ქოშინი გულის პათოლოგიების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქოშინი გულის პათოლოგიების დროს

ფილტვებში სისხლის შეგუბებისას განვითარებული ქოშინის შემთხვევაში წამყვანი როლი შეიძლება მიეკუთვნოს სუნთქვის რეფლექსურ გახშირებას ფილტვის ქსოვილში არსებული მექანორეცეპტორების გაღიზიანების შედეგად (გერინგ-ბრეიერის რეფლექსი). გენეზის მიხედვით ქოშინი შეიძლება იყოს ფილტვისმიერი (პულმონური), გულისმიერი (კარდიული), სისხლის თვისებრივ შეცვლასთან დაკავშირებული (ჰემატოგენური) და ნერვული. კარდიული ქოშინი სისხლის მიმოქცევის (განსაკუთრებით - მცირე წრეში) მოშლის შედეგია, რასაც ფილტვში აირთა ცვლის შეზღუდვა მოჰყვება. ზოგჯერ ეს გენეზურად განსხვავებული ქოშინი შეწყობილ-შეთავსებულია. ამ შემთხვევაში პულმონურ-კარდიულ ან კარდიულ-პულმონურ ქოშინზე საუბრობენ. ორივე ამ ქოშინის დროს სუნთქვა ზერელე და გახშირებულია, ძლიერდება წოლისას, ხოლო როდესაც ადამიანი საწოლშია წამომჯდარი ან ზის, ქოშინი მცირდება. მეტად ძლიერ, მოხრჩობის შეგრძნებისებრ და სწრაფად განვითარებულ ქოშინს ასფიქსია ეწოდება. თუ მოხრჩობის შეგრძნება დროდადრო შეტევით ვითარდება, ასთმაზე მიუთითებენ. ბრონქული ასთმისგან განასხვავებენ გულის ასთმას. ეს გულის მარცხენა პარკუჭის უეცარი დასუსტების გამო მცირე წრეში სისხლის მწვავე შეგუბებაა, რასაც შესაძლოა ფილტვის მწვავე შეშუპება მოჰყვეს. ამრიგად, გულის ასთმა ფილტვის სასუნთქი ზედაპირის შემცირების ნიშანია.

გულის პათოლოგიები და ქოშინი

კარდიულ ანუ გულისმიერ ქოშინს აღმოცენების სხვადასხვაგვარი მექანიზმი აქვს. უპირველესად, ქოშინის გამომწვევი ცვლილებები დაკავშირებულია სასუნთქი სისტემის დაავადებებთან, რომლებიც მოგვიანებით სისხლის მიმოქცევის სისტემასაც ითრევს პათოლოგიურ პროცესში. მზარდი ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) ხელს უწყობს ფილტვის ქსოვილში კოლაგენის ჩალაგებასა და პნევმოსკლეროზის განვითარებას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, უფრო მეტად აღრმავებს ჰიპოქსიას. მანკიერი წრე შეუქცევადი ცვლილებების სახით იკეტება. ამ პროცესთა ფონზე გულის მარჯვენა პარკუჭს სულ უფრო მეტად უჭირს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლის ნაკადის გადატუმბვა. თავდაპირველად მარჯვენა პარკუჭი გადატვირთული ფუნქციისა და გადამეტძაბვის გამო ჰიპერტროფირდება, რათა მოახდინოს სისხლის მიმოქცევის კომპენსირება. დროთა განმავლობაში გულის მარჯვენა ნახევარი ფართოვდება. აღნიშნულ ცვლილებათა შედეგად კი საბოლოოდ ყალიბდება გულის ფუნქციობის დეკომპენსაციის სტადია და ვითარდება გულ-ფილტვის (მარჯვენაპარკუჭოვანი) უკმარისობა, რასაც სხვაგვარად ფილტვისმიერი გულის სახელწოდებით მოიხსენიებენ. დასახელებული მდგომარეობა ხშირად პროვოცირებას უწევს გულის რიტმის დარღვევას, ვითარდება ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია. ქოშინის აღმოცენების მეორე გზა უშუალოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან არის დაკავშირებული. იმისთვის, რომ ადვილად გაიგოთ მისი განვითარების მექანიზმი, გთავაზობთ მარტივ სქემას: ქოშინს იწვევს გულის პრაქტიკულად ყოველგვარი პრობლემა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნებისმიერ პათოლოგიას, რომელიც საბოლოოდ გულის უკმარისობით მთავრდება, ახასიათებს ინსპირატორული (ჩასუნთქვითი ხასიათის) ქოშინი, რომელიც მოგვიანებით შერეული ტიპისა ხდება:

  • არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადება ხანდაზმულებთან ავლენს შეგუბებითი ხასიათის გულის უკმარისობის მცირე ნიშნებს ჰაერის უკმარისობისა და ქოშინის სახით. იმის გამო, რომ არტერიულ ჰიპერტენზიასა და ჭარბ წონას შორის არსებობს გამოხატული კორელაცია, მსუქან პაციენტებს, რომელთაც მუდმივად აღენიშნებათ არტერიული წნევის მომატება, ქოშინი ეწყებათ არა მხოლოდ სიარულისა და ფიზიკური დატვირთვისას, არამედ ხშირად მოსვენებისა და ძილის დროსაც კი. ამ კატეგორიის პაციენტებს მშფოთვარედ სძინავთ და მათ ძილს ხშირად არღვევს აპნოე (სუნთქვის შეჩერება);
  • მიოკარდიუმის ინფარქტის ასთმურ ვარიანტს (საკუთრივ მიოკარდიუმის ინფარქტი), წესისამებრ, მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის ნიშნები ახასიათებს და მიმდინარეობს ხმაურიანი სუნთქვით, წამოხველებით, ქოშინითა და მოხრჩობით;
  • სარქვლოვანი მანკები, მიოკარდიტები, კარდიომიოპათიები, გულის ქრონიკული ანევრიზმა და გულის სხვა დაზიანებანი, გართულებული მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობით, დისპნოეთი (ღამის პაროქსიზმული ქოშინით) მიმდინარეობს;
  • გულის ასთმა, რომელიც განსაკუთრებით მტანჯველია ავადმყოფისთვის;
  • ფილტვების შეშუპება, რომელიც, სამწუხაროდ, ლეტალურ შედეგს იწვევს, ამიტომაც მოითხოვს რეანიმაციული ღონისძიებების სასწრაფოდ გატარებას;
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია - მეტად საშიში მდგომარეობა, რომელსაც ყოველთვის ახასიათებს ჰაერის უკმარისობა და ქოშინი, რადგან იწვევს სუნთქვის მწვავე უკმარისობას ბრონქოსპაზმის შედეგად.

როგორ ვუმკურნალოთ ქოშინს

ქოშინთან საბრძოლველად აფთიაქში გაქცევა და მეზობლის მიერ რეკომენდებული აბების შეძენა არ გამოგადგებათ. უპირველეს ყოვლისა:

  • თავი უნდა დაანებოთ თამბაქოს წევას;
  • დაიკლოთ წონა (თუ ჭარბი გაქვთ);
  • მოიწესრიგოთ არტერიული წნევა (თუ მაჩვენებლები სცდება ნორმას);
  • დროულად და რაციონალურად უმკურნალოთ ქოშინის გამომწვევ ძირითად თუ თანმხლებ დაავადებებს.

გულის ასთმა

გულის ასთმა ქოშინის შეტევებით მიმდინარე მძიმე მდგომარეობაა. ის, ჩვეულებრივ, გულის მარცხენა ნახევრის მწვავე უკმარისობის შედეგად ყალიბდება. სუნთქვის რიტმის დარღვევა შესაძლოა ნელ-ნელაც განვითარდეს, თუმცა უმეტესად სწრაფად (უეცრად) აღმოცენდება. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში (იწყება მარჯვენა პარკუჭიდან და მთავრდება მარცხენა წინაგულში) სისხლის შეგუბება სუნთქვის დარღვევისა და სისხლის ნაკადის ცირკულაციის მოშლის მიზეზია, გულის ასთმას კი სწორედ ეს ნიშნები ახასიათებს. მარცხენა წინაგულში მომატებული წნევის გამო მარცხენა პარკუჭში სისხლის გადაადგილება ფერხდება. შესაბამისად, სისხლი გროვდება (გუბდება) ფილტვის კაპილარებში. ამის გამო გულის ასთმამ შესაძლოა ფილტვების შეშუპება გამოიწვიოს, ეს კი მეტად სახიფათოა სიცოცხლისათვის. გულის უკმარისობის ამ ფორმის დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარება. გულის ასთმის სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც დღისით, ასევე ღამითაც, თუმცა ღამღამობით სულხუთვის შეტევები უფრო ხშირია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი დღის განმავლობაში ემოციურად ან ფიზიკურად გადაიძაბა. გულის ასთმის შეტევის მაპროვოცირებელი ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა განსხვავებულია (ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისთვის) და გულის უკმარისობის ხარისხზეა დამოკიდებული. ზოგს შეტევა კიბეზე (რამდენიმე სართულზე) ფეხით ასვლისას უვითარდება, ზოგს კი შესაძლოა მკვეთრი დახრის დროსაც კი დაეწყოს. ჭარბმა საკვებმა და სასმელმა, მარტივად რომ ვთქვათ, გადაძღომამ, კუჭის გადავსებამ, ასევე შესაძლოა გულის ასთმურ შეტევას გაუწიოს პროვოცირება. ასეთ დროს გულის ასთმის შეტევას წინ უძღვის დისკომფორტისა და ზეწოლის შეგრძნება მკერდის არეში, გულის რიტმის ცვლილება. შეტევის მიზეზად შესაძლოა იქცეს სტრესი, ნერვული დაძაბვა, აღელვება, საზოგადოდ, ემოციური დატვირთვა. როდესაც გულის ასთმით დაავადებული ადამიანი ჰორიზონტალურ პოზიციას იღებს, მის სისხლძარღვებში სისხლის გადანაწილების გამო ფილტვებში სისხლი გუბდება. ამის გამო ავადმყოფი მკერდის არეში უეცრად მოჭერას გრძნობს (თითქოს ნეკნებზე სალტე შემოუჭირესო), ეწყება ქოშინი, უძნელდება ჩასუნთქვა. შვებას ჰგვრის საწოლში წამოჯდომა, თუ ფეხებს თავისუფლად ჩამოუშვებს, ან წამოდგომა.

