წელის ტკივილი გინეკოლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელის ტკივილი გინეკოლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების დროს

წელის ტკივილი გინეკოლოგიური დაავადებების დროს

წელის ტკივილს სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეუწუხებია ყველა ქალი. ზოგჯერ ის იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი განძრევასაც ვერ ახერხებს.

გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილთან ერთად, დამახასიათებელია წელისა და მენჯის მიდამოს ტკივილიც. ასეთი დაავადებებია სასქესო ორგანოების დაწევა, გადანაცვლება და გამოვარდნა, ანთებითი პროცესები, სიმსივნეები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა. ტკივილი, წესისამებრ, მენჯის ღრუს ორგანოთა ჭარბი სისხლმომარაგებისა და ინტოქსიკაციის გამო აღმოცენდება.

სქესობრივი დაუკმაყოფ ილებლობა

სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა ქალებში გაღიზიანებას, თავისა და წელ-მენჯის მიდამოს ტკივილს იწვევს. შეინიშნება მუცლის ქვედა ნაწილში სიმძიმის შეგრძნებაც. სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას მცირე მენჯში შეგუბებითი მოვლენები მოსდევს, რის შედეგადაც მორფოლოგიური (შეშუპება, საშვილოსნოს გადიდება) და ფუნქციური (სეკრეციის გაძლიერება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა) ცვლილებები ვითარდება.

საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა

საშვილოსნო ნორმულად მცირე მენჯის ღრუს შუაში მდებარეობს. ზოგჯერ, მიზეზთა გამო, საშვილოსნო და საშო დაბლა დაიწევს და გარეთ გამოვარდება. არანამშობიარებ ქალებთან სასქესო ორგანოების გამოვარდნა იშვიათია. ამ ორგანოების დაწევისა და გამოვარდნის დროს ქალები უჩივიან ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას წელისა და მენჯის მიდამოში, მქაჩავ ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, ირღვევა შარდის გამოყოფა, ვითარდება შეკრულობა და სხვა.

საშვილოსნოს სიმსივნეები

საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. ზოგჯერ ის უსიმპტომოდ ვითარდება, ზოგჯერ კი ტკივილს, სისხლდენას, უშვილობას, მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევას იწვევს. ტკივილი ზოგჯერ მუდმივია, ზოგჯერ მხოლოდ მენსტრუაციის დროს აღმოცენდება წელის არესა და მუცლის ქვედა ნაწილში, გართულების შემთხვევაში კი მთელ მუცელს ედება.

ტკივილი მენსტრუაციის დროს

ალგომენორეა ან ალგოდისმენორეა - ასე უწოდებენ მტკივნეულ მენსტრუაციას. ამ დროს ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ და ხერხემალ-მენჯის მიდამოში. ის შესაძლოა წარმოიშვას მენსტრუაციის დაწყების წინ და მის დამთავრებამდე გაგრძელდეს. ზოგჯერ ტკივილი ძალიან ძლიერია და თან სდევს გულისრევა, ღებინება და სხვა დარღვევები.

ალგოდისმენორეა შესაძლოა ზოგადი დაავადებების გამოხატულება იყოს, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებისა, განვითარების ანომალიებისა, ინფანტილიზმისა. ზოგჯერ მას საშვილოსნოს შებრუნება, ნაწიბუროვანი ცვლილებები, ანთებითი პროცესი, ენდომეტრიოზი ან სასქესო ორგანოების სიმსივნეები იწვევს.

ტკივილი ორსულობის დროს

წელის მიდამოში ტკივილი არცთუ იშვიათად ორსულობის დროსაც შეინიშნება. მისი მთავარი მიზეზია სხეულის მასის სწრაფი ზრდა და ხერხემალზე დატვირთვის გადანაწილება. ზურგის კუნთები, რომელთაც ხერხემალი უჭირავთ, ვერ ასწრებენ, მოერგონ სხეულის შეცვლილ პარამეტრებს და შედეგად ტკივილი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები წარმოიშობა.

ასეთ პაციენტებს შესაძლოა სპეციალურად შერჩეულმა ბანდაჟმა გაუწიოს დახმარება - ზოგიერთმა მისი გამოყენება ორსულობის მეოთხე-მეხუთე თვეს უნდა დაიწყოს. სწორად შერჩეული ბანდაჟი მეტ-ნაკლებად აღმოფხვრის ხერხემლის ტკივილის მიზეზს და დაჭიმვების პროფილაქტიკასაც მოახდენს.


პირველი დახმარება

წელის არეში აღმოცენებული უეცარი ტკივილის ჩასახშობად ნებისმიერი უნივერსალური ტკივილგამაყუჩებლის მიღება შეიძლება. თბილი კომპრესებით ან მდოგვის საფენებით ამ მიდამოს გახურება რეკომენდებული არ არის. თუ ტკივილის მიზეზი გადაცივებაა, დაიხმარეთ საკუთარი სხეულის სითბო - ჩაიცვით სპეციალური შალის სარტყელი, რომელიც არა მარტო გამათბობელ ეფექტს მოახდენს, არამედ რეფლექტორულადაც მოადუნებს ხერხემლის სპაზმირებულ კუნთებს.

