ბრეკეტები ლამაზი ღიმილისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრეკეტები ლამაზი ღიმილისთვის

ბრეკეტებმა შექმნის დღიდან მოდერნიზება განიცადა და უფრო მეტად ესთეტიკურიც გახდა, თუმცა მათ განვითარება-სრულყოფაში მთავარი ბიძგი მაინც თერმოაქტიური ნიკელ-ტიტანის შენადნობის შექმნა აღმოჩნდა. ბრეკეტების რკალების გაკეთება სწორედ ამ უნიკალური მასალისაგან დაიწყეს. რკალებმა მეტი დრეკადობა შეიძინა, ამის წყალობით კი მათ უფრო ხანგრძლივად უნარჩუნდება საჭირო მიმართულებით კბილთა გადაადგილების უნარი. ნიკელმა და ტიტანმა ბრეკეტსისტემები უფრო ეფექტური გახადა, შესაბამისად, მკურნალობის ვადებიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

ფაქტია, რომ ბრეკეტები დღეს მეტად პოპულარულია, უფრო ხშირად გვხვდება თვალში, ვიდრე უწინ. მეტიც, თუ ადრე ბევრს აკომპლექსებდა კბილებზე გადაჭიმული რკინა, დღეს ამ მბრწყინავი და თვალშისაცემი კონსტრუქციით თითქოს თავსაც კი იწონებენ.

რომელი ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს - კომპლექსი მოეხსნა საზოგადოებას, პირის ღრუს დეფექტთა კორექციის აუცილებლობაში გაერკვა მოსახლეობა, ფინანსური შესაძლებლობა გაჩნდა, უფრო მეტად სურთ გაილამაზონ ღიმილი თუ სხვა - რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ბრეკეტებით მკურნალობის სპეციფიკა, მისი ეფექტები და თავისებურებები. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება თსსუ-ს მე-2 სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი ორთოდონტი, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი, თეა ქუთათელაძე:

- ქალბატონო თეა, რა სახის ბრეკეტები არსებობს და რომელი დარღვევების საკორექციოდ გამოიყენება ისინი?

- ბრეკეტები ორი სახისაა: მეტალის და გამჭვირვალე. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, წარმოდგენილია კერამიკული, საფირონისა და კომპოზიციური კონსტრუქციებით. მეტალის ბრეკეტები სხვადასხვა ზომისაა. მათი უპირატესობა მათივე ძალაშია. გამჭვირვალე ბრეკეტების გამოყენება მიზანშეწონილია ესთეტიკური და სხვადასხვა სახის მცირე დარღვევების დროს. მეტალის ბრეკეტებზე გაცილებით მეტი გადაადგილების ძალის გამოყენებაა შესაძლებელი, ვიდრე გამჭვირვალეზე. ამიტომაც ბრეკეტებით მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ანომალიის სირთულე და პაციენტის ასაკი. რაც მთავარია, პაციენტი თავიდანვე სწორად უნდა იყოს ინფორმირებული მკურნალობის მეთოდსა და ბრეკეტებს შორის განსხვავებებზე. ბრეკეტებით მკურნალობას ვიწყებთ 12 წლის ასაკიდან, როდესაც ყველა მუდმივი კბილი უკვე ამოსულია. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მკურნალობას უფრო ადრეც იწყებენ, ოთხივე საჭრელი კბილის ამოსვლისას. ბრეკეტები მაგრდება ცენტრალურ საჭრელებსა და პირველ მოლარებზე. მათი ჩასწორების შემდეგ ელოდებიან დარჩენილი კბილების ამოჭრას და ნელ-ნელა ამატებენ მათ რკალში.

ბრეკეტების გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა სახის ანომალიისას. არსებობს ისეთი ანომალიები, რომელთა დროსაც გამოიყენება როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი და პირგარეთა აპარატები ერთდროულად.

- რა ეფექტი აქვს ბრეკეტებით კორექციას და რას ისახავს მიზნად?

