ღრძილებიდან სისხლდენა - მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღრძილებიდან სისხლდენა - მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

მთავარია, პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმ სტომატოლოგს. ღრძილებიდან სისხლდენა ყველა ჩვენგანს გამოუცდია. მას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ჰიგიენის საშუალებების (კბილის ჯაგრისის, კბილის ძაფის და სხვა) არასწორად შერჩევა;
  • ინფექციური და არაინფექციური დაავადებები;
  • ჰორმონული ფონის დარღვევა;
  • პაროდონტის დაავადებები (პაროდონტიტი, გინგივიტი).

უხეში კბილის ჯაგრისი ღრძილებს ტრავმას აყენებს და უმნიშვნელო სისხლდენას იწვევს. ღრძილის რბილი ქსოვილის დაზიანება შეუძლია კბილის საჩიჩქნსა და კბილის ძაფსაც კბილთაშორისი არეების მეტისმეტი მონდომებით გასუფთავებისას. საბედნიეროდ, ღრძილის ქსოვილი სწრაფად ხორცდება, ამიტომ ასეთი ჭრილობების გამო წუხილი არ ღირს. მაგრამ თუ ღრძილებიდან სისხლდენას რეგულარული ხასიათი აქვს, ეს შესაძლოა დაავადებაზე მიუთითებდეს. ღრძილებიდან რეგულარული სისხლდენა კბილებსა და ღრძილებზე მექანიკური ზემოქმედებისგან (მაგალითად, კბილების ხეხვისგან) დამოუკიდებლად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინფექციური ან არაინფექციური დაავადებები: დიაბეტი, ლეიკემია, ანემია, სურავანდი, ჰემოფილია - ღრძილებიდან სისხლდენა შესაძლოა ამ დაავადების პირველი ნიშანი იყოს; აგრეთვე მათაც, ვინც იღებს ჰორმონულ პრეპარატებს ან დიდი ხანია ეწევა და ბევრს. ამ შემთხვევაში ღრძილებიდან სისხლდენა რეგულარული კია, მაგრამ თან არ ახლავს ღრძილების ანთება და სხვა არასასიამოვნო შედეგები. ორსულობისას ზოგიერთ ქალსაც აღენიშნება ღრძილებიდან რეგულარული სისხლდენა, რაც ჰორმონული ფონის ცვლილებასთან არის დაკავშირებული - ღრძილების რბილი ქსოვილები შუპდება და ფაშრდება, ამიტომ ადვილად ზიანდება. ორსულობისას ღრძილებიდან სისხლდენას ორსულთა გინგივიტი ეწოდება. ის თავისთავად გაივლის მშობიარობის შემდეგ, როცა ჰორმონული ფონი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. ღრძილებიდან სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია პაროდონტის დაავადება - პაროდონტიტი ან გინგივიტი. გინგივიტი პაროდონტიტზე მსუბუქი დაავადებაა და მის ძირითად სიმპტომს სწორედ ღრძილებიდან სისხლდენა წარმოადგენს. გინგივიტისგან განსაკურნებლად უნდა მიმართოთ ექიმ სტომატოლოგს, რომელიც სწორ, თქვენი დაავადების სტადიის შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. მკურნალობის ძირითადი მეთოდია ქვის მოშორება კბილის ზედაპირიდან და მედიკამენტური თერაპია (ანტიბიოტიკებით და სხვა). პაროდონტიტის აღმოცენება ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, მაგრამ უმეტესად შუახნის და ასაკოვან პირებთან გვხვდება. ღრძილებიდან სისხლდენა პაროდონტის დაავადების პირველი სიმპტომია. პაროდონტის დაავადების პირველი სიმპტომების (კბილების გამოხეხვისას ღრძილებიდან სისხლდენის) შემჩნევისთანავე უნდა მივმართოთ სტომატოლოგს. ის დაადგენს სისხლდენის მიზეზს და დანიშნავს ადეკვატაურ მკურნალობას. თუ დაავადება ნებაზე მივუშვით, თანდათან სისხლდენა თავს იჩენს  არა მარტო დილა-საღამოს, კბილების გამოხეხვისას, არამედ ღამითაც, ძილის დროს, მერე კი განვითარდება ღრძილების ანთება, კბილები მოირყევა და დაცვივდება. პაროდონტიტის დროს სისხლდენას ერთვის ღრძილების ქავილი და მათი შეხებისას ტკივილის შეგრძნება, გარკვეული ხნის შემდეგ - პირიდან უსიამოვნო სუნიც. დაავადების ადრეულ სტადიაზე განკურნება გაცილებით ადვილია. ამ დროს კბილის ნადების (ქვის) მოშორებაც კმარა. ზოგჯერ ღრძილების გასამაგრებლად სტომატოლოგი ფიზიოთერაპიულ პროცედურებსა და სამკურნალო საშუალებებსაც ნიშნავს. ღრძილებიდან სისხლდენის დროს მთავარია, არ დავაყოვნოთ მკურნალობის დაწყება, რადგან პრობლემის ნებაზე მიშვებამ შესაძლოა კბილების დაკარგვამდე მიგვიყვანოს.

