ჰოლივუდის ღიმილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰოლივუდის ღიმილი

იმას არ ვამბობთ, თითქოს ჰოლივუდური ღიმილის გარეშე წარმატებული კარიერის შექმნა ან ბიზნესის განვითარება შეუძლებელი იყოს, მაგრამ ფაქტია, უსწორმასწორო, მოუვლელი კბილები ადამიანებზე საკმაოდ ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. თქვენი ღიმილი ხომ თქვენი სავიზიტო ბარათია! ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობებზე ექიმი სტომატოლოგი ქეთევან მაისურაძე გვესაუბრება.

- დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ბუნებამ სწორი და თეთრი კბილებით დაასაჩუქრა. მათ უმრავლესობას აფროამერიკელები შეადგენენ. ქართველებისთვის ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, ამიტომ სულ უფრო იზრდება ისეთი ადამიანების რიცხვი, რომელთაც ესთეტიკური სტომატოლოგიის დახმარება სჭირდებათ. თანამედროვე ორთოდონტიული მეთოდებით ნებისმიერი ფორმის კბილების ნებისმიერ ასაკში გამოსწორებაა შესაძლებელი, მერე კი უკვე მათი გათეთრებაც შეიძლება. წინათ გათეთრებას რამდენიმე თვე სჭირდებოდა, კბილების ფორმის აღდგენას - ზოგჯერ წლებიც კი. დღეს ეს პრობლემები გაცილებით სწრაფად გვარდება. ამაში კბილების ესთეტიკური რესტავრაციისა და ტრანსფორმაციის თანამედროვე მეთოდები გვეხმარება.

- რას ითვალისწინებს კბილების ესთეტიკური რესტავრაცია და ტრანსფორმაცია, როდის არის საჭირო მათი გამოყენება?

- ესთეტიკური რესტავრაციის მიზანია როგორც კარიესული ან სხვა მიზეზით დაზიანებული კბილის მკურნალობა, ისე მისი ესთეტიკური და ფუნქციური თვისებების აღდგენა, ბუნებრივი კბილის ნორმალური სტრუქტურის განმეორება. რესტავრაციით ხდება კბილთა იერსახის კორექცია და ბუნებრივი ფერის აღდგენა. ესთეტიკური რესტავრაცია ზოგჯერ ორთოდონტიული მკურნალობის ალტერნატივაც არის - მაშინ, როცა სწორდება ერთი ან რამდენიმე კბილის არასწორი დგომა, ძველი, არასასურველი ბჟენი ახლით იცვლება. რაც შეეხება ტრანსფორმაციას, ამ დროს სპეციალური სარესტავრაციო მასალით, რომელიც კბილის ქსოვილის იმიტაციას ახდენს, იცვლება კბილის გვირგვინის ფორმა, მისი ზომა, ცალკეულ ნაწილთა კონტურები, მაგალითად, კბილი გრძელდება ან მოკლდება. კბილების რესტავრაცია საჭიროა ტრავმის, ასაკობრივი ცვეთის შემთხვევაში, ასევე - მაშინ, როცა კბილის ფერი საგრძნობლად არის შეცვლილი. ამავე მეთოდით ვავსებთ პირის ღრუში კბილის ადგილას დარჩენილ ცარიელ სივრცეს.

- პირდაპირ მხატვრულ რესტავრაციას, მიუხედავად ფართო შესაძლებლობებისა, მაინც აქვს უკუჩვენებები. როგორ იქცევით, როდესაც პაციენტს ამა თუ იმ მიზეზის გამო პირდაპირი მხატვრული რესტავრაცია ეკრძალება?

- ამ შემთხვევაში მივმართავთ არაპირდაპირ მხატვრულ რესტავრაციას კერამიკული ვინირების მეშვეობით. ვინირი კერამიკული მასალისგან შექმნილი კბილის იერსახეა. ეს არის თხელი, თითქმის გამჭვირვალე კერამიკული ფირფიტები, რომლებიც ეკვრის კბილების ფრონტალურ ზედაპირს და მათ სრულყოფილ იერსახეს სძენს, ამასთანავე, აქვს ბუნებრივი შესახედაობა, რადგან ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად მზადდება. ვინირების დროს კონსტრუქციისთვის ადგილის მოსამზადებლად კბილის ზედაპირს მინანქრის თხელი ფენა სცილდება, რაც კბილისთვის ერთგვარი ტრავმაა. დამუშავებული კბილი გაცილებით დაუცველი და მგრძნობიარეა ცივი და ცხელი საკვებისადმი, ამიტომ ზოგჯერ მუდმივი ვინირების მომზადებამდე დამუშავებულ კბილებზე დროებითი ვინირები იდება.