- ბრეკეტებით მკურნალობა ითვალისწინებს ცალკეული კბილების გასწორებას, თანკბილვის აღდგენას, ესთეტიკურ მხარეს, სასიამოვნო ღიმილს და სხვა. მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, როგორც ჩვენება, ასევე უკუჩვენება. მაგალითად, დადებითი მხარეა ბრეკეტების მოხერხებულობა, ისინი თითოეულ კბილზეა დაწებებული და არ იხსნება. ეს კი პაციენტისთვის კომფორტულია. მათზე მუდმივად მოქმედებს ძალა. ექიმს უადვილდება მუშაობა და შედეგიც მალე მიიღება. გამჭვირვალე ბრეკეტები პაციენტისთვის ესთეტიკურად უფრო მისაღებია, მაგრამ სამუშაოდ ცოტა საფრთხილოა. ბრეკეტებით მკურნალობისას პაციენტმა საკვები უნდა დაჭრას ან მოტეხოს და ისე მიირთვას, რადგან თითოეული ავარდნილი (მომძვრალი) ბრეკეტი უკავშირდება დროის კარგვას, ბრეკეტისა და კბილის მინანქრის დაზიანებას.

- რა ვადით მაგრდება ბრეკეტები? იქნებ უფრო დეტალურად განმარტოთ მეთოდიკა?

- ძალზე მნიშვნელოვანია ბრეკეტების სწორად დამაგრება, რადგან ეს არის ოპტიმალური ოკლუზიის ერთ-ერთი გარანტი, რაც, თავის მხრივ, აიოლებს მკურნალობას. ექიმმა ბრეკეტის დამაგრებისას პაციენტის კბილს უნდა უყუროს პირდაპირ. დაყენება ხდება პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით. მეთოდის არჩევანი ექიმზეა დამოკიდებული. პირდაპირი მეთოდით დაწებება გულისხმობს პაციენტისათვის სანირებულ პირის ღრუში ერთ ვიზიტზე ბრეკეტების დაწებებას. ბრეკეტები შესაძლებელია დაწებდეს როგორც ერთ ყბაზე, ისე ორივე ყბაზე ერთდროულად. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თავი შევიკავოთ და რომელიმე კბილზე არ დავაწებოთ ბრეკეტი მანამ, ვიდრე არ შეიქმნება საკმარისი ადგილი. ეს დამოკიდებულია ექიმის მკურნალობის გეგმაზე. არაპირდაპირი მეთოდით დაწებებისას ზედა და ქვედა ყბის მოდელებს გზავნიან ლაბორატორიაში, საზღვრავენ ბრეკეტების დაწებების წერტილებს, ამაგრებენ მათ მოდელებზე, შემდეგ გადაიტანენ პირის ღრუში და ამაგრებენ კბილებზე.

- ძველ აპარატებთან შედარებით რა უპირატესობა აქვს ბრეკეტსისტემებს?

- ზოგიერთ პაციენტს ჰგონია, რადგან ბრეკეტები არსებობს, მოსახსნელი აპარატები აღარ გამოიყენება. ეს მცდარი შეხედულებაა. ორივე სახის აპარატი აქტიურად გამოიყენება. განსაკუთრებით მცირე ასაკში, როდესაც ანომალიის რომელიმე ან შერწყმული ფორმაა გამოხატული. ასეთ შემთხვევაში კორექცია ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს, განსაკუთრებით ჩონჩხოვანი ანომალიებისა, რომელთა მკურნალობის დაწყება 3 წლიდან შეიძლება.

აპარატებს შორისაც არის განსხვავება. მოსახსნელი აპარატები, როგორც მათ უწოდებენ - ფირფიტები, შედგება მეტალისა და პლასტმასისაგან. პლასტმასა თავსდება სასაზე და ენის მხრიდან ლორწოვანზე, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის და მეტყველებას აუარესებს. პაციენტები ხშირად არღვევენ ტარების წესს და არ ასრულებენ ექიმის მითითებებს, ამიტომ უმეტესწილად არ ან ვერ მიჰყავთ მკურნალობა ბოლომდე. ამ შემთხვევაში ბრეკეტების უპირატესობა მათი მუდმივი მოქმედებაა. პაციენტი ვერ იხსნის ბრეკეტს და ის მუდმივად მოქმედებს კბილზე.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ბრეკეტების მასობრივი გამოყენება?