ღრძილებიდან სისხლდენის პროფილაქტიკა

ღრძილებიდან სისხლდენისა და პაროდონტის დაავადებების - გინგივიტისა და პაროდონტიტის - თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ პირის ღრუს მოვლის რამდენიმე მარტივი წესი. კერძოდ:

  • საკვების მიღების შემდეგ პირში აუცილებლად გამოვივლოთ წყალი ან სპეციალური სავლები სითხე. ის გამოიტანს პირის ღრუდან საკვების ნარჩენებს და საგრძნობლად შეამცირებს მავნე მიკრობების რაოდენობას. გარდა ამისა, სავლები სითხე შეიცავს სპეციალურ რეაგენტებს, რომლებიც აცილებს კბილებს ნადებს და ასუფთავებს სუნთქვას.
  • აუცილებელია კბილების გამოხეხვა დღეში ორჯერ რბილი ან საშუალო სიმაგრის კბილის ჯაგრისით და ფთორის ან კალციუმის, ასევე - სხვა სასარგებლო მინერალური ნივთიერებების შემცველი კბილის პასტით. გაითვალისწინეთ, რომ დროდადრო კბილის პასტა უნდა ცვალოთ.
  • ჭამის შემდეგ კბილებს შორის ჩარჩენილი საკვები მოიშორეთ კბილის ძაფით.
  • მოინახულეთ სტომატოლოგი წელიწადში ორჯერ მაინც, თუნდაც არაფერს უჩიოდეთ.
  • კბილებიდან ქვების მოშორება აუცილებელია, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

ღრძილებიდან სისხლდენის მკურნალობის ხალხური მეთოდები

ღრძილებიდან სისხლდენის მკურნალობის ეფექტური ხალხური საშუალებები შეიცავს მუხის ქერქს, გვირილას, სალბს, პირშუშხას და ზოგიერთ სხვა მცენარეს.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი მუხის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 20-25 წუთი, შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 2-3 საათი და გამოივლეთ.
  • 1 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, თავზე დაახურეთ, გააჩერეთ 2 საათი, გამოივლეთ პირის ღრუში და დალიეთ კიდეც.
  • ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს სალბს. შეიძლება მისი ნახარში გამოვივლოთ პირის ღრუში, ანდა მასში დასველებული ბამბის ტამპონი დავიდოთ ღრძილების მტკივან, ანთებით უბნებზე.
  • შეიძლება პირის ღრუში სოდიანი ხსნარის გამოვლებაც - ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მასაც აქვს, თუმცა ხანმოკლე.
  • კბილის ქვების მოსაცილებლად კარგია შავი ბოლოკის წვენის, ასევე - პირშუშხას წვენისა და წითელი ღვინის ნარევის გამოვლება.

სამწუხაროდ, ხალხური საშუალებების ეფექტი ხანმოკლეა, მიღებული შედეგის გასამყარებლად აუცილებლად ეწვიეთ ექიმ სტომატოლოგს, რომელიც კვალიფიციურ მკურნალობას ჩაგიტარებთ.