ნუ ეხუმრებით ხვრინვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუ ეხუმრებით ხვრინვას

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ხვრინვა ერთგვარი განგაშის ზარია და ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე, კერძოდ, სუნთქვის პროცესის დარღვევაზე მიგვანიშნებს.

ადამიანს სძინავს, თითქოს არაფერი აწუხებს, ცუდს ვერაფერს გრძნობს, ამ დროს კი მისი ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს და იტანჯება.

პულმონოლოგების აზრით (ლათინურად "პულმონის" – ფილტვი, პულმონოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებებს), ეს ხმა მაშინ წარმოიშობა, როცა ჰაერის ნაკადს ჰაერგამტარ გზებში გავლისას რაიმე დაბრკოლება გადაეღობება. არსებობს მდგომარეობა, როცა ხახის კუნთთა ტონუსი შემცირებულია, მოდუნებული კუნთები ხახის ისედაც წვრილ გასავალს უფრო მეტად ავიწროებს და ერთგან სრულებით ახშობს; ამის გამო ჩასუნთქული ჰაერი გვიან აღწევს ფილტვებს, სუნთქვა ფერხდება, ჟანგბადის ნაკლებობის გამო კი გული და ტვინი საგანგებოდ მუშაობს. ამას ძილში განვითარებულ ობსტრუქციულ აპნოეს უწოდებენ (აპნოე სუნთქვის შეჩერებას ნიშნავს, ობსტრუქცია – დახშობას). ამ დარღვევის მსუბუქი ფორმა ქირურგიულ კორექციას იოლად ემორჩილება.

ვიწრო ხახის გარდა, ხვრინვის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის ძგიდის გამრუდება და ჰაერის ნაკადისათვის გზაზე დაბრკოლების გაჩენა. ასეთი რამ ხდება ქრონიკული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების), ჰაიმორიტის ან ფრონტიტის დროს (ჰაიმორიტი – ზედა ყბის წიაღის, ფრონტიტი კი შუბლის წიაღის ანთებაა). რაკი ცხვირი მუდმივად "გაჭედილი აქვთ", ადამიანები იძულებულნი ხდებიან პირით ისუნთქონ და ძილისა თუ ღვიძილის დროს პირი ღია აქვთ. როცა ეს პროცესები ბავშვობიდანვე მიმდინარეობს, იწყება ქვედა ყბის ცდომა და არასწორი განვითარება.

სუნთქვის პროცესის დარღვევა შეიძლება განაპირობოს ბრონქებში გაჩენილმა დაბრკოლებამაც. ჰაერის ნაკადი ბრონქებამდე იოლად აღწევს, მაგრამ მათი სპაზმის გამო ჩასუნთქვა ფერხდება. ზოგიერთს ღამით მოგუდვის შეგრძნება აღვიძებს და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ამის მიზეზი ღია სარკმელთან ძილია. გახსოვდეთ – ყველაფერი ინდივიდუალურია. სუფთა ჰაერზე, სიგრილეში ძილი მხოლოდ გაკაჟებული, ჯანსაღი სასუნთქი სისტემის მქონე პირთათვისაა მიზანშეწონილი. მათ კი, ვისაც ცივი ჰაერის ჩასუნთქვისას ბრონქოსპაზმი უვითარდება (განსაკუთრებით – ასთმით დაავადებულებს), თბილ ოთახში უნდა იძინონ.

სქელი, წებოვანი ლორწო ბრონქიოლების სანათურს ახშობს და ბრონქების დრენაჟს არღვევს. სწორედ ამის ბრალია მსტვენი "ნაზი" ხვრინვა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულთა ხვრინვა. ის იმის ნიშანია, რომ ქალის ორგანიზმი მეტ ჟანგბადს ითხოვს ნაყოფის ნორმალურად განვითარებისთვის.

დაბოლოს, ხვრინავს მწეველთა 90%. ბევრს გაღვიძებისას თავი სტკივა, დაღლილობის შეგრნება აქვს, სხეულის სიმძიმესა და ერთგვარ "მტვრევას" გრძნობს, რადგანაც ძილის დროს მის ორგანიზმს უდიდესი ჯაფა ადგება, რომ ფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად წარმართოს. ასეთ ხალხს სუსტი ორიენტაცია, რეაქციათა შენელება, ცნობიერების დაბინდვა და სხვა ჩივილები აწუხებს, რაც ძილსა თუ ღვიძილში ობსტრუქციული აპნოეს ხშირი შეტევების ბრალია. აპნოე, თავის მხრივ, სხვა პათოლოგიურ პროცესებს უწყობს ხელს და ორგანოთა ცალკეული სისტემების დაავადებათა მიზეზი ხდება ხოლმე.

ასე რომ, თუ ძილის დროს ხვრინავთ, სულის ხუთვის გამო ბორგავთ და ხშირად იღვიძებთ, თანაც ჭარბი წონით გამოირჩევით ან კიდევ მაღალ წნევას უჩივით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. მართალია სატელევიზიო თუ საგაზეთო რეკლამებში ხშირად იუწყებიან, ხვრინვისგან უნიკალური მეთოდით ვკურნავთო, მაგრამ ნუ წამოეგებით მათ ანკესს – გახსოვდეთ, ამ პრობლემის მოგვარება აბებითა და ნაყენებით შეუძლებელია. არასპეციალისტები ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, გამომწვევ მიზეზთა დაუდგენლად, იწყებენ მკურნალობას და ადამიანის საერთო მდგომარეობას ხშირად კიდევ უფრო ამძიმებენ.

ხვრინვა სუნთქვის პროცესის დარღვევას უკავშირდება და თავისებურ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. ნუ ჩათვლით მას უმნიშვნელო პრობლემად, გახსოვდეთ, უყურადღებობით ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნით. ამიტომაც, აუცილებლად მიაკითხეთ ოტორინოლარინგოლოგს (ანუ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს) და პულმონოლოგს.