ესთეტიკური სტომატოლოგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ესთეტიკური სტომატოლოგია

სტომატოლოგიურმა ინდუსტრიამაც ფეხი აუწყო დროის მოთხოვნას და მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში ესთეტიკური სტომატოლოგია დაიბადა, რომელიც სულ მალე მთელ მსოფლიოში კლინიკური სტომატოლოგიის მნიშვნელოვან მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.ექიმს კბილის მკურნალობასთან ერთად დაზიანებული გვირგვინის მხატვრული რესტავრაციაც უნდა შეეძლოს, ანუ თანამედროვე სტომატოლოგი იმავდროულად მხატვარიც უნდა იყოს და სკულპტორიც.

ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი სტომატოლოგი თამარ ვახტანგაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო თამარ, რას ითვალისწინებს კბილების ესთეტიკური რესტავრაცია?

- ესთეტიკური რესტავრაციის მიზანი მხოლოდ კარიესით ან სხვა მიზეზით დაზიანებული კბილის მკურნალობა კი არა, არამედ მისი ესთეტიკური და ფუნქციური თვისებების აღდგენა, ბუნებრივი კბილის ნორმალური სტრუქტურის გამეორებაც არის. მხატვრული რესტავრაციით ჩვენ შეგვიძლია კბილთა იერსახისა და თანდაყოლილი დაზიანების კორექცია, მათთვის ბუნებრივი ფერის დაბრუნება.

ხშირად ესთეტიკური რესტავრაცია ორთოპედიული მკურნალობის ალტერნატივაც არის. მისი საშუალებით სწორდება მანძილი ზედა და ქვედა ყბების ფრონტალურ კბილებს შორის, ერთი ან რამდენიმე კბილის არასწორი დგომა. უნდა ითქვას, რომ რესტავრაციის დროს მნიშვნელოვნად იზოგება კბილის რბილი ქსოვილები, ამასთანავე, მთელი პროცესი სრულდება ერთი ვიზიტის განმავლობაში, რომლის დროსაც მაქსიმუმ 6 კბილის რესტავრაციაა შესაძლებელი. ეს პაციენტისთვის მეტად კომფორტულია და დროის თვალსაზრისითაც ხელსაყრელი. ყოველივე ეს მხატვრული რესტავრაციის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით მიიღწევა.

პირდაპირი რესტავრაცია ტარდება პაციენტის პირის ღრუში, პირდაპირ დაზიანებულ კბილზე. გამოიყენება ბოლო თაობის სარესტავრაციო კომპოზიტური მასალები: ჰელიო და ფოტოკომპოზიტები. მხატვრული რესტავრაციის დროს სტომატოლოგის მუშაობა იუველირის, მხატვრის ან სკულპტორის მუშაობას ემსგავსება - იგი აღადგენს კბილის სტრუქტურას და, ამასთანავე, ითვალისწინებს ცოცხალი კბილის ნორმალურ აგებულებას.

- როდის მიმართავთ კბილების რესტავრაციას?

- მხატვრული რესტავრაცია მიზანშეწონილია ტრავმის, ასაკობრივი ცვეთის შედეგების აღმოსაფხვრელად, შეცვლილი კბილის ფერის აღსადგენად, ცარიელი სივრცის შესავსებად. მისი მიზანია ხელოვნური სარესტავრაციო მასალებით კბილის ფორმის, ფუნქციის, ესთეტიკური თვისებების აღდგენა, კარიესული პროცესის, ტრავმის გამო თუ სხვა მიზეზით დაკარგული ფორმის დაბრუნება. შესაძლებელია კბილის ჩვეული ფორმის შეცვლა და ამ გზით მისი სხვა ჯგუფში გადაყვანა. მაგალითად, შეიძლება ეშვის საჭრელ კბილად, პრემოლარის ეშვად გადაკეთება.

- რას გულისხმობს კბილების ტრანსფორმაცია?

- ბიომიმეტიკური მიდგომით შესაძლებელია სივრცეში კბილის გვირგვინის ორიენტაციის ისე შეცვლა, რომ შენარჩუნებულ იქნეს მისი ბუნებრივი იერსახე, მაგრამ შეიცვალოს ცალკეულ ქსოვილთა ტოპოგრაფიული კონტურები (მაგალითად, დაგრძელდეს ან დამოკლდეს), გვირგვინის ზომა, ტრემა, დიასთემა. ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ამას კბილების ტრანსფორმაციას ვუწოდებთ. ის სარესტავრაციო მასალით მიიღწევა, რომელიც ცალკეული კბილის ქსოვილის იმიტაციას ახდენს.

- რას წარმოადგენს კერამიკული ვინირი?

- მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიას მკურნალობის მეთოდების მდიდარი არსენალი აქვს, რაც საუკეთესო ესთეტიკური შედეგის მიღწევის, ფერის, ფორმის, დიასთემის, არასასურველი ძველი ბჟენის შეცვლის საშუალებას იძლევა, პირდაპირი მხატვრული რესტავრაციისთვის გარკვეული შეზღუდვები, უკუჩვენებები მაინც არსებობს. ამ შემთხვევაში მივმართავთ არაპირდაპირ მხატვრულ რესტავრაციას კერამიკული ვინირების გამოყენებით.

კერამიკული ვინირი კერამიკული მასალისგან შექმნილი კბილის იერსახეა. თუ კბილს მცირედი დეფექტი აქვს ან ფორმის შეცვლა სჭირდება, უმჯობესია გამოვიყენოთ სხივგამყარებადი მასალები, ხოლო ძალიან დიდი დეფექტების შემთხვევაში უმჯობესია გაკეთდეს კერამიკული ვინირი. კბილების არაპირდაპირი კერამიკული რესტავრაცია ანუ ვინირება ორ ეტაპად ტარდება.

