადგილის) სისხლძარღვთა დაზიანებაა. ცხვირის ძგიდის ეს უბანი განსაკუთრებით მდიდარია წვრილი არტერიოლებითა და კაპილარებით. მათ მსუბუქი ტრავმაც კი ადვილად აზიანებს - მშრალი ქერქის უხეშად მოცილება, ცხვირის უხეშად მოხოცვა, ცხვირის ქექვა თითითა თუ სხვა უხეში საგნით... სისხლი ამ დროს წვეთწვეთობით ან სუსტ ნაკადად მოედინება და სისხლის ნორმალური შედედების პირობებში მალევე წყდება. გაცილებით უარესია ცხვირის ღრუს ზედა და უკანა ნაწილის სისხლძარღვების დაზიანება. ამ უბნების სისხლძარღვები გაცილებით მსხვილია. ამიტომ მათი დაზიანების შედეგად განვითარებული სისხლდენა უფრო ინტენსიური და სახიფათია. ასეთ დროს კაშკაშა ალისფერი სისხლი ინტენსიურად მოედინება (შესაძლოა, პირის ღრუდანაც გადმოდიოდეს) და პრაქტიკულად არ წყდება. ამ სახის ეპიტაქსისის ერთ-ერთი გამოვლინებაა სისხლიანი ღებინება სისხლის გადაყლაპვის გამო. ცხვირის ტრავმის დროს (დარტყმა, დაცემა) დიდია ცხვირის სტრუქტურათა (ხრტილის, ძგიდის, ძვლების, მახლობელი წიაღების) დაზიანების ალბათობა. ტრავმით გამოწვეულ ეპიტაქსისს, წესისამებრ, თან ახლავს ცხვირისა და მის გარშემო არსებული ქსოვილების ტკივილი და შეშუპება. ამ დროს ცხვირი, ზოგჯერ - მთელი სახეც, დეფორმირდება. თუ ცხვირიდან სისხლდენა არაინტენსიურია და სისხლის შედედებულ კოლტებს ლორწოვანი გამონადენიც ერთვის, სავარაუდოდ, საქმე ეხება რინიტს - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას. სისხლის კოლტები რინიტის დროს ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული წვრილი კაპილარების ტრავმის შედეგია. როდესაც ეპიტაქსისი თავის ტკივილის, სურდოსა და სიცხის ფონზე აღმოცენდება, მიზეზია წიაღების ანთება - სინუსიტი (ფრონტიტი - შუბლის წიაღის ლორწოვანის ანთება - ან ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება). განმეორებითი სისხლდენა შესაძლოა ცხვირის ღრუში არსებული სიმსივნური პროცესის შედეგი იყოს. ასეთ დროს პაციენტის გამოკვლევა-დათვალიერებისას ცხვირის ღრუში ხშირად აღმოაჩენენ კეთილთვისებიან (პოლიპი, ანგიომა, პაპილომა) ან ავთვისებიან (კიბო, სარკომა) წარმონაქმნებს. ჰიპერტონიული დაავადების დროს ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა დაერთოს არტერიული წნევის მნიშვნელოვან მომატებას - ჰიპერტონიულ კრიზს. ამ დროს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვრილი სისხლძარღვები სკდება და ეპიტაქსისს იწვევს. ამას წინ უძღვის თავის ტკივილი, ყურების შუილი და თავბრუხვევა. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება ამა თუ იმ სპრეის (შესასხურებელი საშუალების, მაგალითად, ბეკონაზეს, ნაზონექსის) გამოყენების გამოც განვითარდეს. კორტიკოსტეროიდები და ალერგიის საწინააღმდეგო (კერძოდ, ანტიჰისტამინური) მრავალი პრეპარატი ცხვირის ლოწოვან გარსს აღიზიანებს და კაპილარების სკდომას იწვევს. ეპიტაქსისის მიზეზად შეიძლება იქცეს სისხლის შედედების შემაფერხებელი პრეპარატების (ვარფარინის, ჰეპარინის, ასპირინის) ხანგრძლივი გამოყენებაც. ცხვირიდან სისხლდენა, განსაკუთრებით - საშვილოსნოდან და ღრძილებიდან სისხლდენასთან შეუღლებული, ახასიათებს აპლაზიურ ანემიას (ამ დროს ძვლის ტვინი წყვეტს სისხლის უჯრედების გამომუშავებას), ლეიკოზს (სისხლის ავთვისებიან დაავადებას), თრომბოციტოპენიურ პურპურას (დაავადება, რომლისთვისაც თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაა დამახასიათებელი). ეპიტაქსისის მიზეზებიდან აღსანიშნავია არა მხოლოდ ზოგადად სისხლისა და სისხლძარღვთა დაავადებები, არამედ ისეთი პათოლოგიებიც, როგორებიცაა გულის მანკი, ფილტვების ემფიზემა, ღვიძლისა და ელენთის დაავადებები, ჰიპოვიტამინოზები და ავიტამინოზები.



2014-59-08/09/14
irakli
მოკლედ ცხვირიდან სისხლდენები მაკ გენეტიკურად მონაწვავიც მაკ და კაპილარების აშრევებაც მაქვს განაკეთები და არაფერი არ მშველის ხშირდა მომდის და დიდი რაოდენობით და რამე რჩევას ხო არ მომცემდით
2014-31-07/13/14
vako
შარშან ზაფხულში ცხვირი მოვიხოცე და მარცხენა ნესტოდან მიახლოებიტ 100 გრამი მოყვითალო ფერის სითხე წამოვიდა, რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ იგივე ნაირად, ასე გავიდა თვეები, რამდენჯერაც ოდნავ გრიპს ავიკიდებდი, მარცხენა ნესტოდან შეუძლებელი ხდებოდა ლორწოს გამოდევნა, ვაწვალებდი და სარკესჰი როდესაც ჩავიხედე ბუშტი დავინახე, რომელიც ჩემი აზრით უშლიდა ხელს ჰაერს გამოსასვლელად, ლორწოს რომ თავი დავანებოთ, ერთხელ დამაცემინა როგორც გაციებამ იცის ისე და გასკდა ეს ბუშტი და მიახლოებით 200 გრამამდე მოყვითალო ფერის წყალი წამოვიდა, ასე რომ დამემართა კიდევ ავდექი და მზეს შევხედე და ძალით დავაცემინე, მეორე ცდაზე გასკდა ბუშტი და წამოვიდა კვლავ სითხე, ეს მოყვითალო ფერის სითხე დროდადრო გაწითლდა და მივხვდი რომ იმ ვითელ ფერს თავიდან მცირე რაოდენობის სისხლი აძლევდა, ახლა ბუშტი აღარაა, მაგრამ მაინც მიჭედავს მარცხენა ნესტოს და ლორწოსთან ერთად მუქი ფერის სისხლი მოყვება, მარჯვენა ნესტოსაც მოყვება ცოტა ასევე მუქი და ნახველსაც... დღეს ვცადე ლორწოს გამოდევნა და სისხლმა გაასხა ალბათ დილიდან დაგროვილმა და სულ დავსვარე ყველაფერი სისხლით... ეხლა ბამბა მაქვს ცხვირში რომ რამე არ დავსვარო ძილის დროს... იქნებ რამე მირჩიოთ? წინასწარი დიაგნოზით დამეხმარეთ
ამ კატეგორიის სხვა სტატიები