- როდის არის რეკომენდებული კერამიკული ვინირება?

- ვინირება რეკომენდებულია კბილების ფერისა და ფორმის ასაკობრივი ცვლილების, ტრავმის, მინანქრის ცვეთის შემთხვევაში, აგრეთვე - იმ შემთხვევაში, როდესაც კბილების გათეთრება შეუძლებელია, კონტურები უსწორმასწოროა ანდა ბჟენებია დეფექტიანი, ფერშეცვლილი. ვინირის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ სრულიად შეუმჩნეველია და კბილის მინანქარს ნატურალურ ფერს აძლევს; არ იცვლის ფერს ჩაის, ყავის, წითელი ღვინის, სხვა მკვეთრი ფერის პროდუქტების მიღების შედეგად; აქვს სრიალა ზედაპირი, რომელზეც ვერ გროვდება კბილის ნადები; ამასთანავე, კბილს არ უკარგავს ფუნქციურ შესაძლებლობებს - ვინირის მასალა კბილის მინანქარზე მყარია. პირის ღრუს ჩვეული ჰიგიენური მოვლის შემთხვევაში ვინირი 10 წელზე მეტხანს ძლებს.

- კბილების გათეთრების რა საშუალებები არსებობს?

- ცნობილია კბილების პროფესიული გათეთრება და გათეთრება შინაურ პირობებში. პროფესიული გათეთრება ტარდება სტომატოლოგიურ კლინიკაში. მისი მეთოდები ეფუძნება კარბამიდის პეროქსიდის თვისებას, შეაღწიოს მინანქარსა და დენტინში და ფერი უცვალოს კბილის შეღებილ მოლეკულებს ისე, რომ არ დააზიანოს არც მინანქარი, არც დენტინი და არც კბილებში არსებული ბჟენები.


- კბილების პროფესიული გათეთრება ყოველთვის შეიძლება? კბილის ქსოვილისთვის ეს პროცედურა უვნებელია?

- პროფესიული გათეთრება ეკრძალებათ ორსულებს, მეძუძურ ქალებს, მათ, ვისაც წყალბადის ზეჟანგზე ალერგია აქვს. უკუჩვენებას წარმოადგენს ზოგიერთი სომატური დაავადებაც - შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი პათოლოგია, თვალის სნეულებები. არ არის რეკომენდებული პროფესიული გათეთრება 16-18 წლამდე. ზოგჯერ გათეთრებას შეუძლებელს ხდის თავად კბილების პათოლოგიები, ეროზიები, კარიესული დეფექტები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიები. როცა მათეთრებელი ხსნარის კონცენტრაცია და ხანგრძლივობა სწორად არის შერჩეული, კბილის ქსოვილს ზიანი არ ადგება.

- რას ურჩევდით მათ, ვინც კბილები უკვე გაითეთრა?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კბილების სათანადო მოვლა, დღეში 2-ჯერ კარგად გახეხვა. სასურველია უარის თქმა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ფერს უცვლიან კბილებს. ასეთია მაგარი ჩაი, ყავა. გათეთრებული კბილების პირველი მტერია თამბაქო. რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი პირის ღრუს პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში - პირის ღრუს სანაცია.

- კბილების პროფესიული გათეთრებისთვის სტომატოლოგთან სიარულს, სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს. მათთვის გაცილებით საინტერესო იქნება, როგორ შეიძლება კბილების გათეთრება შინაური მეთოდებით.