პირველ, კლინიკურ ეტაპზე დგინდება კბილებისა და პაროდონტის მდგომარეობა, ტარდება სრული დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევათა დახმარებით. კბილების საბოლოო ფორმა პაციენტთან თანხმდება. ამის შემდეგ იწყება მეორე, ლაბორატორიული ეტაპი, რომელზეც კბილის ტექნიკოსი ამზადებს კერამიკულ სარესტავრაციო კონსტრუქციებს - ვინირებს. ეს არის თხელი, თითქმის გამჭვირვალე კერამიკული ფირფიტები, რომლებიც ეკვრება კბილების ფრონტალურ ზედაპირს და მათ სრულყოფილ იერსახეს სძენს. ვინირს აქვს სავსებით ბუნებრივი შესახედაობა, რადგან ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება.


- აუცილებელია თუ არა ვინირებისთვის კბილის წინასწარი მომზადება?

- აუცილებელია. კბილის ზედაპირს ვაცლით მინანქრის თხელ ფენას, რათა ვინირისთვის ადგილი მოვამზადოთ. კბილისთვის ეს, რა თქმა უნდა, ერთგვარი ტრავმაა, ამგვარად დამუშავებული კბილი გაცილებით მგრძნობიარე ხდება ცივი და ცხელი საკვებისადმი, ამიტომ ზოგჯერ მუდმივი ვინირის მომზადებამდე დამუშავებულ კბილზე ადებენ დროებითს, რომელიც შემდეგ მუდმივით იცვლება.

- როდის არის რეკომენდებული კერამიკული ვინირება და რა უპირატესობა აქვს მას რესტავრაციის სხვა მეთოდებთან შედარებით?

- როგორც კომპოზიტური, ისე კერამიკული ვინირება რეკომენდებულია:

. კბილების ფერისა და ფორმის ასაკობრივი ცვლილების, ტრავმის, მინანქრის ცვეთის შემთხვევაში;

. მაშინ, როდესაც შეუძლებელია კბილების გათეთრება (ფლუოროზი, მინანქრის პიგმენტური ბზარები, ტეტრაციკლინური კბილები);

. კბილების განუვითარებლობის, ტრემებისა და დისთემის დროს;

. კბილების უსწორმასწორო კონტურების შემთხვევაში;

. მრავლობითი დეფექტის მქონე, ფერშეცვლილი ბჟენების არსებობისას;

. მაშინ, როდესაც დარღვეულია კბილის ნორმალური ჯგუფობრიობა.

ვინირების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი აბსოლუტურად შეუმჩნეველია, შედგება სინათლეგამტარი მასალისგან, რომელიც კბილის მინანქარს ნატურალურ ფერს აძლევს. ამასთანავე, კერამიკული ვინირი ფერს არასოდეს იცვლის, სხვა მასალებისგან განსხვავებით, რომელთა კიდეებიც ადვილად იცვლიან ფერს ჩაის, ყავის, წითელი ღვინის ან სხვა საკვებისა თუ სასმლის ზემოქმედებით. ვინირის ზედაპირი იმდენად სრიალაა, რომ მასზე პრაქტიკულად არ გროვდება კბილის ნადები. კბილი არ კარგავს თავის ფუნქციურ შესაძლებლობებს, რამდენადაც კერამიკული მასალა კბილის მინანქარზე მყარია.

- როგორი მოვლა სჭირდება ვინირებულ კბილს?

- ვინირებულ კბილს საგულდაგულო მოვლა სჭირდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, პირის ღრუს ჰიგიენას ითვალისწინებს. აუცილებელია კბილების ყოველდღიური წმენდა ჯაგრისითა და ძაფით, რათა მინიმუმამდე დავიდეს კარიესის განვითარების რისკი კბილის იმ ნაწილში, რომელიც ვინირით არის დაფარული. სათანადო მოვლის პირობებში ვინირი ათ წელზე მეტხანს ძლებს. სამწუხაროდ, ვინირებს ნაკლიც აქვს - დროთა განმავლობაში შესაძლოა მათი აშრევება ან გატეხა. აშრევებისას შესაძლებელია ვინირის უკანვე დაბრუნება, ხოლო გატეხვის შემთხვევაში აუცილებელია ახლის დამზადება.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებით შესრულებული რესტავრაცია?

- რესტავრაციის დროს მნიშვნელოვანია, შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრივი, ცოცხალი კბილის იერსახე. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია კბილის ფერის ზუსტად განსაზღვრა, რაც მიიღწევა დღის 12 საათზე ბუნებრივი განათების დროს. ფერის სტრუქტურული მახასიათებელი დამოკიდებულია დღე-ღამის მონაკვეთზე, ამინდზე, ამიტომ რესტავრაციის ამოცანაა, რესტავრირებული კბილი იერსახით არ განსხვავდებოდეს ბუნებრივისგან არავითარი განათების პირობებში.

დღეს ლამაზი ღიმილის შექმნის მრავალი მეთოდი არსებობს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი მეთოდი, რომელიც პაციენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არის უახლესი სხივგამყარებადი მასალების გამოყენებით მკურნალობა. თითოეულ ადამიანს შეგნებული უნდა ჰქონდეს სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობა.

ლამაზი ღიმილი ადამიანს არა მხოლოდ ალამაზებს, განწყობასაც უმაღლებს და მის შინაგან კულტურასაც უსვამს ხაზს. ასე რომ, გისურვებთ ჯანმრთელობას და ლამაზ ღიმილს.