- რა თქმა უნდა, მოსახსნელ აპარატებთან შედარებით ბრეკეტებს გარკვეული უპირატესობა აქვს. ალბათ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციაც, კონსულტაციაზე მოსული პაციენტი უკვე კარგადაა ინფორმირებული მკურნალობის მეთოდზე. მოსახსნელი აპარატები უფროსი ასაკის პაციენტებსაც აბრკოლებდა, ბრეკეტების დანერგვამ კი გაზარდა ასაკოვანი ორთოდონტიული პაციენტების რიცხვი. მთავარია, იყოს მათი დაყენების ჩვენება და პაციენტის მონდომება.

- რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ბრეკეტებით მკურნალობა, რა არის მისი უკუჩვენება?

- ბრეკეტებით მკურნალობასაც გააჩნია უკუჩვენება. მაგალითად, არ შეიძლება ბრეკეტების დაყენება კარიესის დეკომპენსირებული ფორმის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც პირის ღრუში დაზიანებულია 7 და მეტი კბილი, ბრეკეტებით მკურნალობა უკუნაჩვენებია. არ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება კბილებზე ლაქების შემთხვევაში, პაროდონტოზის, გინგივიტის ზოგიერთი ფორმის დროს და სხვა.

- თუ ახლავს ბრეკეტებს გვერდითი მოვლენები ან გართულებები, რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა ამ კუთხით?

- გვერდითი მოვლენები ამ შემთხვევაში არის მისი გართულებები. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ: არასაკმარისი ჰიგიენა, რის შედეგადაც შეიძლება ლაქები და კარიესი განვითარდეს, ფესვის მწვერვალის დამოკლება, ბრეკეტის აძრობისას კბილის მინანქრის დაზიანება, ჰიპერესთეზია ანუ მგრძნობელობის მომატება, გინგივიტის განვითარება. ზოგჯერ პაციენტები ექიმის მითითებებს არ ასრულებენ, მიაჩნიათ, რომ თვითონაც შეუძლიათ კორექტირება, რასაც სხვადასხვა სახის დარღვევამდე მივყავართ.

- რას ურჩევთ ბრეკეტების მომხმარებელ პაციენტებს?

- ორთოდონტიული მკურნალობისას პაციენტები უპირველესად მობილიზებულები უნდა იყვნენ და შეასრულონ მათი არჩეული ექიმი ორთოდონტის ყველა რჩევა და დავალება. არ იმოქმედონ თვითნებურად. დაიცვან სრულყოფილი ჰიგიენა.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს რეტენციულ პერიოდს ანუ შედეგის შენარჩუნებას. პაციენტებს ჰგონიათ, რომ კბილების გასწორებით მთავრდება ყველაფერი, ეს კი ასე არ არის. აუცილებელია მიღებული შედეგის შენარჩუნება. რეტენციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია:

  • პაციენტის ასაკზე;
  • ძვლის რეზორბციასა და აპოზიციაზე;
  • ანომალიის სახესხვაობაზე;
  • რბილი ქსოვილების ფუნქციის, მიმიკურ და საღეჭ კუნთებს შორის წონასწორობის აღდგენაზე.

ამიტომ პაციენტებს ვურჩევ, გამოიჩინონ მოთმინება და ნებისყოფა, რადგან რეტენციის პერიოდი ინდივიდუალურია. ბავშვებთან და მოზარდ პაციენტებთან რეტენცია უნდა იყოს ზრდის დასრულებამდე, ზრდასრულ პაციენტებთან კი შესაძლებელია მთელი ცხოვრების მანძილზეც.