ხვრინავთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხვრინავთ?

ხვრინვას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი, მათ შორის - 60 წელს გადაცილებულთა 60%. სასუნთქი ორგანოების ზოგიერთი ანატომიური თავისებურების გამო ხვრინვისკენ უფრო მეტად - ქალებზე დაახლოებით ათჯერ მეტად - მამაკაცები არიან მიდრეკილნი. ყოველ მეათე მამაკაცს დროდადრო აღენიშნება აპნოე ძილის დროს. ზოგ შემთხვევაში სუნთქვის შეჩერება გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს. ხვრინვა სერიოზულ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, გარშემო მყოფთათვის უფრო მეტად, ვიდრე მათთვის, ვინც ხვრინავს. ხვრინვა ზოგჯერ ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიის, ჭარბი წონისა და სხვადასხვა ფუნქციური დარღვევის სიმპტომია. ზოგჯერ ის სერიოზული დაავადების - ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომის (ძილში სუნთქვის გაჩერების) - წინამორბედია. ამ დროს ხვრინვას ხშირად თან ახლავს სუნთქვის შეწყვეტის, აპნოეს შეტევები, რის შედეგადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები ჟანგბადის უკმარისობას განიცდის და იზრდება ინფარქტისა და ინსულტის რისკი.

რისი ბრალია

ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების კუნთები ეშვება, რის გამოც ისინი სასუნთქი გზების სანათურისკენ მიიწევენ და ახშობენ მას. ხვრინვის დროს დამახასიათებელი ხმიანობის მიზეზია ხახის კედლების, რბილი სასისა და ენის ძირის რხევითი მოძრაობები. ნორმის შემთხვევაში ჩასუნთქვისას გულმკერდის ღრუში უარყოფითი წნევა წარმოიშობა და ჰაერი თავისუფლად მიედინება ფილტვებში. ხახისა და ხორხის კუნთების მოდუნებისას უარყოფითი წნევის გამო ჰაერთან ერთად სიღრმისკენ გადაინაცვლებს ზედა სასუნთქი გზების რბილი ქსოვილებიც. ჩასუნთქვის დროს ისინი ახშობენ სასუნთქი გზების სანათურს და სუნთქვა წყდება. განასხვავებენ ხვრინვის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მიზეზებს. ხვრინვის განვითარების რისკი იმატებს:

  • ცხვირის ძგიდის გამრუდების;
  • ცხვირის ან ხახის ჰაერგამტარი გზების თანდაყოლილი შევიწროების;
  • ადენოიდების გადიდების;
  • სასის ნაქის დაგრძელების;
  • ქვედა ყბის უკან წანაცვლების (თანკბილვის დარღვევა);
  • ნუშურა ჯირკვლების გადიდების;
  • სიმსუქნის დროს.

ხვრინვის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი ფუნქციური ფაქტორებიც, რომლებიც ხახის კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებას იწვევს: ძილის უკმარისობა და დაღლილობა, ალკოჰოლისა და საძილე პრეპარატების მიღება, თამბაქოს წევა, ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, დაბერება. ადამიანი, წესისამებრ, ზურგზე წოლისას ხვრინავს.

რა ხდება ამ დროს

ქრონიკული ხვრინვის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია ძილიანობა, რაც იმის ბრალია, რომ ხვრინვა დროდადრო თავის ტვინის გამოფხიზლებას იწვევს. სიფხიზლის ეს ეპიზოდები იმდენად ხანმოკლეა, რომ ადამიანი მათ ვერ აცნობიერებს და ვერ იმახსოვრებს, ამიტომ ვერც აანალიზებს პრობლემის ამ მხარეს, რასაც საბოლოოდ ძილის დარღვევამდე მივყავართ. ხვრინვის დროს თავის ტვინი დასვენებას ვერ ახერხებს და ცდილობს, დღისით აინაზღაუროს დანაკლისი. ამის შედეგად ადამიანი მალე იღლება და გამუდმებით ეძინება. ხვრინვა სუნთქვის პერიოდული შეფერხების გამო იწვევს ჟანგბადის უკმარისობას და რთავს პათოლოგიური პროცესების კასკადს. სუნთქვის შეწყვეტა ღამის განმავლობაში შესაძლოა 400-ჯერაც კი გამეორდეს და საშუალოდ 10-20 წამს გაგრძელდეს. სუნთქვის ყოველი შეფერხებისას ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის უკმარისობას. ტვინი უჟანგბადობის საპასუხოდ ორგანიზმს უგზავნის გაღვიძების სიგნალს. ნორმალური ძილი რამდენიმე თანმიმდევრული ფაზისაგან შედგება. ხშირი გაღვიძებისას ტვინი ვერ აღწევს ძილის ღრმა ფაზებს, რომელთა დროსაც ხდება კუნთების სრული მოდუნება და არტერიული წნევის დაქვეითება, ამიტომ ვერც სრულფასოვნად ისვენებს. ხშირი გამოღვიძება ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რის შედეგადაც იმატებს სისხლის არტერიული წნევა, ხშირდება პულსი, ირღვევა გულის რიტმი. ხვრინვას აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავი იჩინა ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომის პირველმა ნიშნებმა:

  • მოუსვენარმა ზედაპირულმა ძილმა;
  • ოფლიანობამ;
  • გახშირებულმა ღამის შარდვამ;
  • დილაობით თავის ტკივილმა და მოთენთილობამ;
  • ძლიერმა ძილიანობამ დღისით;
  • გაღიზიანებადობამ;
  • მეხსიერებისა და ყურადღების  დაქვეითებამ.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ხვრინვის დიაგნოზს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე სვამენ. ამისთვის გამოკითხავენ შინაურებს და ატარებენ ტესტებს. მაგრამ არსებობს ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომის სადიაგნოსტიკო დამატებითი გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიც. ასეთია პოლისომნოგრაფიული გამოკვლევა  - ამ დროს იკვლევენ ავადმყოფის სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას ძილის დროს. მძინარე პაციენტს უმოწმებენ სისხლში ჟანგბადის დონეს, აკონტროლებენ არტერიულ წნევასა და გულის შეკუმშვების სიხშირეს. ძილის სტრუქტურის შესაფასებლად ტარდება რეოენცეფალოგრაფია. სასუნთქი ორგანოების ანატომიური ცვლილებების გამოსავლენად მიმართავენ ენდოსკოპიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, აქტიურ რინოპნევმომეტრიასა და ფუნქციურ სინჯებს. თუ ხვრინვას უჩივით, უნდა მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს) და ნევროლოგს.

როგორ მკურნალობენ

მკურნალობა ხვრინვის მიზეზის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას გულისხმობს. თავი უნდა ვარიდოთ რისკფაქტორებს: ძილის წინ უნდა ვერიდოთ სიგარეტის მოწევას და ალკოჰოლის მიღებას, საძილე საშუალებების გამოყენებას. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს წონის დაკლებას ურჩევენ, რადგან ცხიმოვანი მასები კუნთოვან ქსოვილზე ზეწოლის შედეგად ავიწროებს სასუნთქი გზების სანათურს. არსებობს ხვრინვისა და ძილის აპნოეს მკურნალობის კონსერვატიული (მედიკამენტური) და ქირურგიული მეთოდები. კონსერვატიული მკურნალობა მიმართულია სასუნთქი გზების გაფართოებისკენ. ცნობილია, რომ გვერდზე წოლისას ადამიანი აღარ ხვრინავს, ამიტომ მხვრინავის პერანგს ან  პიჟამას ძველად ზურგზე პატარა ბურთს აკერებდნენ. მხვრინავი რამდენიმე კვირა არაკომფორტულად იძინებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევა გვერდზე და მუცელზე წოლას და პრობლემაც მოგვარდება. არსებობს სხვა მეთოდებიც მუცელზე და გვერდზე წოლის ჩვევების გამოსამუშავებლად. ბოლო ხანს აფთიაქებში წააწყდებით სპეციალურ პირში ჩასადებ მოწყობილობებსაც, რომლებიც ხვრინვის დაწყებისთანავე მცირე ძაბვით დენს ურტყამს ადამიანს და ამგვარად აიძულებს, გვერდი იცვალოს; ცხვირზე დასაკრავ საშუალებებს, რომლებიც ცხვირით სუნთქვას აუმჯობესებს... არსებობს მედიკამენტური საშუალებებიც, მაგრამ მათი მიღება ექიმთან შეუთანხმებლად არ შეიძლება. გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს ენისა და რბილი სასის კუნთების გასამაგრებლად:

  • ენა ისე გამოყავით, თითქოს ექიმს მტკივან ყელს აჩვენებთ. რაც უფრო მეტად გამოყოფთ, მით უკეთესი. შეასრულეთ ეს ვარჯიში 30-ჯერ.
  • ენა მაქსიმალურად შესწიეთ უკან, ხახის სიღრმეში. ეს ვარჯიშიც 30-ჯერ უნდა შესრულდეს.
  • ამოძრავეთ ქვედა ყბა წინ და უკან (30-ჯერ).
  • კბილებით დაიჭირეთ რაიმე ნივთი და 5 წუთი მაგრად გეჭიროთ.

ამ ვარჯიშებით შედეგს ისე მალე ვერ მიიღებთ, მაგრამ თუ მათ ყოველ დილა-საღამოს შეასრულებთ, უკეთესობას ნამდვილად იგრძნობთ. მედიკამენტური საშუალებები ხვრინვის სამკურნალოდ ნაკლებეფექტურია. ხვრინვის ანატომიური მიზეზების აღმოსაფხვრელად ტარდება ქირურგიული კორექცია. ის მოიცავს ოპერაციების კომპლექსს, რომლებიც აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას, აფართოებს ხახის სანათურს, ამცირებს რბილი სასისა და ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ზომებს. ესენია: ცხვირის ძგიდის გასწორება, პოლიპებისა და გადიდებული ნუშურების ამოკვეთა, პლასტიკური ოპერაციები ხახასა და მაგარ სასაზე. ეს ოპერაციები, წესისამებრ, ლაზერული, ულტრაბგერითი, რადიოქირურგიული ან მექანიკური სკალპელით ტარდება.