არსებობს სპეციალური სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსი ხერხემლისთვის. სისხლის მიმოქცევის აღდგენა შესაძლებელია მანუალური თერაპიისა და მასაჟის დახმარებით. რეკომენდებულია პროფესიონალ მასაჟისტთან მისვლაც, თუმცა არანაკლებ დაგეხმარებათ სახლის პირობებში გაკეთებული მასაჟიც მსუბუქი ხელსმითა და დაზელით.

თუ ტკივილი წელის მიდამოში დიდი ხანია გაწუხებთ, აუცილებელია ორგანიზმის სრული კომპლექსური გამოკვლევა. ამ გზით ექიმი მიაგნებს ტკივილის მიზეზს და საჭირო მკურნალობასაც დაგინიშნავთ.

პრობლემაზე თვალს ნუ დახუჭავთ - მოულოდნელად აღმოცენებულმა წელის ტკივილმა შესაძლოა მრავალი გეგმა აგირიოთ, ამიტომ უკეთესია, მკურნალობა დაავადების ადრეულ სტადიაზე და მხოლოდ კვალიფიციური ექიმის კონსულტაციის შემდეგ დაიწყოთ.

წელის ტკივილი ანდროლოგიური დაავადებების დროს

წელის ტკივილი მამაკაცებსაც ხშირად აწუხებთ. მას სხვადასხვა დაავადება იწვევს და სხვადასხვა ინტენსივობისა (ოდნავ შესამჩნევიდან გაუსაძლისამდე) და ხასიათისაა (მწვავე, ყრუ, მფეთქავი, მქაჩავი).

მიზეზების მიხედვით, წელის ტკივილი პირობითად შეიძლება ასე დაიყოს:

  • უროლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის კოლიკა, პარანეფრიტი, თირკმლის კისტა, თირკმლის სიმსივნე, თირკმლის ტრავმა, პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის კიბო);
  • არაუროლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული (ხერხემლისა და ზურგის კუნთების პათოლოგიები: პროტრუზია, მალათაშორისი თიაქარი, ტრავმები, სიმსივნეები და ინფექციური დაზიანებები; მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიები; შინაგან ორგანოთა პათოლოგიები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის სიმსივნე, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა. სხვათა შორის, ზოგიერთი ამ დაავადებათაგანი წელის ტკივილს ქალებთანაც იწვევს).

მამაკაცებთან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წელის ისეთ ტკივილს, რომელიც საკმაო ხანს გრძელდება და თან ერთვის ხშირი (განსაკუთრებით - ღამის საათებში), მტკივნეული და გაძნელებული შარდვა, სქესობრივი სისუსტე, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულის მიდამოში. ზოგჯერ ტკივილი გადაეცემა სასქესო ორგანოებს და ქვედა კიდურებს (ბარძაყის შიგნითა ზედაპირს). ხშირად ეს ყველაფერი პროსტატიტის (პროსტატის ანთებითი პროცესის) ან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ან ავთვისებიანი სიმსივნის გამოხატულებაა. ასე რომ, ჯობს, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, რადგან მიზეზის დროული გამოვლენა და მკურნალობა გაცილებით შედეგიანია.

რომელ ექიმს მივმართოთ

წელის მიდამოში ტკივილის დროს, უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ ნევროპათოლოგს, თუ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ტკივილი წელის მიდამოში შესაძლოა გინეკოლოგიური, უროლოგიური, ქირურგიული, გასტროენტეროლოგიური პრობლემების სიმპტომი იყოს. წელის მიდამოს ტკივილი ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფექციას, კიდურების ტრავმას. არ არის გამორიცხული, გულის ან ფილტვების დაავადებითაც იყოს გამოწვეული. ამას უფრო გაფართოებული კვლევებით დაადგენენ.

მას შემდეგ, რაც დიაგნოზს დასვამენ, ჩვეულებრივ, ინიშნება სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებს წელის ტკივილს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას და აღადგენს ნერვულ ქსოვილს. ეს შეიძლება იყოს ტაბლეტი, მალამო, გელი ან სპაზმისა და ანთების მომხსნელი ინექციები.

ზოგი ტკივილის მოსახსნელად ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დამოუკიდებლად იღებს დიკლოფენაკის საფუძველზე დამზადებულ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს. ეს პრეპარატები მართლაც ძლიერმოქმედი და ეფექტურია, მაგრამ ბევრ გვერდით მოვლენასაც იწვევს, კუჭის წყლულსაც კი. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება. უკიდურეს შემთხვევაში, ისინი გამახურებელ მალამოებთან მონაცვლეობით უნდა გამოვიყენოთ. ეს მალამოები არანაკლებ ეფექტურად ხსნის ტკივილს და მათი გამოყენება უფრო მეტხანს შეიძლება.

ხერხემალი და მის ახლოს მდებარე კუნთები ყველაზე უკეთ ეშვება, როცა მაგარ ლეიბზე წევხართ და მუხლებქვეშ პატარა ბალიში გიდევთ. ოღონდ წოლითი რეჟიმი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს - ეს მეტისმეტად ადუნებს ხერხემლის მიმდებარე კუნთებს და პრობლემას ამძიმებს. თვით ძლიერი ტკივილის დროსაც კი სასურველია, ადამიანმა მცირედი ფიზიკური აქტიურობა მაინც შეინარჩუნოს.