- შინაური მეთოდებით კბილების გამათეთრებელ საშუალებებს შორის ფავორიტი საჭმლის სოდაა. სტომატოლოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იგი უვნებელია, სწრაფად და საიმედოდ მოქმედებს. საჭმლის სოდით კბილების გაწმენდისას (შეიძლება მისი როგორც სუფთა სახით გამოყენება, ისე კბილის პასტაში არევა) იხოცებიან კბილის ნადების მჟავაგამძლე ბაქტერიები, რომლებიც კბილებზე ლაქებს აჩენენ და მათ ბუნებრივ სითეთრეს უკარგავენ. საკმაოდ პოპულარული, იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა წყალბადის ზეჟანგი. მისი რამდენიმეკვირიანი გამოყენება ნამდვილად თვალსაჩინო შედეგს იძლევა. შეგიძლიათ, თავად დაამზადოთ ბამბისგან პატარა ტამპონები, დაასველოთ ზეჟანგში და რამდენიმე წუთის განმავლობაში იწმინდოთ კბილები ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით. კბილების შინაური მეთოდებით გათეთრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათეთრებელი კბილის პასტა, რომელიც ასე მზადდება: ერთმანეთში უნდა აურიოთ 1 სადილის კოვზი საჭმლის სოდა, 10 მლ წყალბადის ზეჟანგი, 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი და ცოტაოდენი ჩვეულებრივი კბილის პასტა. ამ ნარევის წყალობით 2-3 კვირაში კბილები ჩვეულ სითეთრესა და ბზინვარებას იბრუნებს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ შინაურ მეთოდს ამოირჩევთ; გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მათგანის გამოყენების შემდეგ აუცილებელია პირის ღრუს საგულდაგულო გაწმენდა და წყლის გამოვლება. კბილების ხშირი გათეთრება არც პროფესიონალური, არც შინაური მეთოდებით არ შეიძლება. არსებობს ვადები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა საწმენდმა საშუალებებმა კბილის მინანქარი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილები არ დააზიანოს. დაზიანებული კბილი სრულიად დაუცველია და მას კარიესიც ადვილად ერევა.

- რამდენად შედეგიანია კბილების გათეთრების მიზნით მათეთრებელი პასტების გამოყენება?

- ამგვარი პასტების გამოყენება რეკომენდებულია გათეთრების შემდგომ, შედეგის შესანარჩუნებლად, თუმცა განუსაზღვრელი ვადით არც მათი გამოყენებაა სასურველი. ამასთანავე, ისინი მხოლოდ წვრილ და ახალ ლაქებს სპობენ, დიდი ხნის ლაქების მოცილება არ შეუძლიათ.

- გარდა თეთრი კბილებისა, ჰოლივუდური ღიმილის განუყოფელი ატრიბუტია ლამაზი და მოვლილი ტუჩებიც. ამაზე რას გვეტყვით?

-  ტუჩები ადამიანის შესახებ იმაზე მეტს მოგვითხრობენ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მათი საშუალებით ადვილი დასადგენია მფლობელის ხასიათი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. სხვადასხვა ეპოქაში ლამაზი ტუჩების იდეალი განსხვავებული იყო. ჩვენს დროში იდეალად მკვეთრი კონტურების მქონე და ოდნავ სქელი ტუჩებია მიჩნეული. ტუჩებს კარგი შესახედაობა რომ ჰქონდეს, აუცილებელია ნორმალური სისხლმომარაგება, რის მიღწევაც ადვილად შეიძლება, თუ დილა-საღამოს კბილის ჯაგრისით ხუთწუთიან მსუბუქ მასაჟს ჩავიტარებთ. იგივე ეფექტი აქვს 15-20 წუთით ტუჩებზე ნატურალური თაფლის წასმასაც. ამ პერიოდში არ შეიძლება საკვების ან სასმლის მიღება. თბილი წყლით თაფლის ჩამობანის შემდგომ აუცილებელია ნეიტრალური კრემის ან ჰიგიენური საცხის წასმა. ტუჩებს ვნებს ისიც, რომ ზოგიერთი ქალი ძილის წინ ტუჩის საცხს არ იცილებს. აუცილებელია საცხის მოცილება, რათა ღამით ტუჩებს დასვენების საშუალება მიეცეს. წელიწადის ცივ დროს, განსაკუთრებით - ქარიან ამინდში, ტუჩები უნდა დავიცვათ გამოშრობისა და დახეთქვისგან. ამისთვის საკმარისია, შინიდან გასვლის წინ წავისვათ ცხიმიანი კრემი ან ჩვეული საცხი. ხშირად ტუჩებზე კანი აქერცვლას იწყებს. ეს მკვდარი უჯრედების გროვებია, რომელთა ენით ან კბილებით მოცილებაც იკრძალება, რადგან ეს მათზე მიკროსკოპულ ჭრილობებს აჩენს, საიდანაც ორგანიზმში დაავადების გამომწვევი ბაქტერიები იჭრებიან და ინფექციურ პროცესს უდებენ სათავეს. ასეთ დროს უმჯობესია წაისვათ დამარბილებელი კრემი და თითით მასირებით ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ მოიცილოთ აქერცლილი უბნები. ტუჩების სილამაზის ხაზგასმა მათი ფორმისა და კონტურების კორექციას, შესაბამისი ფერის საცხის გამოყენებას გულისხმობს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.