გულის ასთმის შეტევას ახასიათებს:

1. გახანგრძლივებული და მძიმე (ხმაურიანი) ჩასუნთქვა;

2. შეტევითი ხასიათის მშრალი და ღრმა ხველა, რომელსაც მოგვიანებით ნახველის გამოყოფა ერთვის. ხველა, ჩვეულებრივ, მაშინ ვითარდება, თუ შეტევა 10-15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა;

3. გახშირებული სუნთქვა. თუ ნორმაში სუნთქვითი მოძრაობების რიცხვი წუთში 20-ია, გულის ასთმის დროს მათი სიხშირე 50-60-მდე აღწევს;

4. აგზნება, მოუსვენრობა, პანიკა, სიკვდილის შიში - ეს შეგრძნებები ხშირად არაადეკვატურ ქცევას იწვევს, რამაც შესაძლოა რამდენადმე გაართულოს პირველი დახმარების გაწევა.

გულის ასთმა ვითარდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა:

  • გულის სხვადასხვა მანკი, განსაკუთრებით - მიტრალური სტენოზი, როდესაც მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის ხვრელი შევიწროებულია და სისხლის მოძრაობა ფერხდება. პათოლოგია ხშირად უვითარდებათ ასაკოვნებს, რომლებიც მრავალი წელია რევმატიზმით არიან დაავადებულნი.
  • მიოკარდიუმის ინფარქტი (უფრო ხშირად - მწვავე ფორმა);
  • კარდიოსკლეროზი;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • ჰიპერტონიული დაავადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თან ახლავს ხშირი კრიზები;
  • ქრონიკული სტენოკარდია, გულის ანევრიზმა.

როგორ დავეხმაროთ ავადმყოფს გულის ასთმის შეტევისას

დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, ექიმის მოსვლამდე კი სწრაფად და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. მთავარი ამოცანა ამ დროს გულის კუნთისთვის მუშაობის გაადვილება და სისხლის შეგუბების თავიდან აცილებაა. ამისთვის შემდეგნაირად მოიქეცით:

1. ავადმყოფი, რომელიც მოხრჩობის შეგრძნებით იტანჯება, საწოლში წამოსვით, ფეხები საწოლიდან ჩამოაშვებინეთ. ამ მდგომარეობაში გულზე დატვირთვა რამდენადმე მცირდება.

2. უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება (გამოაღეთ ფანჯარა, კარგი იქნება, თუ ავადმყოფს უშუალოდ ფანჯარასთან გადაიყვანთ).

3. მოაცილეთ ზეწოლის გამომწვევი ყველა ფაქტორი, რომელიც სისხლის მიმოქცევას აფერხებს (შეუხსენით საყელო, ჰალსტუხი, აზღუდი, ქამარი).

4. თუ საშუალება გაქვთ, გაუზომეთ წნევა. თუ ის ნორმალური ან მომატებულია, ენის ქვეშ დაუდეთ ნიტროგლიცერინი ან ვალიდოლი. აბი პაციენტმა ბოლომდე უნდა ჩაწუწნოს. უფრო ეფექტურია ნიტროგლიცერინის შემცველი სპრეი (თუ, რა თქმა უნდა, გაქვთ). თუ წნევა დაბალია, ამ მედიკამენტების მიცემა არასასურველია. შეიძლება მხოლოდ ვალიდოლის გამოყენება.

5. საწოლში წამოჯდომისა და ჰაერის მიწოდებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ფეხები თბილ წყალში ჩააყოფინოთ.

6. ვინაიდან გულის ასთმის დროს ვითარდება ფილტვების შეშუპება, ძალიან მნიშვნელოვანია ეთილის სპირტის ორთქლის შესუნთქვა. ამისთვის ავადმყოფს ეთილის სპირტში დასველებული დოლბანდი სახეზე უნდა დააფინოთ. თუ ეთილის სპირტი არ გაქვთ, შეიძლება არყის გამოყენებაც.

გახსოვდეთ, დროულ და სათანადო პირველ დახმარებაზეა დამოკიდებული შემდგომში ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხშირად - სიცოცხლეც კი.